‘ერთგული მონა’ მზად აღმოჩნდა!
„დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრე 4:17).
1. რა მდგომარეობა დახვდა იესოს, როცა „მონის“ შესამოწმებლად მოვიდა?
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესომ დააყენა „მონა“, რომელსაც მისი „სახლეულისთვის“ დროულად უნდა მიეცა საზრდო. 1914 წელს იესო ზეცაში გამეფდა და მალე „მონის“ შემოწმების დროც დადგა. იესომ დაინახა, რომ „მონის“ კლასის წევრთა უმეტესობა „ერთგული და გონიერი“ იყო. ამიტომაც მან ის „მთელ თავის საბადებელზე“ დააყენა (მათე 24:45—47). მაგრამ იყო ბოროტი მონაც, რომელიც არც ერთგული აღმოჩნდა და არც გონიერი.
‘ეს ბოროტი მონა’
2, 3. ვისი რიგებიდან გამოვიდა „ბოროტი მონა“ და როგორ წარმოიშვა ის?
2 „ერთგული და გონიერი მონის“ შესახებ საუბრის დამთავრებისთანავე იესომ ბოროტი მონა მოიხსენია. მათ თქვა: „თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი, და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ჭამს და სვამს ლოთებთან, მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე 24:48—51). სიტყვები „ეს მონა“ ყურადღებას გვამახვილებინებს იმაზე, რაც იესომ მანამდე ერთგულ და გონიერ მონაზე თქვა. დიახ, „ბოროტი მონა“ ერთგული მონის რიგებიდან გამოვიდაa. როგორ?
3 ერთგული მონის მრავალ წევრს 1914 წლამდე დიდი იმედი ჰქონდა, რომ იმ წელს ზეცაში ნეფეს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. ამ და სხვა მიზეზთა გამო ბევრს გული გაუტყდა, ზოგი კი გაბოროტდა. გაბოროტებულთაგან ზოგმა დაიწყო ყოფილი ძმების სიტყვიერი „ცემა“ და „ლოთებთან“, ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ მიმდინარეობებთან, ურთიერთობა (ესაია 28:1—3; 32:6).
4. როგორ მოექცა იესო „ბოროტ მონას“ და სხვებს, რომლებმაც ამ მონის მსგავსი სულისკვეთება გამოავლინეს?
4 საბოლოოდ გამოვლინდა, რომ ეს ყოფილი ქრისტიანები „ბოროტ მონას“ შეესაბამებოდნენ და ამიტომაც იესომ ისინი «შუაზე გაკვეთა [„სასტიკად დასაჯა“, აქ]». როგორ? მან უარყო ყოველი მათგანი, რის შედეგადაც ზეციერი ცხოვრების იმედი დაკარგეს. მაგრამ ისინი დაუყოვნებლივ არ განადგურებულან — მათ თავიდან ქრისტიანული კრების გარეთ, „გარესკნელის სიბნელეში“, ტირილისა და კბილთა ღრჭენის პერიოდი უნდა გაევლოთ (მათე 8:12). იმ დროიდან მოყოლებული სხვა ცხებულმა ქრისტიანებმაც გამოავლინეს ასეთივე ბოროტი სულისკვეთება, რითაც ცხადყვეს, რომ „ბოროტ მონას“ მიეკუთვნებოდნენ. მათ ორგულობას „სხვა ცხვრების“ ზოგმა წარმომადგენელმაც მიბაძა (იოანე 10:16). ქრისტეს ყველა ასეთი მტრის ბოლოც იგივე სულიერი „გარესკნელის სიბნელეა“.
5. რა რეაქცია ჰქონდა „ერთგულ და გონიერ მონას“, „ბოროტი მონისგან“ განსხვავებით?
5 „ბოროტი მონის“ მსგავსად, „ერთგული და გონიერი მონაც“ გამოიცადა. მაგრამ გაბოროტების ნაცვლად, მისი წევრები ‘განმტკიცდნენ [„გამოსწორდნენ“, აქ]’ (2 კორინთელთა 13:11). უფრო მეტად განმტკიცდა იეჰოვასადმი და ძმებისადმი მათი სიყვარული. ამის შედეგად, ისინი „ჭეშმარიტების სვეტად და საფუძვლად“ იქცნენ ამ მშფოთვარე „უკანასკნელ დღეებში“ (1 ტიმოთე 3:15; 2 ტიმოთე 3:1).
