თავი 28
რატომ არ მარხულობენ იესოს მოწაფეები
მათე 9:14—17; მარკოზი 2:18—22; ლუკა 5:33—39
იოანეს მოწაფეები იესოს მარხვის თაობაზე ეკითხებიან
მას შემდეგ მალევე, რაც ახ. წ. 30 წელს იესომ იერუსალიმში პასექის დღესასწაული აღნიშნა, ჰეროდემ იოანე ნათლისმცემელი დააპატიმრა და ის ამ დრომდე ციხეშია. იოანეს სურვილი იყო, რომ მისი მოწაფეები იესოს გაჰყოლოდნენ, მაგრამ ახლა, როცა იოანეს დაპატიმრების შემდეგ რამდენიმე თვეა გასული, ვხედავთ, რომ მისი ყველა მოწაფე ასე არ მოქცეულა.
ახ. წ. 31 წელი დგას. პასექის დღესასწაული კარსაა მომდგარი. ზოგი იოანეს მოწაფე იესოსთან მიდის და ეკითხება: „ჩვენ და ფარისევლები რომ ვმარხულობთ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“ (მათე 9:14). ფარისევლებისთვის მარხვა რელიგიური რიტუალია. ერთხელ იესომ ერთი თავდაჯერებული ფარისევლის მაგალითიც კი მოიყვანა, რომელიც ასე ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები . . . კვირაში ორჯერ ვმარხულობ“ (ლუკა 18:11, 12). შეიძლება ფარისეველთა მსგავსად, იოანეს მოწაფეებისთვისაც მარხვა უბრალოდ ჩვეულებაა და მეტი არაფერი. ან შესაძლოა ისინი გლოვის ნიშნად მარხულობენ, რადგან იოანე პატიმრობაში იმყოფება. შეიძლება ამიტომაც უკვირთ, რატომ არ მარხულობენ იესოს მოწაფეები და არ იზიარებენ მათ მწუხარებას.
იოანეს მოწაფეების კითხვას იესო მაგალითით პასუხობს: „რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე მათთან არის?! მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ და მაშინ იმარხულებენ“ (მათე 9:15).
თავად იოანეც უწოდებდა იესოს ნეფეს (იოანე 3:28, 29). ასე რომ, იესოს მოწაფეებს, სანამ მათი მოძღვარი მათ გვერდითაა, ნამდვილად არა აქვთ მარხვის მიზეზი. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ისინი იგლოვებენ და იმარხულებენ, რადგან „ნეფე“ გვერდით აღარ ეყოლებათ. იესოს აღდგომის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვლება — მათ უკვე მარხვისა და მწუხარების არანაირი მიზეზი აღარ ექნებათ.
შემდეგ იესოს კიდევ ორი მაგალითი მოჰყავს: „ძველ მოსასხამს არავინ ადებს ისეთი ქსოვილის საკერებელს, რომელიც ჯერ არ შემდგარა, რადგან, როცა შედგება, ძველსაც მოხევს და ნახვრეტიც უფრო გადიდდება. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ, თუ ჩაასხეს, ტიკები დასკდება და გაფუჭდება, ღვინო კი დაიღვრება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“ (მათე 9:16, 17). რის თქმა უნდა იესოს ამ მაგალითებით?
იესო აჩვენებს იოანეს მოწაფეებს, რომ მის მიმდევრებს არ მოეთხოვებათ ძველი იუდაური წეს-ჩვეულებების დაცვა, ამიტომ მათთვის არც მარხვაა სავალდებულო. იესო იმისთვის არ მოსულა, რომ „საკერებელი დაადოს“ იმ თაყვანისმცემლობას, რომელიც უკვე მოძველებულია და უნდა შეიცვალოს. იესოს არ სურს, რომ ხალხი ღმერთს ისე სცემდეს თაყვანს, როგორც ამას იუდეველი წინამძღოლები ასწავლიან, რადგან იუდაიზმი ადამიანური წეს-ჩვეულებებითაა გაჯერებული. სწორედ ამიტომ, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, მას არ უნდა, რომ, ასე ვთქვათ, ძველ მოსასხამს ახალი საკერებელი დაადოს, ხოლო ახალი ღვინო ძველ და უხეშ ტიკებში ჩაასხას.