„სასიამოვნო სიტყვებით“ აღაშენეთ თქვენი ოჯახი
გადიოდა წუთები და დეივიდი უფრო და უფრო ბრაზდებოდა. მანქანაში მჯდარი ცოლს ელოდებოდა და წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა. ბოლოს მისი მეუღლე დიანაც გამოვიდა სახლიდან. დეივიდმა თავი ვერ შეიკავა და ცოლს უყვირა: „როდემდე უნდა გელოდო? ყოველთვის როგორ აგვიანებ?! შეგიძლია ერთხელ მაინც არ დააგვიანო?“
დიანა ძალიან განაწყენდა, ცრემლები წასკდა და სახლში შევარდა. დეივიდი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მისმა თავშეუკავებლობამ საქმე მხოლოდ გააფუჭა. რა უნდა ექნა ახლა? მან მანქანა ჩააქრო, ამოიხვნეშა და ნელი ნაბიჯებით სახლისკენ გაემართა.
მსგავსი რამ ცხოვრებაში ბევრჯერ ხდება. ოდესმე გიფიქრიათ, ნეტავ არ მეთქვა ეს სიტყვები? დაუფიქრებელი ლაპარაკი ხშირად სანანებელი გვიხდება. ბიბლია არცთუ უსაფუძვლოდ ამბობს: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავები 15:28).
მაგრამ რთულია დაფიქრება, როდესაც გაბრაზებული, შეშინებული ან განაწყენებული ვართ. განსაკუთრებით ოჯახის წევრებს შორის გრძნობების გაზიარების ნებისმიერი მცდელობა შეიძლება ადვილად გადაიზარდოს მეორე ადამიანის დადანაშაულებაში ან გაკრიტიკებაში. ამან კი შეიძლება, თავის მხრივ, განაწყენება ან კამათი გამოიწვიოს.
რის გაკეთება შეიძლება უკეთესი შედეგების მისაღწევად? როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა? ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევას ბიბლიის დამწერი სოლომონი გვაძლევს.
წინასწარ იფიქრეთ, რა თქვათ და როგორ თქვათ
სოლომონს, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის „ეკლესიასტეს“ დამწერს, როდესაც ცხოვრების ამაოების შესახებ წერდა, როგორც ჩანს, ეს საკითხი ძალიან აღელვებდა. „შემძულდა სიცოცხლე“ — თქვა მან. ერთხელ სოლომონმა სიცოცხლეს „ამაოებათა ამაოება“ უწოდა (ეკლესიასტე 2:17; 12:8). მაგრამ წიგნი „ეკლესიასტე“ მხოლოდ იმედგაცრუებაზე არ მოგვითხრობს. სოლომონი მართებულად არ მიიჩნევდა, რომ ცხოვრების მხოლოდ ცუდ მხარეებზე ელაპარაკა. თავისი წიგნის ბოლოს ის გვეუბნება, რომ „ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“ (ეკლესიასტე 12:10).
სოლომონს, როგორც ჩანს, ესმოდა, რომ თავისი გრძნობები უნდა მოეთოკა. ალბათ, ის საკუთარ თავს გამუდმებით უსვამდა კითხვებს: „არის ნამდვილად ჭეშმარიტი ან სწორი ის, რის თქმასაც ვაპირებ? თუ ამა თუ იმ სიტყვას გამოვიყენებდი, იქნებოდა ის სხვებისთვის სასიამოვნო და მისაღები?“ ჭეშმარიტი და „სასიამოვნო სიტყვების“ შერჩევით ის თავის გრძნობებს გონებას უმორჩილებდა.
სოლომონის წიგნი არა უბრალოდ ლიტერატურული შედევრი იყო, არამედ სიცოცხლის აზრის შესახებ ღვთის შთაგონებით გადმოცემული სიბრძნის წყაროც (2 ტიმოთე 3:16, 17). შეიძლება თუ არა ემოციებით დატვირთული თემებისადმი სოლომონის დამოკიდებულება დაგვეხმაროს საყვარელ ადამიანებთან საუბრისას სიტყვების შერჩევაში? განვიხილოთ ერთი მაგალითი.
