თავი 72
იესო 70 მოწაფეს საქადაგებლად აგზავნის
იესო 70 მოწაფეს ირჩევს და საქადაგებლად აგზავნის
ახ. წ. 32 წელი იწურება. უკვე დაახლოებით სამი წელია, რაც იესო მოინათლა. ის და მისი მოწაფეები ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში იყვნენ ჩასულები და შესაძლოა ახლაც იერუსალიმის მახლობლად არიან (ლუკა 10:38; იოანე 11:1). იესო თავისი მსახურების ბოლო ექვსი თვის უმეტეს ნაწილს იუდეაში და მდინარე იორდანის გაღმა, პერეაში ატარებს. სასიხარულო ცნობა აქაც უნდა გაიგოს ხალხმა.
დაახლოებით 2 წლით ადრე, ახ. წ. 30 წლის პასექის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, იესომ რამდენიმე თვე იუდეაში იქადაგა; გზად მას სამარიის გავლა მოუწია. შემდეგ კი, ახ. წ. 31 წელს, დაახლოებით პასექის დღესასწაულის დროს, იერუსალიმში იუდეველებმა მას მოკვლა დაუპირეს. ამის მერე იესო წელიწად-ნახევარი, ძირითადად, იუდეის ჩრდილოეთით, გალილეაში ქადაგებდა. ამ ხნის მანძილზე მას კიდევ ბევრი გაჰყვა. გალილეაში იესომ მოციქულები მოამზადა და შემდეგ საქადაგებლად გაგზავნა. მან ასეთი მითითება მისცა მათ: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 10:5—7). ახლა კი იესო იუდეაში უწევს ხელმძღვანელობას ფართომასშტაბიან სამქადაგებლო საქმიანობას.
ამისთვის იგი 70 მოწაფეს ირჩევს და შემდეგ ორ-ორად გზავნის. ამგვარად, ამ მხარეში, სადაც „სამკალი მართლაც ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“, 35 წყვილისგან შემდგარი სამეფოს მქადაგებელთა ჯგუფი მზადაა მსახურებისთვის (ლუკა 10:2). მათ იმ ადგილებში უნდა იქადაგონ, სადაც მოგვიანებით იესო თავად აპირებს ქადაგებას. ისინი განკურნავენ სნეულებს და იმ ცნობას გაავრცელებენ, რა ცნობასაც იესო აცხადებს.
მოწაფეებმა ხალხს სინაგოგებში კი არა, იესოს მითითებისამებრ, სახლებში უნდა უქადაგონ. იესო არიგებს მათ: «სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“. თუ იქნება იქ მშვიდობის მეგობარი, თქვენი მშვიდობა მასთან დარჩება». რის შესახებ უნდა იქადაგონ მათ? იესო ეუბნება, „უთხარით ყველას, ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ-თქო“ (ლუკა 10:5—9).
იესო 70 მოწაფეს ისეთივე მითითებებს აძლევს, როგორიც 12 მოციქულს მისცა, როცა დაახლოებით ერთი წლით ადრე საქადაგებლად გაგზავნა. იგი აფრთხილებს მათ, რომ ყველა არ მიიღებს. თუმცა მათი მონდომება უკვალოდ არ ჩაივლის და მათი ქადაგების შედეგად ბევრი ის ადამიანი, ვინც განწყობილია ჭეშმარიტების მოსასმენად, მზად იქნება, ცოტა ხნის შემდეგ მათთან მისულ მოძღვარს მთელი გულით შეეგებოს და ისწავლოს მისგან.
მალე 35 წყვილისგან შემდგარი სამეფოს მახარობელთა ჯგუფი იესოსთან ბრუნდება. ისინი სიხარულით ამცნობენ თავიანთ მოძღვარს: „უფალო, შენი სახელის ხსენებაზე დემონებიც კი გვემორჩილებიან“. ეს ამბავი ძალიან ახარებს იესოს. იგი ეუბნება მათ: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან. ძალაუფლება მოგეცით, რომ ფეხით გათელოთ გველები და მორიელები“ (ლუკა 10:17—19).
ამ სიტყვებით იესო თავის მიმდევრებს არწმუნებს, რომ ისინი შეძლებენ დასძლიონ ბოროტება, ანუ სიმბოლური გაგებით ფეხით გათელონ გველები და მორიელები. მეტიც, მათ იოტისოდენა ეჭვიც კი არ უნდა შეეპაროთ, რომ მომავალში სატანა გადმოგდებული იქნება ზეციდან. იესო აგრეთვე უჩვენებს თავის 70 მოწაფეს, თუ რა არის საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:20).
იესოს სიხარულს საზღვარი არა აქვს; იგი სახალხოდ განადიდებს მამას, რომ ამ თავმდაბალ მსახურებს ასეთი დიდებული საქმეების შესასრულებლად იყენებს. შემდეგ ბრუნდება მოწაფეებისკენ და ეუბნება: „ბედნიერნი არიან ისინი, რომელთა თვალებიც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ, რადგან გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, და მოესმინა ის, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ არ უხილავთ და არ მოუსმენიათ“ (ლუკა 10:23, 24).