იცოდით თუ არა?
რატომ მიმართა იესომ ლოცვისას იეჰოვას სიტყვებით „აბბა, მამა“?
არამეული სიტყვა „აბბა“ შესაძლოა ნიშნავს „მამას“ ან „ო, მამას“. ბიბლიაში ეს გამოთქმა სამჯერ გვხვდება და სამივე შემთხვევაში ზეციერი მამის, იეჰოვასადმი ლოცვისას გამოიყენება. რა დატვირთვა ჰქონდა ამ სიტყვას?
ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «იესოს დროს „აბბას“ ბავშვები იყენებდნენ, რაც მამასთან ახლო ურთიერთობისა და პატივისცემის მაჩვენებელი იყო» (The International Standard Bible Encyclopedia). ეს იყო მამისადმი თბილი მიმართვა. „აბბა“ ერთ-ერთი პირველი სიტყვა იყო, რომელსაც ბავშვი სწავლობდა. იესომ ეს სიტყვა მამისადმი გულმხურვალე ლოცვაში გამოიყენა. გეთსემანეს ბაღში, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესომ ლოცვაში მამას სწორედ ამ სიტყვით მიმართა (მარკოზი 14:36).
ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში აგრეთვე ნათქვამია: «ბერძნულ-რომაული ხანის ებრაულ ლიტერატურაში ღმერთისადმი „აბბათი“ მიმართვას ვერსად შეხვდებით, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ღვთისადმი ასეთი შინაურული სიტყვით მიმართვა უპატივცემულობად ითვლებოდა». მაგრამ აღსანიშნავია, რომ „იესოს მიერ . . . ლოცვაში ამ სიტყვის გამოყენება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ მას ღმერთთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა“. სხვა ორ შემთხვევაში ეს სიტყვა პავლეს წერილებში გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პირველ საუკუნეში ლოცვის დროს ქრისტიანებიც იყენებდნენ ამ სიტყვას (რომაელები 8:15; გალატელები 4:6).
რატომ დაიწერა ბიბლიის ნაწილი ბერძნულ ენაზე?
მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ებრაელებს „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდოთ“ (რომაელები 3:1, 2). ამიტომ ბიბლიის პირველი ნაწილი, ძირითადად, ებრაულად დაიწერა. რაც შეეხება ქრისტიანულ წერილებს, ისინი ბერძნულ ენაზეა დაწერილი.a რატომ?
ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები ძველი ბერძნული ენის სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ. ამ დიალექტების ასიმილაციის შედეგად წარმოიშვა საერთო ბერძნული ენა კოინე. ალექსანდრეს ლაშქრობების დროს კოინე საერთაშორისო ენა გახდა. ამ პერიოდში ებრაელები პალესტინის საზღვრებს გარეთ იყვნენ გაფანტულნი. საუკუნეებით ადრე ბაბილონში გადასახლებულ ებრაელთაგან ბევრი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. შედეგად მრავალმა ებრაელმა დაივიწყა მშობლიური ენა და ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე გახდა (საქმეები 6:1). სწორედ მათთვის გაკეთდა ებრაული წერილების თარგმანი კოინეზე ანუ საერთო ბერძნულზე, რომელიც სეპტუაგინტის სახელით არის ცნობილი.
ერთ ლექსიკონში ნათქვამია, რომ სხვა არც ერთი ენა არ ყოფილა „ბერძნულივით მდიდარი, სინტაქსურად მოქნილი სტრუქტურის და გავრცელების ფართო არეალის მქონე“ (Dictionnaire de la Bible). მდიდარი ლექსიკით, დახვეწილი გრამატიკითა და ზმნების მრავალფეროვნებით, რაც შესაძლებელს ხდიდა მრავალი ნიუანსის გადმოცემას, „ბერძნული ენა საკომუნიკაციოდ იდეალური, ქრისტიანობის გასავრცელებლად კი საუკეთესო საშუალება იყო“. აქედან გამომდინარე, ქრისტიანული წერილების ბერძნულ ენაზე დაწერა ნამდვილად მართებული იყო.
[სქოლიო]
a ებრაული წერილების ზოგიერთი მონაკვეთი არამეულად დაიწერა. მათემ თავისი სახარება, როგორც ჩანს, თავიდან ებრაულად დაწერა და მოგვიანებით თავადვე თარგმნა ბერძნულად.
[სურათი 13 გვერდზე]
ბერძნული სეპტუაგინტის ხელნაწერის ფრაგმენტი
[საავტორო უფლება]
Courtesy of Israel Antiquities Authority