„ბედნიერი ღვთის“ მსახურები ბედნიერები არიან
„ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).
1. რატომ არიან იეჰოვას თაყვანისმცემლები ბედნიერები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
იეჰოვას მოწმეები ნამდვილად ბედნიერები არიან. კრების შეხვედრებზე, კონგრესებსა თუ მეგობრულ შეკრებებზე ხშირად შენიშნავთ მათ მომღიმარ სახეებს და ყურს მოჰკრავთ მათ შორის გამართულ სასიამოვნო დიალოგებს. რატომ არიან ისინი ასეთი ბედნიერები? მათი ბედნიერების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ისინი იცნობენ, ემსახურებიან და ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას, ბედნიერ ღმერთს (1 ტიმ. 1:11; ფსალმ. 16:11). მას, როგორც ბედნიერების წყაროს, სურს, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყოთ და საამისოდ ბევრ მიზეზს გვაძლევს (კან. 12:7; ეკლ. 3:12, 13).
2, 3. ა) რა არის ბედნიერება? ბ) რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი ბედნიერების მიღწევაში?
2 რას იტყვით პირადად თქვენზე? ხართ ბედნიერი? რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ უფრო ბედნიერები გახდეთ? ერთი ლექსიკონის თანახმად, ბედნიერება შეიძლება განიმარტოს როგორც „ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება შეფარდებითი ემოციური მდგრადობით, კმაყოფილების გრძნობით, სიხარულის ინტენსიური განცდითა და მისი შენარჩუნების ბუნებრივი სურვილით“. ბიბლიიდან ჩანს, რომ ნამდვილი ბედნიერება იეჰოვას კურთხევებს მოაქვს. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ბედნიერებას ბევრი რამ უშლის ხელს.
3 ბედნიერება შეიძლება წაგვართვას საყვარელი ადამიანის სიკვდილმა, ახლობლის კრებიდან გარიცხვამ, განქორწინებამ ან სამსახურის დაკარგვამ. ჩვენს კეთილდღეობას შეიძლება ხელს უშლიდეს ოჯახური კონფლიქტი და გაუთავებელი დაპირისპირება. კლასელებისა თუ თანამშრომლების მხრიდან დაცინვამ, რელიგიური ნიშნით დევნამ ან პატიმრობამ შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს. ამასთანავე, ცხოვრებას გვირთულებს გაუარესებული ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადება ან დეპრესია. იესო ქრისტეს, „ბედნიერ და ერთადერთ ხელმწიფეს“, სიამოვნებდა ადამიანების ნუგეშისცემა და მათთვის ბედნიერების მინიჭება (1 ტიმ. 6:15; მათ. 11:28—30). მთაზე ქადაგების დროს იესომ მოიხსენია რამდენიმე თვისება, რომლებიც გვეხმარება ბედნიერები ვიყოთ მაშინაც კი, როცა სატანის ქვეყნიერებაში პრობლემები არ გველევა.
ბედნიერების მისაღწევად მთავარი იეჰოვასთან მეგობრობაა
4, 5. რა არის აუცილებელი ბედნიერებისთვის და როგორ შევინარჩუნოთ ის?
4 ის, რაც იესომ მთაზე ქადაგების დროს პირველი მოიხსენია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). როცა ადამიანი სულიერად იკვებება, აფასებს სულიერ საკითხებს და ბედნიერი ღვთის მსახურებას პირველ ადგილზე აყენებს, ცხადყოფს, რომ სულიერსაა მოწყურებული. სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება უფრო მეტ ბედნიერებას მოგვანიჭებს და ღვთის დაპირებების მიმართ რწმენას განგვიმტკიცებს. ამასთანავე, გვანუგეშებს „მშვენიერი იმედი“, რომელსაც ღვთის სიტყვა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს აძლევს (ტიტ. 2:13).
5 ჩვენმა ბედნიერებამ დიდხანს რომ გასტანოს, იეჰოვასთან მეგობრობა უნდა განვამტკიცოთ. მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყოველთვის იხარეთ უფალში [იეჰოვაში]. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4). იეჰოვასთან ასეთი ფასდაუდებელი ურთიერთობის განსავითარებლად ღვთიური სიბრძნე გვჭირდება. ბიბლიაში ნათქვამია: „ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა . . . სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“ (იგავ. 3:13, 18).
6. კიდევ რის გაკეთება გვმართებს ბედნიერების შესანარჩუნებლად?
