შეიძლება ვენდოთ ამ წიგნს?
„ბიბლიაში უტყუარობის უფრო მეტი სარწმუნო მტკიცება ვიპოვე, ვიდრე ნებისმიერ წარმართულ [საერო] ისტორიაში, საერთოდ“ (სერ ისააკ ნიუტონი, ცნობილი ინგლისელი მეცნიერი)1.
შეიძლება ვენდოთ ამ წიგნს — ბიბლიას? ნუთუ ის მოიხსენიებს ადამიანებს, რომლებიც მართლა ცხოვრობდნენ, ადგილებს, რომლებიც მართლა არსებობდა და მოვლენებს, რომლებიც სინამდვილეში მოხდა? თუ ეს ასეა, მაშინ ეს იმის მტკიცება უნდა იყოს, რომ ბიბლიას სიზუსტის მოყვარული პატიოსანი მწერლები წერდნენ. მტკიცებებიც არსებობს. მათი უმეტესობა მიწაში ჩაფლული იპოვეს და უფრო მეტი მტკიცება კი თვით ამ წიგნში იმყოფება.
ფაქტების აღმოჩენა
ძველებური კულტურის მატერიალური ნარჩენები, რომლებიც ჩამარხული იყო ბიბლიაში მოხსენიებული ქვეყნების მიწებში და აღმოჩენილ იქნა, მხარს უჭერს ბიბლიის ისტორიულ და გეოგრაფიულ სიზუსტეს. განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც არქეოლოგებმა გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.
დავითი, გულადი ახალგაზრდა მწყემსი, რომელიც ისრაელის მეფე გახდა, კარგადაა ცნობილი ბიბლიის მკითხველისთვის. ბიბლიაში მისი სახელი 1138-ჯერ გვხვდება და გამოთქმა „დავითის სახლი“, რაც ხშირად მის დინასტიაზე მიუთითებს, გვხვდება 25-ჯერ (პირველი მეფეთა 16:13; 20:16). მაგრამ სხვა ნათელი მტკიცება, რომ დავითი არსებობდა, ბიბლიის გარდა, არსად მოიპოვებოდა, სანამ ახლახანს ერთი რამ არ მოხდა. ნუთუ დავითი, უბრალოდ, გამოგონილი პერსონაჟი იყო?
პროფესორ ავრაამ ბირანის მეთაურობით 1 993 წელს არქეოლოგთა ერთმა ჯგუფმა საოცარი აღმოჩენა გააკეთა, რომლის შესახებაც იტყობინებოდა ისრაელის ჟურნალი (Israel Exploration Journal). ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, თელ-დანად წოდებული სამარხებისთვის განკუთვნილი ძველი დროის ბორცვის მიდამოებში, მათ გათხრების შედეგად იპოვეს ბაზალტის ქვა. ქვაზე ამოკვეთილია სიტყვები: „დავითის სახლი“ და „ისრაელის მეფე“2. წარწერა დათარიღებულია ძვ. წ. მეცხრე საუკუნით და ამბობენ, რომ ის გამარჯვების იმ მონუმენტის ნაწილია, რომელიც არამელებმა, აღმოსავლეთით მცხოვრებმა ისრაელის მტრებმა, ააგეს. რატომ არის ეს ძველი წარწერა ასე დიდმნიშვნელოვანი?
პროფესორ ბირანისა და მისი კოლეგის, პროფესორ იოსეფ ნავეჰს, მოხსენებაზე დაფუძნებული სტატია პუბლიკაციაში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ (Biblical Archaeology Review) იუწყებოდა: «ეს პირველი შემთხვევაა, რომ სახელი „დავითი“, ბიბლიის გარდა, კიდევ სხვა ძველებურ წარწერებში მოიპოვება»3a. კიდევ ერთი რამაა ღირსშესანიშნავი ამ წარწერასთან დაკავშირებით. გამოთქმა „დავითის სახლი“ დაწერილია ერთ სიტყვად. ენის სპეციალისტი პროფესორი ანსონ რეინი განმარტავს: „სიტყვების დამაცალკევებელი. . . ხშირად გამოტოვებულია, განსაკუთრებით, თუ კომბინაცია საკმაოდ აღიარებული დამახასიათებელი სახელია. ‘დავითის სახლი’, უეჭველად, ასეთი განსაკუთრებული პოლიტიკური და გეოგრაფიული სახელი იყო ძვ. წ. მეცხრე საუკუნის შუალედში“5. მაშასადამე, მეფე დავითი და მისი დინასტია, როგორც ჩანს, კარგად იყო ცნობილი ძველი მსოფლიოსთვის.
