თავი 43
იესოს მოჰყავს მაგალითები სამეფოს შესახებ
მათე 13:1—53; მარკოზი 4:1—34; ლუკა 8:4—18
იესოს მოჰყავს მაგალითები ღვთის სამეფოს შესახებ
მას შემდეგ, რაც იესომ ფარისევლები გაკიცხა, გეზი გალილეის ზღვის სანაპიროსკენ აიღო. აქ, ზღვასთან ახლოს, როგორც ჩანს, კაპერნაუმში, მასთან უამრავი ხალხი იყრის თავს. იესო ნავზე ადის, ნაპირს შორდება და შეკრებილ ხალხთან ზეციერი სამეფოს შესახებ იწყებს საუბარს. მას არაერთი მაგალითი და იგავი მოჰყავს მისი მსმენელისთვის ნაცნობი სიტუაციებიდან, რათა გაუადვილდეთ სამეფოს შესახებ სწავლების გაგება.
თავიდან იესოს მთესველზე მოჰყავს მაგალითი, რომელიც თესლის თესვას იწყებს. ზოგი თესლი გზის პირას ვარდება და მათ ჩიტები კენკავენ, ზოგიც — კლდოვან ადგილზე, სადაც ცოტა მიწაა. რადგან მცენარე კლდოვან ადგილზე ღრმად ვერ იდგამს ფესვებს, მზის ამოსვლის შემდეგ ჭკნება და ხმება. ზოგი თესლი ეკლებში ვარდება, ამიტომ, როცა იზრდება ეკლები აშთობს მას. ზოგი კი კარგ მიწაზე ვარდება და ნაყოფი გამოაქვს: „ზოგს — ასი, ზოგს — სამოცი, ზოგს — ოცდაათი“ (მათე 13:8).
იესოს სხვა მაგალითიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე. ამ მაგალითში თესლი დღითა და ღამით მთესველისგან დამოუკიდებლად იზრდება, თუმცა „მან . . . არ იცის, როგორ“ (მარკოზი 4:27). თესლი თავისით იზრდება და როგორც კი მწიფდება ნაყოფი, მთესველი მკას იწყებს.
იესოს მესამე მაგალითი მოჰყავს თესვაზე. კაცმა კარგი თესლი დათესა, მაგრამ „როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი [და] ხორბალში სარეველა ჩათესა“. მონებმა ჰკითხეს ბატონს: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“, რაზეც ბატონმა უპასუხა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“ (მათე 13:24—30).
უმეტესობამ, ვინც იესოს უსმენს, ბევრი რამ იცის მიწათმოქმედების შესახებ. ამიტომ იესოს შემდეგ მაგალითში აღწერილი პროცესიც ყველასთვის კარგადაა ნაცნობი. ის პატარა მდოგვის მარცვალზე საუბრობს, რომელიც იზრდება, დიდ ხედ იქცევა და მის ტოტებში ჩიტები იბუდებენ. იესო ამბობს: „ზეციერი სამეფო ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და თავის მინდორში დათესა“ (მათე 13:31). მაგრამ იესოს ეს მაგალითები იმიტომ არ მოჰყავს, რომ, უბრალოდ, მცენარეებსა და მიწათმოქმედებაზე ესაუბროს მათ. იესოს უნდა, თვალსაჩინოდ დაანახვოს მსმენელს, თუ როგორ შეიძლება ძალიან პატარა რამ ისე გაიზარდოს, რომ უსაშველოდ დიდი გახდეს.
ამის შემდეგ იესოს მსმენელის ყურადღება კვლავაც მათთვის კარგად ნაცნობ პროცესზე გადააქვს. ზეციერ სამეფოს იესო ადარებს „საფუარს, რომელიც აიღო ქალმა და სამ დიდ საწყაო ფქვილს შეაზილა“ (მათე 13:33). მართალია, საფუარი არ ჩანს, მაგრამ ის მთელ ცომს აფუებს. ამიტომ ცომის ამოსვლა თვალისთვის შეუმჩნევლად ხდება.
ამ მაგალითების მოყვანის შემდეგ იესო იმ სახლში ბრუნდება, სადაც გაჩერებულია. მალე მასთან მოწაფეები მიდიან; მათ სურთ, გაიგონ, რა იგულისხმა იესომ თავის მაგალითებში.