6 ბედნიერების შესანარჩუნებლად ასევე აუცილებელია, რომ მხოლოდ კი არ ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, არამედ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ის. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნასწავლის თანახმად მოქმედება, იესომ თქვა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოან. 13:17; წაიკითხეთ იაკობის 1:25). ამის გარეშე წარმოუდგენელია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ხანგრძლივი ბედნიერების მიღწევა. მაგრამ როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები, როცა გარშემო ამდენი რამ გვიშლის ხელს? განვიხილოთ, კიდევ რა თქვა იესომ მთაზე ქადაგების დროს.
ბედნიერებისთვის საჭირო თვისებები
7. როგორ შეიძლება მგლოვიარენი ბედნიერები იყვნენ?
7 „ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ“ (მათ. 5:4). ზოგი, ალბათ, იკითხავს: როგორ შეიძლება მგლოვიარე ბედნიერი იყოს? ცხადია, იესო არ საუბრობდა სხვადასხვა მიზეზის გამო მგლოვიარე ადამიანებზე. დღეს ბოროტებსაც კი აწუხებთ ის პრობლემები, რომლებიც „მძიმე, ძნელად ასატანი“ დროისთვისაა დამახასიათებელი (2 ტიმ. 3:1). თუმცა ასეთ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, რაც ვერც იეჰოვასთან დააახლოებს მათ და ვერც ბედნიერებას მოუტანს. იესოს სულიერს მოწყურებული ადამიანები ჰყავდა მხედველობაში, რომლებიც სულიერად სავალალო მდგომარეობის გამო გლოვობენ. ისინი აცნობიერებენ, რომ ცოდვილები არიან და სწორედ ეს არის კაცობრიობის უბედურების მიზეზი. იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება მათი გულწრფელი „გლოვა“. ის ანუგეშებს მათ, სულიერად აძლიერებს და მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევს. გარდა ამისა, ისინი დღესვე ბედნიერები არიან (წაიკითხეთ ეზეკიელის 5:11; 9:4).
8. როგორ უწყობს ხელს რბილი ხასიათი ბედნიერებას?
8 „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). როგორ უწყობს ხელს რბილი ხასიათი ბედნიერებას? ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ადამიანები იცვლებიან. ერთ დროს შეიძლება ისინი უხეშები, შარიანები და აგრესიულები იყვნენ, მაგრამ „ახალი პიროვნებით“ შემოსვის შემდეგ ისეთ თვისებებს ავლენენ, როგორიცაა: თანაგრძნობა, სიკეთე, თავმდაბლობა, რბილი ხასიათი და სულგრძელობა (კოლ. 3:9—12). შედეგად, მათ სხვებთან უკეთესი ურთიერთობები აქვთ, მშვიდობიანად ცხოვრობენ და ბედნიერები არიან. მეტიც, ბიბლია ჰპირდება მათ, რომ ისინი „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:8—10, 29).
9. ა) რა გაგებით „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ რბილი ხასიათისანი? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“ ბედნიერები არიან?
9 რა გაგებით „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ რბილი ხასიათისანი? იესოს სულითცხებული მოწაფეები დედამიწას იმ გაგებით დაიმკვიდრებენ, რომ მთელ დედამიწაზე იმმართველებენ როგორც მეფეები და მღვდლები (გამოცხ. 20:6). მილიონობით ღვთის მსახური კი, რომელთაც არა აქვთ ზეციური მოწოდება, იმ გაგებით დაიმკვიდრებენ დედამიწას, რომ გასრულყოფილებულები მშვიდობიან გარემოში მარადიულად იცხოვრებენ მასზე და მათი ბედნიერება უსასრულოდ გასტანს. როგორც ზეციერი, ისე მიწიერი იმედის მქონენი ბედნიერები არიან, რადგან ისინი „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“ არიან (მათ. 5:6). მათი სურვილი, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, ბოლომდე მაშინ დაკმაყოფილდება, როცა ახალ ქვეყნიერებაში ბოროტებას საბოლოოდ დაესმება წერტილი (2 პეტ. 3:13). მაშინ მართალთა ბედნიერებას უკანონობა და უსამართლობა ვეღარ შეუქმნის საფრთხეს (ფსალმ. 37:17).
10. რას ნიშნავს, იყო გულმოწყალე?
