„ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“
„ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20, აქ).
1. რა საუბარი გაიმართა იესოს მოწაფეს, ფილიპეს, და ეთიოპ მამაკაცს შორის?
ეთიოპ მამაკაცს იერუსალიმში ჩასასვლელად დიდი მანძილის გავლა მოუწია. ის ამ ქალაქში იმ მიზნით ჩავიდა, რომ თაყვანი ეცა იეჰოვასთვის, ღმერთისთვის, რომელიც უყვარდა. როგორც ჩანს, ამ მამაკაცს ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვაც უყვარდა. როდესაც ის თავისი ეტლით სახლში ბრუნდებოდა, წინასწარმეტყველ ესაიას ხელნაწერების ასლს კითხულობდა. ამ დროს მას ფილიპე, იესოს მოწაფე, შეხვდა და ჰკითხა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ ეთიოპმა მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ ფილიპე საღვთო წერილის ამ გულწრფელ შემსწავლელს დაეხმარა, იესოს მოწაფე გამხდარიყო (საქმეები 8:26—39).
2. ა) რატომ არის განსაკუთრებით საყურადღებო ეთიოპი საჭურისის საპასუხო სიტყვები? ბ) ქრისტეს მიერ მოცემულ დავალებასთან დაკავშირებულ კიდევ რა კითხვებს განვიხილავთ?
2 ეთიოპის საპასუხო სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა. ამ მამაკაცმა ფილიპეს უთხრა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“ დიახ, მას სჭირდებოდა ისეთი ვინმე, ვინც დაეხმარებოდა წაკითხულის გაგებაში. ეთიოპი საჭურისის ნათქვამში იკვეთება იესოს დავალებაში მოხსენიებული განსაკუთრებული მითითების მნიშვნელოვნება. რა მითითებაზეა საუბარი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვაგრძოთ იესოს სიტყვების განხილვა, რომლებიც ჩაწერილია მათეს 28-ე თავში. წინა სტატიაში ყურადღება გამახვილდა კითხვებზე — რატომ? სად? ახლა კი განვიხილავთ ქრისტეს მიერ მოცემულ დავალებასთან დაკავშირებულ კიდევ ორ კითხვას — რის შესახებ? და როდემდე?
„ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა“
3. ა) როგორ ხდება ადამიანი იესო ქრისტეს მოწაფე? ბ) მოწაფეებად მომზადების დროს რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს?
3 რის შესახებ უნდა ვასწავლოთ სხვებს, რათა დავეხმაროთ ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში? იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20, აქ). ამგვარად, ჩვენ ახალ მოწაფეებს ის უნდა ვასწავლოთ, რაც იესომ მცნებად დაგვიდოa. მაგრამ რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც სწავლობს იესოს მცნებებს, ბოლომდე იესოს მოწაფედ დარჩეს? ამის დანახვა კარგად შეგვიძლია იესოს მიერ ზუსტად შერჩეულ სიტყვებში. მას მხოლოდ ის კი არ უთქვამს, რომ ‘გვესწავლებინა ადამიანებისთვის ყველაფერი, რაც მცნებად დაგვიდო’, არამედ მიგვითითა: „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 19:17). რა იგულისხმება ამაში?
4. ა) რას ნიშნავს მითითების დაცვა? ბ) თვალსაჩინო მაგალითით აჩვენეთ, როგორ შეგვიძლია ადამიანებს ვასწავლოთ ქრისტეს მცნებების დაცვა?
