თავი 45
დემონების ტყვეობისგან გათავისუფლება
მათე 8:28—34; მარკოზი 5:1—20; ლუკა 8:26—39
იესო დემონებს უბრძანებს, ღორების კოლტში შევიდნენ
ზღვაზე მოულოდნელად ამოვარდნილ ქარიშხალთან ჭიდილის შემდეგ მოწაფეები ნაპირზე ბრუნდებიან და აქაც საკმაოდ გამაოგნებელი სანახაობის მოწმენი ხდებიან. ისინი ხედავენ, რომ იქვე ახლოს მდებარე სასაფლაოდან ორი, დემონებით შეპყრობილი, გაშმაგებული კაცი პირდაპირ იესოსკენ მორბის. მათ ყურადღებას განსაკუთრებით ერთ-ერთი იქცევს, რომელიც უფრო აგრესიულია; აშკარაა, რომ ის უკვე კარგა ხანია დემონების ტყვეობაშია.
ეს კაცი, რომელსაც ტანსაცმელიც კი არ მოსავს, ერთობ საცოდავი სანახავია — „დღედაღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებს და ქვებით ისერავს სხეულს“ (მარკოზი 5:5). ის იმდენად გახელებულია, რომ ხალხს მის სიახლოვეს გავლაც კი ეშინია. ზოგმა მისი შეპყრობა და ბორკილებით შეკვრაც სცადა, მაგრამ ის ყოველთვის წყვეტდა ჯაჭვებს და ბორკილებს ამტვრევდა. მისი დამორჩილება შეუძლებელია.
ეს კაცი უახლოვდება იესოს და მის ფეხებთან ეცემა. ის ხმამაღლა იძახის: „რა მაქვს შენთან საერთო იესო, უზენაესის ძეო? ღმერთს გაფიცებ, არ დამტანჯო“. ამ დროს ყველასთვის ცხადი ხდება, რომ იესოს იმის ძალაუფლებაც კი აქვს, რომ დემონები დაიმორჩილოს. ის ასეთ სიტყვებს ამბობს: „გამოდი ამ კაცისგან, უწმინდურო სულო“ (მარკოზი 5:7, 8).
სინამდვილეში ამ კაცს მრავალი დემონი ჰყავს. ამიტომ იესოს კითხვაზე „რა გქვია?“, ის პასუხობს: „ლეგიონი, რადგან ბევრნი ვართ“ (მარკოზი 5:9). ჩვეულებრივ, რომაელთა ლეგიონი ათასობით მეომრისგან შედგებოდა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული სიტყვები იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამ კაცს მრავალი დემონი ჰყავს, რომლებიც საშინლად სტანჯავენ მას და დიდ სიამოვნებას იღებენ ამით. „ისინი ეხვეწებიან მას [იესოს], უფსკრულში წასვლა არ გვიბრძანოო“. დემონებმა, როგორც ჩანს, კარგად უწყიან, რა ელით წინ მათ და მათ მეთაურს, სატანას (ლუკა 8:31).
იქვე დაახლოებით 2 000 ღორისგან შემდგარი დიდი კოლტი ბალახს ჭამს. ეს ცხოველი კანონის თანახმად უწმინდურად ითვლებოდა და იუდეველებს მათი ყოლაც კი ეკრძალებოდათ. დემონები სთხოვენ იესოს: „ღორებისკენ გაგვიშვი, მათში შევალთ“ (მარკოზი 5:12). იესო რთავს მათ ამის ნებას და ისინიც ღორებში შედიან, რის შემდეგაც ღორების მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში ეშვება და იხრჩობა.
ამის დანახვაზე ღორების მწყემსები გარბიან, რათა ქალაქსა თუ სოფლებში ყველას შეატყობინონ ეს ამბავი. ხალხი მომხდარის სანახავად გამოდის. ისინი ხედავენ, რომ ერთ დროს დემონებით შეპყრობილი კაცი გათავისუფლებულია მათი ტყვეობიდან და საღ გონებაზეა. მას ახლა უკვე ტანსაცმელი მოსავს და იესოს ფეხებთან ზის.
მათ, ვინც საკუთარი თვალით ხედავს მომხდარს და მათაც, ვინც სხვებისგან იგებს ამ სასწაულის შესახებ, შიში იპყრობთ; ისინი ვერ ხვდებიან, რას შეიძლება ნიშნავდეს ყოველივე ეს და ევედრებიან იესოს, რომ დატოვოს მათი მხარე. როცა იესო ნავზე ადის, დემონების ტყვეობისგან გათავისუფლებული კაცი ეხვეწება, თან წაიყვანოს. მაგრამ იესო ეუბნება: „წადი სახლში შენიანებთან და უამბე ყველაფერი, რაც იეჰოვამ გაგიკეთა და როგორ შეგიწყალა“ (მარკოზი 5:19).
ჩვეულებისამებრ, იესო მათ, ვისაც სხვადასხვა სნეულებისგან კურნავს, სთხოვს, არავის გააგებინონ მომხდარის შესახებ, რადგან არ სურს, ხალხმა მასზე დასკვნები სენსაციურ ამბებზე დაყრდნობით გამოიტანოს. ამ შემთხვევაში კი დემონების ტყვეობისგან გათავისუფლებული კაცი ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რამხელა ძალას ფლობს იესო; ამიტომ თავად შეუძლია დაუმოწმოს იმ ხალხს, რომელსაც იესო პირადად ვერ უქადაგებს. მისი დამოწმება აგრეთვე იმ მითქმა-მოთქმასაც გააბათილებს, რაც ხალხში ამდენი ღორის ამოწყვეტის გამო დაიწყო. ასე რომ, ეს კაცი მიდის და მთელ დეკაპოლისში იწყებს იესოს სასწაულებრივი საქმის შესახებ ლაპარაკს.