თავი 4
იესო ქრისტე — ღვთის შემეცნების გასაღები
1, 2. როგორ დააზიანეს მსოფლიო რელიგიებმა ღვთის შემეცნების გასაღები?
შენ დგახარ შენი სახლის კართან და აწვალებ საკეტს. გარეთ ცივა და ბნელა, ამიტომ ცდილობ, რაც შეიძლება მალე აღმოჩნდე შიგნით, მაგრამ გასაღები არ აღებს. როგორც ჩანს, ის გასაღებია, მაგრამ საკეტი არ ტრიალდება. რა იმედგაცრუებული რჩები! კვლავ უყურებ გასაღებს. ამ საკეტის გასაღებია? იქნებ ვიღაცამ დააზიანა?
2 ეს არის იმის შესაფერი მაგალითი, თუ როგორი არეულობა შეიტანეს მსოფლიო რელიგიებმა ღვთის შემეცნებაში. სინამდვილეში, მრავალმა დააზიანა გასაღები — იესო ქრისტე, რომელიც ხსნის ჩვენს გაგებას. ზოგიერთმა რელიგიამ მოიცილა ეს გასაღები, ანუ საერთოდ უგულებელყო იესო. სხვებმა დაამახინჯეს იესოს როლი, რადგან ეთაყვანებიან მას, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ღვთის შემეცნება ჩვენთვის დაკეტილია ამ მეტად მნიშვნელოვანი ფიგურის, იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი ცოდნის გარეშე.
3. რატომ შეიძლება ეწოდოს ქრისტეს ღვთის შემეცნების გასაღები?
3 შეგიძლია გაიხსენო, რა თქვა იესო ქრისტემ: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამ ნათქვამით იესოს არ დაუკვეხნია რამე. საღვთო წერილი არაერთხელ უსვამს ხაზს იესო ქრისტეს ზუსტი შეცნობის აუცილებლობას (ეფესელთა 4:13; კოლასელთა 2:2; 2 პეტრე 1:8; 2:20). „მასზე [იესო ქრისტეზე] ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს“, — აღნიშნა მოციქულმა პეტრემ (საქმეები 10:43). მოციქული პავლე კი წერდა: „[იესო ქრისტეში] დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი“ (კოლასელთა 2:3). პავლემ ისიც თქვა, რომ ღმერთის ყველა აღთქმა აღსრულდებოდა იესო ქრისტეს მეშვეობით (2 კორინთელთა 1:20). ამიტომ, იესო ქრისტე არის ღვთის შემეცნების ჭეშმარიტი გასაღები. იესო ქრისტეს შესახებ ჩვენი შემეცნება თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი დამახინჯებისგან, როგორც მის ვინაობაზე, ასევე მის როლზე ღმერთის ღონისძიებაში. მაგრამ რატომ თვლიან იესოს მიმდევრები მას ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ღმერთის განზრახვებში?
აღთქმული მესია
4, 5. რა იმედებს ამყარებდნენ მესიაზე და რას ფიქრობდნენ იესოს მოწაფეები მის შესახებ?
4 ერთგული ადამიანის, აბელის, დღეებიდან ღმერთის მსახურები მოუთმენლად ელოდნენ თესლს, რომელზეც თვით ღმერთმა იწინასწარმეტყველა (დაბადება 3:15; 4:1–8; ებრაელთა 11:4). ცნობილი გახდა, რომ თესლი მოემსახურებოდა ღმერთის განზრახვას, როგორც მესია, რაც ნიშნავს „ცხებულს“. ის ‘ბოლოს მოუღებდა ცოდვას’ (აქ) და მისი სამეფო დიდება ნაწინასწარმეტყველები იყო ფსალმუნებში (დანიელი 9:24–26; ფსალმუნი 71:1–20). ვინ იქნებოდა ეს მესია?
