პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მიწათმოქმედი
«[იესომ] თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“» (მათე 9:37, 38).
იესოს ხშირად, როცა მნიშვნელოვანი რამის სწავლება სურდა მსმენელებისთვის, მიწათმოქმედის ყოველდღიური საქმიანობიდან მოჰყავდა მაგალითები და სასოფლო-სამეურნეო იარაღებს იხსენიებდა (მათე 11:28—30; მარკოზი 4:3—9; ლუკა 13:6—9). ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ხალხი, ძირითადად, მიწათმოქმედებას მისდევდა. ბევრი მისი მსმენელისთვის კარგად იყო ცნობილი მიწის დამუშავების ძირძველი მეთოდები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე უცვლელი რჩებოდა. იესოს მაგალითები მათთვის გასაგები იყო, რადგან მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან იყო აღებული. იესო კარგად იცნობდა როგორც სოფლის ცხოვრებას, ისე ხალხის ბუნებას, ამიტომ შეეძლო ისეთი მაგალითები მოეყვანა, რომლებიც მათ გულამდე მიაღწევდა (მათე 7:28).
იესოს მაგალითებსა და ბიბლიის სხვა მონაკვეთებს უკეთ ჩავწვდებით, თუ მეტს გავიგებთ პირველ საუკუნეში მცხოვრები მიწათმოქმედის საქმიანობის შესახებ და ამასთანავე, შევიტყობთ, რა მარცვლეული მოჰყავდა მას, რა სამუშაო იარაღებს იყენებდა და რა სირთულეებთან უწევდა ჭიდილი.
მოდი, დავემგზავროთ ყანაში მიმავალ გლეხს და თვალი მივადევნოთ, რა მუხლჩაუხრელად შრომობს. წაიკითხეთ მოყვანილი მუხლები და დაფიქრდით, რისი სწავლა შეგიძლიათ.
თესვის დრო
კარის ზღურბლზე მდგომი გლეხი ხელით იჩრდილავს თვალებს ახალამოწვერილი მზის კაშკაშა სხივებისგან და ხარბად ისუნთქავს დილის ნოტიო ჰაერს. წვიმების შემდეგ მზისგან გამომშრალი ნიადაგი დარბილებულია. ხვნა-თესვის დრო დგება. გლეხი მხარზე იდებს ხის მსუბუქ გუთანს და მინდვრისკენ მიეშურება.
მინდორში გლეხი ხარებს უღელში აბამს და კვალში აყენებს. გუთნის სახნისი ქვა-ღორღიან ნიადაგს აფხვიერებს; ის ბელტებს კი არ ატრიალებს, არამედ კვლებს ავლებს (1). გუთნისდედა ცდილობს, სწორი კვალი გაავლოს, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს. იგი არასდროს იყურება უკან, რომ გუთანი კვალიდან არ ამოუვარდეს (ლუკა 9:62). გარდა ამისა, ის არ უნდა გადავიდეს მეზობლის ნაკვეთზე და ამასთანავე, თავისი მიწის არც ერთი გოჯი არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.
მინდორი უკვე მოხნულია. ახლა თესვის დრო დგება. მთესველს ერთ ხელში ქერით სავსე აბგა უჭირავს, მეორე ხელით კი აქეთ-იქით აბნევს მისთვის ესოდენ ძვირფას ქერს (2). ყანაში არაერთი საცალფეხო ბილიკია, ამიტომ მთესველი ცდილობს, თესლი ისე მიმოაბნიოს, რომ „კარგ ნიადაგზე“ მოხვდეს (ლუკა 8:5, 8).
თესლის მიმოფანტვის შემდეგ იწყება ფარცხვა. გლეხი ფარცხს აბამს ხარებს და მთელ მინდორს ფარცხავს. სანამ მთესველი თესლს მიწას მიაყრის, ჩიტების გუნდი ჟივილ-ხივილით ეშვება და გამალებით კენკავს მიმოფანტულ მარცვალს. როდესაც თესლი ღივდება და იზრდება, გლეხი თოხით (3) მცენარის ირგვლივ მიწას აფხვიერებს და სარეველებს ჭრის, რომ ნათესს არ გადაუაროს (მათე 13:7).
