მიჰბაძეთ იესოს და „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს“
„წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკ. 4:7).
1. რა წინააღმდეგობას შეხვდებოდა იესო, მაგრამ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი?
იესო ქრისტემ იცოდა, რომ ეშმაკისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდებოდა. ეს ნათლად გამოჩნდა იმ სიტყვებიდან, რომელიც ღმერთმა უთხრა გველს, რომლის მეშვეობითაც ბოროტი სული დაელაპარაკა ევას: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს [იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციას] შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის [იესო ქრისტე] თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:14, 15; გამოცხ. 12:9). იესოს ქუსლში დაგესვლა იმას ნიშნავდა, რომ დედამიწაზე ის მოკვდებოდა, მაგრამ იეჰოვა აღადგენდა მას და ზეციერ დიდებას მისცემდა. გველისთვის თავის გაჭეჭყვა კი იმას ნიშნავდა, რომ ეშმაკი სამუდამოდ განადგურდებოდა (წაიკითხეთ საქმეების 2:31, 32; ებრაელების 2:14).
2. რატომ იყო იეჰოვა დარწმუნებული, რომ ეშმაკი ვერ გატეხდა იესოს?
2 იეჰოვა დარწმუნებული იყო, რომ იესო დედამიწაზე კარგად შეასრულებდა თავის მისიას და ეშმაკს წინააღმდეგობას გაუწევდა. რატომ იყო იეჰოვა ამაში დარწმუნებული? მან იესო საუკუნეებით ადრე შექმნა ზეცაში და კარგად იცნობდა მას. იგი ხედავდა, რომ იესო, „ოსტატი“ და „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, მორჩილი და ერთგული იყო (იგავ. 8:22—31; კოლ. 1:15). როცა იეჰოვამ იესო დედამიწაზე გამოგზავნა და ეშმაკს მისი გამოცდისა და მოკვლის უფლებაც კი მისცა, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეშმაკი მის მხოლოდშობილ ძეს ვერ გატეხდა (იოან. 3:16).
იეჰოვა მფარველობს თავის მსახურებს
3. რა არის ეშმაკის მიზანი?
3 იესომ ეშმაკს „ამ ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა და თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ისინიც შეხვდებოდნენ წინააღმდეგობას (იოან. 12:31; 15:20). ქვეყნიერებას, რომელიც სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია, სძულს ჭეშმარიტი ქრისტიანები იმის გამო, რომ ისინი იეჰოვას ემსახურებიან და სიმართლის მქადაგებლები არიან (მათ. 24:9; 1 იოან. 5:19). ეშმაკს განსაკუთრებით დედამიწაზე მცხოვრები სულითცხებულები ჰყავს მიზანში ამოღებული, რომლებიც ქრისტესთან ერთად იმეფებენ ზეციერ სამეფოში. სატანას არც იეჰოვას ის მსახურები ავიწყდება, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8).
4. რა ამტკიცებს, რომ ღვთის ხალხს ვერაფერს აკლებს ეშმაკი?
4 იეჰოვას ორგანიზაციას სატანა ვერაფერს აკლებს. მაგალითად, გასული 100 წლის მანძილზე ყველაზე სასტიკი დიქტატორები იეჰოვას მოწმეების განადგურებას ცდილობდნენ. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და დღეისათვის თითქმის 7 000 000-ს აღწევს. ისინი მთელ მსოფლიოში 100 000-ზე მეტ კრებაში მსახურობენ. ის სასტიკი დიქტატორები კი, რომლებიც იეჰოვას მსახურებს დევნიდნენ, მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეღა შემორჩნენ.
5. როგორ შესრულდა იეჰოვას მსახურებზე ესაიას 54:17-ში ჩაწერილი სიტყვები?
5 ძველად იეჰოვამ სიმბოლურად ქალით წარმოდგენილ ისრაელს შემდეგი დაპირება მისცა: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა, მათი სიმართლე ჩემგან არის“ (ეს. 54:11, 17). ამ დაპირების შესრულების მოწმე ამ „ბოლო დღეებშიც“ გახდა იეჰოვას ხალხი (2 ტიმ. 3:1—5, 13). ჩვენ განვაგრძობთ სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ვერც ერთი იარაღი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგაა, წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან იეჰოვა ჩვენთან არის (ფსალმ. 118:6, 7).
6. რა იწინასწარმეტყველა დანიელმა იმის შესახებ, თუ რით დასრულდება სატანის მმართველობა?
6 მალე ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული დადგება და სატანის სისტემა ძირფესვიანად აღმოიფხვრება. ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „იმ მეფეების დროს [ჩვენს დროში] ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს [დღეს არსებულ] ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44). როდესაც ეს მოხდება, როგორც სატანის, ისე არასრულყოფილი ადამიანების მმართველობას ბოლო მოეღება. სატანის სისტემა ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება, ღვთის სამეფო კი მთელ დედამიწაზე იმეფებს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:7, 13).
7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას თითოეულ მსახურს შესწევს სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა?
7 უეჭველია, იეჰოვა ბოლომდე დაიცავს თავის ორგანიზაციას და კურთხევებს არ მოაკლებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 125:1, 2). მაგრამ რა შეიძლება ითქვას თითოეულ ჩვენგანზე? ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს მსგავსად, ჩვენც შევძლებთ ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ქრისტემ მოციქულ იოანეს ახილვინა, რომ სატანის წინააღმდეგობის მიუხედავად, „უამრავი ხალხი“, რომელსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, სატანის ქვეყნიერების განადგურების დროს გადარჩებოდა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ისინი ხმამაღლა ამბობენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს [იესო ქრისტეს] ვუმადლით“ (გამოცხ. 7:9—14). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ცხებულმა ქრისტიანებმა სძლიეს სატანას; მას „სხვა ცხვრებიც“ უწევენ წინააღმდეგობას (იოან. 10:16; გამოცხ. 12:10, 11). მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას და გულმხურვალე ლოცვას მოითხოვს, რათა ღმერთმა ‘გვიხსნას ბოროტისგან’ (მათ. 6:13).
სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის საუკეთესო მაგალითი
8. უდაბნოში პირველად როგორ გამოსცადა ეშმაკმა იესო და როგორ მოიქცა ის?
8 სატანა ცდილობდა, რომ იესოს ერთგულება შეერყია. მან უდაბნოში რამდენჯერმე სცადა, რომ ეცდუნებინა იგი. სატანას უნდოდა, რომ იესო არ დამორჩილებოდა იეჰოვას. მაგრამ იესომ სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. უდაბნოში მან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იმარხულა, რის შემდეგაც ძალიან მოშივდა. სწორედ ამ დროს სატანამ უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“. მაგრამ იესოს ღვთისგან მიღებული ძალა საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გამოუყენებია. მან სატანას მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“» (მათ. 4:1—4; კან. 8:3).
9. რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს, რომელიც ცდილობს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებები ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს?
9 დღეს სატანა ყველანაირად ცდილობს, რომ იეჰოვას მსახურების ბუნებრივი მოთხოვნილებები მათსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. დღეს ამ ზნედაცემულ ქვეყნიერებაში უნდა გავუძლოთ ისეთ ცდუნებებს, რომელმაც შეიძლება უზნეობა ჩაგვადენინოს. ღვთის სიტყვაში არაორაზროვნად არის ნათქვამი: „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 6:9, 10). ნათელია, რომ ისინი, ვინც უზნეო ცხოვრებას ეწევიან და არ სურთ შეცვლა, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ვერ იცხოვრებენ.
10. მათეს 4:5, 6-ის თანახმად, კიდევ რით სცადა სატანამ იესოს ერთგულების შერყევა?
10 გავიხსენოთ, კიდევ რა ცდუნების წინაშე დააყენა სატანამ იესო უდაბნოში. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მაშინ ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა და უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“» (მათ. 4:5, 6). როგორც ჩანს, სატანა მოტყუებით ცდილობდა იესოს დარწმუნებას იმაში, რომ, თუ ასეთ სანახაობას მოაწყობდა, აღარავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ ის მესია იყო. მაგრამ ეს იესოს მხრიდან ქედმაღლობის მაჩვენებელი იქნებოდა, რაც ღმერთს არ მოეწონებოდა და, შესაბამისად, არც დაეხმარებოდა. იესომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იეჰოვას ერთგული იყო და კიდევ ერთხელ მოიყვანა წმინდა წერილებიდან ციტატა. მან სატანას უთხრა: „«ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“» (მათ. 4:7; კან. 6:16).
11. რით შეიძლება შეეცადოს სატანა ჩვენს ცდუნებას და რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად იმას, თუ ცდუნებას ვერ გავუძლებთ?
11 სატანას სურს, ჩვენც გვაცდუნოს და გვიბიძგოს იმისკენ, რომ პოპულარობა მოვიპოვოთ. მან შეიძლება იმისკენაც გვიბიძგოს, რომ ისე ჩავიცვათ და ისე გამოვიყურებოდეთ, როგორც ქვეყნიერებისთვისაა დამახასიათებელი, ან ღვთისთვის მიუღებელი სახით გავერთოთ. მაგრამ თუ ქვეყნიერებას მივბაძავთ და არ გავითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევებს, უნდა მოველოდეთ იმას, რომ ანგელოზები ცუდ შედეგებს აგვარიდებენ? მართალია, მეფე დავითმა მოინანია ბათ-შებასთან ჩადენილი მრუშობა, მაგრამ ცოდვის შედეგებს თავი ვერ დააღწია (2 სამ. 12:9—12). ამიტომ, ნუ დავუმეგობრდებით ქვეყნიერებას და ამგვარად ნურასოდეს გამოვცდით იეჰოვას (წაიკითხეთ იაკობის 4:4; 1 იოანეს 2:15—17).
12. მათეს 4:8, 9-ის თანახმად, მესამედ როგორ გამოსცადა სატანამ იესო და რა უპასუხა იესომ?
12 სატანამ მესამედაც გამოსცადა იესო უდაბნოში, როდესაც მთელ მსოფლიოზე ბატონობა შესთავაზა. მან აჩვენა იესოს მსოფლიოს ყველა სამეფო, მათი დიდება, და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“ (მათ. 4:8, 9). სატანა ურცხვად შეეცადა, რომ იესოს მისთვის ეცა თაყვანი და ამგვარად იეჰოვასთვის ზურგი ექცია. ერთ დროს ერთგული ანგელოზი გაუმაძღარი, მაცდური და უზომოდ ბოროტი არსება, სატანა ეშმაკი გახდა, რადგან ბევრს ფიქრობდა იმაზე, რომ მისთვის ეცათ თაყვანი (იაკ. 1:14, 15). სატანისგან განსხვავებით, იესო თავისი ზეციერი მამის ერთგული დარჩა. ამიტომაც უთხრა სატანას «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“». როგორც ვხედავთ, იესო კიდევ ერთხელ კატეგორიულად შეეწინააღმდეგა სატანას. მას სატანის ქვეყნიერებიდან არაფერი არ სურდა და ამიტომაც არასოდეს მოუყრია მუხლი ამ ბოროტი არსების წინაშე (მათ. 4:10; კან. 6:13; 10:20).
„წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“
13, 14. ა) რა შესთავაზა სატანამ იესოს, როცა მთელი მსოფლიოს სამეფოები უჩვენა? ბ) რით ცდილობს სატანა ჩვენი გულების გახრწნას?
13 მსოფლიოს სამეფოების სახით სატანამ იესოს ისეთი ძალაუფლება შესთავაზა, რომელიც არც ერთ ადამიანს არ ჰქონია. სატანას იმედი ჰქონდა, რომ ეს შემოთავაზება იესოს გულგრილს არ დატოვებდა და სურვილი გაუჩნდებოდა, რომ უდიდესი ძალაუფლების მქონე მმართველი გამხდარიყო. მართალია, ეშმაკი დღეს სამეფოებს არ გვთავაზობს, მაგრამ ცდილობს გახრწნას ჩვენი გულები იმით, რასაც ვხედავთ, რასაც ვისმენთ და რაზეც ვფიქრობთ.
