ღმერთის სამეფო — სწვდები თუ არა მის მნიშვნელობას გონებით?
„ხოლო, პოხიერ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება“ (მათე 13:23).
1. რომელი ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისები არსებობს ‘ზეციერ სამეფოსთან’ დაკავშირებით?
ჩასწვდი თუ არა ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას გონებით? ‘ზეციერი სამეფოს’ შესახებ საერთო წარმოდგენა ძალიან განსხვავდებოდა საუკუნეების განმავლობაში. დღეს ზოგიერთი ეკლესიის წევრებს შორის ფართოდ არის გავრცელებული რწმენა, რომ სამეფო არის რაღაც, რასაც რწმენაში ადამიანთა მოქცევისას ღმერთი მათ გულებში უდებს. სხვები ფიქრობენ, რომ ეს არის ადგილი, სადაც კეთილი ადამიანები სიკვდილის შემდეგ მიდიან, რათა დატკბნენ მარადიული ნეტარებით. ზოგიერთები კი ამტკიცებენ, თითქოს ღმერთმა დაავალა ადამიანებს, რომ სოციალურ და სახელმწიფოებრივ საქმეებში ქრისტიანული სწავლებებისა და მოქმედებების თანდათან ჩანერგვის საშუალებით დედამიწაზე წარმოექმნათ სამეფო.
2. როგორ განმარტავს ბიბლია ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას და რას შეასრულებს ეს სამეფო?
2 მაგრამ ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთის სამეფო არ არის დედამიწაზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ის არც გულის მდგომარეობაა, არც საზოგადოების გაქრისტიანებას წარმოადგენს. სინამდვილეში, სამეფოს მნიშვნელობის სწორი გაგება იწვევს დიდ ცვლილებებს იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვისაც სწამს ის. მაგრამ სამეფო არის ღვთის მიერ დადგენილი ზეციერი მთავრობა, რომელიც ცოდვისა და სიკვდილის შედეგების გაუქმებითა და დედამიწაზე სამართლიანი პირობების აღდგენით ღმერთის ნებას ასრულებს. ამ სამეფომ უკვე ხელში აიღო ძალაუფლება ზეცაში და მოკლე ხანში „იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15; 12:10).
3. რისი საშუალება მიეცა ადამიანებს, როცა იესომ მსახურება დაიწყო?
3 ისტორიკოსი ჰ. ჯ. უელსი წერდა: „ზეციერი სამეფოს შესახებ ეს დოქტრინა, რომელიც იესოს მთავარი სწავლება იყო და რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ასე პატარა ადგილს იკავებს, უეჭველად არის ყველაზე რევოლუციური დოქტრინებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ოდესმე აუღელვებია და შეუცვლია ადამიანთა აზროვნება“. იესოს მსახურების თემა თავიდანვე ასეთი იყო: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:17). დედამიწაზე ის იყო როგორც ცხებული მეფე და აჰა, ყველაზე უდიდესი სიხარული — მან არა მხოლოდ იმის საშუალება მისცა ადამიანებს, რომ ამ სამეფოს კურთხევებით ესარგებლათ, არამედ აგრეთვე ყოფილიყვნენ მისი თანამმართველები და მღვდლები ამ სამეფოში! (ლუკა 22:28–30; გამოცხადება 1:6; 5:10).
4. როგორ გამოეხმაურა პირველ საუკუნეში მცხოვრები ხალხი „კეთილ ცნობას სამეფოს შესახებ“ და რომელ განაჩენს უძღოდა ეს წინ?
