უსმინეთ და ჩასწვდით მნიშვნელობას
„ყველამ მისმინეთ და ჩასწვდით მნიშვნელობას“ (მარ. 7:14).
1, 2. რატომ ვერ სწვდებოდა ბევრი იესოს ნათქვამის მნიშვნელობას?
როდესაც ვიღაც გვესაუბრება, ჩვენ გვესმის მისი ხმა. შესაძლოა იმასაც ვხვდებით, თუ რა ტონით გვეუბნება სათქმელს. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავიგეთ მისი ნათქვამი, თუ ვერ ჩავწვდით მოსაუბრის მიერ წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობას? (1 კორ. 14:9). იესოს დედამიწაზე ყოფნისას მის სიტყვებს ათასობით ადამიანი ისმენდა თავის მშობლიურ ენაზე, თუმცა ყველა როდი სწვდებოდა მისი სიტყვების მნიშვნელობას. ამიტომაც უთხრა იესომ თავის მსმენელებს: „ყველამ მისმინეთ და ჩასწვდით მნიშვნელობას“ (მარ. 7:14).
2 საინტერესოა, რატომ ვერ სწვდებოდა ბევრი იესოს სიტყვების მნიშვნელობას? იმიტომ, რომ ზოგს წინასწარშექმნილი შეხედულებები და არასწორი მოტივები ჰქონდა. იესომ მათ მიმართა: „თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას, რათა თქვენივე ადათ-წესები დაიცვათ“ (მარ. 7:9). ეს ადამიანები არ ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს ნათქვამს. მათ არ სურდათ თავიანთი ცხოვრებისა და შეხედულებების შეცვლა. იესოს სიტყვებს ეს ხალხი ყურით კი ისმენდა, მაგრამ მათი გულის კარი დახშული იყო ჭეშმარიტების მისაღებად (წაიკითხეთ მათეს 13:13—15). აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი გული ყოველთვის მზად იყოს იესოს სიტყვების მისაღებად?
რა შემთხვევაში მოემსახურება იესოს სწავლებები ჩვენს კეთილდღეობას?
3. რა ეხმარებოდათ მოწაფეებს იესოს ნათქვამის გაგებაში?
3 ჩვენ იესოს თავმდაბალი მოწაფეების მაგალითს უნდა მივყვეთ. ერთხელ იესომ მათ უთხრა: „თქვენ კი ბედნიერები ხართ, რომ თვალებით ხედავთ და ყურებით გესმით“ (მათ. 13:16). როგორც ზემოთ დავინახეთ, ბევრი ვერ სწვდებოდა იესოს ნათქვამის მნიშვნელობას. ამიტომ ისმის კითხვა: მოწაფეებს რა ეხმარებოდათ იესოს ნათქვამის გაგებაში? პირველი: მოწაფეები კითხვებს სვამდნენ და მთელი გულით ცდილობდნენ იესოს სიტყვების მნიშვნელობის გაგებას (მათ. 13:36; მარ. 7:17). მეორე: ისინი ცოდნის მიღებას არ წყვეტდნენ; ერთ დროს მიღებულ ცოდნას, რომელიც მათ გულს ჩასწვდა, კვლავ და კვლავ იმდიდრებდნენ (წაიკითხეთ მათეს 13:11, 12). მესამე: ისინი მხოლოდ თავიანთ საკეთილდღეოდ კი არ იყენებდნენ იმას, რაც მოისმინეს და გაიგეს, არამედ სხვების დასახმარებლადაც (მათ. 13:51, 52).
4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავწვდეთ იესოს იგავების მნიშვნელობას?
4 თუ გვსურს, რომ ჩავწვდეთ იესოს იგავების მნიშვნელობას, მის ერთგულ მოციქულებს უნდა მივბაძოთ. ამისთვის ჩვენც სამი რამ მოგვეთხოვება. პირველი: დრო უნდა გამოვუყოთ იესოს სიტყვების შესწავლასა და მათზე ფიქრს, მასალის კვლევასა და შესაფერისი კითხვების დასმას. სწორედ ეს შეგვძენს ცოდნას (იგავ. 2:4, 5). მეორე: უნდა დავინახოთ, რა კავშირია ახალშეძენილ ცოდნასა და ადრე ნასწავლს შორის და რა მხრივ ემსახურება ეს ყოველივე ჩვენს კეთილდღეობას. ამგვარად შევიძენთ გაგების უნარს (იგავ. 2:2, 3). მესამე: ცხოვრებაში ნასწავლით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამგვარად გამოვავლენთ სიბრძნეს (იგავ. 2:6, 7).
