ზეპირსიტყვიერებიდან წმინდა ხელნაწერებამდე პირველი ქრისტიანები და განათლება
მორწმუნეთა მრავალი თაობა ძალიან დიდ დროს უთმობდა მის წაკითხვას, შესწავლასა და გაანალიზებას. ის ოდესმე გაკეთებული ჩანაწერებიდან ყველაზე ცნობილია. ეს არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომელსაც ხშირად „ახალ აღთქმას“ უწოდებენ. ამ ჩანაწერებმა, ისევე როგორც ბიბლიის დანარჩენმა ნაწილმა, დიდი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე. მან განსაზღვრა მორალური და ეთიკური ნორმები და გახდა მრავალი მწერლისა და ხელოვნის შთაგონების წყარო. რაც ყველაზე მთავარია, ეს ჩანაწერები ღვთისა და იესოს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში დაეხმარა მილიონობით ადამიანს. ამ მხრივ შესაძლოა გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ (იოანე 17:3).
სახარებები და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა ნაწილები იესოს სიკვდილის შემდეგ მალევე არ დაწერილა. მათემ, როგორც ჩანს, თავისი სახარება იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 7, 8 წლის შემდეგ დაწერა, იოანემ კი — დაახლოებით 65 წლის შემდეგ. როგორ შეძლეს მათ იესოს სწავლებებისა და საქმეების შესახებ უშეცდომო ჩანაწერების გაკეთება? უდავოა, რომ ამ მხრივ ღვთის წმინდა სულმა გადამწყვეტი როლი შეასრულა და მათ ხელმძღვანელობა გაუწია (იოანე 14:16, 26). როგორ გახდა შესაძლებელი, რომ დროის გასვლის მიუხედავად იესოს სწავლებები ზუსტად გადაცემულიყო და საბოლოოდ წმინდა წერილების ნაწილი გამხდარიყო?
იყვნენ მოწაფეები „წერა-კითხვის უცოდინრები“?
გასულ საუკუნეში ზოგ სწავლულს სჯეროდა, რომ იესოს პირველმა მოწაფეებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ და მათ იესოს სწავლებებისა და საქმეების შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით კი არ გაავრცელეს, არამედ ზეპირსიტყვიერად. მაგალითად, ერთი მკვლევარი წერს: „იესოს ქადაგებიდან ათეულობით წელი გავიდა, სანამ სახარებების დამწერები მის მსახურებას წერილობით აღწერდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის, რაც იესოს შესახებ იყო ცნობილი, ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა“. ზოგი მკვლევარი იმასაც კი ირწმუნება, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები იესოს მოწაფეები „წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ“a. ისინი ამბობენ, რომ იესოს მსახურების შესახებ მონათხრობს ათწლეულების განმავლობაში ინფორმაცია დაემატა ან ის რაიმე სახით შეიცვალა. მათი აზრით, სწორედ ამიტომ განსხვავდება გაკეთებული ჩანაწერები რეალურად მომხდარი ამბებისგან.
ზოგიერთ სწავლულს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარი მოსაზრება აქვს. მათი აზრით, იესოს იუდეველი მოწაფეები, რომლებიც ბევრ დროს ატარებდნენ იესოსთან, როგორც ჩანს იყენებდნენ რაბინების სწავლების მეთოდს (რაბინები დაზეპირების მიზნით ინფორმაციას ხშირად იმეორებდნენ), რამაც ხელი შეუწყო ზეპირი გადმოცემების სიზუსტეს. მხოლოდ ზეპირსიტყვიერებას ეყრდნობოდნენ მოწაფეები თუ გაკეთებულმა ჩანაწერებმა გახადა შესაძლებელი, რომ იესოს მსახურების შესახებ ინფორმაციას ჩვენამდე მოეღწია? მართალია, დანამდვილებით არავის შეუძლია იმის თქმა, თუ სინამდვილეში როგორ იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გაკეთებულმა ჩანაწერებმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მათ იცოდნენ წერა-კითხვა
პირველ საუკუნეში ყველა ფენის ხალხმა იცოდა წერა-კითხვა. ამასთან დაკავშირებით ებრაული და ძველი სემიტური ენების პროფესორი ალან მილარდი აღნიშნავს: „ბერძნული, არამეული და ებრაული დამწერლობა ფართოდ იყო გავრცელებული და მას საზოგადოების ყველა ფენა იყენებდა“. შემდეგ ის დასძენს: „იესოს სწორედ ამ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა“.