4 მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ადამიანმა მოისმინა ამაღელვებელი ‘სასუფევლის სახარება [კეთილი ცნობა სამეფოს შესახებ, აქ]’, მხოლოდ ძალიან მცირედმა ირწმუნა ის. ნაწილობრივ ეს მოხდა იმიტომ, რომ რელიგიური წინამძღოლები ‘კეტავდნენ ცათა სასუფეველს ადამიანთა წინაშე’. თავიანთი ცრუ სწავლებებით მათ ‘წარიტაცეს ცოდნის გასაღები’. რადგან ადამიანთა უმეტესობამ უარყო იესო როგორც მესია და ღმერთის სამეფოს ცხებული მეფე, იესომ უთხრა მათ: „წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ (მათე 4:23; 21:43; 23:13; ლუკა 11:52).
5. რით აჩვენა იესოს იგავების მსმენელთა უმრავლესობამ, რომ არ ესმოდათ მათი მნიშვნელობა?
5 ერთხელ, როცა მრავალ ადამიანს ასწავლიდა, იესომ ჩვეულებისამებრ გამოიყენა რამდენიმე იგავი, რათა გამოეცადა ხალხი და გამოერჩია ისინი, ვისაც სამეფოსადმი მხოლოდ ზედაპირული ინტერესი ჰქონდა. პირველი იგავი ეხებოდა მთესველს, რომელიც ოთხი ტიპის ნიადაგზე თესავდა თესლს. ნერგების ზრდისთვის პირველი სამი ტიპის ნიადაგი გამოუსადეგარი იყო, მაგრამ უკანასკნელმა ‘პოხიერმა მიწამ’ კარგი ნაყოფი აღმოაცენა. ეს მოკლე იგავი დასრულდა მოწოდებით: „ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!“ (მათე 13:1–9). დამსწრეთაგან უმრავლესობა უსმენდა მას, მაგრამ ისინი არ ‘ისმენდნენ’. მათ არ ჰქონდათ აღძვრა, არ ჰქონდათ ნამდვილი ინტერესი, სცოდნოდათ, თუ რით ჰგავდა ზეციერი სამეფო სხვადასხვა ნიადაგზე დათესილ თესლს. ისინი დაუბრუნდნენ სახლებს, თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და ალბათ ფიქრობდნენ, რომ იესოს იგავები იყო მხოლოდ კარგი მოთხრობები, რომლებიც ზნეობრივ თემას ეხებოდა. რაოდენ ბევრი რამის გაგება, რაოდენ დიდებული უპირატესობები და შესაძლებლობები დაკარგეს მათ იმის გამო, რომ გულით არ გამოეხმაურნენ ამ იგავს!
6. რატომ მიეცა „ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი“ მხოლოდ იესოს მოწაფეებს?
6 იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული“. ესაიას სიტყვების ციტირებით მან დაამატა: „ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ [არ ჩასწვდნენ, აქ] და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ“ (მათე 13:10–16; მარკოზი 4:11–13).
სამეფოს მნიშვნელობაში ‘გონებით ჩაწვდომა’
7. რატომ არის მნიშვნელოვანი, ‘გონებით ჩავწვდეთ’ სამეფოს მნიშვნელობას?
7 იესომ მიუთითა პრობლემაზე. ეს პრობლემა სამეფოს შესახებ ცნობის მნიშვნელობაში ‘გონებით ჩაწვდომას’ ეხებოდა. თავის მოწაფეებს მან საიდუმლოდ უთხრა: „თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუხდება ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს“. მან გააგრძელა იმის ახსნა, რომ ოთხი ტიპის ნიადაგი წარმოადგენდა გულის განსხვავებულ მდგომარეობას, რომელშიც ჩაითესებოდა „სიტყვა სასუფეველზე“ (მათე 13:18–23; ლუკა 8:9–15).
8. რა უშლიდა პირველი სამი ტიპის ნიადაგზე დათესილ ‘თესლს’, გამოეღო ნაყოფი?