5. თვალსაჩინო მაგალითის დახმარებით ახსენით, რა სხვაობაა ცოდნას, გაგების უნარსა და სიბრძნეს შორის.
5 რა სხვაობაა ცოდნას, გაგების უნარსა და სიბრძნეს შორის? თვალსაჩინოებისთვის მოდი, მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, გზაზე დგახართ და ხედავთ, რომ ავტობუსი დიდი სიჩქარით თქვენკენ მოემართება. უპირველესად: თქვენ აცნობიერებთ, რომ ის, რაც გიახლოვდებათ, ავტობუსია — ეს არის ცოდნა. მეორე: ხვდებით, რომ თუ გზიდან არ გადახვალთ, ავტობუსი დაგეჯახებათ — ეს გაგების უნარია. და მესამე: თქვენ დაუყოვნებლივ გადადიხართ გზიდან — ეს კი სიბრძნეა. ამრიგად, გასაკვირი არაა, თუ რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, შევინარჩუნოთ სიბრძნე. ამას ჩვენთვის სიცოცხლე მოაქვს (იგავ. 3:21, 22; 1 ტიმ. 4:16).
6. რომელ ოთხ კითხვაზე ვიმსჯელებთ იესოს შვიდი იგავის განხილვისას? (იხილეთ ჩარჩო მე-8 გვერდზე)
6 ამ და მომდევნო სტატიებში იესოს შვიდ იგავს გავარჩევთ. იგავების განხილვისას პარალელურად ვიმსჯელებთ კითხვებზე: რა მნიშვნელობა აქვს ამ იგავს? (შეგვძენს ცოდნას), რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? (შეგვძენს გაგების უნარს), როგორ შეგვიძლია იგავში მოცემული ინფორმაცია ჩვენს საკეთილდღეოდაც გამოვიყენოთ და სხვების დასახმარებლადაც? (შეგვძენს სიბრძნეს). დაბოლოს, რას ვსწავლობთ ამ იგავიდან იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ?
მდოგვის მარცვალი
7. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს მდოგვის მარცვალზე?
7 წაიკითხეთ მათეს 13:31, 32. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავს მდოგვის მარცვალზე? მდოგვის მარცვალი განასახიერებს სამეფოს შესახებ ცნობას და ქრისტიანულ კრებას, რომელიც ამ ცნობის გავრცელების შედეგად ყალიბდება. მდოგვის მარცვლის მსგავსად, რომელიც „თესლებიდან ყველაზე პატარაა“, ქრისტიანული კრებაც თავიდან, ახ. წ. 33 წელს, ძალიან პატარა იყო. თუმცა რამდენიმე ათწლეულში კრება საოცრად გაიზარდა. ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (კოლ. 1:23). ამის წყალობით, იესოს სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „ცის ფრინველებმა“ პატარა მდოგვის მარცვლიდან გაზრდილი ხის ტოტებში დაიბუდეს. ფრინველები გადატანითი მნიშვნელობით სუფთა გულის ადამიანები არიან, რომლებიც ქრისტიანული კრების ჩრდილქვეშ პოულობენ სულიერ საზრდოსა და თავშესაფარს (შეადარეთ ეზეკიელის 17:23).
8. რატომ მოიყვანა იესომ იგავი მდოგვის მარცვალზე?
8 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? იესომ მდოგვის მარცვლის მაგალითზე დაგვანახვა, რომ ღვთის სამეფო გააფართოებდა თავისი მმართველობის არეალს, დაიცავდა თავის ქვეშევრდომებს და გადალახავდა ნებისმიერ წინააღმდეგობას. 1914 წლიდან მოყოლებული ღვთის ორგანიზაციის ხილული ნაწილის ზრდამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია (ეს. 60:22). ამ ორგანიზაციაში მყოფნი სულიერად დაცულნი არიან, რითაც დიდად ხარობენ (იგავ. 2:7; ეს. 32:1, 2). ამასთანავე, სამეფოს საქმე წინ მიდის და ჩვენ ვხედავთ, რომ მას ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ აჩერებს (ეს. 54:17).
