მიჰბაძეთ მათ რწმენას
ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა
პეტრე მთელი ძალით უსვამდა ნიჩბებს და ბნელ ღამეში გზას მიიკვლევდა. აღმოსავლეთით ჰორიზონტზე მან მტრედისფერი ნათელი შენიშნა. ტალღებთან რამდენიმესაათიანი ჭიდილის გამო მას მხრისა და მკლავის კუნთები სტკიოდა. ქარი თმას უწეწავდა. გალილეის ზღვის გაშმაგებული ტალღები სათევზაო ნავს ეხეთქებოდა და პეტრეს ასველებდა, მაგრამ ის სვლას განაგრძობდა.
ცოტა ხნის წინ პეტრემ და მისმა თანამგზავრებმა იესო მარტო დატოვეს ნაპირზე. იმ დღეს ისინი თავად გახდნენ იმის მომსწრენი, რომ იესომ რამდენიმე პურითა და თევზით ათასობით მშიერი ადამიანი დააპურა. ხალხმა მისი გამეფება მოინდომა, მაგრამ იესოს არ სურდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო. მას არც ის უნდოდა, რომ მის მიმდევრებს ასეთი ამბიციური მიზნები დაესახათ. ხალხს რომ გარიდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გაღმა გასულიყვნენ. თვითონ კი მთაზე ავიდა სალოცავად (მარკოზი 6:35—45; იოანე 6:14, 15).
როდესაც მოწაფეები ნავში ჩასხდნენ, თავზე სავსე მთვარე დაჰნათოდათ. მათ რამდენიმე კილომეტრი გაიარეს. მთვარე უკვე დასავლეთით გადახრილიყო. ნიჩბების მოსმით დაქანცული მოწაფეების ლაპარაკს ქარისა და ტალღების ხმა კიდევ უფრო ართულებდა. ამ დროს პეტრე შესაძლოა ფიქრებში იყო წასული.
მას მართლაც ბევრ რამეზე ჰქონდა საფიქრალი! ის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იესო ნაზარეთელთან ერთად დადიოდა და მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრე გახდა. პეტრემ ბევრი რამ ისწავლა იესოსგან, მაგრამ მზად იყო, კიდევ ბევრი ესწავლა. ის ცდილობდა ეჭვები და შიში დაეძლია, რითაც მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა.
„მესია ვიპოვეთ“!
პეტრეს ალბათ არასოდეს დაავიწყდებოდა ის დღე, როცა იესოს პირველად შეხვდა ნაზარეთში. მისმა ძმამ, ანდრიამ საოცარი ამბავი აუწყა: „მესია ვიპოვეთ“! ამის შემდეგ პეტრეს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდებოდა (იოანე 1:41).
პეტრე კაპერნაუმში ცხოვრობდა მტკნარი ტბის სანაპიროზე, რომელსაც აგრეთვე გალილეის ზღვას უწოდებდნენ. ის და ანდრია ზებედეს ვაჟებთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ეწეოდნენ თევზჭერას. პეტრე, მისი ცოლი, სიდედრი და ანდრია ერთ სახლში ცხოვრობდნენ. თევზჭერით რომ ოჯახი ერჩინათ, მძიმედ უნდა ეშრომათ და გამჭრიახობა უნდა გამოევლინათ. წარმოიდგინეთ, რამდენ უძილო ღამეს გაატარებდნენ მეთევზეები გალილეის ზღვაში და რამდენჯერ მოუწევდათ ნავებს შორის ბადეების გაჭიმვა და ნავზე ამოთრევა. გარდა ამისა, რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდებოდათ თევზის დასახარისხებლად და გასაყიდად, ბადეების დასაკერებლად და გასარეცხად.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ანდრია იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. პეტრე არაერთხელ მოისმენდა თავისი ძმისგან იოანეს შესახებ. ერთ დღეს ანდრიამ გაიგონა, რომ იოანე ნათლისმცემელმა იესო ნაზარეთელზე თქვა: „აი ღვთის კრავი!“. ანდრია მაშინვე იესოს მოწაფე გახდა და პეტრეს ახარა, რომ მესია იპოვა (იოანე 1:35—40). ამ მოვლენამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე, როდესაც ედემის ბაღში ადამი და ევა იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ, ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა განსაკუთრებული პიროვნება, რომელიც კაცობრიობას ნამდვილ იმედს ჩაუსახავდა (დაბადება 3:15). ანდრია შეხვდა მხსნელს, მესიას. პეტრესაც ერთი სული ჰქონდა, იესო ენახა.
იესოსთან შეხვედრამდე პეტრეს სიმონის სახელით იცნობდნენ. იესომ შეხედა მას და უთხრა: «შენ სიმონი ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან გერქმევა კეფა (რომლის თარგმანიც არის „პეტრე“)» (იოანე 1:42). სიტყვა „კეფა“ ნიშნავს „ქვას“ ან „კლდეს“. როგორც ჩანს, იესოს მიერ პეტრესთვის ახალი სახელის დარქმევას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა. იესომ დაინახა, რომ პეტრე „კლდესავით“ მტკიცე, მყარი და საიმედო საყრდენი იქნებოდა თავისი მიმდევრებისთვის. პეტრეც ამავეს ფიქრობდა საკუთარ თავზე? როგორც ჩანს, არა. დღესაც კი სახარებების ზოგ მკითხველს პეტრე კლდესავით მტკიცე პიროვნებად არ მიაჩნია. ზოგიერთის აზრით, პეტრე არამტკიცე და მერყევი ადამიანი იყო.
პეტრეს მართლაც ჰქონდა სისუსტეები, რასაც იესოც ხედავდა. მაგრამ იესო თავისი მამის, იეჰოვას მსგავსად, ყოველთვის კარგს ეძებს ადამიანებში. იესომ დაინახა, რამდენი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა პეტრე, ამიტომ ცდილობდა, დახმარებოდა მას, რომ თავის კარგ თვისებებზე აეშენებინა საკუთარი თავი. იეჰოვა და მისი ძე დღესაც კარგს ეძებენ ჩვენში. თუმცა შეიძლება ვფიქრობთ, რომ ისინი ბევრ კარგ თვისებას ვერ იპოვიან ჩვენში. მიუხედავად ამისა, საჭიროა, გავითვალისწინოთ მათი თვალსაზრისი და პეტრეს მსგავსად მზად ვიყოთ, ვისწავლოთ მათგან და ჩვენი გამოძერწვის საშუალება მივცეთ (1 იოანე 3:19, 20).
„ნუ გეშინია“
იესოსთან შეხვედრის შემდეგ, პეტრე ალბათ თან დაჰყვებოდა მას. პეტრემ შესაძლოა თავად იხილა იესოს მიერ მოხდენილი პირველი სასწაული კანაში, სადაც ქორწილში წყალი ღვინოდ გადააქცია. უფრო მეტიც, მან იესოსგან მოისმინა ღვთის სამეფოს შესახებ იმედის მომცემი დიდებული ცნობა. ამ ყოველივეს მიუხედავად, პეტრე დაშორდა იესოს და ისევ თევზჭერას დაუბრუნდა. რამდენიმე თვის შემდეგ იესო კვლავ შეხვდა პეტრეს და მოუწოდა, რომ მისი მიმდევარი გამხდარიყო.
პეტრეს მთელი ღამე უშედეგოდ თევზაობამ ხალისი დაუკარგა, რადგან წყლიდან მხოლოდ ცარიელი ბადეები ამოჰქონდათ. მან ალბათ ტბის სხვადასხვა ადგილში თევზაობის ყველა მეთოდი მოსინჯა, რომ თევზი დაეჭირა. უდავოა, პეტრეს სხვა მეთევზეების მსგავსად არაერთხელ უნატრია, ამღვრეულ წყლებში საჭმელად გამოსული თევზის ქარავანი თავის ბადეში მოექცია. ასეთი ფიქრები ისედაც ხელმოცარულ პეტრეს კიდევ უფრო გაუტეხდა გულს. თევზაობა მისთვის უბრალოდ გართობა არ იყო, ის ამით ოჯახს არჩენდა. ბოლოს პეტრე ნაპირზე ცარიელი ნავით გამოვიდა და თუმცა არაფერი დაუჭერია, ბადეები უნდა გაერეცხა. სწორედ ამ დროს მასთან იესო მივიდა.
იესოს გარშემო უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მათთვის რომ ესწავლებინა, ის პეტრეს ნავზე ავიდა და სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდნენ, რადგან მსმენელები უკეთესად გაიგონებდნენ მის ხმას. ხალხის მსგავსად პეტრეც ყურადღებით უსმენდა იესოს. მას არასოდეს მობეზრდებოდა იესოს მოსმენა, რომელიც ძირითადად ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა. პეტრესთვის დიდი პატივი იქნებოდა, რომ იესო ქრისტეს ამ ცნობის ქადაგებაში დახმარებოდა. მაგრამ შეძლებდა პეტრე ამის გაკეთებას? როგორღა არჩენდა ის ოჯახს? პეტრე შესაძლოა იმ უშედეგო ღამეზეც ფიქრობდა, როცა ერთი თევზიც ვერ დაიჭირა (ლუკა 5:1—3).
როდესაც იესომ ლაპარაკი დაამთავრა, პეტრეს უთხრა: „ღრმად შეცურდი და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. პეტრეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რამეს დაიჭერდა. მან იესოს უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“. ალბათ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც პეტრეს არ უნდოდა, ის იყო, რომ ბადეები ისევ წყალში ჩაეშვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თევზი საჭმელად არ იქნებოდა გამოსული. მიუხედავად ამისა, ის იესოს სიტყვების თანახმად მოიქცა და, როგორც ჩანს, თავის პარტნიორებსაც ნიშანი მისცა, რომ ისინიც შესულიყვნენ მეორე ნავით (ლუკა 5:4, 5).
ბადეების ამოწევისას პეტრემ მოულოდნელად დიდი სიმძიმე იგრძნო. ცოტა კიდევ ამოსწია და მოფართხალე თევზებით სავსე ბადე დაინახა. პეტრემ სასწრაფოდ მოუხმო მეორე ნავზე მყოფთ დასახმარებლად. როდესაც ამოჰქონდათ, მიხვდნენ, რომ ამდენი თევზი ერთ ნავზე ვერ დაეტეოდა. მათ ორი ნავი აავსეს, მაგრამ დაჭერილი თევზი კიდევ ბევრი იყო, ამიტომ ნავებმა ჩაძირვა დაიწყო. პეტრე გაოგნდა. ის ადრეც არაერთხელ გამხდარა იესო ქრისტეს სასწაულებრივი ძალის გამოვლენის მომსწრე, მაგრამ ეს შემთხვევა პირადად მას უკავშირდებოდა. პეტრეს წინაშე იდგა კაცი, რომელმაც ამდენი თევზი მის ბადეში მოაქცია. ის შიშმა მოიცვა. პეტრე მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“. შეძლებდა პეტრე ოდესმე იმის დამტკიცებას, რომ ღირსეულ თანამშრომლობას გაუწევდა იესოს, რომელსაც ღვთისგან ასეთი სასწაულებრივი ძალა ჰქონდა ბოძებული? (ლუკა 5:6—9).
იესომ გულთბილად უთხრა პეტრეს: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:10, 11). პეტრეს აღარ უნდა შეშინებოდა და აღარ უნდა დაეჭვებულიყო. ისეთ ყოველდღიურ საქმეებში როგორიც თევზაობაა, პეტრეს ეჭვი უსაფუძვლო იყო. მას არც იმის შიში უნდა ჰქონოდა, რომ საკუთარი ნაკლოვანებები და არასრულფასოვნების გრძნობა მსახურებაში ხელს შეუშლიდა. იესოს შესასრულებელი ჰქონდა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც კაცობრიობის ისტორიას შეცვლიდა. ის ემსახურებოდა ღმერთს, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7). იეჰოვა იზრუნებდა მათზე როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (მათე 6:33).
იაკობისა და იოანეს მსგავსად პეტრეც მაშინვე გამოეხმაურა იესოს მოწოდებას. „მათ ნავები ნაპირზე გამოათრიეს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ“ (ლუკა 5:11). პეტრემ ირწმუნა იესო და ის, ვინც იესო გამოგზავნა. მან საუკეთესო არჩევანი გააკეთა. დღეს მცხოვრები ქრისტიანები, რომლებიც სძლევენ ეჭვებსა და შიშს და ღვთისმსახურებას პირველ ადგილზე აყენებენ, პეტრეს მსგავსად ავლენენ რწმენას. იეჰოვასადმი ასეთი ნდობა მათ იმედს არასოდეს გაუცრუებს (ფსალმუნი 22:4, 5).
„რატომ დაეჭვდი?“
იესოსთან შეხვედრიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ პეტრე ქარიან ღამეში ნავით მიცურავდა გალილეის ზღვაზე, როგორც ეს სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რაზე ფიქრობდა პეტრე ამ დროს, რადგან სულ ცოტა ხნის წინ მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენის მოწმე გახდა: იესომ პეტრეს სიდედრი განკურნა, მთაზე ქადაგება წარმოთქვა, თავისი სწავლებითა და ძლევამოსილი საქმეებით კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ იეჰოვას რჩეული, მესია იყო. უდავოა, თვეების განმავლობაში პეტრე გარკვეულწილად დასძლევდა ისეთ უარყოფით თვისებებს, როგორიცაა ეჭვიანობა და შიში. ის იმასაც შეეცდებოდა, რომ იმპულსური აღარ ყოფილიყო. იესომ პეტრე მოციქულადაც კი აირჩია. და მაინც, პეტრე მალევე მიხვდებოდა, რომ მას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა დაძლეული შიში და ეჭვები.
ღამის მეოთხე გუშაგობისას, ანუ დაახლოებით დილის სამი საათიდან აისამდე, პეტრემ უეცრად ნიჩბების მოსმა შეწყვიტა და სწრაფად წამოდგა. მან დაინახა, რომ ტალღებზე რაღაც მოძრაობდა. იყო ეს ტალღებზე არეკლილი მთვარის შუქი? არა, ეს ადამიანი იყო, რომელიც წყლის ზედაპირზე მოდიოდა! ის ნავს მიუახლოვდა და თითქოს მათთვის გვერდის ავლას აპირებდა. შეშინებულმა მოწაფეებმა იფიქრეს, რომ მოჩვენება იყო. წყალზე მოსიარულე ადამიანი ნავზე მყოფთ დაელაპარაკა: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“. ეს იესო იყო (მათე 14:25—28).
პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. პეტრეს ამ სიტყვებში გაბედულება ჩანდა. ის აღტაცებული იყო ამ სასწაულით და ფიქრობდა, რომ რწმენა უფრო განუმტკიცდებოდა. მას სურდა, თვითონაც ყოფილიყო ამ მოვლენის მონაწილე. იესომ პეტრეს გულთბილად უთხრა, რომ მასთან მისულიყო და ისიც ნავის კიდიდან აღელვებული ზღვის ზედაპირზე გადავიდა. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა პეტრეს, როცა წყალზე მყარად დადგა ფეხი! ალბათ, მის გაოცებას საზღვარი არ ექნებოდა, როცა იესოსკენ წავიდა. მაგრამ ამ დროს სხვა გრძნობამ იმძლავრა მასში (მათე 14:29).
პეტრეს ყურადღება იესოსკენ უნდა ჰქონოდა მიპყრობილი. იესო იეჰოვას მიერ მიცემულ ძალას იყენებდა იმისთვის, რომ პეტრე ტალღებზე მდგარიყო. იესო ამას იმიტომ აკეთებდა, რომ პეტრეს მისი სწამდა. მაგრამ პეტრემ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ის „ქარიშხალმა შეაშინა“. პეტრეს ყურადღება მიიპყრო ქარის მიერ აღელვებულმა ტალღებმა, რომლებიც ნავს ეხეთქებოდნენ და შხეფებს ისროდნენ, და ის შიშმა შეიპყრო. მან ალბათ წარმოიდგინა, რომ ზღვაში დაიხრჩობოდა. რამდენადაც პეტრეში შიშმა იმატა, მისმა რწმენამ იკლო. კაცმა, რომელსაც მტკიცე ხასიათისთვის კლდე შეარქვეს, მერყევი რწმენის გამო ქვასავით დაიწყო ჩაძირვა. პეტრემ ცურვა კარგად იცოდა, მაგრამ ახლა თავის ძალას არ მინდობია. მან დაიყვირა: „უფალო, მიხსენი!“ იესომ ხელი გაუწოდა და დაიჭირა. ჯერ კიდევ წყალზე იდგნენ, როცა უფალმა პეტრეს მნიშვნელოვან რამეზე გაუმახვილა ყურადღება: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“ (მათე 14:30, 31).
„რატომ დაეჭვდი?“ — ამ სიტყვებიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ეჭვმა შეიძლება ძალები გამოგვაცალოს. თუ მას გასაქანს მივცემთ, მან შეიძლება რწმენა დაგვინგრიოს და სულიერად „ჩაგვძიროს“, ამიტომ ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ყოველგვარი ეჭვი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყურადღებას დადებითზე გავამახვილებთ. თუ გამუდმებით იმაზე ვიფიქრებთ, რაც გვაშინებს, გულს გვიტეხს, იეჰოვასა და იესოს ნაცვლად ყურადღებას სხვა რამეზე გადაგვატანინებს, მაშინ ეჭვები უფრო მეტად გაიდგამს ჩვენში ფესვებს. თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რა გააკეთეს იეჰოვამ და მისმა ძემ, რას აკეთებენ და რას გააკეთებენ თავიანთი მოყვარულებისთვის, ეს დამღუპველი ეჭვებისგან დაგვიცავს.
როდესაც პეტრე იესოსთან ერთად ავიდა ნავზე, დაინახა, რომ ქარიშხალი ჩადგა. გალილეის ზღვა დაწყნარდა. პეტრემ ნავში მყოფ სხვა მოწაფეებთან ერთად იესოს უთხრა: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“ (მათე 14:33). გამთენიისას, პეტრეს გული მადლიერებით ექნებოდა სავსე. მან ისწავლა, რომ ეჭვისა და შიშისთვის გასაქანი არ უნდა მიეცა. მას მართლაც დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინა, სანამ კლდესავით მტკიცე ქრისტიანი გახდებოდა, როგორც ეს იესომ განჭვრიტა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ამისთვის ძალ-ღონე არ დაეშურებინა და სულიერად გაზრდილიყო. თქვენც გაქვთ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული? ალბათ, თქვენ დარწმუნდით, რომ ღირს, პეტრეს მიჰბაძოთ რწმენაში.
[სურათი 22, 23 გვერდებზე]
იესომ დაინახა, რამდენი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებდა თავმდაბალი პეტრე
[სურათი 23 გვერდზე]
„უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
„ქარიშხალმა შეაშინა“