8 ნებისმიერ შემთხვევაში „თესლი“ კარგი იყო, მაგრამ ნაყოფი ნიადაგის მდგომარეობაზე იქნებოდა დამოკიდებული. თუ გულის ნიადაგი გადატვირთული, დატკეპნილი გზის მსგავსი იქნებოდა, რომელსაც მრავალი არასულიერი საქმე ამკვრივებდა, სამეფოს შესახებ ცნობის მსმენელს გაუადვილდებოდა თავის გამართლება, რომ დრო არ ჰქონდა სამეფოსთვის. სანამ უგულებელყოფილი თესლი ფესვებს გაიდგამდა, ის ადვილად იქნებოდა მოკლული. მაგრამ რისი თქმა შეიძლება, თუ თესლი გულის კლდოვანი ნიადაგის მსგავს ნიადაგზე დაითესებოდა? თესლი შეიძლება გაღვივებულიყო, მაგრამ კვებისა და გამყარებისთვის მას მცირე სიღრმეზეც კი გაუჭირდებოდა ფესვების გადგმა. ღმერთის მორჩილ მსახურად ყოფნის პერსპექტივა, განსაკუთრებით კი გამძაფრებული დევნის დროს, დაუძლეველი გამოცდა იქნებოდა და პიროვნება დაბრკოლდებოდა. და კვლავ, თუ გულის ნიადაგი ძალიან სავსე იქნებოდა ეკლის მსგავსი მრავალი საზრუნავით ან სიმდიდრისკენ მატერიალისტური ლტოლვით ის მოახრჩობდა სამეფოს ცუდად განვითარებულ ნერგს. ცხოვრების ამ სამ დამახასიათებელ შემთხვევაში სამეფო ვერ გამოიღებდა ნაყოფს.
9. რატომ შეეძლო კარგ ნიადაგზე დათესილ თესლს კარგი ნაყოფის გამოღება?
9 მაგრამ რისი თქმა შეიძლება კარგ ნიადაგზე დათესილი სამეფოს თესლის შესახებ? იესო პასუხობს: „ხოლო, პოხიერ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. ისე რომ, ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:23). თუ ‘გონებით ჩასწვდებოდნენ’ სამეფოს მნიშვნელობას, საკუთარი პირობებიდან გამომდინარე ისინი გამოიღებდნენ კარგ ნაყოფს.
გაგებას მოჰყვება პასუხისმგებლობა
10. ა) როგორ აჩვენა იესომ, რომ სამეფოს მნიშვნელობაში ‘ჩაწვდომას’ ერთდროულად მოაქვს კურთხევები და პასუხისმგებლობა? ბ) ეხებოდა თუ არა იესოს დავალება, წასულიყვნენ და მოემოწაფებინათ ხალხი, მხოლოდ პირველი საუკუნის მოწაფეებს?
10 სამეფოს სხვადასხვა მხარეების ასახსნელად მომდევნო ექვსი იგავის მოყოლის შემდეგ იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „თუ გაიგეთ ყოველივე ეს [ჩასწვდით ყოველივეს, აქ]?“ როცა მიუგეს „დიახო“, მან თქვა: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი“. სწავლებები და მომზადება, რითაც იესო უზრუნველყოფდა, მოწიფულ ქრისტიანებად გახდიდა მის მოწაფეებს, რომლებიც შეძლებდნენ თავიანთი „საუნჯიდან“, გამოულეველი მარაგიდან მდიდარი სულიერი საზრდოს გამოტანას. აქედან მრავალი ეხებოდა ღმერთის სამეფოს. იესომ ნათელყო, რომ სამეფოს მნიშვნელობაში ‘ჩაწვდომა’, კურთხევების გარდა, აგრეთვე პასუხისმგებლობას მოიტანდა. მან ბრძანა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე საუკუნის [სისტემის, აქ] დასასრულამდე“ (მათე 13:51, 52; 28:19, 20).
11. სამეფოსთან დაკავშირებული რომელი მოვლენები მიმდინარეობს 1914 წლიდან?
11 აღთქმულის თანახმად, იესო საუკუნეების განმავლობაში კვლავაც თავის ჭეშმარიტ მოწაფეებთან არის. ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ის უფრო და უფრო აძლევს მათ გაგების უნარს და აგრეთვე თვლის, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან, გამოიყენონ ჭეშმარიტების მზარდი სინათლე (ლუკა 19:11–15, 26). ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან სამეფოსთან დაკავშირებული მოვლენები სწრაფად და დრამატულად გაიშალა. იმ წელს არა მხოლოდ დიდი ხნის ნანატრი სამეფო ‘იშვა’, არამედ ‘სისტემის აღსასრულიც’ დაიწყო (გამოცხადება 11:15; 12:5, 10; დანიელი 7:13, 14, 27). ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებსაც ესმით მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა, ატარებენ ისტორიაში ყველაზე დიდებულ სამქადაგებლო და სასწავლო კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია სამეფოსთან. იესომ იწინასწარმეტყველა ეს, როცა თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
12. ა) როგორია სამეფოს შესახებ დღევანდელი გაფართოებული დამოწმების შედეგი? ბ) როგორი საფრთხე არსებობს ქრისტიანებისთვის ეჭვიანობით აღსავსე ქვეყნიერებაში?
12 სამეფოს შესახებ ასეთი ფართო დამოწმება 230-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. უკვე ხუთ მილიონზე მეტი ჭეშმარიტი მოწაფე მონაწილეობს ამ საქმიანობაში და მათ გარდა კიდევ სხვებიც იკრიბებიან. მაგრამ თუ მოწაფეების რიცხვს 5,6 მილიარდიან მოსახლეობასთან შევადარებთ, ნათელი ხდება, რომ იესოს დღეებში მცხოვრებთა მსგავსად, დღეს მცხოვრები ადამიანების უმეტესი ნაწილი ვერ ‘სწვდება’ სამეფოს მნიშვნელობას. წინასწარმეტყველების თანახმად, მრავალი დაცინვით ამბობს: „სად არის მისი მოსვლის აღთქმაო?“ (2 პეტრე 3:3, 4). ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ მათმა თვითკმაყოფილმა, ეჭვებით აღსავსე, მატერიალისტურმა პოზიციამ შეიძლება თანდათანობით გავლენა მოახდინოს ჩვენს თვალსაზრისზე სამეფოს უპირატესობების შესახებ. რადგან ამ ქვეყნიერების ხალხით ვართ გარშემორტყმული ჩვენ იოლად შეგვიძლია დავიწყოთ მათი შეხედულებებისა და ჩვევების ათვისება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ‘გონებით ვწვდებით’ ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას და მტკიცედ მივყვებით მას!
საკუთარი თავის შემოწმება სამეფოსთან დაკავშირებით
13. როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, ვაგრძელებთ თუ არა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებული დავალების ‘მოსმენას’ და ვწვდებით მას?
13 მკის დროის შესახებ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იესომ თქვა: „მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედს, მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან, როგორც მზე, თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“ (მათე 13:41, 43). კვლავ ‘უსმენ’ და მორჩილად ეხმაურები თუ არა ბრძანებას, რომელიც სამეფოს შესახებ ქადაგებასა და ადამიანების მოწაფეებად გახდომასთან არის დაკავშირებული? გახსოვდეს, „პოხიერ მიწაზე დათესილი ის არის“, ‘ვინც მოისმინა სიტყვა და გონებით ჩასწვდა’ და კარგი ნაყოფი გამოიღო (მათე 13:23).
14. როგორ ვაჩვენებთ, რომ ‘გონებით ვწვდებით’ მოცემული რჩევის მნიშვნელობას, როცა გვმოძღვრავენ?