9. ა) რას ვსწავლობთ იგავიდან მდოგვის მარცვალზე? ბ) რას გვასწავლის ეს იგავი იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ?
9 რას ვსწავლობთ იგავიდან მდოგვის მარცვალზე? შესაძლოა ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, სადაც არც ისე ბევრი იეჰოვას მოწმეა ან ძალიან ნელა იზრდება სამეფოს მქადაგებელთა რიცხვი. თუმცა, თუ გვემახსოვრება, რომ სამეფოსთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, ეს ძალას შეგვმატებს, რომ კვლავაც ბევრი ვიღვაწოთ. მაგალითად, როდესაც ედვინ სკინერი 1926 წელს ინდოეთში ჩავიდა, ქვეყანაში თითო-ოროლა იეჰოვას მოწმე იყო. თავიდან ქადაგებას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც ამ ტერიტორიაზე ქადაგება არც ისე იოლი იყო. მაგრამ ედვინს ქადაგება არ შეუწყვეტია; მან საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გაარღვია სამეფოს ცნობამ ყველა დამაბრკოლებელი ზღუდე. ამჟამად ინდოეთში 37 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა; 2013 წელს გახსენების საღამოს 108 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მოდი, კიდევ ერთი მაგალითი მიმოვიხილოთ და ვნახოთ, რამხელა მასშტაბებს მიაღწია სამქადაგებლო საქმემ. იმ წელს, როცა სკინერი ინდოეთში ჩავიდა, ზამბიაში მოწმეებს ახალი დაწყებული ჰქონდათ ქადაგება. დღეს იქ სასიხარულო ცნობას 170 000 მაუწყებელი ქადაგებს, ხოლო 2013 წელს გახსენების საღამოზე 763 915 ადამიანი იმყოფებოდა. ეს სტატისტიკა იმაზე მოწმობს, რომ გახსენების საღამოს ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მე-18 ადამიანი დაესწრო. მართლაც, გასაოცარი ზრდაა!
საფუარი
10. რას ვსწავლობთ იგავიდან საფუარზე?
10 წაიკითხეთ მათეს 13:33. რას ვსწავლობთ იგავიდან საფუარზე? ეს იგავიც სამეფოს შესახებ ცნობასა და მის მიერ გამოღებულ ნაყოფზე საუბრობს. ცომი დედამიწაზე მცხოვრები ერების სიმბოლოა, ხოლო გაფუების პროცესი სასიხარულო ცნობის გავრცელებაზე მიუთითებს. თუკი წინა იგავში მდოგვის მარცვლის ზრდა თვალში საცემი იყო, ახლა საქმე სხვაგვარადაა — იმის დანახვა, თუ როგორ იწყებს ცომი გაფუებას, შეუძლებელია. ეს ცხადი მხოლოდ დროის რაღაც მონაკვეთის გასვლის შემდეგ ხდება.
11. რატომ მოიყვანა იესომ იგავი საფუარზე?
11 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავი? ამ იგავით იესომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძირეულ გარდატეხას მოახდენდა და ფართო მასშტაბებს მიაღწევდა — „დედამიწის კიდით კიდემდე“ გავრცელდებოდა (საქ. 1:8). მართალია, საწყის ეტაპზე იმის შემჩნევა, თუ როგორ ცვლის ეს ცნობა ადამიანებს და რა მასშტაბებს აღწევს ის, შეუძლებელია, მაგრამ ცვლილებები ხდება და ამაზე არა მარტო სტატისტიკა, არამედ უამრავი ადამიანის შეცვლილი ცხოვრების ნირიც მოწმობს (რომ. 12:2; ეფეს. 4:22, 23).
12, 13. მოიყვანეთ მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ სასიხარულო ცნობა სწორედ ისე გავრცელდა, როგორც ამას იესოს მიერ საფუარზე მოყვანილი იგავიდან ვიგებთ.
