მკითხველთა შეკითხვები
რატომ უთხრა იესომ ქალს, რომელსაც ცოდვილის სახელი ჰქონდა, რომ ეპატია ცოდვები? (ლუკ. 7:37, 48)
ფარისეველ სიმონის სახლში სტუმრად ყოფნისას იესოსთან ვიღაც ქალი მივიდა და „მის ფერხთით დაჯდა“. ის ცრემლებით უსველებდა იესოს ფეხებს და თმით უმშრალებდა, თან ფეხებს ნაზად უკოცნიდა და ნელსაცხებლით უზელდა. როგორც სახარებიდან ვიგებთ, ამ ქალს „ქალაქში ცოდვილის სახელი ჰქონდა“. ცხადია, ყველა არასრულყოფილი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ბიბლიაში სიტყვა „ცოდვილი“ ისეთი ადამიანის მიმართ გამოიყენება, რომელიც სერიოზულად სცოდავს ან ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. როგორც ჩანს, ეს ქალი მეძავი იყო. სწორედ მას უთხრა იესომ: „გეპატია ცოდვები“ (ლუკ. 7:36—38, 48). რას გულისხმობდა იესო ამ სიტყვებში? როგორ შეეძლო მას ცოდვების მიტევება, როცა გამოსასყიდით ცოდვის საფასური ჯერ კიდევ არ იყო გადახდილი?
ვიდრე მის ფერხთით მჯდომ ქალს ეტყოდა, ცოდვები გეპატიაო, იესომ თავის მასპინძელ სიმონს ერთი მაგალითი მოუყვანა, რომელშიც ცოდვა დიდ ვალს შეადარა: «„ერთ გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს — ორმოცდაათი. ვინაიდან გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, მან მთელი გულით აპატია ორივეს. მითხარი, ვინ უფრო მეტად შეიყვარებს მას?“ სიმონმა უპასუხა: „ჩემი აზრით, ის, ვისაც უფრო მეტი აპატია“. იესომ მიუგო: „სწორად განსაჯე“» (ლუკ. 7:41—43). ჩვენ ყველას ღვთის მორჩილება გვმართებს. ამიტომ, როცა არ ვემორჩილებით მას და ვცოდავთ, ჩვენ ღმერთს ვერ ვაძლევთ იმას, რაც მას ეკუთვნის. ასე გვიგროვდება ვალი. იეჰოვა რაღაცით იმ გამსესხებელს ჰგავს, რომელიც მზად არის, გვაპატიოს ვალები. ამიტომ უთხრა იესომ თავის მიმდევრებს, ღმერთისთვის ლოცვაში ეთხოვათ: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათ. 6:12). ლუკას 11:4-დან კარგად ჩანს, რომ ვალებში ცოდვები იგულისხმება.
წარსულში რის საფუძველზე პატიობდა ღმერთი ხალხს ცოდვებს? მისი სრულყოფილი სამართლის მიხედვით ცოდვის საზღაური სიკვდილია. ადამმა ჩადენილი ცოდვა საკუთარი სიცოცხლით ზღო. ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, შემცოდველს ცოდვები იმ შემთხვევაში ეპატიებოდა, თუ იეჰოვას ცხოველს შესწირავდა. მოციქული პავლე წერდა: „კანონის თანახმად, თითქმის ყველაფერი სისხლით წმინდავდება და სისხლის დაუღვრელად პატიება არ ხდება“ (ებრ. 9:22). ებრაელებს ვერ წარმოედგინათ, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ღმერთს მათთვის ცოდვები ეპატიებინა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ არ მოეწონათ სიმონის სახლში მყოფებს, რაც იესომ უთხრა ქალს. სუფრასთან მყოფნი ერთმანეთში ალაპარაკდნენ: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ პატიობს?“ (ლუკ. 7:49). რის საფუძველზე აპატია იესომ ამ ცოდვილ ქალს?
პირველი წყვილის დაუმორჩილებლობის შემდეგ, იეჰოვა ღმერთმა წარმოთქვა პირველი წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც მოვიდოდა „შთამომავალი“, რომელსაც სატანა და მისი „შთამომავლები“ ქუსლს დაუგესლავდნენ (დაბ. 3:15). ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა იესო ღვთის მტრებმა მოკლეს (გალ. 3:13, 16). ქრისტეს დაღვრილი სისხლი კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსყიდვას ემსახურება. რადგანაც იეჰოვას განზრახვის შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ფაქტობრივად ეს გამოსასყიდი ღვთის თვალში უკვე გადახდილი იყო. ამის გამო ღმერთს შეეძლო ცოდვების პატიება მათთვის, ვინც მისი დანაპირებისადმი რწმენას გამოავლენდა.
ძველ დროში ღმერთმა არაერთ ადამიანს უწოდა მართალი. მათ შორის იყვნენ ენოქი, ნოე, აბრაამი, რახაბი და იობი. ისინი რწმენით მოელოდნენ ღვთის დანაპირების შესრულებას. მოწაფე იაკობმა დაწერა: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“. რახაბის შესახებ კი წერდა: „განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად აღიარებული?“ (იაკ. 2:21—25).
ისრაელის მეფე დავითმაც რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ მას ჭეშმარიტი ღმერთის ძლიერი რწმენა ჰქონდა და ყველა ცოდვა მთელი გულით მოინანია. ღვთის სიტყვაში წერია: „ღმერთმა შერიგების შესაწირავად დაადგინა ის [იესო] და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს პატიობდა და დიდსულოვნებას ავლენდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს“ (რომ. 3:25, 26). იმ მსხვერპლის საფუძველზე, რომელსაც იესო მომავალში გაიღებდა, იეჰოვას შეეძლო დავითისთვის ცოდვები ეპატიებინა ისე, რომ თავისი სამართლიანი ნორმები არ დაერღვია.
როგორც ჩანს, მსგავსი რამ მოხდა იმ ქალის შემთხვევაშიც, რომელიც იესოს ნელსაცხებლით უზელდა ფეხებს. ის უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ მან მოინანია. მას ესმოდა, რომ ცოდვებისგან გამოსყიდვა სჭირდებოდა. ამ ქალმა საქმით აჩვენა, რომ ნამდვილად აფასებდა მას, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა ადამიანებს გამოისყიდდა. მართალია, მსხვერპლი ჯერ არ იყო გაღებული, მაგრამ ის იმდენად რეალური იყო, რომ მის საფუძველზე უკვე შეიძლებოდა მისნაირი ადამიანისთვის ცოდვების პატიება. სწორედ ამიტომ უთხრა იესომ ქალს: „გეპატია ცოდვები“.
ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ იესო ცოდვილებს არ გაურბოდა. პირიქით, ის სიკეთეს უკეთებდა მათ. იეჰოვა ყოველთვის მზად არის აპატიოს ცოდვები მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს. ამის ცოდნა მართლაც მანუგეშებელია ჩვენთვის, არასრულყოფილი ადამიანებისთვის.
[სურათი 7 გვერდზე]
ისინი მართლებად ჩაითვალნენ