თავი 8
„ამისთვის ვარ გამოგზავნილი“
1—4. ა) როგორ მიუდგა იესო სამარიელ ქალს და როგორ იმოქმედა მასზე იესოს სიტყვებმა? ბ) როგორ შეხვდნენ მოციქულები იესოს ქადაგებას?
იესო და მისი მოციქულები იუდეიდან ჩრდილოეთით, გალილეაში მიემგზავრებოდნენ სამარიის გავლით. მგზავრობამ კარგა ხანს გასტანა, დაახლოებით სამი დღე, თუმცა ეს ყველაზე მოკლე გზა იყო. მზე ზენიტს უახლოვდებოდა, პატარა ქალაქ სიქარს რომ მიუახლოვდნენ და დასასვენებლად შეჩერდნენ.
2 იესო ჭასთან ჩამოჯდა, მოციქულები კი საჭმლის საყიდლად წავიდნენ. ამ დროს ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად ჭასთან მივიდა. „გზით დაქანცულ“ იესოს შეეძლო მისთვის თვალი აერიდებინა (იოანე 4:6). გასაკვირი კი ამაში არაფერი იქნებოდა, რადგან ეს ქალი არ მოელოდა, რომ, როგორც მე-4 თავიდან გავიგეთ, იუდეველი მას ყურადღების ღირსად ჩათვლიდა. მაგრამ იესო გამოელაპარაკა.
3 იესომ სამარიელ ქალს მისივე ყოველდღიური ცხოვრებიდან მოუყვანა მაგალითი. წყლის ამოსაღებად მისულ ქალს იესომ სიცოცხლის წყალზე დაუწყო ლაპარაკი, რაც მას სულიერ წყურვილს მოუკლავდა. ქალი რამდენჯერმე ისეთ საკითხებს შეეხო, რაზეც შეეძლო იესოს შეკამათებოდაa. მაგრამ ტაქტიანად აუარა გვერდი საკამათო საკითხებს და კვლავ თავის წამოწყებულ თემას დაუბრუნდა. ის სულიერ საკითხებზე, წმინდა თაყვანისმცემლობასა და იეჰოვა ღმერთზე საუბრობდა. იესოს სიტყვებმა ქალზე იმდენად იმოქმედა, რომ იქაურ მცხოვრებლებს ყველაფერი უამბო. ამის შემდეგ მათაც მოინდომეს, იესოსთვის მოესმინათ (იოანე 4:3—42).
4 როგორ შეხვდნენ უკან დაბრუნებული მოციქულები იესოს საუბარს სამარიელ ქალთან? ისინი არც კი დაინტერესდნენ, პირიქით, გაოცდნენ. ქალის წასვლის შემდეგ მოციქულები იესოს სთხოვდნენ, რამე ეჭამა. იესომ მიუგო: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს ეს სიტყვები და გაუკვირდათ. შემდეგ იესომ აუხსნა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:32, 34). ამ სიტყვებით იესომ მათ დაანახვა, რომ ჭამაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. იესოს სურდა, მათაც ასე ეფიქრათ. რა საქმე ჰქონდა იესოს მხედველობაში?
5. რა იყო იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და რაზე ვისაუბრებთ ამ თავში?
5 ერთხელ იესომ თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). იესო მართლაც იმისთვის იყო გამოგზავნილი, რომ ექადაგა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ და ესწავლებინაb. იესოს მიმდევრებს დღესაც იგივე საქმე აქვთ გასაკეთებელი. ამიტომ ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ ქადაგებდა იესო, რას ქადაგებდა და რა დამოკიდებულება ჰქონდა ქადაგების მიმართ.
რატომ ქადაგებდა იესო?
6, 7. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა უყურებდეს „ხალხის ყოველი მოძღვარი“ სასიხარულო ცნობის ქადაგებას?
6 როგორ უყურებდა იესო იმას, რასაც ასწავლიდა, და იმათ, ვისაც ასწავლიდა? ერთხელ იესომ მაგალითი მოიყვანა, რომ ეჩვენებინა, როგორ აფასებდა იმას, რაც იეჰოვასგან ისწავლა: „ხალხის ყოველი მოძღვარი, რომელსაც ზეციერი სამეფოს შესახებ ასწავლეს, ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს ახალი და ძველი“ (მათე 13:52). რას ნიშნავს, რომ სახლის პატრონს საგანძურიდან გამოაქვს „ახალი და ძველი“?
7 სახლის პატრონს სატრაბახოდ როდი გამოაქვს თავისი ქონება, როგორც ეს ერთხელ მეფე ხიზკიამ გააკეთა და სავალალო შედეგებიც მოიმკა (2 მეფეები 20:13—20). რა აღძრავს სახლის პატრონს, რომ ქონება გამოიტანოს? დავუშვათ, ესტუმრე შენს საყვარელ მასწავლებელს, რომელმაც მაგიდის უჯრიდან ორი წერილი ამოიღო, ერთი საკმაოდ გაცვეთილი, რადგან ათწლეულების წინ, ბავშვობაში ჰქონდა მიღებული, მეორე კი — შედარებით ახალი. ეს წერილები მას მამამ მისწერა. მასწავლებელი დიდი სიამოვნებით გიყვებოდა, თუ რა ძლიერ აფასებდა ამ წერილებს, როგორ შეცვალა მამის რჩევებმა მისი ცხოვრება, და შენც გითხრა, რომ გამოგეყენებინა ეს რჩევები. მამის წერილები მასწავლებლისთვის საუნჯე იყო (ლუკა 6:45). მან წერილები ტრაბახის ან გამორჩენის მიზნით კი არ გაჩვენა, არამედ იმისთვის, რომ მათი ფასი დაენახვებინა და დაგხმარებოდა.
8. რატომ უნდა ვუყურებდეთ ჭეშმარიტებას, რომელსაც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორც განძს?
8 იესოსაც, დიდებულ მასწავლებელსაც, იგივე მოტივები ამოძრავებდა. ჭეშმარიტება, რასაც ქადაგებდა, მისთვის შეუფასებელი განძი იყო. მას სწორედ ჭეშმარიტების სიყვარული აღძრავდა ქადაგებისკენ. იესოს უნდოდა, რომ თავის მიმდევრებსაც, „ხალხის ყოველ მოძღვარს“, მსგავსი მოტივები ჰქონოდათ. ამიტომ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, რომელსაც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ყველა სწავლებას, დიდი ხნის წინათ აიხსნა, თუ ახალი გაგება შეიძინა. თუ ენთუზიაზმით ვქადაგებთ იმას, რაც იეჰოვამ გვასწავლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც გვიყვარს ჭეშმარიტება.
9. ა) როგორ უყურებდა იესო მათ, ვისაც ასწავლიდა? ბ) როგორ მივბაძოთ იესოს?
9 იესოს ისინიც უყვარდა, ვისაც ასწავლიდა. ამის შესახებ დაწვრილებით მე-3 ნაწილში ვისაუბრებთ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მესია ‘შეიბრალებდა საწყალსა და ღარიბს’ (ფსალმუნი 72:13). იესოსთვის სულერთი არ იყო ადამიანთა მდგომარეობა, ის, თუ რას ფიქრობდა ხალხი და რას აკეთებდა, რამხელა ტვირთი ჰქონდათ აკიდებული და რამდენი რამ უშლიდათ ხელს ჭეშმარიტების მიღებაში (მათე 11:28; 16:13; 23:13, 15). მაგალითად, სამარიელ ქალს ნამდვილად არ დატოვებდა გულგრილს იესოს ყურადღება. როდესაც ქალმა გაიგო, რომ იესომ იცოდა მისი ოჯახური მდგომარეობა, ის წინასწარმეტყველად აღიარა და სხვებსაც მოუყვა მის შესახებ (იოანე 4:16—19, 39). იესოსგან განსხვავებით ჩვენ არ შეგვიძლია გულთამხილავები ვიყოთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ ადამიანთა მდგომარეობით დავინტერესდეთ. სიტყვებითა და საქმეებით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვფიქრობთ მათზე, მათ ინტერესებსა და პრობლემებზე.
რას ქადაგებდა იესო?
10, 11. ა) რას ქადაგებდა იესო? ბ) რამ განაპირობა ღვთის სამეფოს აუცილებლობა?
10 რის შესახებ ქადაგებდა იესო? თუ პასუხს საეკლესიო ლიტერატურაში მოიძიებ, შესაძლებელია ისეთი დასკვნა გამოიტანო, რომ იესოს ქადაგება მხოლოდ საზოგადოებისთვის აუცილებელი რჩევებით შემოიფარგლებოდა. ან შესაძლოა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს, რომ იესო პოლიტიკურ რეფორმებს უჭერდა მხარს ან ყველაფერზე წინ სულის ხსნას აყენებდა. მაგრამ მან არაორაზროვნად თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“. რას გულისხმობდა იესო?
11 როდესაც სატანამ იეჰოვას უზენაესობა ეჭვქვეშ დააყენა, იესო მაშინ ზეცაში იყო. წარმოიდგინე, როგორ ეტკინებოდა გული, როდესაც სატანამ მამამისს უსამართლოდ დასწამა ცილი, თითქოს თავის ქმნილებებს რაღაც კარგს უმალავდა! იესოს მაშინაც ეტკინებოდა გული, როდესაც ადამმა და ევამ, რომელთაგან მთელი კაცობრიობა უნდა წარმოშობილიყო, სატანის ცილისწამებას დაუგდეს ყური! ძემ დაინახა, რომ დაუმორჩილებლობის შედეგად ადამისა და ევას შთამომავლობაზე ცოდვა და სიკვდილი გამეფდა (რომაელები 5:12). მაგრამ როგორ გაიხარებდა, როდესაც გაიგებდა, რომ ერთ დღესაც მამამისი მდგომარეობას გამოასწორებდა.
12, 13. რას გააკეთებს ღვთის სამეფო და რა აჩვენებს, რომ იესოს ქადაგების მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო?
12 ყველაზე მეტად მდგომარეობის გამოსწორება იმიტომ იყო აუცილებელი, რომ იეჰოვას სახელი განწმენდას საჭიროებდა, რომელიც სატანამ და მისმა თანამზრახველებმა შეურაცხყვეს. გარდა ამისა, უნდა დამტკიცებულიყო, რომ იეჰოვაა უზენაესი ღმერთი და მხოლოდ მას აქვს მმართველობის უფლება. იესოზე უკეთ არავის ეცოდინებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხების გადაჭრა. როცა იესო მოწაფეებს ასწავლიდა, როგორ ელოცათ, პირველად მამის სახელის განწმენდა მოიხსენია, მერე — მამის სამეფოს მოსვლა, შემდეგ კი — ღვთის ნების შესრულება დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ღვთის სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში, მალე დედამიწას სატანის გავლენისგან გაათავისუფლებს, და იეჰოვა სამართლიანად იმმართველებს მარადიულად (დანიელი 2:44).
13 სწორედ სამეფო იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა. მან სიტყვითა თუ საქმით ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ რა არის სამეფო და როგორ შეასრულებს იეჰოვას განზრახვას. იესოს ვერაფერი უშლიდა ხელს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. მართალია, პირველ საუკუნეში არაერთ სოციალურ პრობლემას და უსამართლობას ხვდებოდა ხალხი, მაგრამ იესოს მაინც სამეფოს შესახებ ქადაგებაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. ნიშნავდა ეს იმას, რომ იესოს ვიწრო თვალსაზრისი ჰქონდა და არაგონივრულად, მომაბეზრებლად იქცეოდა? სრულიადაც არა!
14, 15. ა) საიდან ჩანს, რომ იესო „სოლომონზე დიდი იყო“? ბ) როგორ მივბაძოთ იესოს ქადაგებაში?
14 მე-2 ნაწილში დავინახავთ, რომ იესო ქადაგებით ინტერესს აღძრავდა ადამიანებში, რადგან სხვადასხვა თემაზე გულში ჩამწვდომი სიტყვებით საუბრობდა. ალბათ, გვახსენდება ბრძენი მეფე სოლომონი, რომელიც ცდილობდა, იეჰოვასგან შთაგონებული აზრები „სასიამოვნო სიტყვებით“ დაეწერა (ეკლესიასტე 12:10). იეჰოვამ ამ არასრულყოფილ კაცს „გამჭრიახი გული“ მისცა. სოლომონი ისე საუბრობდა მრავალ საკითხზე, მათ შორის ფრინველებზე, თევზებზე, ხეებსა თუ ცხოველებზე, რომ ხალხი შორი მანძილებიდან ჩამოდიოდა მის მოსასმენად (1 მეფეები 4:29—34). იესო კი „სოლომონზე დიდი“ იყო (მათე 12:42). მას მეტი სიბრძნე და გაცილებით „გამჭრიახი გული“ ჰქონდა. იესოს საუბრებიდან აშკარად ჩანდა, რომ მას კარგად ესმოდა ღვთის სიტყვა. ის აგრეთვე ეხებოდა ფრინველებს, ცხოველებს, თევზებს, მიწათმოქმედებას, ამინდს, მიმდინარე თუ წარსულ მოვლენებს, და ხალხის მდგომარეობას. მაგრამ თავისი ცოდნით არასდროს მოჰქონდა თავი. იესო უბრალოდ და გასაგებად ლაპარაკობდა, და ამიტომაც უსმენდა ხალხი მას სიამოვნებით (მარკოზი 12:37; ლუკა 19:48).
15 ქრისტიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს. მართალია ჩვენ არ გვაქვს ისეთი სიბრძნე და ღრმა ცოდნა, როგორიც იესოს ჰქონდა, მაგრამ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ყველას გაგვაჩნია, რაც ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტების საქადაგებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მშობლებს შეუძლიათ თავიანთი გამოცდილებიდან მოიყვანონ ისეთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უყვარს იეჰოვას თავისი შვილები. ზოგმა შეიძლება მაგალითი მოიყვანოს სამსახურზე, სკოლაზე, მიმდინარე მოვლენებიდან ან ადამიანთა ურთიერთობებიდან. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რომ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ უკანა პლანზე არ გადავიდეს (1 ტიმოთე 4:16).
როგორ უყურებდა იესო მსახურებას?
16, 17. ა) როგორ უყურებდა იესო მსახურებას? ბ) საიდან ჩანდა, რომ მსახურებას იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა?
16 იესო ძლიერ აფასებდა მსახურებას. ამიტომ ის სიამოვნებით ეხმარებოდა ხალხს, ადამიანთა მოძღვრებებისა და გადმოცემებისგან განსხვავებით, მამამისი ისეთ ღმერთად გაეცნოთ, როგორიც ის სინამდვილეშია. იესოს უხაროდა, რომ ხალხი უახლოვდებოდა იეჰოვას და მარადიული სიცოცხლის იმედს იძენდა. ის ხედავდა, რომ სასიხარულო ცნობა ხალხს ანუგეშებდა და ახარებდა. რით აჩვენებდა იესო, რომ ძლიერ აფასებდა მსახურებას?
17 პირველი, მსახურებას იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა. სამეფოს შესახებ ქადაგება იესოსთვის ძირითადი საქმე, მთავარი საზრუნავი იყო. ამიტომ არჩია მან უბრალო ცხოვრება, როგორც ეს მე-5 თავიდან გავიგეთ. როდესაც ხალხს რჩევებს აძლევდა, იესოს მხედველობიდან არ რჩებოდა სამეფოს შესახებ ქადაგება. მას არ ჰქონია ბევრი ისეთი ნივთი, რომელთა შეძენასაც გარკვეული თანხა დასჭირდებოდა, მათ მოვლას, შეკეთებასა თუ გამოცვლას კი — დრო. იესო უბრალოდ ცხოვრობდა და ტყუილად არ კარგავდა იმ დროს, რომელიც მსახურებისთვის უნდა დაეთმო (მათე 6:22; 8:20).
18. რა აჩვენებს, რომ იესო თავდაუზოგავად ქადაგებდა?
18 მეორე, იესო თავდაუზოგავად ქადაგებდა. ის არ იშურებდა ენერგიას. მთელ პალესტინაში დადიოდა, ასობით კილომეტრს გადიოდა და ისეთ ადამიანებს ეძებდა, ვინც სასიხარულო ცნობით დაინტერესდებოდა. ის ყველგან ქადაგებდა, სახლებში, მოედნებზე, ბაზრებსა თუ ღია ცის ქვეშ. იესო მაშინაც ქადაგებდა, როცა დაღლილი იყო, სწყუროდა, შიოდა ან სურდა, მეგობრებთან ერთად დაესვენა. მან მაშინაც კი იქადაგა სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, როდესაც სიკვდილის პირას იყო (ლუკა 23:39—43).
19, 20. რა მაგალითი მოიყვანა იესომ იმის საჩვენებლად, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო?
19 მესამე, იესო მსახურებით აჩვენებდა, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმე იყო. როდესაც იესო სამარიელ ქალს სიქარის მახლობლად ჭასთან ელაპარაკებოდა, მოციქულებმა როგორც ჩანს, ვერ დაინახეს სასიხარულო ცნობის ქადაგების აუცილებლობა. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „განა თქვენ არ ამბობთ, მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეაო? მე კი გეუბნებით: ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოანე 4:35).
20 იესომ ეს მაგალითი რომ მოიყვანა, მკის სეზონი იდგა. დაახლოებით ქისლევის თვე (ნოემბერ-დეკემბერი) იქნებოდა. ქერის მკა კიდევ ოთხი თვე არ დაიწყებოდა, სანამ პასექის დრო, 14 ნისანი არ დადგებოდა. ამიტომ მიწათმოქმედები იფიქრებდნენ, რომ მკის დაწყებამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდათ. ქერის მკისგან განსხვავებით სულიერი მკის დაწყებას ლოდინი არ სჭირდებოდა, რადგან ბევრი ადამიანი იყო მზად, მოესმინა, ესწავლა, ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო და გაეზიარებინა ის იმედი, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს. იესომ თვალი მოავლო მთელ სულიერ სამკალს და დაინახა, რომ ყანები გადათეთრებულიყო, მწიფე თავთავები კი ირხეოდა, რითაც მომკელებს თითქოს ნიშანს აძლევდნენ, მზად ვართ მოსამკელადოc. მკის დრო უკვე დამდგარიყო და გადადება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ ერთხელ, როდესაც ხალხი არ უშვებდა იესოს ერთ-ერთი ქალაქიდან, მან უთხრა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43).
21. როგორ მივბაძოთ იესოს?
21 ქრისტიანულ მსახურებას ჩვენს ცხოვრებაშიც უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს. შეიძლება ოჯახები გვყავს, ვმუშაობთ, მაგრამ რეგულარულად და ენთუზიაზმით თუ ვმსახურობთ, ამით ვაჩვენებთ, რომ მსახურებას პირველ ადგილზე ვაყენებთ (მათე 6:33; 1 ტიმოთე 5:8). ჩვენც თავდაუზოგავად უნდა ვიმსახუროთ, რისთვისაც დრო, ენერგია და სახსრები არ უნდა დავიშუროთ (ლუკა 13:24). არ დაგვავიწყდეს, რომ ქადაგება გადაუდებელი საქმეა (2 ტიმოთე 4:2). ხელიდან არ უნდა გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობები!
22. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში?
22 იესო ქადაგებას მნიშვნელოვნად რომ თვლიდა, იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან თავის მიმდევრებს დაავალა, გაეგრძელებინათ ქადაგება და სწავლება. ამ დავალების შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
a მაგალითად, ქალმა ჰკითხა იესოს, იუდეველი სამარიელს რატომ ელაპარაკებოდა. ამით ის შეეხო ორ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებულ მტრობას (იოანე 4:9). მან ისიც თქვა, რომ სამარიელები იაკობის შთამომავლები იყვნენ, რასაც იუდეველები კატეგორიულად უარყოფდნენ (იოანე 4:12). ისინი სამარიელებს ქუთელებს ეძახდნენ, რითაც იმას ამბობდნენ, რომ მათი წინაპრები უცხოტომელები იყვნენ.
b ქადაგება რაიმე ცნობის გაცხადებაა. სწავლებაც მსგავსი მნიშვნელობის სიტყვაა, მაგრამ ნიშნავს ცნობის საფუძვლიან, დეტალურ გადაცემას. ასეთი სწავლება გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების მოძიებით მსმენელების გულებამდე მიღწევას, რაც მათ მოქმედებისკენ აღძრავს.
c იოანეს 4:35-თან დაკავშირებით ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნული იყო: „როდესაც მწიფდება, მწვანე თავთავი თანდათანობით ყვითელ ან ღია ყვითელ ფერს იღებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მკის დრო მოვიდა“.