4 მითითების დაცვა ნიშნავს მის თანახმად მოქმედებას — მის ზუსტად დაცვას. მაშ, როგორ უნდა ვასწავლოთ ვინმეს იმ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ მცნებად დაგვიდო? მაგალითად დავფიქრდეთ, როგორ ასწავლის ინსტრუქტორი დამწყებ მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესებს. მას თეორიულად საკლასო ოთახშივე შეუძლია აუხსნას მოსწავლეებს ეს წესები. მაგრამ დამწყებ მძღოლებს ამ წესების დაცვა რომ ასწავლოს, ინსტრუქტორი ვალდებულია, უშუალოდ მანქანის ტარებისას აუხსნას მათ, როგორ უნდა გამოიყენონ ნასწავლი პრაქტიკაში. ასევე ჩვენც, როდესაც ადამიანებთან ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ქრისტეს მცნებებს ვასწავლით. მაგრამ ჩვენგან ისიც მოითხოვება, რომ ავუხსნათ მათ, როგორ გამოიყენონ ნასწავლი და თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ ცდილობენ ქრისტეს მითითებების დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებასა და მსახურებაში (იოანე 14:15; 1 იოანე 2:3). მაშასადამე, ბოლომდე რომ შევასრულოთ ქრისტეს მითითება მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, მოწაფეებს მხოლოდ კი არ უნდა გავაცნოთ ქრისტეს მცნებები, არამედ ავუხსნათ კიდეც, როგორ შეიძლება მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამგვარად ჩვენ მივყვებით თავად იეჰოვასა და იესოს მიერ დატოვებულ მაგალითს (ფსალმუნები 47:15; გამოცხადება 7:17).
5. რატომ შეიძლება უჭირდეს ზოგს, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული ქრისტეს დავალების შესრულება?
5 ადამიანებს ქრისტეს მცნებების დაცვა რომ ვასწავლოთ, აგრეთვე საჭიროა, დავეხმაროთ მათ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული მითითების შესრულებაში. შესაძლოა ზოგიერთს, ვისთანაც ბიბლიის შესწავლას ვატარებთ, ძალიან რთული ეჩვენება ამ დავალების შესრულება. ისინი შესაძლოა წარსულში რომელიმე ქრისტიანული ეკლესიის აქტიური წევრებიც კი იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ მოძღვრებს არასდროს უსწავლებიათ მათთვის, რომ წასულიყვნენ და მოწაფეები მოემზადებინათ. ზოგი წინამძღოლი გულახდილად აღიარებს, რომ ქრისტიანული ეკლესიები არ ასწავლიან თავიანთ მრევლს ქადაგებას. იესოს მიერ მოცემული დავალების თაობაზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველანაირი წარმომავლობის ადამიანების მოწაფეებად მომზადებასთან არის დაკავშირებული, ბიბლეისტმა ჯონ სკოტმა აღნიშნა: „ჩვენ დღეს არ ვასრულებთ ქრისტეს დავალებას იმ სახით, როგორც გვევალება, რაც ევანგელისტური ეკლესიების უდიდესი ნაკლია“. მან დასძინა: „ჩვენ შორი მანძილიდან ვაცხადებთ ამ ცნობას. ზოგჯერ მათ ვგავართ, რომლებიც დასახრჩობად განწირულ ადამიანებს ზღვის უსაფრთხო ნაპირიდან გაჰყვირიან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ არ ვხტებით წყალში მათ საშველად, რადგან დასველების გვეშინია“.
6. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ფილიპეს ბიბლიის შემსწავლელისთვის დახმარების აღმოჩენის პერიოდში? ბ) როგორი მზრუნველობა შეგვიძლია გამოვავლინოთ ბიბლიის შემსწავლელისადმი, რომელიც იწყებს სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობას?
6 თუ ბიბლიის შემსწავლელი წარსულში იმ რელიგიას მიეკუთვნებოდა, რომლის წევრებსაც „ეშინიათ წყალში დასველების“, ანუ ქადაგების შიში აქვთ, შეიძლება მისთვის რთული იყოს, დასძლიოს შიშის გრძნობა და შეასრულოს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით ქრისტეს დავალება. მას დახმარება ესაჭიროება. ამიტომ მოთმინება უნდა გამოვავლინოთ მის მიმართ და ისეთი დარიგებები მივცეთ, რომლებიც ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება და მოქმედებისკენ აღძრავს; ისევე როგორც ფილიპე დაეხმარა ეთიოპ საჭურისს, ცოდნა გაეღრმავებინა და მოსანათლად აღძრულიყო (იოანე 16:13; საქმეები 8:35—38). გარდა ამისა, ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვს, რომ ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებაში. ეს სურვილი აღგვძრავს, მათთან ერთად ვითანამშრომლოთ და თვალყური ვადევნოთ, როგორ დგამენ პირველ ნაბიჯებს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში (ეკლესიასტე 4:9, 10; ლუკა 6:40).