14 პირადი შესწავლისას და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებისას ჩვენი ‘გული გონიერებისკენ უნდა გვეწეოდეს’ (იგავნი 2:1–4). როცა ქცევასთან, ჩაცმასთან, მუსიკასა და გართობასთან დაკავშირებით რჩევა გვეძლევა, უნდა მივცეთ მას საშუალება, ჩავიდეს ჩვენს გულში და აღგვძრას ნებისმიერი ცვლილებებისკენ, რომლებსაც ვსაჭიროებთ. არასდროს ვეცადოთ მდგომარეობის ახსნას, თავის გამართლებას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასდროს გამოვტოვოთ შემთხვევა, გამოვეხმაუროთ რჩევას. თუ ჩვენს ცხოვრებაში სამეფო რეალობას წარმოადგენს, ჩვენ ვიცხოვრებთ მისი ნორმების თანახმად და გულმოდგინედ ვამცნობთ სხვებს მის შესახებ. იესომ თქვა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს“ (მათე 7:21–23).
15. რატომ არის მნიშვნელოვანი ‘უწინარეს ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და ღვთის სიმართლე’?
15 ადამიანი მიდრეკილია იზრუნოს საკვებზე, რომელიც სჭირდება, ჩასაცმელსა და სახლ-კარზე, მაგრამ იესომ თქვა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი [ღვთის] სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33, 34). შენს ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენისას პირველ ადგილზე სამეფო დააყენე. გქონდეს უბრალო ცხოვრება და დაკმაყოფილდი იმით, რაც აუცილებელია. სისულელე იქნებოდა, რომ მთელი ცხოვრება გაგვეტარებინა უმნიშვნელო მოქმედებებში და საგნების შეძენაში და შესაძლოა ყოველივე ეს მისაღებად ჩაგვეთვალა, რადგანაც თვით საგნები თუ მოქმედებები არ არის მაინცდამაინც ცუდი. თუნდაც ნამდვილად ასე იყოს, როგორ იმოქმედებდა ასეთი მეორეხარისხოვანი საგნების შეძენა და გამოყენება ჩვენი პირადი შესწავლის გეგმის შედგენაზე, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებასა და სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე? იესომ თქვა, რომ სამეფო ჰგავს ვაჭარს, რომელმაც იპოვა ერთი ‘ძვირფასი მარგალიტი, წავიდა, გაყიდა ყოველივე, რაც ებადა და იყიდა ის’ (მათე 13:45, 46). ზუსტად ამას უნდა ვგრძნობდეთ ღმერთის სამეფოსთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვბაძავდეთ პავლეს და არა დემასს, რომელმაც მიატოვა მსახურება, რადგან „შეიყვარა ეს წუთისოფელი“ (2 ტიმოთე 4:10, 18; მათე 19:23, 24; ფილიპელთა 3:7, 8, 13, 14; 1 ტიმოთე 6:9, 10, 17–19).
„უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“
16. როგორ დაგვეხმარება ღმერთის სამეფოს მნიშვნელობაში ‘გონებით ჩაწვდომა’, მოვერიდოთ მცდარ ქცევას?
16 როცა კორინთის კრებაში უზნეობა დაუშვეს, პავლემ დაუფარავად თქვა: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:9, 10). თუ ‘გონებით ჩავწვდებით’ ღმერთის სამეფოს მნიშვნელობას ჩვენ არ მოვტყუვდებით იმაზე ფიქრით, რომ იეჰოვა მოითმენს უზნეობის რომელიმე სახეობას, სანამ ქრისტიანულ მსახურებაში გვხედავს. უწმიდურება არც კი უნდა მოიხსენიებოდეს ჩვენს შორის (ეფესელთა 5:3–5). ატყობ თუ არა, რომ ამ ქვეყნიერების ბილწი აზროვნება ან ჩვევები შეუმჩნევლად იპარებიან შენს ცხოვრებაში? დაუყოვნებლივ ამოაგდე ისინი შენი ცხოვრებიდან! სამეფო იმდენად ძვირფასია, რომ არ ღირს ასეთი საქმეების გამო მისი დაკარგვა (მარკოზი 9:47).