იესო მოწაფეებს მაგალითების მნიშვნელობას განუმარტავს
იესოს მოწაფეებმა უკვე კარგად იციან, რომ მათი მოძღვარი ხშირად იყენებს მაგალითებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა იესოს ერთდროულად ამდენი მაგალითი მოჰყავს. ამიტომ ისინი ეკითხებიან მას: „რატომ ელაპარაკები მათ მაგალითებით?“ (მათე 13:10).
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იესო მაგალითებს იყენებს, ისაა, რომ სურს ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შეასრულოს. მათე მოგვითხრობს: «მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს, გამოვაცხადებ ქვეყნიერების შექმნიდან დაფარულს“» (მათე 13:34, 35; ფსალმუნი 78:2).
თუმცა იესოს მაგალითები სხვა მიზეზის გამოც მოჰყავს. მის ბევრ მსმენელს, უბრალოდ, მისი თხრობის მანერა იზიდავს და სასწაულების ხილვითაა დაინტერესებული. ისინი იესოს თავიანთ უფლად არ მიიჩნევენ და არც მთელი გულით მიჰყვებიან, რადგან ანგარება ამოძრავებთ (ლუკა 6:46, 47). მათ არ სურთ, შეიცვალონ ცხოვრების წესი და შეხედულებები. დიახ, ისინი უარს ამბობენ, რომ ცნობამ, რომლის შესახებაც იესო ქადაგებს, გავლენა მოახდინოს მათზე.
მოწაფეების მიერ დასმულ კითხვას იესო ასე პასუხობს: «მაგალითებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ისმენენ, მაგრამ არ ესმით, და ვერც აზრს სწვდებიან. მათზე სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „ . . . გაუუხეშდა ამ ხალხს გული“» (მათე 13:13—15; ესაია 6:9, 10).
თუმცა ეს სიტყვები ყველა იესოს მსმენელს არ ეხება. იგი აგრძელებს: „თქვენ კი ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მართალს უნდოდა იმის ნახვა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახეს, და იმის მოსმენა, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს“ (მათე 13:16, 17).
დიახ, იესოს 12 მოციქულსა და მის სხვა ერთგულ მოწაფეებს მორჩილი გული აქვთ. ამიტომ იესო ეუბნება: „თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოება, მათ კი არა აქვთ ამის ნება“ (მათე 13:11). მოწაფეებს ნამდვილად სურთ, ჩასწვდნენ იესოს სიტყვების მნიშვნელობას, ამიტომ იესო განუმარტავს მათ მთესველზე მოყვანილ მაგალითს.
იესოს სიტყვების თანახმად, „თესლი ღვთის სიტყვაა“, ნიადაგი კი ადამიანის გულს ასიმბოლოებს (ლუკა 8:11). ახლა მოწაფეებისთვის უკვე აღარაა რთული, გაიგონ, რას გულისხმობს იესო თავის მაგალითში.
გზის პირას დაცვენილ თესლზე იესო ამბობს: „მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ“ (ლუკა 8:12). შემდეგ იესო ხსნის, რომ „კლდოვან ადგილზე დაცვენილები“ ისინი არიან, რომლებიც სიხარულით იღებენ სიტყვას, მაგრამ ჭეშმარიტება მათ გულში ღრმად ვერ იდგამს ფესვს. ასეთი ადამიანები, „როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან“. დიახ, „გამოცდის დროს“, როცა ოჯახის წევრებისგან ხვდებიან წინააღმდეგობას ან კიდევ სხვა განსაცდელები იჩენს თავს, ტოვებენ ჭეშმარიტებას (მათე 13:21; ლუკა 8:13).
ამის შემდეგ იესო უხსნის, რომ ეკლებში ჩაცვენილი თესლი იმ ხალხს ასიმბოლოებს, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას“ (მათე 13:22). ისინი იღებენ ღვთის სიტყვას, მაგრამ მას ნაყოფი ვერ გამოაქვს მათში, რადგან ცხოვრებისეული საზრუნავი აშთობს.