„ყველაფრის დაცვა“
7. რომელ მცნებებს მოიცავს ‘ყველაფერი’, რის შესახებაც სხვებს ვასწავლით?
7 ჩვენ მხოლოდ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალების შესრულებას არ ვასწავლით ბიბლიის შემსწავლელებს. იესომ მიგვითითა, რომ სხვებისთვის გვესწავლებინა „ყველაფრის დაცვა“ — რაც მან მცნებად დაგვიდო. ეს, რასაკვირველია, მოიცავს ორ უდიდეს მცნებას — ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულს (მათე 22:37—39). როგორ შეგვიძლია ახალ მოწაფეებს ვასწავლოთ ამ ორი მცნების დაცვა?
8. თვალსაჩინოდ ახსენით, როგორ შეგვიძლია ახალ მოსწავლეს სიყვარულის გამოვლენასთან დაკავშირებული მცნების დაცვა ვასწავლოთ?
8 კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმ ადამიანის მაგალითზე, რომელიც მანქანის ტარებას სწავლობს. როდესაც ინსტრუქტორის გვერდით მჯდომი მოსწავლე მართავს მანქანას, ის არა მხოლოდ ინსტრუქტორის მითითებებით სწავლობს მართვას, არამედ სხვა მძღოლებზე დაკვირვების შედეგადაც. მაგალითად, ინსტრუქტორს შეუძლია დამწყებ მძღოლს ყურადღება მიაქცევინოს გამოცდილ მძღოლზე, რომელიც სხვას აძლევს წინ გასვლის საშუალებას; ან მძღოლზე, რომელიც განზრახ ასუსტებს ფარების სინათლეს, რათა თვალი არ მოჭრას შემხვედრი ავტომანქანის მძღოლს; ანდა მასზე, რომელიც თავის ნაცნობს ეხმარება მწყობრიდან გამოსული მანქანის შეკეთებაში. ასეთი მაგალითები დამწყებ მძღოლს ბევრ სასარგებლო რამეს ასწავლის, რაც მართვის დროს გამოადგება. მსგავსად ამისა, ახალი მოწაფე, რომელიც სიცოცხლის გზაზე დგება, არა მხოლოდ თავისი მასწავლებლისგან სწავლობს ამ გზაზე სიარულს, არამედ კრების წევრების შესანიშნავი მაგალითებითაც (მათე 7:13, 14).
9. როგორ შეუძლია ახალ მოწაფეს ისწავლოს, რას ნიშნავს სიყვარულის გამოვლენასთან დაკავშირებული მცნების დაცვა?
9 მაგალითად, ბიბლიის შემსწავლელს შეუძლია დააკვირდეს მარტოხელა ქრისტიან მშობელს, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას ახმარს, რომ სამეფო დარბაზში პატარა ბავშვებით მოვიდეს და შეხვედრებს დაესწროს. მისი ყურადღების ობიექტი შეიძლება გახდეს დამწუხრებული ქრისტიანი და, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლის მიუხედავად, რეგულარულად ესწრება შეხვედრებს; აგრეთვე ხანდაზმული ქვრივი, რომელიც სხვებს ამხნევებს კრებაში; მოზარდი, რომელიც სამეფო დარბაზის დასუფთავებაში იღებს მონაწილეობას. ბიბლიის შემსწავლელს შეუძლია ყურადღება მიაქციოს კრების უხუცესს, რომელიც კრებაში დაკისრებული უამრავი პასუხისმგებლობის მიუხედავად სამქადაგებლო მსახურებასაც ერთგულად უწევს ხელმძღვანელობას. ბიბლიის შემსწავლელმა შეიძლება გაიცნოს მოწმე, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გამოდის, მაგრამ გამხნევების წყაროა მათთვის, ვინც მის მოსანახულებლად მიდის. ახალმა მოსწავლემ შეიძლება შეამჩნიოს ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებიც ძირეულ ცვლილებებს ახდენენ ცხოვრებაში, რათა მოხუც მშობლებზე იზრუნონ. ასეთ კეთილ, სხვებზე მზრუნველ და საიმედო ქრისტიანებზე დაკვირვებითა და მათ მაგალითზე დაფიქრებით ახალი მოწაფე სწავლობს, რას ნიშნავს ქრისტეს მცნების დაცვა — ღვთისა და მოყვასის, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეების, სიყვარული (იგავები 24:32; იოანე 13:35; გალატელთა 6:10; 1 ტიმოთე 5:4, 8; 1 პეტრე 5:2, 3). ასეთი სახით, ქრისტიანული კრების თითოეულ წევრს შეუძლია — და მართებს კიდეც — იყოს მასწავლებელი და მისაბაძი მაგალითი (მათე 5:16).
