ბიბლიის თვალსაზრისი
რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს მესაზე?
ღვთისმოშიში კათოლიკეები ეთანხმებიან პაპს, იოანე პავლე II-ს, რომელმაც, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იტყობინებოდა, ახლახან „კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკლესია კათოლიკური მესის გაცდენას ცოდვად მიიჩნევს“. რა არის მესა? ემთხვევა ერთმანეთს ეკლესიისა და ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით?
ერთ წიგნში კათოლიკე მღვდელი მარტინ ჯ. სკოტი მესას შემდეგნაირად განსაზღვრავს: „მესა სისხლის დაღვრის გარეშე ქრისტეს სხეულისა და სისხლის შეწირვაა. გოლგოთაზე კი ქრისტეს შეწირვისას სისხლი დაიღვარა. მესა ფაქტიურად იგივე მსხვერპლად შეწირვაა, რაც მაშინ ჯვარზე მოხდა. ეს არც გამონაგონია, არც მეტაფორა და არც გაზვიადება. მესა მოითხოვს ჩვენს სამსხვერპლოებზე ღვთის ძის შეწირვას“ (Things Catholics Are Asked About).
აქვს მესას ბიბლიური საფუძველი?
გულწრფელ კათოლიკეებს სწამთ, რომ მესა ბიბლიური სწავლებაა. ამის დამადასტურებლად ისინი იყენებენ იესოს სიტყვებს, რომლებიც მან ეგრეთ წოდებული „უკანასკნელი სერობისას“ წარმოთქვა. როდესაც ის უნაწილებდა პურსა და ღვინოს თავის მოციქულებს, პურის მიცემისას იესომ უთხრა: „ეს ჩემი სხეულია“. ღვინოზე კი უთხრა: „ეს არის ჩემი სისხლი“ (მათე 26:26–28). კათოლიკეებს სწამთ, რომ, როდესაც იესო ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, მან ფაქტიურად პური და ღვინო თავის სხეულად და სისხლად აქცია. მაგრამ ერთი ენციკლოპედია გვაფრთხილებს: «შეუძლებელია მტკიცედ ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ სიტყვები „ეს ჩემი სხეულია“ ან „ეს ჩემი სისხლია“ . . . პირდაპირი მნიშვნელობით გაიგება. . . მაგალითად ფრაზებში: „მკა კი არის წუთისოფლის აღსასრული“ (მათე 13:39) ან „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი“ (იოანე 15:1) [ზმნები „არის“ და „ვარ“] „ნიშნავს“ ან „წარმოადგენს“ მნიშვნელობითაა გამოყენებული» (New Catholic Encyclopedia, 1967). ამრიგად, ეს ავტორიტეტული ენციკლოპედიაც აღნიშნავს, რომ მათეს 26:26–28 მუხლები არ მიანიშნებს იესოს უკანასკნელი სერობისას პურისა და ღვინოს პირდაპირი მნიშვნელობით მის სხეულად და სისხლად გადაქცევაზე.
ზოგს შეიძლება გაახსენდეს იესოს სიტყვები: „მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. . . ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს“ (იოანე 6:51, 54). ზოგმა, ვინც მას უსმენდა, ეს სიტყვები პირდაპირ გაიგო და შეცბუნდა (იოანე 6:60). ამ დროს შეიძლება დაგვებადოს კითხვა: გადააქცია მაშინ იესომ თავისი ხორცი, ანუ სხეული პურად? რა თქმა უნდა, არა! ის ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა. იესო საკუთარ თავს პურს იმიტომ ადარებდა, რომ მისი მსხვერპლი კაცობრიობას სიცოცხლეს მოუტანდა. იოანეს 6:35, 40 მუხლები ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს ჭამაც და სმაც იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენას ნიშნავს.
რადგანაც მესა კათოლიკური ეკლესიის ძირითადი ცერემონიალია, ზოგს შეიძლება სწამდეს, რომ მას ბიბლიური საფუძველი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს ასე არ არის. ერთ კათოლიკურ ენციკლოპედიაში მოყვანილია მიზეზი: „ჩვენი სწავლების ძირითადი წყაროა. . . ტრადიცია, რომელსაც უძველესი დროიდან მესის დროს მსხვეპლთშეწირვისას ვედრების ხასიათი აქვს“ (The Catholic Encyclopedia, 1913). დიახ, კათოლიკური მესა დაფუძნებულია ტრადიციაზე და არა ბიბლიაზე.
მნიშვნელობა არ აქვს გულწრფელობას, ტრადიცია, რომელიც ბიბლიას ეწინააღმდეგება, მიუღებელია ღვთისთვის. იესომ გაკიცხა თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები: „თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით“ (მათე 15:6). რადგანაც იესო აფასებდა ღვთის სიტყვას, სწავლება მესის შესახებ საღვთო წერილის საფუძველზე განვიხილოთ.
ქრისტეს შეწირვა — რამდენჯერ?
კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ ყოველი მესის დროს ქრისტეს შეწირვა ხდება, თუმცა ამავე დროს ის ამტკიცებს, რომ იესო სინამდვილეში არ კვდება და რომ ეს შეწირვა უსისხლოა. ეთანხმება ბიბლია ასეთ თვალსაზრისს? ყურადღება მიაქციე, რა წერია ებრაელთა 10:12, 14-ში: „მან [იესომ] კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი“.
მაგრამ გულწრფელმა კათოლიკემ შეიძლება იკითხოს: „განა იესო ხშირად არ უნდა შეწირულიყო? ჩვენ ხომ ყველა ბევრს ვცოდავთ“. ბიბლიური პასუხი ჩაწერილია ებრაელების 9:25, 26-ში: „არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს. . . ის. . . ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი მსხვერპლით ცოდვის აღსაკვეთად“. კარგად დააკვირდით ამ სიტყვებს: „არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს“. რომაელთა 5:19-ში მოციქული პავლე ხსნის მიზეზს: „ვინაიდან, როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის [იესოს] მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“. ადამის მიერ ერთხელ გამოვლენილმა ურჩობამ ყველა სიკვდილის მონები გაგვხადა; გამომსყიდველურ მსხვერპლად იესოს ერთხელ შეწირვა კი საფუძვლად დაედო ცოდვების მიტევებასა და მომავალში მარადიულ სიცოცხლეს იმათთვის, ვისაც ამ მსხვერპლის სწამს.
რა მნიშვნელობა აქვს იესო ერთხელ შეეწირა თუ ხშირად ეწირება? ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად გვესმის იესოს მსხვერპლის მნიშვნელობა. ეს უდიდესი ძღვენია — ძღვენი, რომელიც იმდენად ძვირფასი და სრულყოფილია, რომ არასოდეს დასჭირდება განმეორება.
უეჭველია, იესოს მსხვერპლი უნდა გვახსოვდეს. მაგრამ რამე მოვლენის გახსენება განსხვავდება მისი განმეორებისგან. მაგალითად, წყვილი, რომელიც ქორწინების წლისთავს ზეიმობს, უეჭველია, იხსენებს ქორწინების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელმეორედ არ აწყობს საქორწინო ცერემონიალს. ყოველ წელიწადს იეჰოვას მოწმეები იხსენებენ იესოს სიკვდილს და ამას ისე აკეთებენ, როგორც იესომ დაუბარა — მის „მოსაგონებლად“ და არა მის შესაწირად (ლუკა 22:19). გარდა ამისა, ისინი მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ახლო ურთიერთობა განავითარონ იეჰოვა ღმერთთან იესო ქრისტეს მეშვეობით, რადგან ცდილობენ, თავიანთი ცხოვრება, მოქმედებები და რწმენა საღვთო წერილს შეუთანხმონ.
ხშირად ეს მათი აზროვნების შეცვლას მოითხოვს. მაგრამ იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ, თუ ისინი ერთგულად დაიცავენ ღვთის სიტყვას და არა ადამიანთა ტრადიციებს, კურთხეულნი იქნებიან. გარდა ამისა, მათ იციან, თუ რწმენას გამოავლენენ იესოს დაღვრილი სისხლისადმი, რაც ერთხელ, დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ, მოხდა, ეს მათ ყველა ცოდვისგან განწმენდს (1 იოანე 1:8, 9).
[სურათი 16 გვერდზე]
სანტა გილესის მესა (ფრაგმენტი).
[საავტორო უფლება]
Erich Lessing/Art Resource, NY.