12 ხშირად სამქადაგებლო საქმის შედეგი წლების გასვლის შემდეგ ხდება ცხადი. მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ფრენცი და მარგიტი ერთ-ერთ ფილიალში მსახურობენ. 1982 წელს, როცა ისინი ბრაზილიის ფილიალში მსახურობდნენ, ერთ პატარა, პროვინციულ ქალაქში ქადაგებდნენ ხოლმე. მათ იქ არაერთი ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ. ამ შემსწავლელთა შორის იყო ერთი ოჯახი — დედა და ოთხი შვილი, ქალიშვილი და ვაჟები. უფროსი ბიჭი იმ დროს 12 წლის გახლდათ; იგი ძალიან მორცხვი იყო და შესწავლის დაწყებამდე მათ ემალებოდა. მალე წყვილმა ახალი დავალება მიიღო, რის გამოც მათ ვეღარ შეძლეს ამ ოჯახთან შესწავლის გაგრძელება. გავიდა 25 წელი და ფრენცსა და მარგიტს კვლავ მოუხდათ ამ ქალაქში ჩასვლა. საინტერესოა, რა სურათი დახვდათ იქ. ქალაქში უკვე ახალაშენებული სამეფო დარბაზი იყო, სადაც ერთი კრება იკრიბებოდა, რომელშიც 69 მაუწყებელი და 13 პიონერი იყო. ნეტავ, ის პატარა მორცხვი ბიჭი სადღა იყო? იგი ახლა უკვე კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორად მსახურობდა. ფრენცმა და მარგიტმა საკუთარი თვალით იხილეს, თუ რა საოცრად შესრულდა იესოს იგავი საფუარზე — ქალაქში მრავალს გაეგო სამეფოს ცნობა და მათი ცხოვრება ძირეულად შეცვლილიყო!
13 სამეფოს შესახებ ცნობას რომ მართლაც დიდი ძალა აქვს და ადამიანთა ცხოვრებას ცვლის, იმ ქვეყნების მაგალითზეც ვხედავთ, სადაც სამქადაგებლო საქმე შეზღუდულია. ზუსტად შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენს ექადაგა სასიხარულო ცნობა ამ ქვეყნებში, მაგრამ არსებული სტატისტიკა მართლაც გვაოცებს! მოდი, ვისაუბროთ კუბაზე. სასიხარულო ცნობამ კუბამდე 1910 წელს მიაღწია. 1913 წელს კი თავად ძმა რასელი ესტუმრა კუბას. თავდაპირველად, კუნძულზე ქადაგების საქმე კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ. მაგრამ დღეს რა მდგომარეობაა ქვეყანაში? იქ სამეფოს 96 000-ზე მეტი მაუწყებელია; 2013 წელს გახსენების საღამოს კი ყოველი 48-ე კუბელი, ჯამში 229 726 ადამიანი, დაესწრო. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სასიხარულო ცნობის ქადაგება არაა შეზღუდული, შესაძლოა ამ ცნობამ ისეთ ადგილებამდეც კი მიაღწია, სადაც ქვეყანაში მცხოვრები მოწმეების აზრით, თითქმის არავის უქადაგიაa (ეკლ. 8:7; 11:5).
14, 15. ა) როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იესოს იგავი საფუარზე? ბ) რას ვსწავლობთ ამ იგავიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
14 როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას იესოს იგავი საფუარზე? როდესაც იესოს იგავის მნიშვნელობას ვუფიქრდებით, ვხვდებით, რომ გადამეტებულად არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიაღწევს სამეფოს ცნობა მილიონობით ადამიანის ყურამდე, რომელთაც ჯერ არ მოუსმენიათ ის. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ამ კითხვაზე პასუხს ბიბლია გვცემს: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6). ამასთანავე, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვილოცოთ სამქადაგებლო საქმის წარმატებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ქადაგება კანონით იზღუდება (ეფეს. 6:18—20).
15 გარდა ამისა, გული არ უნდა გაგვიტყდეს, თუ ჩვენს მსახურებას სწრაფადვე არ მოაქვს შედეგი. უმნიშვნელოდ არ უნდა ჩავთვალოთ „მცირე წამოწყების დღე“ (ზაქ. 4:10). ერთ მშვენიერ დღეს სამქადაგებლო საქმემ შესაძლოა გასაოცარი და წარმოუდგენელი ნაყოფი გამოიღოს (ფსალმ. 40:5; ზაქ. 4:7).