14 მთელი ქვეყნიერება ეშმაკის ხელშია. მის ხელშია მასმედიაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სატელევიზიო გადაცემების, მუსიკისა თუ ჟურნალ-გაზეთების მთავარი თემა უზნეობა და ძალადობაა. ქვეყნიერება სარეკლამო ინდუსტრიის საშუალებით ცდილობს ისეთი ნივთების ყიდვის სურვილი აღგვიძრას, რაც სინამდვილეში არ გვჭირდება. სატანა გამუდმებით ცდილობს გვაცდუნოს იმით, რაც თვალსა და ყურს სიამოვნებს. მაგრამ, თუ არ ვუყურებთ, არ ვუსმენთ და არ ვკითხულობთ იმას, რასაც ბიბლია გმობს, ფაქტობრივად, სატანას ვეუბნებით: „გამშორდი, სატანა!“. ამგვარად იესოს ვბაძავთ და მტკიცედ ვამბობთ უარს იმაზე, რასაც სატანის უწმინდური ქვეყნიერება გვთავაზობს. თუ თამამად ვეუბნებით თანამშრომლებს, თანაკლასელებს, მეზობლებსა და ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმეები და ქრისტეს მიმდევრები ვართ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სატანის ქვეყნიერების ნაწილი არა ვართ (წაიკითხეთ მარკოზის 8:38).
15. რატომ უნდა ვიყოთ მუდამ ფხიზლად იმისათვის, რომ სატანას წინააღმდეგობა გავუწიოთ?
15 მესამე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ‘ეშმაკმა მიატოვა’ იესო (მათ. 4:11). თუმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მეტად აღარ უცდია ეშმაკს, ეცდუნებინა იგი [უდაბნოში] და გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“ (ლუკ. 4:13). როცა სატანის წინააღმდეგობას წარმატებით ვუმკლავდებით, ამას იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ. ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვთხოვოთ ღმერთს დახმარება, რადგან სატანა კვლავ შეეცდება ჩვენს შეცდენას მისთვის ხელსაყრელ დროს და არა მაინცდამაინც მაშინ, როცა ჩვენ მოველით ამას. ამიტომ ნებისმიერ დროს გამოვიჩინოთ სიფრთხილე და მზად ვიყოთ, რომ განსაცდელების მიუხედავად, გულმოდგინედ შევუსრულოთ იეჰოვას წმინდა მსახურება.
16. რომელ ძალას გვაძლევს იეჰოვა და რატომ უნდა ვილოცოთ ამისთვის?
16 სატანა ეშმაკს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ მოგვცეს თავისი წმინდა სული, უდიდესი ძალა მთელ სამყაროში. სწორედ წმინდა სულის დახმარებით შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა, რომ ღმერთი მისცემდა მათ თავის სულს: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13). განუწყვეტლივ ვთხოვოთ იეჰოვას, რომ მოგვცეს წმინდა სული. ეს უძლიერესი ძალა დაგვეხმარება, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს და გავიმარჯვოთ. გარდა რეგულარული და მხურვალე ლოცვისა, აუცილებელია ‘შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დავუდგეთ ეშმაკის ხრიკებს’ (ეფეს. 6:11—18).
17. რა დაეხმარა იესოს, რომ სატანისთვის წინააღმდეგობა გაეწია?
17 სატანისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია, იესოს კიდევ ერთი რამ დაეხმარა და ეს ჩვენც დაგვეხმარება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრ. 12:2). თუ მხარს დავუჭერთ იეჰოვას უზენაესობას, პატივს მივაგებთ მის წმინდა სახელს და წამითაც არ დავივიწყებთ, რომ მარადიული სიცოცხლის იმედი გვაქვს, არც ჩვენ მოგვაკლდება სიხარული. როგორ გავიხარებთ, როდესაც აღარასოდეს იარსებებს სატანა. ყველაფერი, რაც მას ოდესმე გაუკეთებია, წარსულს ჩაჰბარდება, ხოლო „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11). ამიტომ, მივბაძოთ იესოს და წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს (წაიკითხეთ იაკობის 4:7, 8).
როგორ უპასუხებთ?
• რა ამტკიცებს, რომ იეჰოვა იცავს თავის ხალხს?
• სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევის როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
• რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ სატანას წინააღმდეგობა გავუწიოთ?
[სურათი 29 გვერდზე]
ვინც ქვეყნიერებასთან მეგობრობს, ღვთის მტერი ხდება
[სურათი 31 გვერდზე]
იესომ უარი თქვა მსოფლიოს ყველა სამეფოზე, რომელიც სატანამ შესთავაზა