გონიერი და უგუნური ქალწულები
6. ა) რა იგავი მოიყვანა იესომ ერთგული მონის კლასის გონიერების დასანახვებლად? ბ) რას აუწყებდნენ ხალხს ცხებული ქრისტიანები 1914 წლამდე?
6 „ბოროტ მონაზე“ საუბრის შემდეგ იესომ ორი იგავი მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ რატომ აღმოჩნდებოდა ზოგი ცხებული ქრისტიანი ერთგული და გონიერი, ხოლო ზოგი კი — არაb. გონიერებასთან დაკავშირებით მან ასეთი იგავი მოიყვანა: „ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი — გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით“ (მათე 25:1—4). ათი ქალწული ცხებულ ქრისტიანებს მოგვაგონებს 1914 წლამდე. მათ გამოთვლილი ჰქონდათ, რომ ნეფე, იესო ქრისტე, მალე გამოჩნდებოდა. ამიტომაც ისინი მის შესახვედრად „გამოვიდნენ“, ანუ გაბედულად დაიწყეს ქადაგება, რომ 1914 წელს „წარმართთა ჟამი“ დასრულდებოდა (ლუკა 21:24).
7. როდის და რატომ ‘დაეძინათ’ ცხებულ ქრისტიანებს სულიერი გაგებით?
7 ისინი არ ცდებოდნენ. 1914 წელს წარმართთა ჟამი ნამდვილად დამთავრდა და ქრისტე იესოს ხელმძღვანელობით მმართველობა დაიწყო ღვთის სამეფომ. მაგრამ ეს ყოველივე ადამიანისთვის უხილავად მოხდა ზეცაში. დედამიწაზე კი კაცობრიობას ნაწინასწარმეტყველები უმძიმესი პერიოდი დაუდგა (გამოცხადება 12:10, 12). დაიწყო გამოცდის პერიოდი. ცხებული ქრისტიანებისთვის ბოლომდე გასაგები არ იყო ის, თუ რა ხდებოდა; ამიტომაც ფიქრობდნენ, რომ ‘ნეფე იგვიანებდა’. დაბნეულობისა და წუთისოფლის მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო ისინი თანდათანობით მოსუსტდნენ და ბოლოს თითქმის სრულიად შეწყვიტეს ორგანიზებული ქადაგება. იგავში მოხსენიებული ქალწულების მსგავსად, სულიერი გაგებით მათ „ჩათვლიმათ და დაეძინათ“, როგორც ეს ორგულ, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს დაემართათ იესოს მოწაფეების სიკვდილის შემდეგ (მათე 25:5; გამოცხადება 11:7, 8; 12:17).
8. რა მოჰყვა შეძახილს: „აჰა, ნეფე მოდის“ და ამ დროს რა უნდა გაეკეთებინათ ცხებულ ქრისტიანებს?
8 შემდეგ, 1919 წელს, მოხდა რაღაც მოულოდნელი. იგავში ვკითხულობთ: „შუაღამისას გაისმა ყვირილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’ მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები“ (მათე 25:6, 7). სწორედ ყველაზე უიმედო მდგომარეობისას გაისმა შეძახილი, რომ ამოქმედებულიყვნენ! 1918 წელს იეჰოვას სულიერ ტაძარში «აღთქმის ანგელოზი [„კავშირის მაცნე“, აქ]» მოვიდა, რათა შეემოწმებინა და გაეწმინდა ღვთის კრება (მალაქია 3:1). ახლა ცხებული ქრისტიანები უნდა გასულიყვნენ და ამ ტაძრის მიწიერ ეზოებში უნდა შეხვედროდნენ მას. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მათ ‘ნათება უნდა დაეწყოთ’ (ესაია 60:1; ფილიპელთა 2:14, 15).
9, 10. რატომ იყო ზოგი ქრისტიანი „გონიერი“, ხოლო ზოგი — „უგუნური“ 1919 წელს?