მართლა არსებობდა თუ არა ნინევია — ბიბლიაში მოხსენიებული ასურეთის უდიდესი ქალაქი? მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ბიბლიის ზოგ კრიტიკოსს არ სჯეროდა ეს. მაგრამ 1849 წელს სერ ოსტინ ჰენრი ლეიარდმა გათხრებისას აღმოაჩინა მეფე სანხერიბის დარბაზის ნანგრევები კუიუნჯიკში, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ძველი ნინევიას ტერიტორიის ნაწილზე მდებარეობს. ამგვარად, კრიტიკოსები ჩაჩუმდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ნანგრევებს ამაზე მეტი ჰქონდათ სათქმელი. ერთ-ერთი კარგად შენახული ოთახის კედლებზე ნაჩვენები იყო გამაგრებული ქალაქის დაპყრობა და ტყვეები, რომლებიც მარშის სვლით მიდიოდნენ დამპყრობელი მეფის წინაშე. მეფის ზემოთ ასეთი წარწერაა: «სანხერიბი, მსოფლიოს მეფე, ასურეთის მეფე, დაჯდა „ნიმედუ“-ს ტახტზე და დაათვალიერა (წამოღებული) ნადავლი ლახიშიდან (ლა-კი-სუ)»6.
ეს ექსპონატი და წარწერა, რომელთა ნახვაც ბრიტანეთის მუზეუმში შეიძლება, ეთანხმება მეოთხე მეფეთას 18:13, 14-ში ჩაწერილ ბიბლიურ ცნობას, რომელშიც მოთხრობილია სანხერიბის მიერ იუდეის ქალაქ ლახიშის დაპყრობის შესახებ. ლეიარდი ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრის შესახებ კომენტირებდა: „სანამ აღმოჩენები არ გაკეთდა, ვინ დაიჯერებდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა ნინევიას ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მიწისა და ნაგვის გროვის ქვეშ [იუდეის მეფე] ხიზკიასა და სანხერიბს შორის ომების იმ ისტორიის აღმოჩენა, რომელიც მიმდინარე ომების დროს დაწერა სანხერიბმა და წვრილმანებშიც კი დაადასტურა ბიბლიური ცნობა?“7.
არქეოლოგებმა მატერიალური კულტურის სხვა მრავალი ნივთიც აღმოაჩინეს გათხრების შედეგად — თიხის ჭურჭელი, შენობების ნანგრევები, თიხის ფილები, მონეტები, საბუთები, მონუმენტები და წარწერები — რაც ადასტურებს ბიბლიის სიზუსტეს. გათხრების შედეგად მიწაში გამოჩნდა ქალდეველთა ქალაქი ური, კომერციული და რელიგიური ცენტრი, სადაც აბრაამი ცხოვრობდა8 (დაბადება 11:27–31). ნაბონიდის მატიანე, რომელიც მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, აღწერს დიდი კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობას ძვ. წ. 539 წელს — მოვლენას, რომელიც დანიელის წიგნის მე-5 თავშია მოთხრობილი9. ძველ თესალონიკეში, თაღის ქვეშ გასასვლელში, ნაპოვნი წარწერა, რომლის ფრაგმენტებიც შემონახულია ბრიტანეთის მუზეუმში, შეიცავს ქალაქის მმართველების სახელებს, რომლებიც მოხსენიებული არიან „პოლიტარქებად“ (ბერძნული კლასიკური ლიტერატურისთვის უცნობი სიტყვა) თუმცა ის ბიბლიის მწერალმა ლუკამ გამოიყენა10 (საქმეები 17:6, აქ, სქოლიო). ამგვარად ამით დადასტურდა ლუკას ცნობის სიზუსტე, ისევე როგორც ეს დადასტურებული იყო სხვა წვრილმანებში (შეადარე ლუკა 1:3).
მაგრამ არქეოლოგებს გარდა იმისა, რომ ბიბლიას არ ეთანხმებიან, ზოგჯერ ერთმანეთშიც აქვთ უთანხმოებები. მიუხედავად ამისა, ბიბლია შეიცავს იმის ძლიერ მტკიცებას, რომ ის არის წიგნი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ.