„ამ სისტემის აღსასრულამდე“
10. ა) როდემდე განვაგრძობთ მოწაფეების მომზადებას? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ დაკისრებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით?
10 როდემდე უნდა განვაგრძოთ მოწაფეების მომზადება? ამ სისტემის აღსასრულამდე (მათე 28:20). შევძლებთ იესოს ამ მითითების შესრულებას? ჩვენ, როგორც მსოფლიო კრების წევრებს, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება. გასულ წლებში ჩვენ სიხარულით გამოვიყენეთ საკუთარი დრო, ენერგია და სახსრები მათ მოსაძებნად, ვინც „მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი“ (საქმეები 13:48, აქ). დღესდღეობით მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ყოველდღიურად საშუალოდ სამ მილიონზე მეტ საათს უთმობენ სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ იესოს მაგალითს მივყვებით. მან განაცხადა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). ჩვენც მთელი გულით გვსურს ამის გაკეთება (იოანე 20:21). ჩვენ დაკისრებული საქმის მხოლოდ დაწყება კი არ გვსურს, არამედ მისი ბოლომდე მიყვანაც (მათე 24:13; იოანე 17:4).
11. რა ემართება ზოგ ქრისტიან და-ძმას და რა კითხვა უნდა დავუსვათ ამასთან დაკავშირებით საკუთარ თავს?
11 ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზოგი თანამორწმუნე სულიერად სუსტდება და ამის შედეგად ნაკლები მონდომებით ან საერთოდ აღარ ასრულებს მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ ქრისტეს დავალებას. შეგვიძლია რამენაირად დავეხმაროთ მათ, რომ კვლავ განაახლონ ურთიერთობა კრებასთან და განაგრძონ მოწაფეების მომზადება? (რომაელთა 15:1; ებრაელთა 12:12). ჩვენ შეგვიძლია დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარა იესო დროებით სულიერად დასუსტებულ მოციქულებს და მის მსგავსად მოვიქცეთ.
გამოავლინეთ მზრუნველობა
12. ა) როგორ მოიქცნენ მოციქულები იესოს სიკვდილამდე? ბ) როგორ მოექცა იესო თავის მოციქულებს მათ მიერ გამოვლენილი სერიოზული სისუსტის მიუხედავად?
12 იესოს მიწიერი მსახურების დასასრულს, როდესაც მისი სიკვდილის ჟამი მოახლოვდა, მოციქულებმა „მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ“. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ‘ყველა სათითაოდ გაიფანტა’ (მარკოზი 14:50; იოანე 16:32). როგორ მოექცა იესო სულიერად დასუსტებულ თანამსახურებს? აღდგომიდან ცოტა ხნის შემდეგ იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ“ (მათე 28:10). მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებმა სერიოზული სისუსტე გამოავლინეს, იესომ მათ მაინც ‘თავისი ძმები’ უწოდა (მათე 12:49). ის მათ კლავ ენდობოდა. იესო იეჰოვას მსგავსად გულმოწყალე და მიმტევებელი იყო (4 მეფეთა 13:23). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
13. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს სულიერად დასუსტებულ ქრისტიანებზე?