9 ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. იგავში მოხსენიებულ ზოგ ქალწულს პრობლემა შეექმნა. იესომ განაგრძო: „უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება’“ (მათე 25:8). ზეთის გარეშე ლამპარი ვერ გაანათებს. ზეთის ლამპარი მოგვაგონებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებასა და სულიწმიდას, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ნათების შესაძლებლობას აძლევს (ფსალმუნები 118:130; დანიელი 5:14). 1919 წლის დადგომამდე გონიერმა ცხებულმა ქრისტიანებმა, დროებითი დასუსტების მიუხედავად, გულმოდგინედ დაიწყეს კვლევა, თუ რა იყო ღვთის ნება მათთან დაკავშირებით. ამიტომაც, როცა გაისმა შეძახილი, რომ გაენათებინათ, ისინი მზად აღმოჩნდნენ (2 ტიმოთე 4:2; ებრაელთა 10:24, 25).
10 მათგან განსხვავებით, ზოგი ცხებული მზად არ იყო მსხვერპლის გასაღებად და გულმოდგინების გამოსავლენად, თუმცაღა მათაც ძალიან სურდათ ნეფესთან ყოფნა. ასე რომ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ, როცა სასიხარულო ცნობის აქტიურად ქადაგების დრო დადგა (მათე 24:14). ასეთი ცხებულები იმასაც კი ცდილობდნენ, რომ გულმოდგინე ქრისტიანები შეეჩერებინათ, რაც უგუნური ქალწულების მიერ ზეთის თხოვნას ჰგავდა. რა რეაქცია ჰქონდათ გონიერ ქალწულებს იესოს იგავში? მათ უგუნურ ქალწულებს მიუგეს: „არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“ (მათე 25:9). მსგავსად ამისა, ერთგულმა ცხებულმა ქრისტიანებმა 1919 წელს არაფერი გააკეთეს ისეთი, რაც ხელს შეუშლიდა მათ ნათებას. ამგვარად, მათ გამოცდის პერიოდი წარმატებით გაიარეს.
11. რა დაემართათ უგუნურ ქალწულებს?
11 იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „როცა ისინი [უგუნური ქალწულები] წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე; გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.’ ხოლო მან მიუგო პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’“ (მათე 25:10—12). დიახ, ზოგი მზად არ აღმოჩნდა ნეფის მოსვლისას. ამის გამო მათ წარმატებით ვერ გაიარეს შემოწმება და ხელიდან გაუშვეს ნეფის ზეციერ საქორწილო ნადიმზე ყოფნის შესაძლებლობა. რა სამწუხაროა!
იგავი ტალანტებზე
12. ა) რა იგავი მოიყვანა იესომ ერთგულებასთან დაკავშირებით? ბ) ვინ იყო კაცი, რომელიც ‘გაემგზავრა’?
12 გონიერებასთან დაკავშირებული იგავის შემდეგ იესომ ერთგულებასთან დაკავშირებით მოიყვანა ასეთი იგავი: „ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი და სხვას — ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა“ (მათე 25:14, 15). იგავში მოხსენიებული კაცი თვითონ იესოა, რომელიც მაშინ ‘გაემგზავრა’, როცა ახ. წ. 33 წელს ზეცად ამაღლდა. მაგრამ ზეცად ამაღლებამდე იესომ „თავისი ქონება“ თავის ერთგულ მოწაფეებს ჩააბარა. როგორ?
13. როგორ ჩაუყარა საფუძველი იესომ მნიშვნელოვან საქმეს და როგორ დაავალა თავის „მონებს“ ამ საქმის გაგრძელება?
13 დედამიწაზე მსახურებისას იესომ მთელ ისრაელში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი (მათე 9:35—38). ‘გამგზავრებამდე’ მან ეს საქმე თავის ერთგულ მოწაფეებს მიანდო: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:18—20). ამ სიტყვებით მან საქმის გაგრძელება დაბრუნებამდე თავის „მონებს“ დაავალა, რაც „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“ უნდა ეკეთებინა.
14. რატომ არ მოეთხოვებოდა ყველას დავალების ერთნაირად შესრულება?
14 ეს ფრაზა მიგვანიშნებს, რომ პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანს თანაბარი მდგომარეობა და შესაძლებლობები არ ჰქონდა. ზოგს, პავლესა და ტიმოთეს მსგავსად, ქადაგებასა და სწავლებაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლო. სხვების შესაძლებლობები და თავისუფლება კი, შესაძლოა, უკიდურესად შეზღუდული ყოფილიყო. მაგალითად, ზოგი ქრისტიანი მონა იყო, ზოგი მძიმედ ავადმყოფობდა ან ხანში იყო შესული, სხვებს კი ოჯახური მოვალეობები ჰქონდათ. ცხადია, კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობები ყველა მოწაფეს არ ეძლეოდა ან ამ მოვალეობებს ყველა ვერ იტვირთებდა. ცხებული დები და ზოგიერთი ცხებული ძმა არ ასწავლიდნენ კრებაში (1 კორინთელთა 14:34; 1 ტიმოთე 3:1; იაკობი 3:1). და მაინც, რა მდგომარეობაც უნდა ჰქონოდათ, ქრისტეს ყველა ცხებული მოწაფე — მამაკაცი თუ ქალი — ჩაბმული იყო საერთო საქმეში; ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად მათ საუკეთესოდ უნდა გამოეყენებინათ საკუთარი მდგომარეობა თუ შესაძლებლობები. ქრისტეს მოწაფეები დღესაც ასე იქცევიან.
შემოწმების დრო დგება!
15, 16. ა) როდის დადგა ანგარიშის მოკითხვის დრო? ბ) ‘მოგების ნახვის’ რა ახალი შესაძლებლობები მიეცათ ერთგულ მონებს?
15 იგავი შემდეგნაირად გრძელდება: „კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოჰკითხა“ (მათე 25:19). 1914 წელს, ახ. წ. 33 წლიდან მართლაც დიდი ხნის შემდეგ, იესო სამეფო ძალაუფლებით მოვიდა. სამწელიწად-ნახევარში, 1918 წელს, ის ღვთის სულიერ ტაძარში მოვიდა და შეასრულა პეტრეს სიტყვები: „დროა ღვთის სახლიდან განკითხვის დაწყებისა“ (1 პეტრე 4:17; მალაქია 3:1). ანგარიშის მოკითხვის დროც დადგა.
16 რა გააკეთეს მონებმა, იესოს ცხებულმა ძმებმა, მეფის „ტალანტებით“? ახ. წ. 33 წლიდან მოყოლებული 1914 წლამდე ბევრი მათგანი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა იესოს საქმეში ‘მოგება ენახა’ (მათე 25:16). ისინი პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი ავლენდნენ თავიანთი ბატონისთვის მსახურების დიდ სურვილს. ახლა მართებული იყო ერთგული მონებისთვის ‘მოგების ნახვის’ ახალი შესაძლებლობების მიცემა. მოსული იყო ამ სისტემის უკანასკნელი ჟამი. სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები. უნდა მომკილიყო „სამკალი მიწაზე“ (გამოცხადება 14:6, 7, 14—16). ხორბლის კლასის უკანასკნელი წევრები უნდა მოძებნილიყვნენ და „სხვა ცხვრების“ ნაწილი „უამრავი ხალხი“ უნდა შეკრებილიყო (გამოცხადება 7:9; მათე 13:24—30).
17. როგორ ‘შევიდნენ თავიანთი ბატონის სიხარულში’ ერთგული ცხებული ქრისტიანები?
17 მკის დრო სასიხარულო პერიოდია (ფსალმუნები 125:6). ამიტომაც მართებულია ის, რომ 1919 წელს დამატებითი პასუხისმგებლობების მიცემისას იესომ ერთგულ ცხებულ ძმებს უთხრა: „მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“ (მათე 25:21, 23). ბატონის, ღვთის სამეფოს ტახტზე ახლად ასული მეფის, სიხარული ჩვენს გაგებას აღემატება (ფსალმუნები 44:2, 3, 7, 8). ერთგული მონის კლასი იზიარებს ამ სიხარულს იმით, რომ მეფის წარმომადგენელია და დედამიწაზე მისი ინტერესებისთვის შრომობს (2 კორინთელთა 5:20). მათი სიხარული კარგად ჩანს ესაიას 61:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებში: „სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი“.
18. რატომ არ აღმოჩნდა შემოწმების დროს ზოგი ერთგული და რა მოჰყვა ამას?
18 სამწუხაროდ, შემოწმების დროს ყველა არ აღმოჩნდა ერთგული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს’“ (მათე 25:24, 25). მსგავსად ამისა, ზოგი ცხებული ქრისტიანი არც კი შეეცადა, რომ ‘მოგება ენახა’. 1914 წლამდე ისინი ენთუზიაზმით არ უზიარებდნენ სხვებს თავიანთ იმედს და არც 1919 წელს სურდათ ამის დაწყება. რა რეაქცია ჰქონდა ასეთ კადნიერებაზე იესოს? მან ყოველგვარი პასუხისმგებლობა ჩამოართვა მათ. ისინი ‘გადაყრილ იქნენ გარესკნელის ბნელში, სადაც მოთქმასა და კბილთა ღრჭენას მოჰყვებოდნენ’ (მათე 25:28, 30).
შემოწმება გრძელდება
19. რა მხრივ გრძელდება შემოწმება და რა აქვს განზრახული თითოეულ ცხებულ ქრისტიანს?
19 ცხადია, მათი უმრავლესობა, ვინც უკანასკნელ ჟამს ქრისტეს ცხებული მონა უნდა გამხდარიყო, ჯერ არ ემსახურებოდა იეჰოვას 1918 წელს, როცა იესომ შემოწმება დაიწყო. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი შემოწმებას არ გაივლიდნენ? არა. 1918-1919 წლები, როცა „ერთგული და გონიერი მონა“ როგორც კლასი გამოიცადა, შემოწმების პერიოდის მხოლოდ დასაწყისი იყო. ცალკეული ცხებული ქრისტიანები კვლავაც გადიან შემოწმებას ბეჭდის საბოლოო დასმამდე (გამოცხადება 7:1—3). ქრისტეს ცხებულ ძმებს კარგად ესმით ეს, ამიტომაც ყოველმხრივ ცდილობენ, ერთგულად იშრომონ, რათა კვლავაც ‘ნახონ მოგება’. მათ მტკიცედ აქვთ განზრახული, გონიერება გამოავლინონ და საკმარისად ჰქონდეთ ზეთი იმისათვის, რომ ნათება განაგრძონ. ცხებულმა ქრისტიანებმა იციან, რომ თითოეულ მათგანს, ვინც ერთგულად დაასრულებს მიწიერი სიცოცხლის გზას, იესო ზეცაში მიიღებს (მათე 24:13; იოანე 14:2—4; 1 კორინთელთა 15:50, 51).
20. ა) რა აქვთ მტკიცედ გადაწყვეტილი „სხვა ცხვრების“ წარმომადგენლებს? ბ) რა ესმით ცხებულ ქრისტიანებს?
20 „უამრავი ხალხი“, რომელსაც მიწიერი იმედი აქვს, ცხებულ ძმებს ბაძავს. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს ესმით, რომ ღვთის განზრახვის ცოდნა მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს (ეზეკიელი 3:17—21). ამიტომაც, ცდილობენ იეჰოვას სიტყვისა და სულიწმიდის დახმარებით ყოველთვის უხვად ჰქონდეთ ზეთის მარაგი, რის შესაძლებლობასაც მათ შესწავლა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა აძლევთ. ისინი ანათებენ ქადაგებასა და სწავლებაში მონაწილეობით და, ამგვარად, ცხებულ ძმებთან ერთად ცდილობენ ‘ნახონ მოგება’. თუმცა, ცხებულ ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ ტალანტები მათ მიეცათ და მათ უნდა ჩააბარონ ანგარიში დედამიწაზე უფლის საბადებლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად ბევრნი არ არიან, მათ არ შეუძლიათ, თავიანთი პასუხისმგებლობა „უამრავ ხალხს“ გადააბარონ. ამიტომაც, „ერთგული და გონიერი მონა“ მეფის საქმის ხელმძღვანელობას განაგრძობს და მადლიერია „უამრავი ხალხის“ წარმომადგენელი ერთგული ქრისტიანების მხარდაჭერისთვის. მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები აღიარებენ ცხებული ძმების პასუხისმგებლობას და დიდ პატივად თვლიან მათი ხელმძღვანელობით მსახურებას.
21. რომელი შეგონება ეხება 1919 წლის წინა პერიოდიდან დღემდე მცხოვრებ ყველა ქრისტიანს?
