დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია
„რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10).
1, 2. ბოლო დღეებთან დაკავშირებით რომელი წინასწარმეტყველება აინტერესებდათ იესოს მოწაფეებს და რატომ?
პეტრე, იაკობი, იოანე და ანდრია მარტოდ დარჩნენ იესოსთან. მანამდე ქრისტე ესაუბრა მათ ტაძრის განადგურებაზე, რამაც ისინი საგონებელში ჩააგდო (მარ. 13:1—4). ამიტომ მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:1—3). იესო ელაპარაკა თავის მოწაფეებს იმ მოვლენებისა და მდგომარეობის შესახებ, რომლებიც არა მარტო მათ შეეხებოდა, არამედ მიანიშნებდა სატანის ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებზე. მოწაფეებს ალბათ, ძალიან დააინტერესებდათ ერთი განსაკუთრებული წინასწარმეტყველება. იესომ ისაუბრა ისეთ შემაშფოთებელ მოვლენებზე, როგორებიცაა ომები, საკვების უკმარისობა და უკანონობის გამრავლება. მაგრამ მან კარგი რამეც იწინასწარმეტყველა, რაც ბოლო დღეებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:7—14).
2 მოწაფეები ქრისტესთან ერთად ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ (ლუკ. 8:1; 9:1, 2). ალბათ, მათ იესოს ნათქვამი გაახსენდებოდათ: „სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (ლუკ. 10:2). მაგრამ როგორ იქადაგებდნენ „მთელ მსოფლიოში“ და როგორ დაუმოწმებდნენ ყველა ხალხს? საიდან მოვიდოდნენ „მუშები“? იესოს მოწაფეებს მომავლის დანახვა რომ შესძლებოდათ, მათ უეჭველად გააოცებდათ მათეს 24:14-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულება.
3. როგორ სრულდება ლუკას 21:34 და როგორ უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი?
3 იესოს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში სრულდება. მილიონობით ადამიანი გაერთიანდა, რათა იქადაგონ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ (ეს. 60:22). თუმცა იესომ აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთისთვის რთული იქნებოდა სამქადაგებლო საქმიანობის პირველ ადგილზე დაყენება. ისინი ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანდნენ და „გული დაუმძიმდებოდათ“ (წაიკითხეთ ლუკას 21:34 ). ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ სრულდება ეს სიტყვები. ზოგიერთი ღვთის მსახური სხვა რამით არის დაკავებული. ეს ჩანს მათ გადაწყვეტილებებში, როდესაც საქმე ეხება სამუშაოს, უმაღლეს განათლებას, ნივთების შეძენას და აგრეთვე, თუ რამდენ დროს უთმობენ ისინი სპორტსა და გართობას. სხვები ძალაგამოცლილნი არიან სხვადასხვა ზეწოლისა და ცხოვრებისეული საზრუნავის გამო. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი დამოკიდებულება მაქვს მე? რა ჩანს ჩემს გადაწყვეტილებებში, თუ რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი?
4. ა) რაზე ლოცულობდა პავლე ფილიპელი ქრისტიანებისთვის, და რატომ? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში და რა მხრივ იქნება ეს ჩვენთვის დამხმარე?
4 პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ძალისხმევა უნდა მოეხმარათ, რომ სულიერი საქმეები პირველ ადგილზე დაეყენებინათ. მოციქული პავლე ხედავდა, რომ აუცილებელი იყო ლოცვა, რათა ფილიპელი ქრისტიანები დარწმუნებულიყვნენ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (წაიკითხეთ ფილიპელების 1:9—11). პავლეს მსგავსად, უმეტესობა „უფრო გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობდა ღვთის სიტყვას“ (ფილ. 1:12—14). დღესაც ღვთის მსახურთა უმრავლესობა გაბედულად ქადაგებს ღვთის სიტყვას. იმაზე ფიქრი, თუ რა კეთდება იეჰოვას ორგანიზაციაში, ნამდვილად გვეხმარება, უფრო მეტად დავკავდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმით, ქადაგებით. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უწყობს ხელს იეჰოვა მათეს 24:14-ის შესრულებას. რას აკეთებს იეჰოვას ორგანიზაცია და როგორ გვეხმარება ამის ცოდნა ჩვენ და ჩვენს ოჯახებს? მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა დაგვეხმარება, განვაგრძოთ მსახურება და ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას.
იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი
5, 6. ა) რატომ ანახა იეჰოვამ თავის მსახურებს თავისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი? ბ) რა ნახა ეზეკიელმა ხილვაში?
5 არის ბევრი რამ, რაც იეჰოვამ არ ჩაწერა თავის სიტყვაში. მაგალითად, ბიბლია არ გვაწვდის დაწვრილებით ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი ან როგორ იმართება სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. თუმცა იეჰოვამ მოგვაწოდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გვეხმარება, გავიგოთ მისი განზრახვები და ვიცხოვროთ მათ თანახმად (2 ტიმ. 3:16, 17). ღვთის სიტყვა საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ იეჰოვას ორგანიზაციის უხილავ ნაწილს. ჩვენში გაოცებას იწვევს, თუ როგორ არის აღწერილი იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია ესაიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნებში და იოანეს გამოცხადებაში (ეს. 6:1—4; ეზეკ. 1:4—14, 22—24; დან. 7:9—14; გამოცხ. 4:1—11). ღმერთმა თითქოსდა ფარდა გახსნა და შეგვახედა ზეცის კულისებში. რატომ გააკეთა მან ეს?
6 იეჰოვას სურს, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ მისი დიდებული ორგანიზაციის ნაწილი ვართ. გაცილებით მეტი კეთდება ღვთის განზრახვების მხარდასაჭერად, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. მაგალითად, ეზეკიელმა იხილა იეჰოვას ორგანიზაციის უხილავი ნაწილი, რომელიც გამოსახული იყო უზარმაზარი ზეციერი ეტლით. ამ ეტლს შეეძლო სწრაფად მოძრაობა და მყისვე მიმართულების შეცვლა (ეზეკ. 1:15—21). ბორბლების თითო ბრუნვის შედეგად ეტლს დიდი მანძილის დაფარვა შეეძლო. ეზეკიელმა ხილვაში აგრეთვე თვალი მოჰკრა მას, ვინც ეტლს მართავდა. მან თქვა: „დავინახე რაღაც, რაც ჰგავდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას და რაც გარემოცული იყო შიგნიდან გამოსული რაღაც ცეცხლისმაგვარით . . . ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო“ (ეზეკ. 1:25—28). ეს ხილვა ეზეკიელისთვის ნამდვილად შიშისმომგვრელი იქნებოდა. მან დაინახა, რომ იეჰოვა სრულად აკონტროლებს თავის ორგანიზაციას და ხელმძღვანელობს წმინდა სულით. ზეციერი ეტლი შესანიშნავად მოწმობს იმაზე, თუ როგორ მუშაობს იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი.
7. როგორ გვიმტკიცებს ნდობას დანიელის ხილვა?
7 დანიელმაც იხილა ბევრი რამ, რაც ნდობას გვიმტკიცებს. მან იხილა ტახტზე მჯდომი იეჰოვა, „ძველი დღეთა“. „ტახტი ცეცხლის ალი იყო“ და ბორბლები ჰქონდა (დან. 7:9). იეჰოვას უნდოდა, დანიელს დაენახა, რომ მისი ორგანიზაცია მოქმედებს, რათა შეასრულოს თავისი განზრახვა. დანიელმა აგრეთვე იხილა „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ ანუ იესო, რომელმაც მიიღო უფლება, ეხელმძღვანელა იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილისთვის. იესოს სრულყოფილი მმართველობა მხოლოდ რამდენიმე წელი არ იარსებებს, არამედ მისი მმართველობა „მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დან. 7:13, 14). ეს აღგვძრავს, მივენდოთ იეჰოვას და ვაღიაროთ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. ღმერთმა მისცა „მმართველობა, დიდება და სამეფო“ თავის ძეს, იესოს, რომელიც გამოიცადა და ერთგულება შეინარჩუნა. იეჰოვა ენდობა მას. ამიტომ ჩვენც შეგვიძლია ვენდოთ იესოს, ჩვენს მმართველს.
8. რა გავლენა მოახდინა ხილვებმა ეზეკიელსა და ესაიაზე და რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე?