მკის დრო
გადის თვეები. იწყება წვიმები. ქერის მწიფე თავთავები ზანტად ირხევიან. მზის გულზე ყანა თეთრად ბიბინებს (იოანე 4:35).
მკის დროს გლეხსა და მის ოჯახს დიდი ჯაფა ადგება. მომკელი მარცხენა ხელს მარცვლეულის ღეროებს ჰკიდებს, მარჯვენა ხელით კი ნამგლით ჭრის მათ (4). მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან ოჯახის წევრები, რომლებიც თავთავებს ძნებად კრავენ (5). შემდეგ ძნები ურმებით ან ვირებით (6) სოფლის კალოზე გადააქვთ.
ცის მოწმენდილ, ლურჯ კამარაზე მზე ოქროსფრად ელვარებს. სულის მოსათქმელად და წასახემსებლად გლეხის ოჯახი ლეღვის ხის ჩრდილს აფარებს თავს. ისინი იცინიან, მუსაიფობენ და პურს, მოხალულ მარცვლეულს, ზეთისხილს, ლეღვის ჩირსა და ქიშმიშს შეექცევიან. ბოლოს კი წყაროს წყლით იკლავენ წყურვილს (კანონი 8:7).
იქვე სიახლოვეს ღარიბი და უმიწაწყლო ხალხი მორჩენილ თავთავებს აგროვებს (7) (კანონი 24:19—21).
მოგვიანებით, გლეხი სოფლის კალოზე, რომელიც შემაღლებული და მოსწორებული ადგილია, ძნებს შლის. კევრში შებმული ხარები ძნებს ლეწავენ (8) (კანონი 25:4). კევრის ძირზე დამაგრებულია კაჟის ნატეხები და ლითონის ნაჭრები, რათა ძნები ადვილად გაილეწოს.
შემდეგ გლეხი საღამოს დადგომას ელის, როცა ნიავი დაუვლის კალოს (რუთი 3:2). შებინდებისას ის ფიწლით (9) ანიავებს ბზეს (მათე 3:12). მარცვალი მიწაზე რჩება, ბზე კი ნიავს მიაქვს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ გლეხი მთლიანად არ გაწმენდს კალოს ბზისგან.
მეორე დილას გლეხის ცოლი და ქალიშვილები იწყებენ მარცვლეულის გაცხრილვას (10). ისინი ცხრილში მარცვალს ყრიან და ცხრილავენ. ამის შედეგად, ქერის მარცვლები კალათში იყრება, ხოლო ნამჯა ცხრილში რჩება. წლეულს გლეხის ოჯახმა უხვი მოსავალი აიღო. ისინი მარცვლეულის დიდ ნაწილს ბეღელში ინახავენ, მორჩენილს კი — თიხის ჭურჭლებში (11).
სოფლის კალოზე გადმომდგარი გლეხი წელში იმართება, ნაჯაფ მკლავებს განზე შლის და კიდევ ერთხელ მიმოავლებს თვალს ყანებს, რომლებიც სოფელს გარს ეკვრის. ის კმაყოფილი გაჰყურებს მომკილ, გადახუნებულ მინდვრებს, სადაც ამდენი ოფლი დაღვარა. ხედავს, როგორ შესევიან მეზობლები თავიანთ ვენახებს, ზეთისხილის კორომებს, ბროწეულისა თუ ლეღვის ბაღებს. იქვე ახლოს ერთი მეზობელი თავის პატარა ბაღში ფუსფუსებს და ხელის აწევით ესალმება მას. გაისად ის ამ ბაღში კიტრს, ოსპს, ლობიოს, პრასს, ხახვსა და მუხუდოს მოიწევს. შემდეგ გამრჯე მიწათმოქმედი ზეცას აღაპყრობს თვალს და ორიოდე სიტყვით გულწრფელად უხდის მადლობას ღმერთს ასეთი უხვი ჭირნახულისთვის (ფსალმუნი 65:9—11).
[სურათები 28-30 გვერდებზე]
(იხილეთ პუბლიკაცია)