„მართალნი მზესავით გაანათებენ“
„იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით გაანათებენ“ (მათ. 13:43).
1. სამეფოსთან დაკავშირებული რა დეტალები ახსნა იესომ მაგალითებით?
იესო ქრისტე მრავალ მაგალითსა და იგავს იყენებდა ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული დეტალების ასახსნელად. ის სათქმელს „მაგალითებით ეუბნებოდა ხალხს, მაგალითის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ“ (მათ. 13:34). იგავში, რომელიც ჭეშმარიტების მარცვლის თესვაზე მოიყვანა, იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ადამიანის გულზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის ჭეშმარიტებას. მან ისიც ახსნა, თუ რა როლს ასრულებს იეჰოვა ჭეშმარიტების მარცვლის ზრდაში (მარ. 4:3—9, 26—29). კიდევ ერთი მაგალითით იესომ დაგვანახვა, თუ როგორ გაიზრდებოდა მათი რიცხვი, ვინც გამოეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას, თუმცა ეს ზრდა ყოველთვის თვალშისაცემი არ იქნებოდა (მათ. 13:31—33). მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც გამოეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, ვერ გამოდგებოდა ამ სამეფოსთვის (მათ. 13:47—50).a
2. რა იგულისხმება კარგ თესლში იესოს მაგალითში ხორბალსა და სარეველაზე?
2 იესომ მოიყვანა კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ეხება მათ შეკრებას, ვინც მასთან ერთად უნდა იმეფოს ზეციერ სამეფოში. ზოგჯერ ამ მაგალითს უწოდებენ მაგალითს ხორბალსა და სარეველაზე, რომელიც ჩაწერილია მათეს მე-13 თავში. მთესველზე მოყვანილ მაგალითში თესლით წარმოდგენილი იყო „სიტყვა სამეფოს შესახებ“, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგ თესლში „სამეფოს ძეები“ იგულისხმებიან (მათ. 13:19, 38). ისინი ამ სამეფოს ქვეშევრდომები კი არა, მისი „ძეები“ ანუ მემკვიდრეები არიან (რომ. 8:14—17; წაიკითხეთ გალატელების 4:6, 7).
მაგალითი ხორბალსა და სარეველაზე
3. რა სირთულე შეექმნა მთესველს და როგორ გაართვა მას თავი?
3 აი, რა მაგალითი მოიყვანა იესომ: «ზეციერი სამეფო ჰგავს კაცს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში სარეველა ჩათესა და წავიდა. როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, სარეველამაც იჩინა თავი. მივიდნენ მონები სახლის პატრონთან და ჰკითხეს: „ბატონო, განა კარგი თესლი არ დათესე შენს მინდორში? სარეველა საიდან გაჩნდა?“ მან მიუგო: „ეს მტერმა გააკეთა“. „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“ — ჰკითხეს მათ. მან უთხრა: „არა, რადგან გამარგვლისას სარეველასთან ერთად შემთხვევით ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. მკამდე ერთად იზარდონ. მკის დროს კი მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან დასაწვავად და მერე მოაგროვონ ხორბალი ჩემს ბეღელში“» (მათ. 13:24—30).
4. ა) ვინ არის მაგალითში მოყვანილი კაცი? ბ) როდის და როგორ დაიწყო იესომ თესლის თესვა?
4 ვინ არის კაცი, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის მინდორში? იესო თავად გვცემს ამ კითხვაზე პასუხს: „კარგი თესლის მთესველი კაცის ძეა“ (მათ. 13:37). „კაცის ძემ“, იესომ დედამიწაზე სამ-ნახევარი წელიწადი იმსახურა და თესლის დასათესად მოამზადა მინდორი (მათ. 8:20; 25:31; 26:64). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული ის კარგ თესლს, „სამეფოს ძეებს“ თესავს. თესვა, როგორც ჩანს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იესომ, როგორც იეჰოვას წარმომადგენელმა, წმინდა სული გადმოაფრქვია თავის მოწაფეებს და ღვთის ძეებად სცხო ისინიb (საქ. 2:33). კარგი თესლისგან ხორბალი აღმოცენდა. აქედან გამომდინარე, კარგი თესლი იმ მიზნით დაითესა, რომ მთლიანად შეიკრიბონ ისინი, ვინც იესოსთან ერთად დაიმკვიდრებენ ზეციერ სამეფოს და მასთან ერთად იმმართველებენ.
5. ვინ არის მტერი და რას წარმოადგენს სარეველა?