8 რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე ხილვებმა იეჰოვას ორგანიზაციის უხილავი ნაწილის შესახებ? რასაც იეჰოვა აკეთებს, ეზეკიელის მსგავსად, ჩვენშიც იწვევს მოკრძალებასა და შიშს (ეზეკ. 1:28). იეჰოვას ორგანიზაციაზე ფიქრი მოქმედებისკენ აღგვძრავს ისევე, როგორც ესაია აღძრა მოქმედებისკენ ნანახმა. როგორც კი ესაიას შესაძლებლობა მიეცა, ეუწყებინა სხვებისთვის ღვთის საქმეების შესახებ, მან დაუყოვნებლივ იმოქმედა (წაიკითხეთ ესაიას 6:5, 8). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდებოდა. მსგავსადვე, როდესაც თვალს ვავლებთ იეჰოვას ორგანიზაციის უხილავ ნაწილს, ამან მოწიწება უნდა გამოიწვიოს ჩვენში და აღგვძრას მოქმედებისკენ. რა გამამხნევებელია, რომ ორგანიზაცია არ ჩერდება და ყველაფერს აკეთებს იეჰოვას განზრახვების შესასრულებლად.
იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი
9, 10. რატომ არის საჭირო იეჰოვას ორგანიზაციის ხილული ნაწილი?
9 იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ შექმნა თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი, რომელიც თავისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილთან შეთანხმებით მოქმედებს. რატომ არის საჭირო იეჰოვას ორგანიზაციის ხილული ნაწილი მათეს 24:14-ის შესასრულებლად? განვიხილოთ სამი მიზეზი.
10 პირველი, იესომ თქვა, რომ მისი მოწაფეები იქადაგებდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). მეორე, საჭირო იქნებოდა მათზე ზრუნვა და სულიერი საკვებით უზრუნველყოფა, ვინც სამქადაგებლო საქმით იქნებოდა დაკავებული (იოან. 21:15—17). მესამე, საჭირო იქნებოდა შეხვედრები, რათა ისინი, ვინც სასიხარულო ცნობას ავრცელებდნენ, ერთად შეკრებილიყვნენ, რომ თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის და ესწავლათ, როგორ შეესრულებინათ ეს საქმე (ებრ. 10:24, 25). ეს მიზნები თავისთავად ვერ განხორციელდებოდა. ქრისტეს მოწაფეები რომ წარმატებული ყოფილიყვნენ, ამ საქმეს კარგი ორგანიზება დასჭირდებოდა.
11. როგორ ვუჭერთ მხარს იმ ყველაფერს, რასაც იეჰოვას ორგანიზაცია აკეთებს?
11 როგორ ვუჭერთ მხარს იმ ყველაფერს, რასაც იეჰოვას ორგანიზაცია აკეთებს? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე არის ის, რომ ნდობას ვავლენთ მათდამი, ვისაც იეჰოვამ და იესომ სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობა დაავალეს. ქვეყნიერებაში დღეს უამრავი საქმე და მიზეზია, რამაც შეიძლება მათი ყურადღება, ვისაც ჩვენს შორის ხელმძღვანელობა აკისრია, სხვა რამეზე გადაიტანოს. მაგრამ რაზეა ყოველთვის იეჰოვას ორგანიზაციის ხილული ნაწილის ყურადღება გამახვილებული?
იფიქრეთ იმაზე, რაც „უფრო მნიშვნელოვანია“
12, 13. როგორ ასრულებენ ქრისტიანი უხუცესები თავიანთ პასუხისმგებლობას და რატომ არის ეს გამამხნევებელი?
12 გამოცდილი ქრისტიანი უხუცესები მთელ მსოფლიოში დანიშნულნი არიან, რათა ორგანიზება გაუწიონ და უხელმძღვანელონ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობას იქ, სადაც მსახურობენ. გადაწყვეტილებების მიღებისას ეს ძმები ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობენ ანუ მათთვის ბიბლია ხდება ლამპარი ფეხისთვის და სინათლე სავალისთვის. ისინი მხურვალედ ლოცულობენ, რათა იეჰოვამ უხელმძღვანელოს მათ (ფსალმ. 119:105; მათ. 7:7, 8).