21 ამრიგად, ეს ორი იგავი 1919 წლის და მის წინა თუ შემდგომი პერიოდის მოვლენებს ეხება, მაგრამ მასში მოცემული პრინციპები პრაქტიკულია უკანასკნელ ჟამს მცხოვრები ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. ასე რომ, ათი ქალწულის შესახებ იგავის ბოლოს მოცემული შეგონება, რომელიც უპირველესად ცხებულ ქრისტიანებს ეხებოდა 1919 წლამდე, დღემდე თითოეულ ქრისტიანს ეხება. დაე თითოეულმა ჩვენგანმა გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები: „ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე“ (მათე 25:13).
[სქოლიოები]
a მსგავსად ამისა, მოციქულების სიკვდილის შემდეგ ცხებულ ქრისტიან უხუცესთა რიგებიდან „ულმობელი მგლები“ გამოვიდნენ (საქმეები 20:29, 30).
b იესოს ეს იგავი განხილულია ასევე წიგნში «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ მმართველობით», მე-5 და მე-6 თავები (ინგლ.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
შეგიძლიათ ახსნათ?
• როდის შეამოწმა იესომ თავისი მიმდევრები და რა მდგომარეობა დახვდა მას?
• რატომ განუვითარდა ზოგ ცხებულ ქრისტიანს „ბოროტი მონის“ სულისკვეთება?
• როგორ შეგვიძლია სულიერი თვალსაზრისით გონიერნი ვიყოთ?
• იესოს ერთგული ცხებული ძმების მიბაძვით, რა მხრივ შეგვიძლია განვაგრძოთ ‘მოგების ნახვა’?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
როდის მოდის იესო?
მათეს 24-ე და 25-ე თავებში იესოს სხვადასხვა გაგებით ‘მოსვლა’ იგულისხმება. მას ფიზიკურად გადაადგილება არ სჭირდება იმისათვის, რომ ‘მოვიდეს’. ის იმ გაგებით ‘მოდის’, რომ ყურადღებას აქცევს კაცობრიობას ან თავის მიმდევრებს, რაც ხშირად განაჩენის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. 1914 წელს ის ‘მოვიდა’, როგორც ტახტზე ასული მეფე (მათე 16:28; 17:1; საქმეები 1:11). 1918 წელს კი ‘მოვიდა’, როგორც «აღთქმის ანგელოზი [„კავშირის მაცნე“, აქ]» და დაიწყო მათი განსჯა, ვინც თავს ღვთის მსახურად აცხადებდა (მალაქია 3:1—3; 1 პეტრე 4:17). არმაგედონისას ის იეჰოვას მტრებისთვის გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ‘მოვა’ (გამოცხადება 19:11—16).
მათეს 24:29—44-სა და 25:31—46-ში არაერთხელ მოხსენიებული ‘მოსვლა’ „დიდი გასაჭირის“ დროს მოხდება (გამოცხადება 7:14). მათეს 24:45-დან 25:30-მდე მუხლებში რამდენიმეჯერ მოხსენიებული ‘მოსვლა’ კი უკავშირდება ქრისტეს ცრუ მოწაფეთა განკითხვას, რომელიც 1918 წლიდან დაიწყო. მაგალითად, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ერთგული მონის დაჯილდოება, უგუნური ქალწულებისა და იმ ზარმაცი მონის განსჯა, რომელმაც ბატონის ტალანტები დამალა, დიდი გასაჭირის დროს იესოს ‘მოსვლისას’ მოხდება. ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ იმ დროს ბევრი ცხებული ორგული აღმოჩნდებოდა და საჭირო გახდებოდა მათი შეცვლა. გამოცხადების 7:3-ში კი ნათქვამია, რომ იმ დროისათვის ქრისტეს ყველა ცხებული მონა საბოლოოდ იქნება ‘ბეჭედდასმული’.
[სურათი 14 გვერდზე]
„ბოროტ მონას“ 1919 წელს არავითარი კურთხევა არ მიუღია.
[სურათი 15 გვერდზე]
გონიერი ქალწულები მზად აღმოჩნდნენ ნეფის მოსვლისას.
[სურათი 17 გვერდზე]
ერთგული მონები ‘მოგებას ნახულობდნენ’.
ზარმაცი მონა არაფერს აკეთებდა.
[სურათები 18 გვერდზე]
ცხებულები და „უამრავი ხალხი“ ნათებას განაგრძობენ.