10 „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათ. 5:7). სიტყვა „წყალობის“ მონათესავე ებრაული ზმნა განიმარტება, როგორც „თბილი, სათუთი გრძნობებით განმსჭვალვა . . . გულშემატკივრობა“. მსგავსად, ბერძნული ზმნაც სხვების თანაგრძნობის აზრს ატარებს. თუმცა წყალობაში მხოლოდ გრძნობები არ იგულისხმება. ბიბლიაში ეს სიტყვა გულმოწყალების საქმით დამტკიცებასაც გულისხმობს.
11. რის სწავლა შეგვიძლია გულმოწყალებაზე კეთილი სამარიელის შესახებ იგავიდან?
11 წაიკითხეთ ლუკას 10:30—37. იესოს იგავი კეთილ სამარიელზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას ნიშნავს გულმოწყალება. გულწრფელმა თანაგრძნობამ და გულმოწყალებამ სამარიელ მამაკაცს მოქმედებისკენ უბიძგა, რომ გატანჯული ადამიანისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. იგავის ბოლოს იესომ თქვა: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“. ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: «მეც ასე ვიქცევი? ვაკეთებ იმას, რაც თანამგრძნობმა სამარიელმა გააკეთა? შემიძლია უფრო მეტად გამოვავლინო გულმოწყალება და სიკეთე გავუკეთო მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო იტანჯება? ხომ არ შემიძლია პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინო ხანდაზმულ თანაქრისტიანს, ქვრივს ან იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები? შემიძლია ინიციატივა გამოვავლინო და ვანუგეშო „დამწუხრებული სულები“?» (1 თეს. 5:14; იაკ. 1:27).
12. რატომ გვანიჭებს გულმოწყალება ბედნიერებას?
12 რატომ გვანიჭებს გულმოწყალება ბედნიერებას? როცა სხვებს გულმოწყალებით ვეპყრობით, გაცემით გამოწვეულ სიხარულს ვგრძნობთ. რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი საქციელი სიამოვნებს იეჰოვას (საქ. 20:35; წაიკითხეთ ებრაელების 13:16). გულმოწყალე ადამიანზე საუბრისას მეფე დავითმა თქვა: „იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე“ (ფსალმ. 41:1, 2). თუ სხვების მიმართ გულმოწყალენი და თანამგრძნობნი ვიქნებით, იეჰოვაც გამოავლენს წყალობას ჩვენ მიმართ, რაც მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს (იაკ. 2:13).
რატომ არიან ბედნიერნი „სუფთა გულისანი“
13, 14. რა კავშირია სუფთა გულის ქონასა და ბედნიერებას შორის?
13 „ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათ. 5:8). გულის სუფთად დასაცავად შინაგანი სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ და ვაკონტროლოთ საკუთარი გრძნობები და სურვილები. იეჰოვას თვალში დაულაქავებლები რომ დავრჩეთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც წმინდაა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:2; 1 ტიმ. 1:5).
14 „სუფთა გულისანი“ ხარობენ იეჰოვასთან ურთიერთობით, რომელიც ამბობს: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი“ (გამოცხ. 22:14). რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ცხებულმა ქრისტიანებმა გაირეცხეს „გრძელი სამოსელი“ და იეჰოვას თვალში სუფთები გახდნენ. იეჰოვა ზეციერ სამეფოში მათ უკვდავებით და უსასრულო ბედნიერებით დააჯილდოებს. უამრავ ხალხსაც, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, შეუძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება, რადგან ის მათ მართლებად მიიჩნევს. ისინი დღესვე ირეცხავენ თავიანთ „გრძელ სამოსელს“ და ათეთრებენ კრავის სისხლით (გამოცხ. 7:9, 13, 14).
15, 16. რა გაგებით შეუძლიათ სუფთა გულის ადამიანებს „ღმერთი იხილონ“?
15 როგორ შეიძლება სუფთა გულის ადამიანებმა ღმერთი იხილონ, მაშინ როცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“? (გამ. 33:20). ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც დანახვა, შეიძლება ნიშნავდეს წარმოდგენას, შემჩნევას, ცნობას. ასე რომ, „გულის თვალებით“ ღვთის „დანახვა“ ნიშნავს, ვიცნობდეთ მას და ვაფასებდეთ მის თვისებებს (ეფეს. 1:18). იესო სრულყოფილად ირეკლავდა ღვთის პიროვნებას, ამიტომაც შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:7—9).
