თავი 110
ბოლო დღე ტაძარში
მათე 23:25—24:2; მარკოზი 12:41—13:2; ლუკა 21:1—6
იესო კვლავ განსჯის ფარისევლებსა და მწიგნობრებს
ტაძარი განადგურდება
ღარიბი ქვრივი ორ მონეტას სწირავს
თერთმეტი ნისანია. იესო უკანასკნელადაა ტაძარში. იგი კვლავ ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და დაუფარავად ეუბნება, რომ თვალთმაქცები არიან. ის ხატოვანი ენით ამბობს სათქმელს: „სასმისსა და ჯამს გარედან წმენდთ, შიგნით კი ნაძარცვითა და ზედმეტობით არის სავსე. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს“ (მათე 23:25, 26). მართალია, ფარისევლები ზედმიწევნითი სიზუსტით იცავენ ნებისმიერ წვრილმანს, რაც რიტუალური თვალსაზრისით სიწმინდესთანაა დაკავშირებული და ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ, რაც გარეგნულად ჩანს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ, როგორია მათი შინაგანი პიროვნება და არ ისუფთავებენ გულს.
მათი თვალთმაქცობა იქიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი მონდომებით აშენებენ და ალამაზებენ წინასწარმეტყველთა სამარხებს, არადა იესო ეუბნება მათ, რომ „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძეები“ არიან (მათე 23:31). და ამას ამტკიცებენ კიდეც, რადგან იესოს მოკვლას ცდილობენ (იოანე 5:18; 7:1, 25).
შემდეგ იესო ხაზს უსვამს, თუ რა ელით მათ მოუნანიებლობის შემთხვევაში: „გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:33). „გეენა“ ნიშნავს „ჰინომის ველს“. ეს ველი იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა და იქ ნაგავს წვავდნენ. „გეენის სასჯელი“ იმას ასიმბოლოებს, რომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომელთაც ბოროტი გული აქვთ, მარადიული განადგურება ელით.
იესო თავისი მოწაფეების შესახებ, რომლებსაც თავის წარმომადგენლებად გზავნის, ამბობს: „გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს“. საინტერესოა, როგორ მოექცევიან მათ. იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს მიმართავს: „ზოგ მათგანს მოკლავთ და ბოძზე გააკრავთ, ზოგს გაშოლტავთ სინაგოგებში და ერთი ქალაქიდან მეორეში განდევნით, რათა მოგეწიოთ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი, მართალი აბელის სისხლიდან ზაქარიას, ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც . . . მოკალით“. ის აფრთხილებს მათ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას“ (მათე 23:34—36). ეს სიტყვები ახ. წ. 70 წელს შესრულდა, როდესაც რომაელთა ჯარებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და ათასობით იუდეველი დახოცეს.
ამ საზარელ სურათზე ფიქრი იესოს ძალიან ამწუხრებს და სინანულით ამბობს: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). მსმენელები შესაძლოა ვერ ხვდებიან, რა „სახლზე“ საუბრობს იესო. იერუსალიმის დიდებულ ტაძარს ხომ არ გულისხმობს, რომელსაც, ერთი შეხედვით, ღმერთი იცავს?
იესო განაგრძობს: «გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“» (მათე 23:39). იგი 118-ე ფსალმუნის 26-ე მუხლში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებს: „კურთხეული იყოს იეჰოვას სახელით მომავალი! ჩვენ გაკურთხეთ იეჰოვას სახლიდან“. აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარი განადგურდება, იქ ღვთის სახელით ვეღარავინ მივა.
ახლა იესო ტაძრის იმ ნაწილში მიდის, სადაც ფულის ჩასაყრელებია. ჩასაყრელს თავზე პატარა ჭრილი აქვს და ხალხი იქ ყრის შესაწირავს. იესო ხედავს, როგორ სწირავს ხალხი ფულს — მდიდრები ბევრს სწირავენ, მაგრამ ამ დროს ის ერთ ღარიბ ქვრივს ამჩნევს, რომელიც შესაწირავში ორ პატარა მონეტას აგდებს (მარკოზი 12:41, 42). ალბათ, იესოს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ქვრივმა გაღებული საჩუქრით ძალიან გაახარა ღმერთი.
ის მოწაფეებს უხმობს და ეუბნება: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ყველამ ის ჩაყარა, რაც ზედმეტი ჰქონდა“. რატომ ამბობს იესო ამ სიტყვებს? იგი განმარტავს: „ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“ (მარკოზი 12:43, 44). ეს ქალი მწიგნობრებისა და ფარისევლებისგან სრულიად განსხვავებულად აზროვნებს და მოქმედებს!
მას შემდეგ, რაც იესო ტოვებს ტაძარს, მისი ერთი მოწაფე ამბობს: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“ (მარკოზი 13:1). ტაძრის კედელზე დატანებული ზოგი ქვა უზარმაზარია, რაც ტაძარს დიდებულ იერს აძლევს; კაცი იფიქრებს, რომ ის არასდროს განადგურდება. იესოს სიტყვები ახლა, ალბათ, ძალიან უჩვეულოდ ჟღერს მსმენელისთვის, რადგან ამბობს: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“ (მარკოზი 13:2).
ამის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები კედრონის ხევის გავლით ადიან ზეთისხილის მთაზე. ერთ მომენტში იესო თავის ოთხ მოწაფესთან, პეტრესთან, ანდრიასთან, იაკობთან და იოანესთან ერთად რჩება. იმ ადგილიდან, სადაც ისინი არიან, ხელისგულივით მოჩანს დიდებულად წამომართული ტაძარი.