საიდუმლო, რომელიც ქრისტიანებმა არ უნდა დამალონ!
„მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს. . . ფარულად არაფერი არ მილაპარაკნია“ (იოანე 18:20).
1, 2. რა მნიშვნელობა აქვს ბერძნულ სიტყვა „მი·სტეʹრი·ონ“-ს ბიბლიაში გამოყენებულის თანახმად?
„საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ (ინგლ.) ბერძნული სიტყვა „მი·სტეʹრი·ონ“-ი 25-ჯერ „წმინდა საიდუმლოდაა“ გადმოთარგმნილი და 3-ჯერ „საიდუმლოებად“. წმინდად წოდებული საიდუმლო მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს! ნებისმიერი, ვისაც ასეთი საიდუმლოს შეცნობის უპირატესობა მიენიჭა, უნდა გრძნობდეს, რომ დიდი პატივი სცეს, რადგან სამყაროს უზენაეს ღმერთთან საიდუმლოს გაზიარების ღირსად ჩაითვალა.
2 „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი“ (Vine’s “Expository Dictionary of Old and New Testament Words”) ადასტურებს, რომ უმეტეს შემთხვევაში „წმინდა საიდუმლო“ უფრო შესაფერისი თარგმანია, ვიდრე „საიდუმლოება“. სიტყვა „მი·სტეʹრი·ონ“-ის შესახებ ლექსიკონში ნათქვამია: «[ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში] ის საიდუმლოებაზე კი არ მიუთითებს (რა მნიშვნელობასაც ინგ[ლისური] სიტყვა იძლევა), არამედ იმაზე, რაც დამოუკიდებელი ბუნებრივი აღქმის სფეროს აღემატება, რის შეცნობაც მხოლოდ ღვთისგან გაცხადებით შეიძლება და რაც ღვთის მიერ დადგენილი საშუალებითა და დანიშნულ დროზე ემცნობა, თანაც მხოლოდ მათ, ვისაც მისი სულიწმიდა ეფინება. ინგლისურ ენაში საიდუმლოებაში, ჩვეულებრივ, დაფარული შემეცნება იგულისხმება; ბიბლიური მნიშვნელობით კი ის გაცხადებული ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე განხილვის საგანს განსაკუთრებით უკავშირდება გამოთქმები: „ცნობილი“, „გამჟღავნებული“, „გაცხადებული“, „ნაქადაგები“, „გაგებული“, „განაწილებული“ ».
3. როგორ განსხვავდებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება გარკვეული საიდუმლო რელიგიური ჯგუფებისგან?
3 ეს განმარტება განსაკუთრებით აღნიშნავს მთავარ განსხვავებას პირველ საუკუნეში აყვავებულ საიდუმლო რელიგიურ ჯგუფებსა და ახლად ფორმირებულ ქრისტიანულ კრებას შორის. მაშინ, როცა საიდუმლო სექტებში შემსვლელთ რელიგიური სწავლებების დასაცავად ხშირად დუმილის ფიცის ხუნდებს ადებდნენ, ქრისტიანებს არასდროს ჰქონდათ ასეთი შეზღუდვები. მართალია, ‘საიდუმლოებაში [„წმინდა საიდუმლოში“, აქ] ღვთის სიბრძნის შესახებ’ ლაპარაკისას მოციქულმა პავლემ მას ‘დაფარული’ უწოდა, რომელიც დაფარულია „წუთისოფლის მთავართაგან“. ის არაა დაფარული ქრისტიანებისგან, რომლებისთვისაც ის ღვთის სულიწმიდით იქნა გაცხადებული, რათა სახალხოდ ცნობილი გაეხადათ (1 კორინთელთა 2:7–12; შეადარე იგავნი 1:20).
ამოცნობილი „წმინდა საიდუმლო“
4. ვის გარშემო იყრის თავს „წმინდა საიდუმლო“ და როგორ?
4 იეჰოვას „წმინდა საიდუმლო“ თავს იესო ქრისტეში იყრის. პავლე წერდა: «[იეჰოვამ] გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო [„წმინდა საიდუმლო“, აქ] თავისი სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში [„საკუთარ თავში“, აქ]. ჟამთა აღვსების განგებულებისთვის, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა» (ეფესელთა 1:9, 10). ‘წმინდა საიდუმლოს’ არსთან დაკავშირებით პავლე კიდევ უფრო კონკრეტული იყო, როცა ‘ღვთის საიდუმლოს, [კერძოდ] ქრისტეს, შეცნობის’ აუცილებლობაზე მიუთითებდა (კოლასელთა 2:2, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
5. რა შედის „წმინდა საიდუმლოში“?
5 მაგრამ ამ საკითხში მრავალი რამ შედის, რადგან „წმინდა საიდუმლო“ მრავალმხრივია. ეს არ არის, უბრალოდ, აღთქმულ თესლად ან მესიად იესოს ამოცნობა; ეს მისთვის მიცემულ როლს შეიცავს, რომელიც ღვთის განზრახვაში უნდა შეასრულოს. ეს ზეციერ მთავრობას, ღვთის მესიანურ სამეფოს შეიცავს, რაც იესომ ნათლად ახსნა, როცა თავის მოწაფეებს უთხრა: «თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი [„წმინდა საიდუმლოები“, აქ], მათ კი არა აქვთ ეს მიცემული» (მათე 13:11).
6. ა) რატომაა მართებული იმის თქმა, რომ ‘წმინდა საიდუმლოსთვის’ „დუმდნენ საუკუნენი“? ბ) როგორ გამომჟღავნდა ის თანდათანობით?
6 მესიანური სამეფოსთვის საფუძვლის უზრუნველსაყოფად ღვთის განზრახვის პირველი მოხსენიებიდან ‘ღვთის [წმინდა] საიდუმლოს აღსრულებამდე’ დიდი დრო უნდა გასულიყო (გამოცხადება 10:7; დაბადება 3:15). ის სამეფოს დამყარების დროს აღსრულდებოდა, როგორც ამას გამოცხადების 10:7-ისა და 11:15-ის შედარება ამტკიცებს. სამეფოს შესახებ ედემში პირველი აღთქმის მიცემიდან ახ. წ. 29 წელს მეფედ ცხებულის გამოჩენამდე, ფაქტობრივად, დაახლოებით 4 000 წელმა განვლო. მომდევნო 1 885 წელი გავიდა 1914 წელს ზეცაში სამეფოს დამყარებამდე. ამრიგად, „წმინდა საიდუმლო“ თითქმის 6 000 წლიანი პერიოდის განმავლობაში ცხადდებოდა თანდათანობით (იხილე გვერდი 16). პავლე, მართლაც, არ ცდებოდა ‘დაფარული საიდუმლოს [„წმინდა საიდუმლოს“, აქ] გამოცხადებაზე’ საუბრისას, ‘რომლის გამოც დუმდნენ საუკუნენი, და რომელიც აწ გამოცხადდა და ეუწყა ყველას’ (რომაელთა 16:25–27, სსგ; ეფესელთა 3:4–11, აქ).
7. რატომ შეგვიძლია, ყველანაირად ვენდოთ ერთგული და გონიერი მონის კლასს?
7 ადამიანებისგან განსხვავებით, რომელთა ცხოვრების ხანგრძლივობა შემოფარგლულია, იეჰოვა არასოდეს გრძნობს დროში შეზღუდვებს, რომ ნაადრევად განაცხადოს თავისი საიდუმლოები. ამ ფაქტმა უნდა შეგვაკავოს მოუთმენლობისგან, როცა გარკვეული ბიბლიური საკითხები მაშინვე არ იხსნება ჩვენს დასაკმაყოფილებლად. ქრისტიანთა სახლეულისთვის დროულად საზრდოს უზრუნველსაყოფად დანიშნულ ერთგული და გონიერი მონის კლასს მოკრძალება აკავებს კადნიერად წინ გაქცევისა და ჯერაც გაურკვეველ საკითხებზე დაუფიქრებელი ვარაუდისგან. მონის კლასი ცდილობს, მოერიდოს დოგმატურობას. მისი წევრები ისეთი ამაყები კი არ არიან იმის უარსაყოფად, რომ დღეს, იგავნის 4:18-ის გათვალისწინებით, შეუძლებელია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ რამდენად აღმაფრთოვანებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის დროზე და თავისი მეთოდით განაგრძობს განზრახვებთან დაკავშირებულ საიდუმლოთა გამჟღავნებას! არასდროს უნდა ვიყოთ მოუთმენელნი იეჰოვას ღონისძიებების საკითხში და არასდროს უნდა ვცდილობდეთ საიდუმლოთა გამცხადებელზე წინ არაკეთილგონივრულად გაქცევას. რა დამამშვიდებელია, ვიცოდეთ, რომ არხი, რომელსაც იეჰოვა დღეს იყენებს, ასე არ მოქმედებს! ის ერთგული და გონიერია (მათე 24:45; 1 კორინთელთა 4:6).
