თავი 39
თაობა, რომელმაც გული გაიჯიუტა
იესო საყვედურობს რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებს
ის ანუგეშებს და ძალებს ჰმატებს თავმდაბალთ
იესო დიდ პატივს სცემს იოანე ნათლისმცემელს, მაგრამ საინტერესოა, სხვებს რა დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. იესო ამბობს: «ვის შევადარო ეს თაობა? ის ჰგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ამხანაგებს ხმამაღლა ეუბნებიან: „სალამურს გიკრავდით, თქვენ კი არ ცეკვავდით, მოვთქვამდით, თქვენ კი არ გლოვობდით და მკერდში არ იცემდით“» (მათე 11:16, 17).
რას გულისხმობს იესო ამ სიტყვებში? ის მეტ ნათელს ჰფენს ამ საკითხს: «მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს და ხალხი ლაპარაკობს, დემონი ჰყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, ხალხი კი მაინც ლაპარაკობს: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“» (მათე 11:18, 19). იოანე ნაზირად მსახურობს, ამიტომ უბრალოდ ცხოვრობს. ის ღვინისგანაც კი იკავებს თავს, თუმცა „ეს თაობა“ მასზე ამბობს, დემონითაა შეპყრობილიო (რიცხვები 6:2, 3; ლუკა 1:15). იესო კი იოანესგან განსხვავებით, სხვა ადამიანების მსგავსად ცხოვრობს. ზომიერების ფარგლებში ის ჭამს კიდეც და სვამს, თუმცა მას გაუმაძღრობაში სდებენ ბრალს. მართლაც რომ შეუძლებელია, ამ ხალხს ასიამოვნო.
იესო ამ თაობას მოედნებზე შეკრებილ ბავშვებს ადარებს, რომლებიც ამხანაგებს არც ცეკვა-თამაშში ჰყვებიან და არც მათ დარდს იზიარებენ. იგი ამბობს: „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:16, 19). დიახ, ნამდვილად ასეა — იოანეს და იესოს საქმეები ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც მათ ბრალს სდებს, ღრმად ცდებიან!
მას შემდეგ, რაც იესო „ამ თაობაზე“ საუბარს ამთავრებს, მკაცრად საყვედურობს ქორაზინის, ბეთსაიდის და კაპერნაუმის მაცხოვრებლებს. ამ ქალაქებში მან გასაოცარი საქმეები მოიმოქმედა. ის ამბობს, რომ ასეთივე სასწაულები ფინიკიელთა ქალაქებში, ტვიროსსა და სიდონში რომ მოეხდინა, ამ ქალაქების მაცხოვრებლები აუცილებლად მოინანიებდნენ. როგორც აღვნიშნეთ, ის კაპერნაუმსაც მოიხსენიებს, ქალაქს, სადაც ხშირად უწევდა დარჩენა. იგი ამბობს, რომ ხალხმა ამ ქალაქშიც კი არ გამოიღო მონანიების შესაფერისი ნაყოფი. ამიტომ დასძენს: „სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე თქვენთვის“ (მათე 11:24).
ამის შემდეგ იესო თავის ზეციერ მამას განადიდებს, რომელმაც „ბრძენებსა და ჭკვიანებს“ დაუფარა ჭეშმარიტება, ხოლო უბრალო ადამიანებს, რომლებიც ჩვილებივით არიან, გაუმჟღავნა (მათე 11:25). იგი გასაოცარ სიტყვებს ეუბნება ამ დაჩაგრულ ხალხს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28—30).
როგორ გამოაცოცხლებს იესო დაჩაგრულთ? რელიგიური წინამძღოლები ხალხს მძიმე ტვირთს ჰკიდებენ და მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ, ისეთს, როგორიცაა მაგალითად, შაბათის დაცვასთან დაკავშირებული წესები. იესო კი მათ ჭეშმარიტებას ასწავლის, რაც ნამდვილად გამომაცოცხლებელია, რადგან ხალხს ადამიანური წეს-ჩვეულებების მონობისგან ათავისუფლებს. იესო შვებას ჰგვრის მმართველების მხრიდან შეჭირვებულთ; აგრეთვე მათაც, ვისაც სინდისი სდებს ბრალს. ის უხსნის მათ, როგორ მიიღონ პატიება და როგორ შეინარჩუნონ ღმერთთან მშვიდობა.
დაიდგა იესოს უღელი, რომელიც ადვილი სატარებელია, ნიშნავს, თავი მიუძღვნა და ემსახურო თანამგრძნობ და გულმოწყალე ზეციერ მამას; ეს კი ნამდვილად არ დააწვება კაცს მძიმე ტვირთად, რადგან ღვთის მოთხოვნები სულაც არ არის დამამძიმებელი (1 იოანე 5:3).