ცნობები გულახდილადაა მოწოდებული
გულწრფელი ისტორიკოსები არა მარტო გამარჯვებების ცნობებს ჩაწერდნენ (რომელიც სანხერიბის მიერ ლახიშის დაპყრობას ეხება), არამედ — დამარცხებებსაც, არა მარტო წარმატებებს, არამედ — წარუმატებლობებსაც, არა მარტო ძლიერ მხარეებს, არამედ — სისუსტეებსაც. ასეთ გულწრფელობას მცირეოდენი საერო ისტორიები თუ ირეკლავს.
ასურეთის ისტორიკოსების შესახებ დანიელ დ. ლუკენბილი ამბობს: „ხშირად ცხადი ხდება, რომ მეფური პატივმოყვარეობა მოითხოვდა ისტორიული სიზუსტის დამახინჯებას“11. ამ „მეფური პატივმოყვარეობის“ საჩვენებლად ასურეთის მეფე აშურნასირპალის მატიანეში ჩაწერილია ასეთი ტრაბახი: „მე მეფური წარმოსადეგობისა ვარ, მე კეთილშობილი ვარ, მე ხოტბაშესხმული ვარ, მე ძლიერი ვარ, მე პატივდებული ვარ, მე განდიდებული ვარ, მე სხვებზე სახელგანთქმული ვარ, მე ძლევამოსილი ვარ, მე გულადი ვარ, მე ლომივით მამაცი ვარ და მე გმირი ვარ!“12. ნუთუ ასეთ მატიანეში წაკითხულიდან ყველაფერს ზუსტ ისტორიად აღიარებდით?
ამის საპირისპიროდ, ბიბლიის მწერლები სასიამოვნო გულახდილობას ავლენდნენ. მოსემ, ისრაელის წინამძღოლმა, გულახდილად მოიხსენია როგორც საკუთარი შეცდომები, ასევე თავისი ძმა აარონის, თავისი და მირიამის, ძმიშვილების, ნადაბისა და აბიჰუს, შეცდომები, აგრეთვე თავისი ხალხის შეცდომები (გამოსვლა 14:11, 12; 32:1–6; ლევიანნი 10:1, 2; რიცხვნი 12:1–3; 20:9–12; 27:12–14). მეფე დავითის სერიოზული შეცდომები არ დაუფარავთ, არამედ ჩაწერილ იქნა — და ეს იმ დროს, როცა დავითი ჯერ კიდევ მეფობდა (მეორე მეფეთა მე-11 და 24-ე თავები). მათე თავის წიგნში, რომელიც მის სახელს ატარებს, მოგვითხრობს, თუ როგორ კამათობდნენ მოციქულები (რომელთაგან თვითონ ერთ-ერთი იყო) მნიშვნელოვან პიროვნებად ყოფნის შესახებ და როგორ მიატოვეს მათ იესო მისი დაპატიმრების ღამეს (მათე 20:20–24; 26:56). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მწერლები გულახდილად აღიარებდნენ ზოგ ადრინდელ ქრისტიანულ კრებებში არსებულ პრობლემებს — მათ შორის სექსუალურ უზნეობასა და უთანხმოებებს. და ასეთი პრობლემების მოხსენიებისას ისინი არ არბილებდნენ თავიანთ სიტყვებს (1 კორინთელთა 1:10–13; 5:1–13).
ასეთი გულახდილი ცნობები მიუთითებენ ჭეშმარიტების მიმართ გულწრფელ ინტერესზე. თუ ბიბლიის მწერლები მზად იყვნენ, მოეხსენიებინათ არასასიამოვნო ინფორმაცია საყვარელი ადამიანების, თავიანთი ხალხისა და თვით საკუთარი თავის შესახებ, განა ეს საფუძვლიანი მიზეზი არ არის, ვენდოთ მათ მიერ დაწერილს?
ზუსტია წვრილმანებში
სასამართლო პროცესებზე მოწმის ჩვენების სარწმუნოობა ხშირად უმნიშვნელო ფაქტების საფუძველზე დგინდება. წვრილმანებთან შეთანხმებამ ჩვენებას შეიძლება სიზუსტისა და პატიოსნების ბეჭედი დაასვას იმ დროს, როცა სერიოზული შეუსაბამობები გამოააშკარავებენ მას სიცრუედ. მეორე მხრივ, გადამეტებულად თანმიმდევრულმა ჩვენებამ, რომელშიც თითოეული წვრილმანი ოსტატურად არის ჩაქსოვილი, შეიძლება გამოავლინოს ცრუ მოწმობა.