იმ აზრთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა სახარებები იმ დროს დაიწერა, როცა „ხალხი სრულიად გაუნათლებელი იყო“, პროფესორი მილარდი წერს: „ეს მოსაზრება ნაკლებად სარწმუნოა, რადგან მაშინ დამწერლობა თითქმის ყველგან იყო გავრცელებული . . . აქედან გამომდინარე, ხალხს ჩვეულებრივ შეეძლო მოსმენილის შესახებ ჩანაწერები გაეკეთებინა, იქნებოდა ეს პირადი გამოყენებისთვის თუ სხვების ინფორმირებისთვის“.
ძველ დროში, როგორც ჩანს, ადვილად ხელმისაწვდომი იყო ცვილით დაფარული დაფები, რომლებსაც წერისთვის იყენებდნენ. ამის მაგალითს ლუკას სახარების პირველ თავში ჩაწერილი შემთხვევა წარმოადგენს. ზაქარიას, რომელსაც დროებით დაკარგული ჰქონდა მეტყველების უნარი, ჰკითხეს, რა სახელი დაერქმიათ მისი ვაჟისთვის. 63-ე მუხლში ნათქვამია: «მან ხის დაფა მოითხოვა [როგორც ჩანს ხელით მიანიშნა] და დაწერა: „იოანე ჰქვია“». ბიბლიურ ლექსიკონებში ახსნილია, რომ სიტყვა „დაფაში“ შეიძლება იგულისხმებოდეს ხის ნაჭერი, რომელიც ცვილით იყო დაფარული და რომელსაც დასაწერად იყენებდნენ. იქ მყოფთაგან ვინმეს შეიძლება მიტანილი ჰქონდა ასეთი დაფა, რომ ზაქარიასთვის მიეცა დასაწერად.
ბიბლიაში მოყვანილი სხვა მაგალითი აჩვენებს იმას, რომ საწერი დაფები და მათი გამოყენება ფართოდ იყო გავრცელებული იმ დროში. საქმეების წიგნში ვკითხულობთ, რომ პეტრემ ტაძართან შეკრებილ ხალხს მოუწოდა: „მოინანიეთ . . . რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები“ (საქმეები 3:11, 19). ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „წაიშალოს“, ნიშნავს „აღგვას, გადაფხეკას“. ერთ საერთაშორისო თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ამ ზმნით გამოხატული აზრი როგორც აქ, ისე სხვა უმეტეს კონტექსტებში შესაძლოა მიუთითებდეს ცვილით დაფარული საწერი დაფიდან ნაწერის წაშლაზე დაფის ხელახლა გამოყენების მიზნით“ („The New International Dictionary of New Testament Theology“).
სახარებები აგრეთვე გვიჩვენებს, რომ იესოს მიმდევრებსა და მსმენელებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც იცოდნენ წერა-კითხვა. მაგალითად, მათ შორის იყვნენ გადასახადების ამკრებები მათე და ზაქე (მათე 9:9; ლუკა 19:2); სინაგოგის წინამძღვარი (მარკოზი 5:22); ასისთავი (მათე 8:5); ჰეროდე ანტიპას სახლთუხუცესის ცოლი იოანა (ლუკა 8:3); აგრეთვე, მწიგნობრები, ფარისევლები და სინედრიონის წევრები (მათე 21:23, 45; 22:23; 26:59). უდავოა, რომ იესოს მოციქულებიდან და მოწაფეებიდან მრავალს — შესაძლოა ყველასაც კი — შეეძლო წერა-კითხვა.
გულმოდგინე მკვლევარები, მასწავლებლები და მწერლები
იესოს მოწაფეები ქრისტიანი მასწავლებლები რომ ყოფილიყვნენ, მათ არა მხოლოდ ის უნდა სცოდნოდათ, თუ რას ამბობდა და აკეთებდა იესო, არამედ ისიც, თუ როგორ სრულდებოდა ქრისტეზე ებრაულ წერილებში მოცემული კანონი და წინასწარმეტყველებები (საქმეები 18:5). მკვდრეთით აღდგომიდან მალევე იესო შეხვდა თავის მოწაფეებს, რის შესახებაც ლუკამ თავის სახარებაში ჩაწერა. რა გააკეთა იესომ? „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. ცოტა ხნის შემდეგ იესომ მოწაფეებს უთხრა: «„აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი: ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“. მაშინ სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა» (ლუკა 24:27, 44, 45). მოგვიანებით მოწაფეებს „გაახსენდათ“, როგორ უხსნიდა იესო მათ ებრაულ წერილებში დაწერილს (იოანე 12:16).