გაცხადებულ საიდუმლოზე უნდა ლაპარაკობდნენ!
8. საიდან ვიცით, რომ „წმინდა საიდუმლო“ ყველას უნდა ემცნოს?
8 იეჰოვამ შესანახად კი არ განუცხადა ქრისტიანებს „წმინდა საიდუმლო“. ის იმ პრინციპის თანახმად უნდა ემცნოს ადამიანებს, რომელიც იესომ მხოლოდ რამდენიმე მღვდელს კი არ დაუტოვა, არამედ ყველა თავის მიმდევარს: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:14–16; 28:19, 20).
9. რა ამტკიცებს, რომ იესო არ იყო რევოლუციონერი, როგორც ამას ზოგი აცხადებს?
9 იესოს არ ჰქონდა რევოლუციური განზრახვა, რომ საიდუმლო მიზნების მისაღწევად მიმდევრებისგან იატაკქვეშა ორგანიზაცია დაეარსებინა. წიგნში „ადრინდელი ქრისტიანები და საზოგადოება“ (Early Christianity and Society) რობერტ მ. გრანტი მეორე საუკუნის აპოლოგეტი იუსტინე წამებულის მიერ ადრინდელი ქრისტიანების დაცვასთან დაკავშირებით წერდა: „ქრისტიანები რევოლუციონერები რომ ყოფილიყვნენ, დაფარულში დარჩებოდნენ თავიანთი მიზნის მისაღწევად“. მაგრამ როგორ დარჩებოდნენ ქრისტიანები „დაფარულში“ და ამავე დროს ‘მთის წვერზე მდებარე ქალაქს’ დაემსგავსებოდნენ? მათ არ უნდა დაემალათ თავიანთი სინათლე ჭურჭელქვეშ! ამიტომ, მთავრობას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, შეშინებოდა მათი მოღვაწეობის. შემდეგ მწერალი აღწერდა მათ, როგორც „იმპერატორის საუკეთესო მოკავშირეებს მშვიდობისა და წესრიგის დამყარებაში“.
10. რატომ არ უნდა მალავდნენ ქრისტიანები თავიანთ ვინაობას?
10 იესოს არ სურდა, რომ მის მოწაფეებს დაეფარათ თავიანთი ვინაობა, თითქოს ეგრეთ წოდებული რელიგიური სექტების წევრები იყვნენ (საქმეები 24:14; 28:22). თუ დღეს არ დავუშვებთ, რომ ჩვენმა ნათელმა ინათოს, ამით არ ვასიამოვნებთ როგორც ქრისტეს, ასევე მის მამას, საიდუმლოთა გამცხადებელს და ეს არც ჩვენ გაგვაბედნიერებდა.
11, 12. ა) რატომ სურს იეჰოვას, რომ ქრისტიანობა ემცნოს ადამიანებს? ბ) როგორ დაგვიტოვა იესომ ჯეროვანი მაგალითი?
11 იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9; ეზეკიელი 18:23; 33:11; საქმეები 17:30). მომნანიებელ ადამიანთა ცოდვების პატიების საფუძველი იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი გამოვლენილი რწმენაა და იესომ მხოლოდ რამდენიმე კი არა — ყველა გამოისყიდა საკუთარი თავით, რათა „ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა აუცილებელი ნაბიჯები გადადგან იმისთვის მოსამზადებლად, რომ მომავალი სამსჯავროს დროს თხებად კი არ გასამართლდნენ, არამედ ცხვრებად (მათე 25:31–46).
12 ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ უნდა იყოს დაფარული; ის ყოველი შესაძლებელი და სათანადო საშუალებით უნდა ემცნობოდეს ადამიანებს. იესომ პირადად დატოვა ჯეროვანი მაგალითი. როცა მღვდელმთავარმა მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა, მან თქვა: „მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი არ მილაპარაკნია“ (იოანე 18:19, 20). ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, რომელი ღვთისმოშიში ადამიანი გაბედავდა იმის დაფარვას, რის შესახებაც ღმერთმა განაცხადა, რომ სახალხოდ ცნობილი გამხდარიყო? ვინ გაბედავდა მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ‘ცოდნის გასაღების’ დამალვას? ასე მოქმედება მას პირველი საუკუნის რელიგიურ პირმოთნეებს დაამსგავსებდა (ლუკა 11:52; იოანე 17:3).
13. რატომ უნდა ვიქადაგოთ ყოველი და ყველა შესაძლებლობისას?
13 დაე ვერავინ ვერასდროს თქვას, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვასაიდუმლოებთ ღვთის სამეფოს ცნობას! იღებენ ამ ცნობას თუ უარყოფენ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ცნობას ქადაგებენ (შეადარე ეზეკიელი 2:5; 33:33). ამიტომ, მოდი ვისარგებლოთ ყოველი და ყველა შესაძლებლობით, რათა ყველგან ყველა ადამიანს ველაპარაკოთ ცნობაზე ჭეშმარიტების შესახებ.
სატანის ყბაში ჩანგლის ამოდება
14. რატომ არ უნდა ვმერყეობდეთ თაყვანისმცემლობაში გულახდილობასთან დაკავშირებით?
14 მრავალ კუთხეში იეჰოვას მოწმეები უფრო და უფრო ხდებიან საინფორმაციო საშუალებების ყურადღების მთავარი საგანი. როგორც ადრინდელ ქრისტიანებს, ასევე მოწმეებსაც ხშირად დამახინჯებულად წარადგენენ და საეჭვო სახის რელიგიური სექტებისა და საიდუმლო ორგანიზაციების კატეგორიას აკუთვნებენ (საქმეები 28:22). ისე ხომ არ მოხდება, რომ ქადაგებაში ჩვენმა გულახდილობამ უფრო ძლიერ თავდასხმაში მოგვაქციოს? ნათელია, კონფლიქტში უსარგებლო ჩარევა არაკეთილგონივრული და იესოს რჩევის საპირისპირო იქნებოდა (იგავნი 26:17; მათე 10:16). მაგრამ სამეფოს შესახებ ქადაგების სარგებლობის მომტანი მსახურება და ცხოვრების გასაუმჯობესებლად ადამიანებისთვის დახმარების გაწევა არ უნდა იყოს დაფარული. ის იეჰოვას განადიდებს, ამაღლებს და მთელ ყურადღებას მისკენ და მის მიერ დამყარებული სამეფოსკენ წარმართავს. დღეს აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში ბიბლიის ჭეშმარიტებისადმი სიამოვნების მომგვრელი გამოხმაურება ნაწილობრივ მზარდი გულახდილობის დამსახურებაა, რომლითაც ახლა ამ ადგილებში ჭეშმარიტებას ქადაგებენ.
15, 16. ა) რა მიზნებს ემსახურება ჩვენი გულახდილობა და სულიერი კეთილდღეობა, მაგრამ არის თუ არა ეს მიზეზი დამამწუხრებელი? ბ) რატომ სდებს იეჰოვა სატანას ყბაში ჩანგალს?
15 იეჰოვას მოწმეთა გულახდილი ქადაგება, მათი სულიერი სამოთხე, მატერიალური კეთილდღეობა და შრომითი რესურსები ნამდვილად არ რჩება შეუმჩნეველი. იმ დროს, როცა ეს ფაქტორები გულწრფელ ადამიანებს იზიდავს, მოწინააღმდეგეებში ისინი შეიძლება ზიზღს იწვევდეს (2 კორინთელთა 2:14–17). ფაქტობრივად, ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება აცდუნოს სატანის ძალები ღვთის ხალხზე თავდასასხმელად.
16 დამამწუხრებელი მიზეზი ხომ არ უნდა იყოს ეს? ეზეკიელის 38-ე თავში მოცემული იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად — არა. წინასწარმეტყველება ამბობს, რომ გოგ მაგოგელი, როგორც 1914 წელს სამეფოს დამყარებიდან დედამიწის მიდამოებში ჩამოგდების შემდეგ სატანა ეშმაკი აღიწერება, წაუძღვება ღვთის ხალხზე თავდასხმას (გამოცხადება 12:7–9). იეჰოვა ეუბნება გოგს: „იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები; რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს“ (ეზეკიელი 38:11, 12). მე-4 მუხლი კი გვიჩვენებს, რომ ღვთის ხალხს არ უნდა ეშინოდეს ამ თავდასხმის, რადგან ეს იეჰოვას მოქმედებაა. მაგრამ რატომ უნდა დაუშვას ღმერთმა — დიახ, გამოიწვიოს კიდეც — თავის ხალხზე ტოტალური თავდასხმა? 23-ე მუხლში ჩვენ იეჰოვას პასუხს ვკითხულობთ: „გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ“.
17. როგორ უნდა ვუყურებდეთ გოგ მაგოგელის გარდაუვალ თავდასხმას?
17 ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ გოგ მაგოგელის თავდასხმის წინაშე შიშით ცხოვრობდეს, იეჰოვას ხალხი მოუთმენლად მოელის ბიბლიური წინასწარმეტყველების ამ მომდევნო შესრულებას. რამდენად აღმაფრთოვანებელია, ვიცოდეთ, რომ თავისი ხილული ორგანიზაციისთვის კეთილდღეობისა და კურთხევების მოტანით იეჰოვა ჩანგალს სდებს სატანას ყბაში და ამარცხებს მას და მთელ მის ლაშქარს! (ეზეკიელი 38:4).
ადრინდელზე უფრო მეტად!
18. ა) რას ხვდება ახლა მრავალი ადამიანი და რატომ? ბ) როგორ აღგვძრავს სამეფოს შესახებ ქადაგებაზე ადამიანთა გამოხმაურება?
18 თანამედროვე დროში იეჰოვას მოწმეები ძალიან გულახდილად გამოთქვამენ ბიბლიაზე დაფუძნებულ შეხედულებებს, თუმცა ამას ხალხი ყველგან არ აღიარებს. ისინი ათწლეულების განმავლობაში აფრთხილებენ მოწევისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების საშიშროებაზე, თავის ნებაზე ბავშვის აღზრდის წინდაუხედაობაზე, უკანონო სექსითა და ძალადობით გაჟღენთილი გართობების ცუდ შედეგებსა და სისხლის გადასხმის შედეგად გამოწვეულ საფრთხეზე. ისინი აგრეთვე ევოლუციის თეორიის არალოგიკურობაზე მიუთითებენ. ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს: „ბოლოს და ბოლოს, იეჰოვას მოწმეები არ ცდებიან“. ისინი ვერ იტყოდნენ ამას, ასეთი გულახდილები რომ არ ვყოფილიყავით სახალხოდ ჩვენი შეხედულებების გამოტანაში. თანაც ყურადღებიდან არ გამოგრჩეს ის ფაქტი, რომ ამგვარი განცხადებით ისინი ნაბიჯს დგამენ ასეთი სიტყვების გამოსათქმელად: „სატანა — შენ მატყუარა ხარ; საბოლოოდ იეჰოვაა მართალი“. რა ძლიერ აღმძვრელია ეს, რომ კვლავ მივყვეთ იესოს მაგალითს ჭეშმარიტების სიტყვის სახალხოდ გაცხადებაში! (იგავნი 27:11).
19, 20. ა) რა გადაწყვეტილება გამოხატა 1922 წელს იეჰოვას ხალხმა და გამოიყენება თუ არა ეს სიტყვები დღეს? ბ) რად უნდა მივიჩნიოთ იეჰოვას „წმინდა საიდუმლო“?
19 იეჰოვას ხალხს დიდი ხანია ესმის თავისი მოვალეობა ამასთან დაკავშირებით. 1922 წელს ჩატარებულ ღირსშესანიშნავ კონგრესზე საზოგადოება საგუშაგო კოშკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯ. ფ. რუტერფორდმა, აათრთოლა დამსწრეები ასეთი სიტყვებით: „იყავით გონიერნი, ფხიზელნი, ენერგიულნი, გაბედულნი. იყავით უფლის ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეები. წინ ისწრაფოდეთ ბრძოლაში ბაბილონის ყოველი კვალის წაშლამდე. ყველგან აუწყეთ ცნობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ იეჰოვაა ღმერთი, ხოლო იესო ქრისტე — მეფეთ მეფე და უფალთ უფალი. ეს არის დღეთა დღე. აი, მეფე მმართველობს! თქვენ ხართ ამ ცნობის საჯაროდ მაუწყებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფესა და მისი სამეფოს შესახებ“.
20 რამდენად უფრო დიდმნიშვნელოვანი უნდა იყოს 1922 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები 75 წლის შემდეგ, როცა ქრისტეს გამოჩენა მსაჯულად და შურისმგებლად ბევრად უფრო ახლოსაა! იეჰოვას დამყარებული სამეფოსა და სულიერი სამოთხის შესახებ ცნობა, „წმინდა საიდუმლო“, რომელსაც ღვთის ხალხი ფლობს, იმდენად დიდებულია, რომ ვერ დამალავ. პირადად იესოს ნათლად გამოცხადებულის თანახმად, მისმა მიმდევრებმა სულიწმიდის დახმარებით „ქვეყნის კიდემდე“ უნდა დაამოწმონ იეჰოვას საუკუნო განზრახვაში იესოს მთავარ ადგილზე (საქმეები 1:8; ეფესელთა 3:8–12). ჩვენ, იეჰოვას, საიდუმლოთა გამცხადებელი ღვთის, მსახურებმა, ნამდვილად არ უნდა დავმალოთ ეს საიდუმლო!
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის „წმინდა საიდუმლო“?
◻ საიდან ვიცით, რომ ის გასაცხადებელია?
◻ რა იწვევს იეჰოვას ხალხზე გოგ მაგოგელის თავდასხმას და რას უნდა ვფიქრობდეთ ამაზე?
◻ რა გადაწყვეტილებით უნდა მოქმედებდეს თითოეული ჩვენგანი?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
თანდათანობით გაცხადებული „წმინდა საიდუმლო“
◻ ძვ. წ. 4026 წლის შემდეგ: სატანის გასანადგურებლად ღმერთი თესლის მოსვლას პირდება (დაბადება 3:15).
◻ ძვ. წ. 1943 წელი: აბრაამის კავშირის დაკანონება, რომელიც აბრაამის მეშვეობით თესლის მოსვლას პირდება (დაბადება 12:1–7).
◻ ძვ. წ. 1918 წელი: ისაკის დაბადება კავშირის მემკვიდრედ (დაბადება 17:19; 21:1–5).
◻ დაახლ. ძვ. წ. 1761 წელი: იეჰოვა ადასტურებს, რომ თესლი ისაკის ძის, იაკობის, მეშვეობით მოვა (დაბადება 28:10–15).
◻ ძვ. წ. 1711 წელი: იაკობი აღნიშნავს, რომ თესლი მისი ძის, იუდას, მეშვეობით მოვა (დაბადება 49:10).
◻ ძვ. წ. 1070–1038 წლები: მეფე დავითი იგებს, რომ თესლი მისი შთამომავალი იქნება და მარადიულად იმეფებს (მეორე მეფეთა 7:13–16; ფსალმუნი 88:36, 37).
◻ ახ. წ. 29–33 წლები: თესლად, მესიად, მომავალ მსახურად და ცხებულ მეფედ იესოს დანიშვნა (იოანე 1:17; 4:25, 26; საქმეები 10:42, 43; 2 კორინთელთა 1:20; 1 ტიმოთე 3:16).
◻ იესო აცხადებს, რომ თანამმართველები და თანამოსამართლეები ეყოლება, რომ ზეციერ სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები ეყოლება და რომ ყველა მისი მიმდევარი სამეფოს მქადაგებელი უნდა იყოს (მათე 5:3–5; 6:10; 28:19, 20; ლუკა 10:1–9; 12:32; 22:29, 30; იოანე 10:16; 14:2, 3).
◻ იესო აცხადებს, რომ სამეფო გარკვეულ პერიოდში დამყარდება, რასაც მსოფლიო პირობები დაადასტურებს (მათე 24:3–22; ლუკა 21:24).
◻ ახ. წ. 36 წელი: პეტრე იგებს, რომ არაიუდეველებიც იქნებიან სამეფოს თანამემკვიდრეები (საქმეები 10:30–48).
◻ ახ. წ. 55 წელი: პავლე განმარტავს, რომ ქრისტეს თანდასწრების დროს სამეფოს თანამემკვიდრეები აღდგებიან უკვდავებისა და უხრწნელობისთვის (1 კორინთელთა 15:51–54).
◻ ახ. წ. 96 წელი: ცხებულ მიმდევრებზე უკვე მმართველი იესო აცხადებს, რომ საბოლოოდ ისინი 144 000 იქნებიან (ეფესელთა 5:32; კოლასელთა 1:13–20; გამოცხადება 1:1; 14:1–3, აფ).
◻ ახ. წ. 1879 წელი: „სიონის საგუშაგო კოშკი“ მიუთითებს 1914 წელზე, როგორც ღვთის „წმინდა საიდუმლოს“ შესრულებაში დიდებული მნიშვნელობის წელზე.
◻ ახ. წ. 1925 წელი: „საგუშაგო კოშკი“ ხსნის, რომ სამეფო 1914 წელს იშვა; რომ „წმინდა საიდუმლო“ სამეფოს შესახებ სახალხოდ ცნობილი უნდა გახდეს (გამოცხადება 12:1–5, 10, 17).
[სურათები 15 გვერდზე]
თავიანთი წინამძღოლის, იესოს მსგავსად, იეჰოვას მოწმეები სახალხოდ აცხადებენ იეჰოვას სამეფოს შესახებ.