როგორ შეესაბამება ამ საზომს ბიბლიის მწერლების „ჩვენება“? ბიბლიის მწერლებმა გამოავლინეს შესანიშნავი შეთანხმებულობა. უმნიშვნელო წვრილმანებს შორის საკმაო თანხმობა არსებობს. მაგრამ ეს ჰარმონია არ ყოფილა წინასწარგანზრახული, რაც გამოიწვევდა ეჭვს, რომ ეს საიდუმლო შეთანხმების შედეგია. ნათლად ჩანს, რომ დამთხვევები ყოველგვარი შეთქმულების გარეშე მოხდა — მწერლები ხშირად უნებურად არიან თანხმობაში. ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მაგალითს.
ბიბლიის მწერალმა მათემ დაწერა: „იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი“ (მათე 8:14). აქ მათემ მოგვაწოდა საინტერესო, მაგრამ უმნიშვნელო წვრილმანი: პეტრე დაქორწინებული იყო. ამ პატარა ფაქტს მხარს უჭერს პავლე, რომელმაც დაწერა: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანო მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა. . . და კეფამb?“ (1 კორინთელთა 9 : 5). კონტექსტი უჩვენებს, რომ პავლე საკუთარ თავს იცავდა უსაფუძვლო კრიტიკისგან (1 კორინთელთა 9:1–4). ნათელია, ეს პატარა ფაქტი — პეტრე რომ დაქორწინებული იყო — პავლეს იმისთვის არ მოუხსენებია, რომ მათეს ცნობის სიზუსტისთვის დაეჭირა მხარი, მან ეს ისე, სხვათაშორის, დაწერა.
სახარებების ოთხივე მწერალმა — მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ — ჩაწერეს, რომ იესოს დაპატიმრების ღამეს ერთ-ერთმა მისმა მოწაფემ ამოიღო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. მხოლოდ იოანეს სახარებაშია მოხსენიებული, ერთი შეხედვით, არასაჭირო წვრილმანი: „მონას მალქოზი ერქვა“ (იოანე 18:10, 26). რატომ ასახელებს ამ მამაკაცს მხოლოდ იოანე? რამდენიმე მუხლის შემდეგ ცნობაში მოცემულია უმნიშვნელო ფაქტი, რომელიც აღარსად მეორდება: იოანე „მღვდელმთავრის ნაცნობი იყო“. მას აგრეთვე მღვდელმთავრის მთელი სახლეულობა იცნობდა; მსახურები იცნობდნენ მას, ის კი — მსახურებს (იოანე 18:15, 16). ამიტომ ეს მართლაც ბუნებრივია, რომ იოანე მოიხსენიებს დაზარალებული მამაკაცის სახელს იმ დროს, როცა სხვა სახარებების მწერლები ამას არ აკეთებენ, რადგან ის მამაკაცი მათთვის უცნობი იყო.
ზოგჯერ დაწვრილებითი ახსნა-განმარტებები გამოტოვებულია რომელიმე ერთი ცნობიდან, მაგრამ მათზე გადაკვრით არის საუბარი სხვა ცნობებში. მაგალითად, იესოს გასამართლების შესახებ იუდეველთა სინედრიონის წინაშე მათეს ცნობა ამბობს, რომ იქ მყოფთაგან ზოგიერთები „სილას აწნავდნენ, ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყაო?“ (მათე 26:67, 68). რატომ უნდა მოეთხოვათ მათ იესოსგან, რომ ‘ეწინასწარმეტყველა’, თუ ვინ დაარტყა, როცა დამრტყმელი მის წინაშე იდგა? მათე ამას აღარ ხსნის. მაგრამ ორი სხვა სახარების მწერალი მოიხსენიებს ამ გამორჩენილ წვრილმანს: იესოს მდევნელები სახეს უფარავდნენ მას, სანამ დაარტყამდნენ (მარკოზი 14:65; ლუკა 22:64). მათე ისე გვაწვდის თავის მასალას, რომ მისი მხრიდან არც კი იგრძნობა იმის ინტერესი, რომ ყოველი წვრილმანი მოიხსენიოს.
