მკითხველთა შეკითხვები
იესოსთვის ძვირფასი ნელსაცხებლის ცხებით გამოწვეული უკმაყოფილების შესახებ სამი სახარება მოგვითხრობს. მოციქულების უმეტესობა იყო უკმაყოფილო თუ ეს ძირითადად იუდას აწუხებდა?
ამ ამბის შესახებ მათეს, მარკოზისა და იოანეს სახარებებში ვკითხულობთ. ჩანს, რომ იუდამ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო და რამდენიმე მოციქულმაც მხარი აუბა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი იმის გამო, რომ ოთხი სახარება გვაქვს. ის, რაც თითოეულმა მწერალმა დაწერა, ზუსტი იყო, მაგრამ ყველამ არ მოგვაწოდა ერთი და იგივე დეტალები. პარალელური ცნობების ერთმანეთთან შედარებით ბევრ საკითხთან დაკავშირებით უფრო სრული წარმოდგენა გვექმნება.
მათეს 26:6—13 გვაწვდის ცნობას ადგილმდებარეობის შესახებ — სიმონ კეთროვნის სახლი ბეთანიაში — მაგრამ არ გვიმხელს იმ ქალის სახელს, რომელმაც იესოს ნელსაცხებლის ცხება დაუწყო თავზე. მათე აღნიშნავს: „მოწაფეებმა რომ დაინახეს, ბრაზი მოუვიდათ და თქვეს“, რომ ნელსაცხებლის გაყიდვა და საფასურის ღარიბებისთვის დარიგება შეიძლებოდა.
მარკოზის ცნობა ამ დეტალების უმეტესობას შეიცავს. მაგრამ ის დასძენს, რომ ქალმა ჭურჭელი გატეხა. ამ ჭურჭელში ესხა ნელსაცხებელი, რომელიც „სუფთა. . . ნარდისაგან“ (აფ) იყო; ალბათ, ისეთი, რომელიც ინდოეთიდან შემოჰქონდათ. უკმაყოფილების შესახებ მარკოზი გვაუწყებს, რომ „ზოგიერთნი აღშფოთდნენ“ და „კიცხავდნენ მას“ (მარკოზი 14:3—9). ამრიგად, ორი ცნობა გვიჩვენებს, რომ უკმაყოფილება მხოლოდ ერთ მოციქულს არ გამოუვლენია. მაგრამ, როგორ მოხდა ეს?
იოანე, რომელიც ამ ამბის თვითმხილველი იყო, მნიშვნელოვან დეტალებს ამატებს; ის გვეუბნება ქალის სახელს. ეს იყო მარიამი, მართას და ლაზარეს და. იოანე გვაწვდის შემდგომ დეტალსაც, რომელიც უნდა მივიღოთ როგორც დამატებითი და არა როგორც საწინააღმდეგო ინფორმაცია: „მარიამმა. . . ფეხებზე სცხო იესოს და საკუთარი თმით შეუმშრალა ფეხები“. ცნობების შეთავსებით შეგვიძლია დავინახოთ, რომ მარიამმა იესოს თავსა და ფეხებზე სცხო ნელსაცხებელი, რომელიც, როგორც იოანეც ადასტურებს, „სუფთა. . . ნარდის“ იყო. იოანე ძალიან ახლოს იყო იესოსთან და განიცდიდა, როდესაც იესოს არაფრად აგდებდნენ. მის სახარებაში ვკითხულობთ: «თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?» (იოანე 12:2—8).
რა თქმა უნდა, იუდა „ერთი მისი მოწაფეთაგანი“ იყო, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ აღაშფოთებდა იოანეს ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც ასეთი ღირსეული მდგომარეობა ეკავა, იესოს გაცემას გეგმავდა. მთარგმნელი დოქტორ ჰოვარდ მეთანი იოანეს 12:4-ის შესახებ აღნიშნავს, რომ ბერძნულ ენაზე ფრაზა „უნდა გაეცა“ უწყვეტი, განგრძობითი მოქმედების პროცესს გამოხატავს. შემდეგ ის დასძენს, „რომ იუდას მიერ იესოს გაცემა თვალის დახამხამებაში მომხდარი შემთხვევითობა არ იყო, ამაზე ის ფიქრობდა და დღეების განმავლობაში გეგმავდა“. იოანე ნათელს ჰფენს, თუ რატომ გაწყრა იუდა: იმიტომ კი არა, „რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და, რასაც ჩაყრიდნენ, ის იღებდა“ (იოანე 12:2—8).
ამიტომ ლოგიკური ჩანს: ქურდმა იუდამ იმიტომ წამოიწყო უკმაყოფილება, რომ უფრო ბევრს მოიპარავდა, თუ ნელსაცხებელი გაიყიდებოდა და საფასურს ყულაბაში ჩადებდნენ, რომელიც მას ებარა. როდესაც იუდამ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო, ზოგმა მოციქულმაც შეიძლება მხარი აუბა მას, ვინაიდან არ იცოდნენ, რა ედო მას გულში და მისი არგუმენტი საფუძვლიანად მოეჩვენათ. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ უკმაყოფილების მთავარი ინიციატორი იუდა იყო.