დიდვაჭარი და დამალული განძი
16. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავებს დიდვაჭარსა და დამალულ განძზე?
16 წაიკითხეთ მათეს 13:44—46. რა მნიშვნელობა აქვს იესოს იგავებს დიდვაჭარსა და დამალულ განძზე? იესოს დღეებში ზოგი ვაჭარი კარგი მარგალიტების შესაძენად ძალიან შორ გზას გადიოდა, ისინი ინდოეთის ოკეანის სანაპირომდეც კი აღწევდნენ. იესოს იგავში მოხსენიებული ვაჭარი განასახიერებს სუფთა გულის ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად „დიდ მანძილს გადიან“. „ძვირფასი მარგალიტი“, სამეფოს ცნობა, ფასდაუდებელი ჭეშმარიტებაა. როდესაც ვაჭარმა დაინახა, რომ მარგალიტი ძვირფასი იყო, მან მის შესაძენად მაშინვე გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა. იესომ კიდევ ერთი იგავი მოიყვანა კაცზე, რომელმაც მინდორში მუშაობის დროს დამალული განძი იპოვა. ეს კაცი ვაჭრისგან განსხვავებით განძს არ ეძებდა. მაგრამ ვაჭრის მსგავსად, მანაც განძის შესაძენად „ყველაფერი“ გაყიდა.
17. რატომ მოიყვანა იესომ იგავები დიდვაჭარსა და დამალულ განძზე?
17 რატომ მოიყვანა იესომ ეს იგავები? იესომ ამ იგავების მეშვეობით დაგვანახვა, რომ ადამიანები ჭეშმარიტებამდე „სხვადასხვა გზით“ მიდიან. ზოგი ჭეშმარიტებას ეძებს და მის მოსაპოვებლად საკმაოდ „შორ მანძილსაც“ გადის. ზოგი კი ჭეშმარიტებას არც ეძებს; ისინი შესაძლოა ჭეშმარიტებას მაშინ პოულობენ, როცა იეჰოვას მოწმეები უქადაგებენ. თუმცა ზემოთ განხილულ იგავებში ორივე მამაკაცმა ნაპოვნი განძი დააფასა და მის შესაძენად ყველაფერი გაიღო.
18. ა) როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას ეს იგავები? ბ) რას ვსწავლობთ ამ იგავებიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ?
18 როგორ მოემსახურება ჩვენს კეთილდღეობას ეს იგავები? (მათ. 6:19—21). დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: მეც ისეთივე განწყობა მაქვს, როგორიც იგავებში მოხსენიებულ მამაკაცებს ჰქონდათ? ჩემთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტება? ვარ მეც მზად, რომ ჭეშმარიტების გულისთვის მსხვერპლი გავიღო, თუ პირიქით, სხვა საქმეებს, მაგალითად, ყოველდღიურ საზრუნავს, ვარ გადაყოლილი? (მათ. 6:22—24, 33; ლუკ. 5:27, 28; ფილ. 3:8). თუ მთელი გულით მივიღებთ ჭეშმარიტებას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავოს.
19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 მოდი, ყველანაირად ცხადვყოთ, რომ მოვისმინეთ სამეფოსთან დაკავშირებული იგავები და ჩავწვდით მათ მნიშვნელობას. ჩვენ ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურად ვიღებთ ამ იგავებში მოცემულ გაკვეთილებს და მხოლოდ მათი მნიშვნელობის ცოდნით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო სტატიაში კიდევ სამ იგავს მიმოვიხილავთ და ვნახავთ, რის სწავლა შეგვიძლია ამ იგავებიდან.
a მსგავსი შემთხვევები მოხდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: არგენტინა („2001 წლის წელიწდეული“, გვერდი 185 [რუს.]), აღმოსავლეთ გერმანია („1999 წლის წელიწდეული“, გვერდი 83 [რუს.]), პაპუა-ახალი გვინეა („2005 წლის წელიწდეული“, გვერდი 63 [რუს.]) და რობინზონ-კრუზოს კუნძული (2000 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 9).