ისწავლეთ გრძნობების გაკონტროლება
წარმოიდგინეთ, ბიჭი შეწუხებული სახით ბრუნდება სკოლიდან და მოაქვს თავისი დღიური. მამა უმოწმებს შვილს დღიურს და ხედავს, რომ ერთ საგანში ცუდი ნიშანი მიუღია. მამა მაშინვე ბრაზდება და ახსენდება, რომ შვილმა რამდენჯერმე გადადო გაკვეთილის მომზადება. მამა დაუფიქრებლად ეუბნება: „ზარმაცი ხარ! თუ ასე გააგრძელებ, ვერაფერს მიაღწევ!“
კარგი იქნებოდა, თუ ნეგატიური გრძნობების გადმონთხევამდე მამა საკუთარ თავს დაუსვამდა კითხვას: „სინამდვილეს შეეფერება ის, რასაც ვფიქრობ?“ ამ კითხვაზე პასუხი დაეხმარებოდა მას, ემოციებს რეალური ფაქტები არ დაეჩრდილა (იგავები 17:27). იქნება შვილი ცხოვრებაში წარუმატებელი იმის გამო, რომ ერთ საგანს კარგად ვერ სწავლობს? ბავშვი ბუნებით ზარმაცია თუ რომელიმე საგნის მომზადებას იმიტომ აჯანჯლებს, რომ რაღაცის გაგება უჭირს? ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკითხისადმი გონივრული, რეალისტური მიდგომა (ტიტე 3:2; იაკობი 3:17). მშობელმა ბავშვი რომ წაახალისოს, საჭიროა „ზუსტი სიტყვებით“ ელაპარაკოს ჭეშმარიტება.
სათანადო სიტყვების შერჩევა
მას შემდეგ, რაც მამა მოიფიქრებს, თუ რა უთხრას შვილს, საჭიროა საკუთარ თავს ჰკითხოს: „როგორ ვუთხრა შვილს სათქმელი ისე, რომ ჩემი სიტყვების მოსმენა მისთვის სასიამოვნო და მისაღები იყოს?“ სათანადო სიტყვების პოვნა ადვილი არ არის. მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ბავშვები ხშირად მაქსიმალისტები არიან. მათ შეიძლება ერთი წარუმატებლობა ან შეცდომა იმდენად გააზვიადონ, რომ საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ. ამ დროს, თუ მშობელიც ზედმეტად კიცხავს, ბავშვს თავის თავზე უარყოფითი წარმოდგენა უძლიერდება. კოლოსელების 3:21-ში ნათქვამია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“.
სიტყვების „ყოველთვის“ ან „არასდროს“ გამოყენება, ჩვეულებრივ, ფაქტების გაზვიადებაა. როდესაც მშობელი შვილს ეუბნება: „შენგან კაცი არასდროს დადგება“, როგორღა შეინარჩუნოს ბავშვმა პირადი ღირსების გრძნობა? თუ ბავშვს ყოველთვის ასეთი სიტყვები ესმის, შეიძლება მან დაასკვნას, რომ მისგან მართლაც არაფერი გამოვა. ამის თქმა არა მარტო გულის გამტეხია, არამედ სიცრუეცაა.
ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უმჯობესია ყურადღების დადებით მხარეებზე გამახვილება. ზემოთ მოყვანილ მაგალითში კარგი იქნებოდა მამას ეთქვა: „შვილო, ვხედავ, ცუდმა ნიშანმა დაგანაღვლიანა. მაგრამ შენ ხომ, ჩვეულებრივ, სკოლაში მოუმზადებელი არ მიდიხარ. ამიტომ, მოდი, გავარკვიოთ რა გიჭირს ამ საგანში და ვნახოთ, მომავალში როგორ შეგიძლია გადალახო ასეთი სირთულეები“. მამამ შვილს რომ საუკეთესო დახმარება გაუწიოს, საჭიროა ისეთი კითხვები დაუსვას, რომელთა დახმარებითაც დაინახავს, რამ გამოიწვია სირთულეები.
ასეთი რბილი და გააზრებული მიდგომა ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე უარყოფითი ემოციის გადმონთხევა. ბიბლია გვარწმუნებს: „სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა, სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება“ (იგავები 16:24). მშვიდ და მოსიყვარულე გარემოში ბავშვები, და ოჯახის ყველა სხვა წევრი, თავს შესანიშნავად გრძნობენ.
„გულში მოჭარბებული“
ახლა დავფიქრდეთ სტატიის დასაწყისში მოყვანილ შემთხვევაზე. განა უკეთესი არ იქნებოდა ქმარს „სასიამოვნო სიტყვები“ შეერჩია და ცოლთან მთელი თავისი უარყოფითი ემოციები არ გადმოეფრქვია? კარგი იქნებოდა ქმარს საკუთარი თავისთვის დაესვა კითხვები: „ჩემმა ცოლმა კი უნდა იმუშაოს პუნქტუალურობაზე, მაგრამ განა მართლა ყოველთვის აგვიანებს ის? არის ახლა პუნქტუალურობის განხილვისთვის შესაფერისი დრო? გაბრაზებით ნათქვამი შენიშვნა აღძრავს მას, რომ გამოსწორდეს?“ რამდენიმე წამით შეჩერება და საკუთარი თავისთვის ასეთი კითხვების დასმა დაგვეხმარება, უნებლიეთ არ გავანაწყენოთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანი (იგავები 29:11).