16 გარდა იმისა, რომ იეჰოვას თვისებებს ეცნობიან, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღმერთს იმ გაგებითაც „ხედავენ“, რომ აკვირდებიან მათ საკეთილდღეოდ გაკეთებულ ღვთის საქმეებს (იობ. 42:5). ამასთანავე, მათ „გულის თვალები“ მიპყრობილი აქვთ შესანიშნავი კურთხევებისკენ, რომელთაც ღმერთი გვპირდება. ამ ადამიანებს, რომლებიც სიწმინდისა და ერთგულების შენარჩუნებას ცდილობენ, იეჰოვა წარმოუდგენელ მომავალს უმზადებს. ცხადია, ცხებული ქრისტიანები აღდგენისა და ზეციური ჯილდოს მიღების შემდეგ პირდაპირი გაგებით იხილავენ იეჰოვას (1 იოან. 3:2).
ბედნიერნი პრობლემების მიუხედავად
17. რატომ არიან ბედნიერები მშვიდობისმყოფელნი?
17 შემდეგ იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“ (მათ. 5:9). ბედნიერები არიან ისინი, რომლებიც პირველები დგამენ ნაბიჯს მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოწაფე იაკობმა დაწერა: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:18). როცა ოჯახის ან კრების წევრთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ. პასუხად იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს თავის სულს და სწორად მოქცევაში დაგვეხმარება, რაც ბედნიერებას მოგვანიჭებს. იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად აუცილებელია, მშვიდობის ხელშესაწყობად პირველებმა გადავდგათ ნაბიჯი. მან თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24).
18, 19. რატომ არიან ქრისტიანები ბედნიერები მაშინაც კი, როცა იდევნებიან?
18 რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო“? პასუხს იქვე ვკითხულობთ: „იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:11, 12). როცა მოციქულებს სცემეს და ქადაგება აუკრძალეს, „ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ“. რა თქმა უნდა, მათ ჭრილობები და ტკივილი კი არ ანიჭებდა სიხარულს, არამედ ახარებდა ის, „რომ მისი [იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:41).
19 იეჰოვას მსახურები დღესაც არ კარგავენ სიხარულს, როცა იესოს სახელის გულისთვის იდევნებიან ან განსაცდელებს ხვდებიან (წაიკითხეთ იაკობის 1:2—4). ფაქტია, მოციქულების მსგავსად არც ჩვენ გვანიჭებს ტანჯვა სიხარულს, მაგრამ, თუ განსაცდელების დროს ერთგულები დავრჩებით, იეჰოვა სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მაგალითად, 1944 წლის აგვისტოში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჰენრიკ დორნიკი თავის ძმასთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. თუმცა მოწინააღმდეგეებმა აღიარეს: „შეუძლებელია მათ ის გააკეთებინო, რის გაკეთებაც არ სურთ. მათ უხარიათ, როცა რწმენის გამო იტანჯებიან“. ძმა ჰენრიკმა თქვა: „მართალია, სულაც არ მსურდა ტანჯვა, მაგრამ სიხარულს მგვრიდა ის, რომ იეჰოვასადმი ერთგულების გამო განსაცდელებს ვაჟკაცურად და ღირსეულად ვხვდებოდი . . . გულმხურვალე ლოცვებმა უფრო დამაახლოვა იეჰოვასთან, მან კი დამარწმუნა, რომ მუდამ ჩემ გვერდით იყო“.
20. რატომ გვანიჭებს ბედნიერებას „ბედნიერი ღვთის“ მსახურება?
20 დევნის, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის, ავადმყოფობისა თუ ხანდაზმულობის მიუხედავად ბედნიერებას განვიცდით, როცა ვგრძნობთ, რომ „ბედნიერი ღვთის“ იეჰოვას მოწონებას ვიმსახურებთ (1 ტიმ. 1:11). ღმერთი, „რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს“, შეუდარებელ მომავალს გვპირდება, რაც უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებს (ტიტ. 1:2). როცა ეს ყველაფერი რეალობად იქცევა, იმდენად შთამბეჭდავი იქნება, რომ დღევანდელი პრობლემები არაფრად მოგვეჩვენება. ახალ ქვეყნიერებაში ისეთი კურთხევები გველის, რომელთა წარმოდგენაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. მაშინ ადამიანები ენით აუწერელ ბედნიერებას მიაღწევენ და „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმ. 37:11).