ბოლოს იესო კარგ ნიადაგზე დაცვენილ თესლზე საუბრობს. იგი ხსნის, რომ ეს შედარება იმ ადამიანებზე მიუთითებს, ვინც ისმენს სიტყვას, მთელი გულით იღებს მას და სწვდება მის მნიშვნელობას. სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ნაყოფი გამოაქვთ. ვინაიდან თითოეულს განსხვავებული მდგომარეობა აქვს, მაგალითად, ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს, ზოგსაც ჯანმრთელობა, შესაბამისად, ყველა ერთნაირად ვერ დაიხარჯება ღვთისთვის. ამიტომაც ამბობს იესო, რომ ნაყოფი ყველას სხვადასხვა რაოდენობით გამოაქვს; ზოგს — 100, ზოგს — 60 და ზოგსაც — 30. დიახ, იეჰოვა სიკეთეს არ უკავებს მათ, ვინც კარგი და კეთილი გულით ისმენს სიტყვას, „იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“ (ლუკა 8:15).
ალბათ, როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა იესოს სიტყვები მისი მოწაფეებისთვის, რომელთაც სურდათ, უკეთ ჩასწვდომოდნენ თავიანთი მოძღვრის სწავლებებს! ახლა მათ უკვე კარგად ესმით იესოს მაგალითში მოყვანილი შედარებების მნიშვნელობა. იესოს უნდა, რომ მის მოწაფეებს კარგად ესმოდეთ სწავლებები, რათა თავადაც შეძლონ მათი სხვებისთვის ახსნა. იესო ეკითხება მათ: „განა იმისთვის გამოაქვთ ლამპარი, რომ საწყაოს ანდა საწოლის ქვეშ დადგან? განა სალამპრეზე დასადგამად არ გამოაქვთ?“. ამიტომ იესო ურჩევს მათ: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“ (მარკოზი 4:21—23).
იესო უფრო მეტს ასწავლის მოწაფეებს
მას შემდეგ, რაც იესო მოწაფეებს განუმარტავს მაგალითს მთესველზე, მათ უფრო მეტის გაგების სურვილი უჩნდებათ. ისინი სთხოვენ იესოს: „აგვიხსენი მაგალითი მინდორში ამოსულ სარეველაზე“ (მათე 13:36).
მართლაც, როგორ განსხვავდებიან მოწაფეები ნაპირზე შეკრებილი ხალხისგან! ეს ხალხიც უსმენს იესოს, მაგრამ მათ არ აინტერესებთ იმის გაგება, თუ რა მიზნით მოჰყავს მას მაგალითები და როგორ შეუძლიათ ცხოვრებაში მოსმენილის გამოყენება. ისინი მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას სჯერდებიან. იესოს შემდეგი სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ განსხვავდებიან ნაპირზე შეკრებილი ხალხისგან ცოდნას მოწყურებული მოწაფეები, რომლებიც თავიანთ მოძღვართან იმიტომ მიდიან, რომ უფრო მეტი გაიგონ. იგი ამბობს:
„დაუკვირდით, რასაც ისმენთ. რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ, დიახ, ამაზე მეტიც მოგეცემათ“ (მარკოზი 4:24). მოწაფეებს გულთან მიაქვთ ყველაფერი, რასაც თავიანთი მოძღვრისგან ისმენენ. ისინი წრფელ ინტერესს ავლენენ და ყურადღებით ეკიდებიან იესოს ყოველ სიტყვას. სწორედ ამიტომ იესო მათ უფრო მეტს ასწავლის და შედეგად მათთვის მეტად ეფინება ნათელი სულიერ საკითხებს. იესო ხედავს, რა ძლიერ სურთ მის მოწაფეებს, ჩასწვდნენ ხორბალსა და სარეველაზე მოყვანილ მაგალითს და ამიტომ ამ მაგალითის ახსნას იწყებს:
„კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა, მინდორი ქვეყნიერებაა, კარგი თესლი სამეფოს ძეები არიან, სარეველა — ბოროტის ძეები, მტერი, რომელმაც ის დათესა, ეშმაკია, მკა — ქვეყნიერების წყობის აღსასრული, მომკელები კი ანგელოზები არიან“ (მათე 13:37—39).