იოანეს სახარება მოგვითხრობს შემთხვევას, როცა იესოს სწავლების მოსასმენად თავს იყრის მრავალი ხალხი. ცნობის თანახმად, როცა იესომ გადახედა ხალხს, «ფილიპეს უთხრა: „სად ვიყიდოთ პურები, ამათ რომ ვაჭამოთ?“» (იოანე 6:5). რატომ ჰკითხა იესომ ყველა იქ დამსწრე მოწაფეებიდან მაინცდამაინც ფილიპეს, თუ სად შეიძლებოდა პურის ყიდვა? მწერალი ამას აღარ ამბობს. მაგრამ პარალელურ ცნობაში ლუკა გვამცნობს, რომ ეს ხდებოდა ბეთსაიდასთან, გალილეის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქთან, და მანამდე კი იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ „ფილიპე ბეთსაიდიდან იყო“ (იოანე 1:44; ლუკა 9:10). მაშასადამე, მართებული იყო, რომ იესომ იმ პიროვნებას ჰკითხა, ვისი მშობლიური ქალაქიც ახლოს იყო იმ ადგილთან. ეს თანხმობა წვრილმანებს შორის საოცარია, თუმცა ჭეშმარიტად თავისდა უნებური.
გარკვეული წვრილმანების გამოტოვება ზოგ შემთხვევაში ბიბლიის მწერალს უფრო სარწმუნოს ხდის. მაგალითად „მესამე მეფეთას“ მწერალი მოგვითხრობს, რომ ისრაელში საშინელი გვალვა იყო. ის იმდენად საშინელი იყო, რომ მეფემაც კი ვერ იშოვა საკმარისი წყალი და ბალახი, რათა თავისი ცხენებისა და ჯორებისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა (მესამე მეფეთა 17:7; 18:5). მაგრამ ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველმა ელიამ ბრძანა დიდი რაოდენობით წყლის მოტანა მისთვის ქარმელის მთაზე (შესაწირავთან დაკავშირებით გამოსაყენებლად), რათა 1000 კვადრატული მეტრის ფართობის თხრილი აევსოთ (მესამე მეფეთა 18:33–35). საიდან მოვიდა ამდენი წყალი ამ შუა გვალვაში? „მესამე მეფეთას“ მწერალმა არც კი შეიწუხა თავი, რომ დაერთო ახსნა-განმარტება. მაგრამ ნებისმიერს, ვინც ცხოვრობდა ისრაელში, ეცოდინებოდა, რომ ქარმელი მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, როგორც მოგვიანებით ეს სხვათაშორის ჩაწერეს ამავე ცნობაში (მესამე მეფეთა 18:43). მაშასადამე, ზღვის წყალი ადვილად ხელმისაწვდომი იყო. ეს წიგნი, რომელიც ასე თავისებურად მოიხსენიებს წვრილმანებს, ჩვეულებრივი გამოგონება რომ ყოფილიყო, რომელიც ფაქტად იქნებოდა გასაღებული, რატომ დატოვებდა მისი მწერალი ასეთ ცხად შეუსაბამობას ტექსტში, თუ ის ამ შემთხვევაში გაქნილი ფალსიფიკატორი იყო?
მაშ, სანდოა თუ არა ბიბლია? არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საკმაო რაოდენობის მატერიალური კულტურის ნივთი, რაც ადასტურებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებულია ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანები. ადგილები და ნამდვილად მომხდარი ამბები. უფრო დამარწმუნებელი კი ის მტკიცებაა, რომელიც თვით ბიბლიაში მოიპოვება. გულახდილმა მწერლებმა არავინ დაინდეს — არც საკუთარი თავი — როცა მწარე ფაქტებს წერდნენ. წერილების შეთანხმებულობა, რომელშიც განუზრახველი დამთხვევებიც შედის, „ჩვენებას“ ჭეშმარიტების ბეჭედს ასვამს. ‘უტყუარობის ასეთი სარწმუნო მტკიცებებით’ ბიბლია მართლაც ის წიგნია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.
[სქოლიოები]
a ამ აღმოჩენის შემდეგ პროფესორი ანდრე ლემერი იტყობინებოდა, რომ 1868 წელს ნაპოვნ მეშას ქვაზე (ასევე ეწოდება მოაბელთა ქვა) ტექსტის დაზიანებული ხაზის აღდგენა ცხადყოფს, რომ მასზეც არის მოხსენიებული „დავითის სახლი“4.
b „კეფა“ „პეტრეს“ სემიტური ეკვივალენტია (იოანე 1:42).
[სურათი 15 გვერდზე]
თელ-დანის ფრაგმენტი
[სურათი 16 გვერდზე]
ასურული კედლის რელიეფი, რომელზეც გამოხატულია ლახიშზე ალყის შემორტყმა, რის შესახებაც მოხსენიებულია მეოთხე მეფეთას 18:13, 14-ში.