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ცოლ-ქმარს შორის საუბარი ხშირად კამათით მთავრდება? საჭიროა თითოეული დააკვირდეს, რა იყო ამა თუ იმ სიტყვების თქმის მიზეზი. ის, თუ რას ვამბობთ გაბრაზების ან პროვოცირების დროს, შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, სინამდვილეში როგორი პიროვნებები ვართ. იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათეს 12:34). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სიტყვებიდან ხშირად ჩანს, რა აზრები და სურვილები გვაქვს გულის სიღრმეში.
ვართ რეალისტები და ოპტიმისტები, და იმედიანად ვუყურებთ ცხოვრებას? ეს, ალბათ, ჩვენი ხმის ტონსა და საუბრებში აისახება. თუ მკაცრები, პესიმისტები და კრიტიკულები ვართ? თუ დიახ, შეიძლება სხვებს გული გავუტეხოთ იმით, რასაც ვამბობთ და როგორც ვამბობთ. შეიძლება ჩვენ არც კი ვიცით, თუ რა ნეგატიური აზროვნება ან საუბარი გვაქვს. შეიძლება გვგონია კიდეც, რომ ყველაფერს სწორად ვხედავთ. ამ შემთხვევაში საჭიროა, ფრთხილად ვიყოთ და თავი არ მოვიტყუოთ (იგავები 14:12).
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა. ბიბლია გვეხმარება, დავუკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, და შევამოწმოთ, სწორია თუ არა ის, რასაც ვფიქრობთ, და რა გვაქვს გამოსასწორებელი (ებრაელები 4:12; იაკობი 1:25). რისკენაც არ უნდა ვიყოთ მიდრეკილი ან როგორც არ უნდა ვიყოთ აღზრდილი, თუ ნამდვილად გვსურს, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შეიცვალოს აზროვნება და საქციელი (ეფესოელები 4:23, 24).
სხვებთან ჩვენი ურთიერთობის შესაფასებლად ბიბლიის გარდა სხვასაც უნდა მივმართოთ. ჰკითხეთ გარშემო მყოფთ, როგორ შეაფასებდნენ სხვებთან თქვენს ურთიერთობებს. მაგალითად, სთხოვეთ მეუღლეს ან შვილს გულწრფელად გითხრან ამის შესახებ თავიანთი აზრი. ესაუბრეთ მოწიფულ მეგობარს, რომელიც კარგად გიცნობთ. თავმდაბლობაა საჭირო იმისათვის, რომ გაითვალისწინოთ ნათქვამი და საჭირო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ურთიერთობებში.
სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით!
თუ ნამდვილად გვსურს, რომ სხვებს ჩვენი სიტყვებით გული არ ვატკინოთ, ყურად უნდა ვიღოთ იგავების 16:23, სადაც ერთ-ერთი თარგმანის თანახმად ნათქვამია: „გონიერი სანამ რამეს იტყვის, დაფიქრდება; ეს კი მის სიტყვებს დამაჯერებლობას მატებს“. ცხადია, ყოველთვის ადვილი არ არის გრძნობების გაკონტროლება. მაგრამ, თუ ვცდილობთ, გავუგოთ სხვებს და არ დავადანაშაულოთ ან არ დავამციროთ ისინი, მაშინ სათანადო სიტყვების პოვნა უფრო გაგვიადვილდება.
რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი (იაკობი 3:2). დროდადრო რაღაცას ყველა ვამბობთ დაუფიქრებლად (იგავები 12:18). მაგრამ ღვთის სიტყვის დახმარებით ყველა შევძლებთ, დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყოდეთ, და სხვების ინტერესები ჩვენს ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ (ფილიპელები 2:4). ამიტომ, მოდი, ყველასთან, და განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან, საუბრისას ვეძებოთ „სასიამოვნო სიტყვები“! მაშინ ჩვენი სიტყვები სხვებს ტკივილს კი არ მიაყენებს და აატირებს, არამედ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს სულზე მალამოდ დაედება და აღაშენებს! (რომაელები 14:19).
[სურათი 12 გვერდზე]
როგორ შეიძლება თავიდან აირიდოთ იმის თქმა, რაზეც მოგვიანებით ინანებთ?