17. როგორ შეუწყობს ხელს თავმდაბლობას მადლიერება ღმერთის სამეფოსთვის და როგორ გააუქმებს დამაბრკოლებელ მიზეზებს?
17 მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“ პასუხად იესომ ბავშვი ჩააყენა მათ შორის და თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში“ (მათე 18:1–6). ამაყი, მომთხოვნი, უდარდელი და უკანონოდ მოქმედი ადამიანები ვერც ღმერთის სამეფოში მოხვდებიან, ვერც სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან. აღგძრავს თუ არა ძმებისადმი სიყვარული, თავმდაბლობა და ღმერთის მოსაწონი შიში, რომ მოერიდო შენი ქცევით სხვების დაბრკოლებას? თუ ცდილობ, შენი „უფლებები“ გაიტანო და არ უფიქრდები როგორ შეუძლია ასეთ თვალსაზრისსა და ქცევას ზეგავლენა მოახდინოს სხვებზე? (რომაელთა 14:13, 17).
18. რას მიიღებს მორჩილი კაცობრიობა, როცა ღმერთის სამეფო ხელს შეუწყობს, რომ ღმერთის ნება იყოს „ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“?
18 ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა მოკლე ხანში სრულ პასუხს გასცემს მხურვალე ლოცვაზე: „მოვიდეს სუფევა [სამეფო, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ძალიან მალე მმართველი მეფე იესო ქრისტე მოვა იმ გაგებით, რომ დაჯდება ტახტზე, რათა გაასამართლოს, რათა გამოყოს ‘ცხვრები თხებისგან’. იმ დანიშნულ დროს „ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი“. თხები „წავლენ. . . საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე 6:10; 25:31–34, 46). ‘დიდი გასაჭირი’ გაანადგურებს ძველ სისტემას და ყველას, ვინც უარყოფს, ‘გონებით ჩასწვდეს’ სამეფოს მნიშვნელობას. მაგრამ მილიონები, რომლებიც ‘დიდ გასაჭირს’ გადაიტანენ და მილიარდები, რომლებიც აღდგენილი იქნებიან, მემკვიდრეობით მიიღებენ სამეფოს დაუსრულებელ კურთხევებს დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში (გამოცხადება 7:14). ეს სამეფო არის დედამიწის ახალი მთავრობა, რომელიც ზეციდან მართავს. ის ბოლომდე შეასრულებს იეჰოვას განზრახვას დედამიწისა და კაცობრიობისთვის და ყოველივე ამას შეასრულებს, რათა განწმინდოს მისი უწმინდესი სახელი. ნუთუ ეს მემკვიდრეობა არ არის ის, რისთვისაც კარგად, ღირსეულად უნდა ვიმუშაოთ, თავი შევწიროთ და რომელსაც უნდა მოველოდეთ? ზუსტად ამას უნდა ნიშნავდეს ჩვენთვის სამეფოს მნიშვნელობაში ‘გონებით ჩაწვდომა’!
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის ღმერთის სამეფო?
◻ რატომ ვერ ‘სწვდებოდა გონებით’ სამეფოს მნიშვნელობას იესოს მსმენელთა უმრავლესობა?
◻ როგორ მოჰყვება სამეფოს მნიშვნელობაში ‘გონებით ჩაწვდომას’ ერთდროულად კურთხევები და პასუხისმგებლობა?
◻ რა მიუთითებს ‘გონებით ვწვდებით’ თუ არა სამეფოს მნიშვნელობას ქადაგებასთან დაკავშირებით?
◻ როგორ ვავლენთ ჩვენი ქცევით, რომ ‘გონებით ჩავწვდით’ მოცემულ რჩევას?
[სურათები 23-ე გვერდზე]
იესოს მოწაფეები ‘გონებით ჩასწვდნენ’ სამეფოს მნიშვნელობას და კარგი ნაყოფი გამოიღეს.