13 ჩვენ თანაგრძნობა უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვინც ნაკლები მონდომებით ან საერთოდ აღარ მონაწილეობს მსახურებაში. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რა სიყვარულით შრომობდნენ ეს თანამორწმუნეები წარსულში — ზოგიერთი შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი (ებრაელთა 6:10). ჩვენ მართლაც გვენატრება მათთან ურთიერთობა (ლუკა 15:4—7; 1 თესალონიკელთა 2:17). როგორ შეგვიძლია მათდამი მზრუნველობის გამოვლენა?
14. როგორ შეგვიძლია იესოს მიბაძვით დავეხმაროთ დასუსტებულ თანაქრისტიანს?
14 სულიერად დასუსტებულ მოციქულებს იესომ უთხრა, რომ წასულიყვნენ გალილეაში, სადაც ნახავდნენ მას. იესომ ისინი განსაკუთრებულ შეხვედრაზე მიიწვია (მათე 28:10). დღეს ჩვენც მსგავსად მოვუწოდებთ სულიერად დასუსტებულ თანაქრისტიანებს, დაესწრონ ქრისტიანული კრების შეხვედრებს და ამის გაკეთება შეიძლება არაერთხელ გვიწევს. მოციქულების შემთხვევაში იესოს მოწვევამ ნაყოფი გამოიღო, რადგან „თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეას, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ“ (მათე 28:16). რამხელა სიხარულს ვგრძნობთ, როდესაც დასუსტებული თანაქრისტიანი მსგავსად ეხმაურება ჩვენს გულთბილ მოწვევას და კვლავ იწყებს კრების შეხვედრებზე დასწრებას! (ლუკა 15:6).
15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და გულთბილად შევხვდეთ შეხვედრაზე მოსულ დასუსტებულ ქრისტიანებს?
15 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სულიერად დასუსტებული ქრისტიანი მოვა სამეფო დარბაზში? რა გააკეთა იესომ, როდესაც დაინახა დათქმულ ადგილას მისული რწმენაში დროებით მოსუსტებული მოციქულები? იესომ შორს კი არ დაიჭირა მათგან თავი, არამედ მივიდა მათთან (მათე 28:18). წარმოიდგინეთ, რა შვებას იგრძნობდნენ მოციქულები, როდესაც იესომ თავად გადადგა მათკენ პირველი ნაბიჯი! ჩვენც შეგვიძლია გადავდგათ პირველი ნაბიჯი და გულთბილად მივესალმოთ დასუსტებულ ქრისტიანებს, რომლებიც მთელი გულით ცდილობენ ქრისტიანულ კრებაში დაბრუნებას.
16. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იესოს მიერ მოწაფეების მოპყრობასთან დაკავშირებული მაგალითიდან? ბ) როგორ შეგვიძლია დასუსტებულების მიმართ ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს, როგორიც იესოს ჰქონდა? (იხილეთ სქოლიო.)
16 კიდევ რა გააკეთა იესომ? თავდაპირველად მან განაცხადა: „მთელი ძალაუფლება . . . მაქვს მოცემული“. შემდეგ მან მოციქულებს დავალება მისცა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. ბოლოს კი იესომ აღუთქვა მათ: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ (აქ). მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რა არ გააკეთა იესომ? მან არ უსაყვედურა მოწაფეებს იმის გამო, რომ შეცდომები დაუშვეს და დაეჭვდნენ (მათე 28:17). მოიტანა ასეთმა მიდგომამ დადებითი შედეგი? დიახ. ძალიან მალე მოციქულებმა კვლავ დაიწყეს ‘სასიხარულო ცნობის სწავლება და უწყება’ (საქმეები 5:42, აქ). თუ მივყვებით იესოს მაგალითს, მის მსგავსად მოვეპყრობით დასუსტებულებს, შეიძლება ამან ჩვენს კრებაშიც მოიტანოს სასიხარულო შედეგები (საქმეები 20:35)b.
„მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
17, 18. როგორ გვამტკიცებს იესოს სიტყვები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“?
17 იესოს მითითების ბოლო სიტყვები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ — განმამტკიცებელია ყველასთვის, ვინც მთელი გულით ცდილობს მის მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალების შესრულებას. როგორც უნდა შეეწინააღმდეგონ მტრები სამქადაგებლო საქმიანობას და რა ცილისმწამებლური ინფორმაციაც უნდა გაავრცელონ ჩვენ წინააღმდეგ, შიშის მიზეზი მაინც არა გვაქვს. რატომ? იესო, ჩვენი წინამძღოლი, რომელსაც ‘მთელი ძალაუფლება აქვს მიცემული ზეცაში თუ დედამიწაზე’, ჩვენ გვერდითაა და მხარს გვიჭერს!
18 იესოს დანაპირები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“ — დიდად მანუგეშებელიცაა. ვინაიდან გულმოდგინედ ვასრულებთ იესოს დავალებას მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით, ცხადია, სიხარულს ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ მწუხარების წუთებიც გვიდგება (2 ნეშტთა 6:29). ზოგი ჩვენგანი საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო დიდ ტკივილს განიცდის (დაბადება 23:2; იოანე 11:33—36). სხვები მოხუცებულობით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვიან — მათი ჯანმრთელობა უარესდება, რის გამოც ძალები ეცლებათ (ეკლესიასტე 12:1—6). ზოგი დროდადრო დეპრესიაში ვარდება (1 თესალონიკელთა 5:14). დღითი დღე სულ უფრო მეტ ჩვენგანს უწევს ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულ რთულ მდგომარეობასთან ბრძოლა. ასეთი სირთულეების მიუხედავად, წარმატებებს ვაღწევთ მსახურებაში, რადგან იესო „ყოველდღე“, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, ჩვენ გვერდითაა (მათე 11:28—30).
19. ა) რა ასპექტებს შეიცავს იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება? ბ) რა დაგვეხმარება ქრისტეს დავალების შესრულებაში?
19 როგორც ამ და წინა სტატიიდან დავინახეთ, იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება ბევრ ასპექტს შეიცავს. იესომ აგვიხსნა, თუ რატომ და სად უნდა შეგვესრულებინა მისი დავალება. მან ისიც გვითხრა, თუ რის შესახებ და როდემდე უნდა გვექადაგა. მართალია ამ დავალების შესრულება არც ისე ადვილია, მაგრამ იესოს მხარდაჭერითა და იმის გაცნობიერებით, რომ ის ჩვენ გვერდითაა, შეგვიძლია ამ დავალების შესრულება! განა არ ეთანხმებით ამას?
[სქოლიოები]
a ერთ ნაშრომში ხაზი ესმება იმას, რომ მონათვლასა და სწავლებასთან დაკავშირებული იესოს მითითება „არ გულისხმობს ორ თანმიმდევრულ მოქმედებას“. ნაცვლად ამისა, „სწავლება მოიცავს უწყვეტ პროცესს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე წინ უძღვის ნათლობას . . . და ნათლობის შემდეგაც გრძელდება“.
b იმის თაობაზე, თუ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს დასუსტებულებზე და როგორ დავეხმაროთ მათ, იხილეთ დამატებითი ინფორმაცია 2003 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 15—18.
როგორ უპასუხებდით?
• როგორ ვასწავლოთ სხვებს იესოს მცნებების დაცვა?
• რა შეუძლია ისწავლოს ახალ მოსწავლეს სხვა ქრისტიანებისგან კრებაში?
• როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სულიერად დასუსტებულებს?
• როგორ გვანუგეშებს და გვამტკიცებს იესოს დანაპირები — „მე ყოველდღე თქვენთან ვარ“?
[სურათები 15 გვერდზე]
სხვებისთვის მასწავლებლებიც უნდა ვიყოთ და მათ ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებაშიც უნდა დავეხმაროთ.
[სურათები 17 გვერდზე]
ახალი მოსწავლე ბევრ სასარგებლო რამეს სწავლობს სხვების მაგალითზე.