5 ვინ არის მტერი და რა არის სარეველა? როგორც იესომ თქვა, მტერი ეშმაკია, სარეველა კი — „ბოროტის ძეები“ (მათ. 13:25, 38, 39). როგორც ჩანს, იესო სარეველაში ღვარძლს გულისხმობდა. მომწიფებამდე ეს შხამიანი სარეველა ძალიან ჰგავს ხორბალს. ეს სიტყვა ნამდვილად კარგად აღწერს ვაი-ქრისტიანებს, რომლებსაც თავი სამეფოს ძეებად მოაქვთ, მაგრამ შესაფერისი ნაყოფი არ გამოაქვთ. ეს თვალთმაქცი ქრისტიანები, რომლებსაც ქრისტეს მიმდევრობაზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში სატანა ეშმაკის „შთამომავლები“ არიან (დაბ. 3:15).
6. როდის ამოჰყო თავი სარეველამ და როგორ მიიძინა მრავალმა?
6 როდის გამოჩნდნენ სარეველასთან შედარებული ქრისტიანები? „როცა ხალხს ეძინა“, — თქვა იესომ (მათ. 13:25). როდის მოხდა ეს? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომლებიც მან ეფესოელ უხუცესებს მისწერა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). პავლემ უხუცესები გააფრთხილა, რომ სულიერად ეფხიზლათ. მას შემდეგ, რაც განდგომილების შემკავებელმა მოციქულებმა სიკვდილის ძილით მიიძინეს, მრავალმა ქრისტიანმა სულიერად დაიძინა (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 6—8). ამას მოჰყვა დიდი განდგომილება.
7. გადაიქცა ხორბალი სარეველად? ახსენით.
7 იესოს არ უთქვამს, რომ ხორბალი სარეველად გადაიქცეოდა. მან თქვა, რომ სარეველა ხორბალს შორის ჩაითესებოდა. ამ მაგალითით იესოს ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენისგან განდგომა კი არ აღუწერია, არამედ ის, რომ სატანის მცდელობით ქრისტიანულ კრებაში შემოიპარებოდნენ ბოროტი ადამიანები და გახრწნიდნენ კრებას. უკანასკნელი მოციქული იოანე უკვე ღრმად მოხუცებული იყო, როცა განდგომილებამ აშკარად იჩინა თავი (2 პეტ. 2:1—3; 1 იოან. 2:18).
„მკამდე ერთად იზარდონ“
8, 9. ა) რატომ იქნებოდა იესოს მსმენელებისთვის გასაგები მონებისთვის მიცემული ბატონის მითითება? ბ) როგორ იზრდებოდა ხორბალი და სარეველა ერთად?
8 მონებმა შეატყობინეს ბატონს, რა მოხდა და ჰკითხეს: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ [სარეველას]?“ (მათ. 13:27, 28). შეიძლება გაგაკვირვოთ ბატონის პასუხმა. მან მონებს უბრძანა, მკამდე ხელი არ ეხლოთ სარეველასთვის. იესოს მოწაფეები მაშინვე მიხვდებოდნენ ამ ბრძანების მნიშვნელობას. მათ იცოდნენ, რამდენად რთულია ხორბლის ღვარძლისგან გარჩევა. ვინც ერკვევა სოფლის მეურნეობაში, იცის, რომ ღვარძლის ფესვები იხლართება ხორბლის ფესვებში.c ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უბრძანა ბატონმა მონებს, რომ მკამდე მოეცადათ.
9 აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყაროს მრავალი მიმდინარეობის, თავდაპირველად რომის კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების, მოგვიანებით კი პროტესტანტული განშტოებების სახით, სარეველას არნახული მოსავალი მოვიდა. პარალელურად მთელ მსოფლიოში კარგი თესლიც ითესებოდა. იესოს მაგალითში ბატონი მოთმინებით ელოდება ზრდის ხანგრძლივ პროცესს, ვიდრე არ დადგება გაცილებით ხანმოკლე მკა.
ნანატრი მკა
10, 11. ა) როდის დადგა მკის დრო? ბ) როგორ გროვდება სიმბოლური ხორბალი იეჰოვას ბეღელში?
10 იესომ თქვა, რომ მკა „ქვეყნიერების წყობის აღსასრული[ა], მომკელები კი ანგელოზები არიან“ (მათ. 13:39). ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში სამეფოს ძეების შეკრება და „სარეველასგან“ მათი გამოცალკევება ხდება. ამასთან დაკავშირებით მოციქული პეტრე წერდა: „მოვიდა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან. თუ ის ჯერ ჩვენგან დაიწყება, როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?“ (1 პეტ. 4:17).
11 ბოლო დღეების, ანუ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დაწყებიდან მალევე მათი გასამართლება დაიწყო, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანს უწოდებდა, იმის გასარკვევად, ნამდვილად „სამეფოს ძეები“ იყვნენ თუ „ბოროტის ძეები“. მკის დასაწყისში „ჯერ“ დიდი ბაბილონი დაეცა, „მერე“ კი „სამეფოს ძეები“ შეგროვდნენ (მათ. 13:30). მაგრამ როგორ გროვდება დღეს ეს სიმბოლური ხორბალი იეჰოვას ბეღელში? მომკილი ხორბლის ნაწილი ქრისტიანულ კრებაშია, სადაც ისინი გრძნობენ ღვთის კეთილგანწყობასა და მზრუნველობას, ნაწილმა კი უკვე მიიღო ზეციერი ჯილდო.
12. რამდენ ხანს გაგრძელდება მკა?
12 რამდენ ხანს გაგრძელდება გასამართლება? იესომ მოიხსენია „მკის დრო“, რაც გარკვეული პერიოდი უნდა გაგრძელდეს (გამოცხ. 14:15, 16). ცალკეული ცხებულების გასამართლება უკანასკნელი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და მანამდე გასტანს, ვიდრე ცხებულებს საბოლოოდ არ დაესმებათ ბეჭედი (გამოცხ. 7:1—4).
13. რა გაგებით არის „სარეველა“ დამაბრკოლებელი და უკანონობის ჩამდენი?
13 ვის მოაგროვებენ სამეფოდან და რა გაგებით არიან ისინი დამაბრკოლებლები და უკანონობის ჩამდენები? (მათ. 13:41). სარეველასთან შედარებულ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას საუკუნეების მანძილზე შეცდომაში შეჰყავდა მილიონობით ადამიანი. ამას ისინი ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებებით, „ყოველივე დამაბრკოლებლით“ ახერხებდნენ. მაგალითად, ჯოჯოხეთის ცეცხლში საუკუნო ტანჯვისა და სამების დამაბნეველი და ჩაუწვდომელი დოგმატის მეშვეობით. ბევრი რელიგიური წინამძღოლი ცუდ მაგალითს აძლევს თავის სამწყსოს, რადგან ისინი არც ქვეყნიერებასთან მეგობრობას ერიდებიან და ზოგ შემთხვევაში არც აღვირახსნილობას (იაკ. 4:4). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყარო სულ უფრო მეტი შემწყნარებლობით ეკიდება მრევლის ამორალურ ქცევას (წაიკითხეთ იუდას 4 ). ამ ყველაფრის მიუხედავად, რელიგიურ წინამძღოლებს თავი ღვთისმოსავებად მოაქვთ. როგორ ახარებთ „სამეფოს ძეებს“, რომ გამოყოფილნი არიან „სარეველასგან“ და არაფერი აქვთ საერთო დამაბრკოლებელ და დამახინჯებულ სწავლებებთან.
14. რა გაგებით ტირიან და აღრჭენენ კბილებს სარეველასთან შედარებულები?
14 რა გაგებით ტირიან და აღრჭენენ კბილებს სარეველასთან შედარებულები? (მათ. 13:42). „ბოროტების ძეები“ იტანჯებიან, რადგან „სამეფოს ძეებმა“ გამოააშკარავეს, რომ ისინი სულიერად წამლავენ ხალხს. ისინი იმის გამოც ტირიან, რომ მრევლი ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ და ძალაუფლებას კარგავენ მასზე (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14).
15. რა გაგებით დაიწვებიან სარეველასთან შედარებულები ცეცხლში?
15 რა გაგებით აგროვებენ სარეველას და წვავენ ცეცხლში? (მათ. 13:40). ეს სიტყვები წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა აღსასრული ელის სარეველას. მათ, ასე ვთქვათ, გავარვარებულ ღუმელში ყრიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხ. 20:14; 21:8). სარეველას მსგავსი თვითმარქვია ქრისტიანები „დიდი გასაჭირის“ დროს ამოიძირკვებიან (მათ. 24:21).
ისინი „მზესავით გაანათებენ“
16, 17. რა იწინასწარმეტყველა მალაქიამ ღვთის ტაძარზე და როგორ დაიწყო ამ წინასწარმეტყველების შესრულება?
16 როდის გაანათებენ მზესავით ხორბალთან შედარებულები? (მათ. 13:43). ღვთის ტაძრის განწმენდის შესახებ მალაქიამ იწინასწარმეტყველა: «„უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. აი, უეჭველად მოვა ის“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. „ვინ გადაიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოჩენას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივით და მრეცხავთა ნაცარტუტივით იქნება ის. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივითა და გამწმენდელივით და განწმენდს ლევის ძეებს; ოქრო-ვერცხლივით გაწმენდს მათ და იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს“» (მალ. 3:1—3).
17 ჩვენს დროში ამ წინასწარმეტყველების შესრულება, როგორც ჩანს, 1918 წლიდან დაიწყო, როცა იეჰოვა, „შეთანხმების მაცნესთან“, იესო ქრისტესთან ერთად მოვიდა სულიერი ტაძრის შესამოწმებლად. მალაქია იმასაც გვეუბნება, რა უნდა მომხდარიყო ტაძრის განწმენდის შემდეგ: „კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). ჭეშმარიტი ქრისტიანების გამოცოცხლება და მსახურების ახალი ძალებით დაწყება მკის დაწყებაზე მიუთითებდა.
18. დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად, რა უნდა მომხდარიყო ჩვენს დროში?
18 წინასწარმეტყველმა დანიელმა ჩვენს დღეებზე იწინასწარმეტყველა: „სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი, მრავალი ადამიანის სიმართლემდე მიმყვანნი მარადიულად, სამარადისოდ გაანათებენ ვარსკვლავებივით“ (დან. 12:3). ვინ არიან ეს მანათობლები? ცხებული ქრისტიანები ანუ იესოს მაგალითში მოყვანილი ხორბალი. ცხვრისმაგვარი უამრავი ხალხი, რომელთა რიცხვიც სულ უფრო იზრდება, აშკარად ხედავს, როგორ მიმდინარეობს სარეველასთან შედარებული თვითმარქვია ქრისტიანების მოგროვება. უამრავი ხალხი ფეხდაფეხ მიჰყვება სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს. ამგვარად ზეციერი სამეფოს ეს მომავალი ქვეშევრდომებიც ანათებენ ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში (ზაქ. 8:23; მათ. 5:14—16; ფილ. 2:15).
19, 20. რას ელიან მოუთმენლად „სამეფოს ძეები“ და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 „სამეფოს ძეები“ მოუთმენლად ელიან დიდებულ ზეციერ ჯილდოს (რომ. 8:18, 19; 1 კორ. 15:53; ფილ. 1:21—24). მაგრამ ჯილდოს მიღებამდე ისინი ღვთის ერთგულები უნდა დარჩნენ, კვლავაც ანათონ და არაფრით დაემსგავსონ „ბოროტის ძეებს“ (მათ. 13:38; გამოცხ. 2:10). უნდა გვიხაროდეს, რომ შეგვიძლია, ჩვენი თვალით დავინახოთ, როგორ გროვდება სიმბოლური სარეველა დღეს.
20 მაგრამ რა გაგებით არიან „სამეფოს ძეები“ და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მოიმედე უამრავი ხალხი ერთ ფარაში? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიოები]
a ეს მაგალითები დაწვრილებით არის განხილული 2008 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 12—21.
b ამ მაგალითში თესვაში არ იგულისხმება ქადაგება და მოწაფეების მომზადება, რის შედეგადაც გამოჩნდებოდნენ სხვა ცხებულებიც. მინდორში დათესილ კარგ თესლზე იესომ თქვა, რომ ისინი „სამეფოს ძეები არიან“. მას არ უთქვამს, რომ ისინი გახდებოდნენ სამეფოს ძეები. თესვაში იგულისხმება მთელ მსოფლიოში სამეფოს ძეების ცხება.
c ღვარძლის ფესვები ისე მჭიდროდ იხლართება ხორბლის ფესვებში, რომ თუ მას მკამდე ამოძირკვავენ, შეიძლება ბევრი ხორბალიც ამოჰყვეს თან (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი I, გვერდი 1178 [ინგლ.]).
გახსოვთ თუ არა?
ხორბალსა და სარეველაზე მოყვანილ იესოს მაგალითში რას განასახიერებს . . .
• . . .კარგი თესლი?
• . . .მთესველი?
• . . .თესლის თესვა?
• . . .მტერი?
• . . .სარეველა?
• . . .მკის დრო?
• . . .ბეღელი?
• . . .ტირილი და კბილთა ღრჭენა?
• . . .გავარვარებული ღუმელი?
[სურათები 20 გვერდზე]
ახ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე კარგი თესლის თესვა დაიწყო
[სურათი 23 გვერდზე]
სიმბოლური ხორბალი დღეს იეჰოვას ბეღელში გროვდება
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est