13 მათ მსგავსად, ვისაც პირველ საუკუნეში ეკისრათ ხელმძღვანელობა, ქრისტიანი უხუცესებიც, რომლებიც ზედამხედველობენ სამქადაგებლო საქმიანობას დღეს, პირველ ადგილზე აყენებენ „სიტყვის მსახურებას“ (საქ. 6:4). მათ ძალიან ახარებთ, როდესაც ხედავენ, თუ როგორ მიიწევს წინ სამქადაგებლო საქმიანობა როგორც თავიანთ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში (საქ. 21:19, 20). უამრავი წესის დადგენის ნაცვლად, ისინი იყენებენ წმინდა წერილებს და მიჰყვებიან ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას, რათა ხელი შეუწყონ სამქადაგებლო საქმიანობის წინ წაწევას (წაიკითხეთ საქმეების 15:28 ). ასეთი სახით, ეს პასუხისმგებელი ძმები კარგ მაგალითს აძლევენ ყველას თავიანთ კრებებში (ეფეს. 4:11, 12).
14, 15. ა) რა კეთდება სამქადაგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად მთელ მსოფლიოში? ბ) რას გრძნობთ, როცა მხარს უჭერთ სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმეს?
14 ბევრი ვერ ხედავს იმ მშრომელ და-ძმებს, რომლებიც ამზადებენ სულიერ საზრდოს კრების შეხვედრებისა თუ კონგრესებისთვის და რომლებსაც ვღებულობთ ჩვენი პუბლიკაციების სახით. ათასობით მოხალისე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სულიერი საზრდო თარგმნოს 600-ზე მეტ ენაზე, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ თავის ენაზე (საქ. 2:7—11). ლიტერატურის დასაბეჭდად და ასაკინძად ახალგაზრდა და-ძმები მუხლჩაუხრელად შრომობენ. შემდეგ ლიტერატურა იგზავნება კრებებში, დედამიწის ყველაზე დაშორებულ ტერიტორიებზეც კი.
15 ბევრი რამ კეთდება, რომ ჩვენ მთელი ყურადღება გადავიტანოთ კრებასთან ერთად სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე. მაგალითად, ათასობით მოხალისე მონაწილეობს სამეფო და საკონგრესო დარბაზების აშენებაში, ეხმარება სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებს ან მათ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ორგანიზებას უწევს კონგრესებს და ასწავლის თეოკრატიულ სკოლებში. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. რა არის ამ ყველაფრის მიზანი? ხელი შეუწყოს სასიხარულო ცნობის ქადაგებას, სულიერად განამტკიცოს ისინი, ვინც ამ საქმეს უძღვება და მხარი დაუჭიროს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი კვლავაც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია.
მიჰყევით იეჰოვას ორგანიზაციას
16. რა შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ბიბლიის პირადი თუ ოჯახთან ერთად შესწავლის დროს?
16 ვფიქრობთ დროდადრო იმ საქმეებზე, რომლებიც იეჰოვას ორგანიზაციაში კეთდება? ზოგმა გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს თუ პირადი შესწავლის დროს გამოიკვლიოს ეს საკითხები და იფიქროს მათზე. ესაიას, ეზეკიელის, დანიელისა და იოანეს ხილვების გამოკვლევა შესწავლას საინტერესოს გახდის. იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ, თუ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომია წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ ან სხვა პუბლიკაციები თუ DVD ფილმები.
17, 18. ა) როგორ დაგეხმარათ ეს სტატია თქვენ? ბ) რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?
17 ჩვენთვის სასარგებლოა იმაზე ფიქრი, თუ რას აკეთებს იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. ამ საოცარი ორგანიზაციის მსგავსად, მოდი, არც ჩვენ გამოგვრჩეს მხედველობიდან ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება, გვქონდეს ისეთივე განწყობა, როგორიც პავლეს ჰქონდა. ის წერდა: „რადგან ჩვენ მიმართ გამოვლენილი გულმოწყალებით მივიღეთ ეს მსახურება, სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:1). პავლე აგრეთვე მოუწოდებდა თანაქრისტიანებს: „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალ. 6:9).
18 პირადად თქვენ ან თქვენი ოჯახი აყენებთ პირველ ადგილზე იმას, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თუ ამ მხრივ, ცვლილებების მოხდენა გჭირდებათ? შეგიძლიათ გაიმარტივოთ ცხოვრება ან თავი აარიდოთ ხელის შემშლელ ფაქტორებს, რათა მეტი ყურადღება დაუთმოთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, ქადაგებას? შემდეგ სტატიაში განვიხილავთ 5 მხარეს, რომლებიც დაგვეხმარება, ფეხდაფეხ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას.