თავი 65
იერუსალიმისკენ მიმავალი იესო შემხვედრთ ასწავლის
მათე 8:19—22; ლუკა 9:51—62; იოანე 7:2—10
როგორი დამოკიდებულება აქვთ იესოს ძმებს მის მიმართ?
რამდენად მნიშვნელოვანია სამეფოს საქმის პირველ ადგილზე დაყენება?
იესო გარკვეული ხნის მანძილზე, ძირითადად, გალილეაში ქადაგებდა; იქ მას უფრო კარგად უსმენდნენ, ვიდრე იუდეაში. შესაძლოა ამ მხარეში იმიტომ ქადაგებდა, რომ იერუსალიმში ყოფნის დროს, როცა შაბათს ერთი მამაკაცი განკურნა, იუდეველებმა მოკვლა დაუპირეს (იოანე 5:18; 7:1).
ახლა ახ. წ. 32 წლის შემოდგომაა. კარვობის დღესასწაული ახლოვდება. მას, ჩვეულებრივ, ისრაელები შვიდი დღის მანძილზე აღნიშნავდნენ, ხოლო მერვე დღეს საზეიმო შეკრება ჰქონდათ. კარვობის დღესასწაულის დროს მოსავლის აღების დასრულება აღინიშნებოდა; ამ დღესასწაულზე ისრაელები მხიარულობდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ ღვთის მიმართ.
იესოს ნახევარძმები, იაკობი, სიმონი, იოსები და იუდა მოუწოდებენ მას: „გაერიდე აქაურობას და წადი იუდეაში“. იერუსალიმი ღვთის თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა. ამ ქალაქში სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად უამრავი ხალხი იყრიდა თავს. იესოს ძმები ეუბნებიან: „როცა ვინმეს უნდა, ცნობილი გახდეს, ფარულად არაფერს აკეთებს. რაკი ამ ყოველივეს აკეთებ, გამოეცხადე ქვეყნიერებას“ (იოანე 7:3, 4).
სინამდვილეში მათ არ სწამთ ის და არ აღიარებენ მას მესიად. მაგრამ სურვილი აქვთ, დღესასწაულის დროს შეკრებილებმა იხილონ მისი სასწაულები. იესომ იცის, რა საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეუბნება მათ: „ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით დღესასწაულზე, მე ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“ (იოანე 7:5—8).
რამდენიმე დღის შემდეგ, რაც იესოს ძმები სხვებთან ერთად გაუდგნენ იერუსალიმისკენ მიმავალ გზას, იესო და მისი მოწაფეები ფარულად, ხალხისგან შეუმჩნევლად მიდიან იერუსალიმში. ისინი იქ პირდაპირი გზით, სამარიის გავლით, მიდიან და არა მდინარე იორდანეს გასწვრივ მდებარე ყველასთვის ცნობილი გზით. იესოს და მის მოწაფეებს ღამის გასათევი სჭირდებათ, ამიტომ იესო წინასწარ აგზავნის მაცნეებს სამარიის იმ სოფელში, რომელიც გზად უნდა გაიარონ და ავალებს, ყველაფერი მოუმზადონ. მაგრამ ვინაიდან იესო იუდეველთა დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში აპირებს ჩასვლას, იქაურები არ იღებენ მათ და არ ავლენენ მათ მიმართ ჩვეულ სტუმართმოყვარეობას. განრისხებული იაკობი და იოანე იესოს ეუბნებიან: „უფალო, გინდა ვთქვათ, რომ ციდან ცეცხლი ჩამოვიდეს და მოსპოს ისინი?“ (ლუკა 9:54). მაგრამ იესო არათუ აძლევს მათ ამის უფლებას, არამედ იმისთვისაც კი კიცხავს, რომ ასეთმა აზრმა გაუელვათ თავში. ამის შემდეგ კვლავ იერუსალიმისკენ იღებენ გეზს.
გზად ერთი მწიგნობარი ხვდებათ, რომელიც იესოს ეუბნება: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“. პასუხად იესო ამბობს: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (მათე 8:19, 20). ამით იესო მიანიშნებს მწიგნობარს, რომ თუ მისი მიმდევარი გახდება, ბევრ სირთულეს შეხვდება. როგორც ჩანს, ეს მწიგნობარი საკმაოდ ამაყია, რომ დათანხმდეს იესოს და ასეთი ცხოვრების წესი აირჩიოს. კარგი იქნება, თუ თითოეული ვკითხავთ საკუთარ თავს: „რამდენად ძლიერი სურვილი მაქვს, მივყვე იესოს ნაკვალევს“?
გზად იესო ერთ კაცს ეუბნება: „გამომყევი“. ის პასუხობს: „ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. იესომ კარგად უწყის, სინამდვილეში რა ხდება ამ კაცის თავს, ამიტომ ასეთ რამეს ეუბნება: „მკვდრებმა თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები, შენ კი წადი და ყველგან აუწყე ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 9:59, 60). როგორც ჩანს, ამ კაცის მამა ჯერ კიდევ ცოცხალია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ახლა იესოს გვერდით არ იდგებოდა. ის არ არის მზად, ღვთის ნება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენოს და ყველგან აუწყოს მისი სამეფოს შესახებ.
იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესოს კიდევ ერთი კაცი ხვდება, რომელიც ეუბნება მას: „მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მომეცი, ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დავემშვიდობო“. იესო პასუხობს: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (ლუკა 9:61, 62).
ვისაც გულით სწადია, გახდეს იესოს მოწაფე, მთელი ყურადღება სამეფოს საქმეზე უნდა გადაიტანოს. თუ გუთნისდედა პირდაპირ არ იყურება, გუთანი შეიძლება კვალიდან ამოუვარდეს და სწორი კვალი ვერ გაავლოს. თუ ის გუთანს ხელს გაუშვებს და უკან დაიწყებს ყურებას, შედეგი ის იქნება, რომ მინდორი მოუხვნელი დარჩება. მსგავსად, ყველა, ვინც უკან, ამ დრომოჭმული ქვეყნიერებისკენ იყურება, შეიძლება ასცდეს მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას.