იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მათე“
პირველი ადამიანი, რომელმაც იესოს ამაღელვებელი ცხოვრებისა და მისი მსახურების შესახებ დაწერა, იყო მათე — კაცი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესო ქრისტესთან. სანამ მათე იესოს მოწაფე გახდებოდა, ის გადასახადების ამკრეფი იყო. მათეს სახარების წერა დასრულდა ახ. წ. 41 წელს. თავდაპირველად ის ებრაულად დაიწერა, ხოლო მოგვიანებით ბერძნულად ითარგმნა. ეს წიგნი ერთგვარი ხიდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ებრაულ წერილებსა და ბერძნულ წერილებს.
ეს მრავლისმომცველი სახარება, რომელიც, როგორც ჩანს, პირველ რიგში ებრაელებისთვის დაიწერა, იესოს აღთქმულ მესიად, ღვთის ძედ წარმოგვიდგენს. თუ ყურად ვიღებთ მასში ჩაწერილ ცნობას, ეს გაგვიძლიერებს რწმენას ჭეშმარიტი ღვთის, მისი ძისა და ღვთის აღთქმებისადმი (ებრ. 4:12).
„მოახლოვდა ზეციერი სამეფო“
მათე ყურადღებას ამახვილებს სამეფოს თემასა და იესოს სწავლებებზე, თუმცა მოვლენებს ის მაინცდამაინც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ აღწერს. მაგალითად, მთაზე ქადაგება თითქმის წიგნის დასაწყისშია ჩაწერილი, თუმცა იესომ ის თავისი მსახურების დაახლოებით შუა პერიოდში წარმოთქვა.
გალილეაში მსახურებისას იესო ახდენს სასწაულებს, თავის 12 მოციქულს მითითებებს აძლევს მსახურებასთან დაკავშირებით, ამხელს ფარისევლებს და მოჰყავს მაგალითები, რომლებიც სამეფოს უკავშირდება. შემდეგ ის ტოვებს გალილეას და მიდის „იუდეის საზღვრებთან, იორდანის გაღმა“ (მათ. 19:1). გზად იესო თავის მოწაფეებს ეუბნება: „ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძეს . . . სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ . . . მესამე დღეს კი აღდგება“ (მათ. 20:18, 19).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
3:16. რა გაგებით „გაიხსნა ცა“ იესოს მონათვლისას? როგორც ჩანს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იესოს გაახსენდა თავისი ცხოვრება ზეცაში.
5:21, 22. რისხვის გადმონთხევა უფრო სერიოზული ცოდვაა თუ გულში ჩატოვება? იესომ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც თავის ძმას გულში ურისხდება, სერიოზულ ცოდვას სჩადის. მაგრამ, დამამცირებელი სიტყვებით რისხვის გადმონთხევა უფრო სერიოზული ცოდვაა, რის გამოც ასე მოქმედი ადამიანი ჩვეულებრივ სასამართლოზე უფრო მაღლა მდგომი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.
5:48. ნამდვილად შესაძლებელია, რომ ისეთივე ‘სრულყოფილები ვიყოთ, როგორც ჩვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი’? დიახ, გარკვეული გაგებით ეს შესაძლებელია. ამ დროს იესო ლაპარაკობდა სიყვარულზე და მსმენელებს ეუბნებოდა, რომ მიებაძათ ღვთისთვის და სიყვარულში სრულყოფილები ყოფილიყვნენ, ანუ სრულად გამოევლინათ სიყვარული (მათ. 5:43—47). როგორ შეძლებდნენ ამას? იმით, თუ მტრებსაც შეიყვარებდნენ.
7:16. რა „ნაყოფით“ იცნობა ჭეშმარიტი რელიგია? ამ „ნაყოფში“ ჩვენს ქცევებზე მეტი იგულისხმება. ამაში შედის ჩვენი მრწამსიც — ის სწავლებები, რომლებსაც ვიცავთ.
10:34—38. იწვევს ბიბლიური ცნობა ოჯახების დაყოფას? არა. პირიქით, ამ განხეთქილებას იწვევს ოჯახის იმ წევრების პოზიცია, რომლებიც ყურად არ იღებენ ბიბლიურ ცნობას. ისინი შეიძლება უარყოფენ ან წინააღმდეგობასაც კი უწევენ ქრისტიანობას, რაც იწვევს კიდეც ოჯახების დაყოფას (ლუკ. 12:51—53).
11:2—6. თუ ღვთის ხმის გაგონების შემდეგ, როცა იეჰოვამ იესოსადმი მოწონება გამოხატა, იოანემ გაიგო, რომ იესო მესია იყო, რატომღა იკითხა მან, იყო თუ არა იესო „ის, ვინც მოდის“? იოანემ ეს კითხვა შესაძლოა იმიტომ დასვა, რომ თავად იესოს დაედასტურებინა ეს. თუმცა იოანეს იმის გაგებაც სურდა, „სხვა“ ვინმე ხომ არ მოვიდოდა სამეფო ძალაუფლებით, ვინც შეასრულებდა ყველაფერს, რისი იმედიც იუდეველებს ჰქონდათ. იესოს პასუხმა ნათელყო, რომ თავად იყო აღთქმული მესია.
19:28. რა იგულისხმება „ისრაელის თორმეტ ტომში“, რომელიც გასამართლდება? ამაში არ იგულისხმება სულიერი ისრაელის 12 ტომი (გალ. 6:16; გამოცხ. 7:4—8). მოციქულები, რომლებსაც იესო მიმართავდა, გახდებოდნენ სულიერი ისრაელის ნაწილი, და არა ამ სულიერი ერის მოსამართლეები. იესომ მათთან ‘დადო შეთანხმება სამეფოსთვის’ და ისინი ‘ღვთის სამეფოდ და მღვდლებად’ იმსახურებდნენ (ლუკ. 22:28—30; გამოცხ. 5:10). სულიერმა ისრაელმა ‘ქვეყნიერება უნდა გაასამართლოს’ (1 კორ. 6:2). ამგვარად, „ისრაელის თორმეტ ტომში“, რომლებსაც ზეციერ ტახტზე მსხდომნი ასამართლებენ, აშკარად იგულისხმება ქვეყნიერება, რომელიც არ ეკუთვნის სამღვდლო და სამეფო კლასს; სწორედ ეს ქვეყნიერებაა წარმოდგენილი 12 ტომით, რომლისთვისაც გამოსყიდვის დღეს სრულდებოდა გამოსყიდვის წესი (ლევ. თ. 16).
რას ვსწავლობთ:
4:1—10. ამ შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ სატანა რეალური პიროვნებაა და არა ზოგადად ბოროტება. ის ჩვენს შესაცდენად იყენებს „ხორცის სურვილს, თვალთა სურვილს და ქონებით ტრაბახს“. მისი მცდელობის მიუხედავად, ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაგვეხმარება, რომ ღვთის ერთგულები დავრჩეთ (1 იოან. 2:16).
5:1—7:29. იყავით სულიერს მოწყურებულნი. იყავით მშვიდობისმყოფელნი. თავიდან მოიშორეთ უზნეო ფიქრები. იყავით სიტყვის შემსრულებელნი. ლოცვისას სულიერი საკითხები მატერიალურ საზრუნავზე წინ დააყენეთ. გამდიდრდით ღმერთში. უპირველესად ეძებეთ სამეფო და ღვთის სიმართლე. ნუ გაასამართლებთ. შეასრულეთ ღვთის ნება. მართლაც, რამდენ პრაქტიკულ რამეს ვსწავლობთ იესოს მთაზე ქადაგებიდან!
9:37, 38. როდესაც ბატონს ვთხოვთ, რომ „მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“, ჩვენ შესაბამისად უნდა მოვიქცეთ და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 28:19, 20).
10:32, 33. არასოდეს არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენი რწმენის შესახებ ლაპარაკის.
13:51, 52. როდესაც ადამიანი სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას იგებს, ეს მას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ სხვებსაც გააგებინოს ეს ძვირფასი ჭეშმარიტება.
14:12, 13, 23. განმარტოება ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული ფიქრისთვის (მარ. 6:46; ლუკ. 6:12).
17:20. ჩვენ რწმენა გვჭირდება, რომ გადავლახოთ მთისმაგვარი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გვიშლის სულიერ წინსვლაში, და დავძლიოთ სირთულეები. ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ იეჰოვასა და მისი აღთქმებისადმი რწმენის განვითარებასა და განმტკიცებას (მარ. 11:23; ლუკ. 17:6).
18:1—4; 20:20—28. ადამიანური არასრულყოფილებისა და იმ დროს არსებული რელიგიური გარემოს გავლენით, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გამოჩენილ მდგომარეობას, იესოს მოწაფეები გადამეტებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ყველაზე დიდი. ცოდვილ მიდრეკილებებს რომ შევეწინააღმდეგოთ და მსახურებაში ჩვენს პასუხისმგებლობებზე სათანადო თვალსაზრისი შევინარჩუნოთ, თავმდაბლობის გამომუშავებაა საჭირო.
„კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“
‘ვირზე მჯდარი’ იესო იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს ადის (მათ. 21:5). მეორე დღეს ის ტაძარში შედის და წმენდს მას. 11 ნისანს იესო ტაძარში ასწავლის, ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და მოწაფეებს თავისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ აძლევს (მათ. 24:3). მეორე დღეს იესო მათ ეუბნება: „თქვენ იცით, რომ ორ დღეში პასექი იქნება და კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“ (მათ. 26:1, 2).
14 ნისანია. მას შემდეგ, რაც იესო თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აფუძნებს, მას გასცემენ, აპატიმრებენ, ასამართლებენ და ძელზე აკრავენ. მესამე დღეს მას ღმერთი მკვდრეთით აღადგენს. ზეცაში ამაღლებამდე აღდგენილი იესო თავის მოწაფეებს მითითებას აძლევს: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
22:3, 4, 9. როდის ხდება ქორწილში სამჯერ მოწვევა? პატარძლის კლასის ერთად შეკრებისთვის პირველი მოწვევა მაშინ მოხდა, როცა იესომ და მისმა მიმდევრებმა ახ. წ. 29 წელს დაიწყეს ქადაგება. ეს მოწვევა ახ. წ. 33 წლამდე გაგრძელდა. მეორე მოწვევა იმ დროიდან დაიწყო, როცა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა მოწაფეებზე. ეს მეორე მოწვევა ახ. წ. 36 წლამდე გაგრძელდა. ეს ორივე მოწვევა ეხებოდა მხოლოდ იუდეველებს, იუდეველ პროზელიტებსა და სამარიელებს. ხოლო მესამე მოწვევა ეხებოდა ქალაქიდან გამავალ გზებზე მყოფ ხალხს, ანუ წინადაუცვეთელ უცხოტომელებს. ეს მოწვევა დაიწყო ახ. წ. 36 წელს, როცა რომაელმა ასისთავმა, კორნელიუსმა ქრისტიანობა მიიღო. მესამე მოწვევა ჩვენს დრომდე გრძელდება.
23:15. რატომ იყო ფარისევლების მიერ მოქცეული ადამიანი, ანუ პროზელიტი „გეენის კერძი“, რომელიც ფარისევლებთან შედარებით „ორჯერ მეტ“ სასჯელს იმსახურებდა? ზოგიერთი მათგანი, ვინც ფარისევლების მიერ იყო მოქცეული, წინათ შესაძლოა, მძიმე ცოდვებს სჩადიოდა. ფარისევლების უკიდურეს რელიგიურ შეხედულებებს ნაზიარები პროზელიტები ადრინდელზე უარესები ხდებოდნენ და შესაძლოა თავიანთ მსჯავრდადებულ მასწავლებლებზე უფრო დიდ უკიდურესობაში ვარდებოდნენ. ამგვარად, ისინი „გეენის კერძი“ ხდებოდნენ და იუდეველ ფარისევლებთან შედარებით ორჯერ მეტ სასჯელს იმსახურებდნენ.
27:3—5. რის გამო შეაწუხა სინდისმა იუდა? არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იუდას სინდისის ქენჯნა ნამდვილ მონანიებაზე მეტყველებდეს. ნაცვლად იმისა, რომ ღვთისთვის ეთხოვა პატიება, მან თავისი დანაშაული მღვდელმთავრებისა და უხუცესების წინაშე აღიარა. „სასიკვდილო ცოდვის“ ჩადენის გამო იუდა მართებულად შეაწუხა დანაშაულის გრძნობამ და ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა (1 იოან. 5:16). სინდისის ქენჯნა მან იმიტომ იგრძნო, რომ უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
რას ვსწავლობთ:
21:28—31. იეჰოვას სიამოვნებს, როცა მის ნებას ვასრულებთ. მაგალითად, ჩვენ გულმოდგინე მონაწილეობა უნდა მივიღოთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში (მათ. 24:14; 28:19, 20).
22:37—39. რა ზუსტად გამოხატავს ეს ორი უდიდესი მცნება იმას, თუ რას მოითხოვს ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან!
[სურათი 31 გვერდზე]
გულმოდგინედ მონაწილეობთ მკის საქმეში?
[საავტორო უფლება]
© 2003 BiblePlaces.com
[სურათი 31 გვერდზე]
მათე სამეფოს იმედზე ამახვილებს ყურადღებას