მას შემდეგ, რაც ხსნის, რას ასიმბოლოებს მოყვანილი მაგალითის თითოეული დეტალი, იესო შემაჯამებელ დასკვნას აკეთებს. ის ამბობს, რომ ქვეყნიერების აღსასრულს მომკელები ანუ ანგელოზები გამოაცალკევებენ სარეველას მსგავს ქრისტიანებს „სამეფოს ძეებისგან“, ხოლო მართლებს შეკრებენ და საბოლოოდ ისინი „თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“. მაგრამ რა ელით „ბოროტის ძეებს“? სრული განადგურება. როგორც იესო ამბობს, გასამართლებისას მათ ელით „ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 13:41—43).
შემდეგ იესოს კიდევ სამი მაგალითი მოჰყავს. თავდაპირველად ის ამბობს: „ზეციერი სამეფო მინდორში დამალულ განძს ჰგავს, რომელიც კაცმა იპოვა და დამალა, და გახარებული მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს ყიდის და იმ მინდორს ყიდულობს“ (მათე 13:44).
იესო განაგრძობს თხრობას: „ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს და როდესაც პოულობს ერთ ძვირფას მარგალიტს, მიდის, რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას“ (მათე 13:45, 46).
ორივე მაგალითი ისეთ ადამიანს ეხება, რომელიც მზადაა, მსხვერპლი გაიღოს, რათა შეიძინოს ის, რაც ჭეშმარიტად ფასეულია. მაგალითად, დიდვაჭარი „რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის“, ერთი ძვირფასი მარგალიტი რომ შეიძინოს. მოწაფეებს არ უჭირთ, მიხვდნენ ამ მაგალითის მნიშვნელობას. მეორე შემთხვევაში კი კაცი მას შემდეგ, რაც მინდორში დამალულ განძს პოულობს, მიდის და „ყველაფერს ყიდის“, რათა ის მინდორი იყიდოს. ამ ორივე მაგალითიდან ჩანს, როგორ ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა, ძალიან ძვირფასი რამ მოიპოვოს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსადვე იქცევა ის ადამიანი, რომელიც სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად არის, მსხვერპლი გაიღოს (მათე 5:3). ზოგმა იესოს მსმენელმა სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უკვე გადადგა ნაბიჯი და არ დაიშურა ძალისხმევა, იესოს ჭეშმარიტი მიმდევარი რომ გამხდარიყო (მათე 4:19, 20; 19:27).
დასასრულ, იესო სამეფოს ზღვაში მოსროლილ ბადეს ადარებს, რომელშიც ყველანაირი თევზი ხვდება (მათე 13:47). გადარჩევისას კარგ თევზს ჭურჭელში აგროვებენ, ცუდს კი ყრიან. როგორც იესო ამბობს, ასე იქნება ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც, როცა ანგელოზები ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ.
იესო თავადაც ეწეოდა სულიერი გაგებით თევზჭერას მაშინ, როცა თავის პირველ მოწაფეებს მოუწოდა, „ადამიანთა მებადურები“ გამხდარიყვნენ (მარკოზი 1:17). მაგრამ მის მიერ მოყვანილი მაგალითი ბადეზე იმ მოვლენებს ასახავს, რომელიც „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს უნდა განვითარდეს (მათე 13:49). მოციქულები და სხვა მოწაფეები, რომლებიც იესოს უსმენენ, ალბათ, ხვდებიან, რომ ჯერ კიდევ არ დამდგარა ის დრო, როცა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს.
მოწაფეებისთვის, ვინც იესოს მიერ მოყვანილ მაგალითებს მაშინ ისმენს, როცა ის ნავიდან ქადაგებს, მეტ რამეს ეფინება ნათელი, რადგან იესო ყველაფერს ცალკე უხსნის მათ (მარკოზი 4:34). იესო ნამდვილად „ჰგავს სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საგანძურიდან გამოაქვს ახალი და ძველი“ (მათე 13:52). იესოს ეს მაგალითები იმისთვის არ მოჰყავს, რომ საკუთარი სწავლების უნარით გამოიჩინოს თავი. სინამდვილეში მას სურს, თავის მოწაფეებს ჭეშმარიტება გაუზიაროს, რომელიც ძვირფასი განძის მსგავსია. მართლაც, იესოს სრულიად სამართლიანად შეიძლება ეწოდოს შეუდარებელი მოძღვარი!