ეს ჩანაწერი იმაზე მიუთითებს, რომ მოწაფეები და მოციქულები გულმოდგინედ იკვლევდნენ და სწავლობდნენ წმინდა წერილებს, რათა სრულად ჩასწვდომოდნენ თავიანთი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ ნანახისა და მოსმენილის მნიშვნელობას (ლუკა 1:1—4; საქმეები 17:11). ვირჯინიის უნივერსიტეტის რელიგიურ მეცნიერებათა პროფესორი ჰარი გამბლი წერს: „ეჭვგარეშეა, რომ პირველ საუკუნეში იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც, შესაძლოა ჯგუფ-ჯგუფად, გულდასმით იკვლევდნენ ებრაულ წერილებს და ხსნიდნენ მასში ჩაწერილს, რასაც შემდეგ წერილობით სახეს აძლევდნენ. ეს ჩანაწერები საფუძვლად ედებოდა ქრისტიანულ აღმსარებლობას და მას ქრისტიანობის ქადაგებისას იყენებდნენ“.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იესოს პირველი მოწაფეები მხოლოდ ზეპირსიტყვიერებას კი არ ეყრდნობოდნენ, არამედ დაკავებულნი იყვნენ შესწავლით, კითხვითა და წერით. ისინი იყვნენ გულმოდგინე მკვლევარები, მასწავლებლები და მწერლები. რაც მთავარია, მოწაფეები სულიერად მოწიფული მამაკაცები იყვნენ, რომლებიც მიჰყვებოდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. იესომ დაარწმუნა ისინი, რომ ‘ჭეშმარიტების სული ყველაფერს გაახსენებდა, რაც კი მათთვის ჰქონდა ნათქვამი’ (იოანე 14:17, 26). ღვთის წმინდა სული დაეხმარა მათ, რომ დაემახსოვრებინათ და დაეწერათ ის, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა. სწორედ წმინდა სულის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომ მოწაფეებმა სიტყვასიტყვით დაწერეს იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგება, რაც საკმაოდ დიდი მოცულობისაა (მათეს 5—7 თავები). ღვთის სული აგრეთვე ხელმძღვანელობდა სახარების დამწერებს, რომ აღეწერათ, თუ რა გრძნობები ეუფლებოდა ზოგჯერ იესოს და რას ამბობდა ის ლოცვის დროს (მათე 4:2; 9:36; იოანე 17:1—26).
მართალია, დამწერები სახარებების დაწერისას ზეპირგადმოცემებსა და წერილობით წყაროებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერების უტყუარობაზე განსაკუთრებით ის მიუთითებს, რომ მასში ჩაწერილი აზრები ყველაზე სანდო წყაროსგან, იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობდა. ამგვარად, შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ და მასში მოცემული სწავლებებისა და ხელმძღვანელობის მიყოლით შევძლებთ, ვაკეთოთ ღვთისმოსაწონი საქმეები (2 ტიმოთე 3:16).
[სქოლიო]
a იხილეთ ჩარჩო „იყვნენ მოციქულები წერა-კითხვის უცოდინრები“? გვერდი 15.
[ჩანართი 14 გვერდზე]
იესოს მიმდევრებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებმაც იცოდნენ წერა-კითხვა
[ჩანართი 15 გვერდზე]
წმინდა სული დაეხმარა იესოს პირველ მოწაფეებს, რომ დაემახსოვრებინათ და დაეწერათ ის, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
იყვნენ მოციქულები წერა-კითხვის უცოდინრები?
როდესაც იერუსალიმის მმართველებმა და უხუცესებმა „დაინახეს პეტრესა და იოანეს პირდაპირობა და შეატყვეს, რომ უსწავლელი და უბრალო ადამიანები იყვნენ, გაუკვირდათ“ (საქმეები 4:13). ნამდვილად უსწავლელები, წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ მოციქულები? ამასთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ეს ტერმინები, როგორც ჩანს, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს მოყვანილი, რომ პეტრეს [და იოანეს] თითქოს არანაირი განათლება არ ჰქონდათ მიღებული და მათ წერა-კითხვა არ იცოდნენ. ეს უბრალოდ იმაზე მიუთითებს, თუ რა დიდი სხვაობა იყო იმ ორ ფენას შორის, რომლებსაც მოციქულები და მათი გამსამართლებლები განეკუთვნებოდნენ“ („The New Interpreter’s Bible“).
[სურათი 13 გვერდზე]
«მან ხის დაფა მოითხოვა და დაწერა: „იოანე ჰქვია“»
[სურათი 13 გვერდზე]
ცვილით დაფარული დაფა და საწერი საშუალებები, რომელიც გამოიყენებოდა ახ. წ. პირველ ან მეორე საუკუნეში
[საავტორო უფლება]
© British Museum/Art Resource, NY