5 წარმოიდგინე ის მღელვარება, რომელიც განიცადა ახალგაზრდა იუდეველმა, სახელად ანდრიამ, როდესაც მოისმინა ნაზარეველი იესოს სიტყვები. მან სასწრაფოდ მოძებნა თავისი ძმა, სიმონ-პეტრე და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (იოანე 1:41). იესოს მოწაფეები დარწმუნებული იყვნენ, რომ ის იყო აღთქმული მესია (მათე 16:16). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ თავიანთი რწმენისთვის, რომ იესო ნამდვილად ნაწინასწარმეტყველები მესია, ანუ ქრისტე იყო. რა მტკიცება ჰქონდათ მათ? მოდი, განვიხილოთ მტკიცების სამი ფაქტორი.
მტკიცება, რომ იესო მესია იყო
6. ა) რომელი გენეალოგიური ხაზით მოვიდოდა აღთქმული თესლი და საიდან ვიცით, რომ იესო ამ საგვარეულო ხაზში მოვიდა? ბ) ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის შემდეგ რატომ იყო შეუძლებელი ვინმესთვის, დაემტკიცებინა, რომ მესია იყო?
6 იესოს გენეალოგია უპირველესი დამამტკიცებელია მისი, როგორც აღთქმული მესიის ამოსაცნობად. იეჰოვამ უთხრა თავის ერთგულ მსახურს, აბრაამს, რომ დაპირებული თესლი მოვიდოდა მისი ოჯახიდან. აბრაამის ძემ — ისააკმა, ისააკის ძემ — იაკობმა, იაკობის ძემ — იუდამ, თითოეულმა მათგანმა მიიღო მსგავსი დაპირება (დაბადება 22:18; 26:2–5; 28:12–15; 49:10). მესიის გენეალოგიურ ხაზს მივყავართ შორეული საუკუნეებისკენ, როდესაც მეფე დავითს ეუწყა, რომ მისი სამეფო ხაზიდან მოვიდოდა მესია (ფსალმუნი 131:11; ესაია 11:1, 10). მათესა და ლუკას სახარებების ცნობები ადასტურებენ, რომ იესო მოვიდა ამ საგვარეულო ხაზში (მათე 1:1–16; ლუკა 3:23–38). მიუხედავად იმისა, რომ იესოს ჰყავდა მრავალი უბოროტესი მტერი, არცერთი მათგანი სადავოდ არ ხდიდა საკითხს მისი კარგად ცნობილი შთამომავლობითი ხაზის შესახებ (მათე 21:9, 15). ნათელია, მისი გენეალოგიის საკითხი უდავოა. მაგრამ იუდეველთა საგვარეულო ჩანაწერები განადგურდა, როდესაც რომაელებმა დაარბიეს იერუსალიმი, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს. შემდეგში, აღარავის შეეძლო დაემტკიცებინა საკუთარ თავზე, რომ აღთქმული მესია იყო.
7. ა) რომელია მტკიცების მეორე ფაქტორი, რომ იესო მესია იყო? ბ) როგორ შესრულდა მიქას 5:1 იესოსთან დაკავშირებით?
7 შესრულებული წინასწარმეტყველება მტკიცების მეორე ფაქტორია. ებრაული წერილების მრავალი წინასწარმეტყველება აღწერს მესიის ცხოვრების მრავალ მხარეს. ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში წინასწარმეტყველმა მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დიდებული მმართველი დაიბადებოდა უმნიშვნელო ქალაქ ბეთლემში. ისრაელის ორ ქალაქს ეწოდებოდა ბეთლემი, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა მხოლოდ ერთზე: ეფრათას ბეთლემზე, სადაც დაიბადა მეფე დავითი (მიქა 5:1). იესოს მშობლები, იოსები და მარიამი, ცხოვრობდნენ ნაზარეთში, ბეთლემიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით. იმ დროს, როდესაც მარიამი ორსულად იყო, რომის მმართველმა, კეისარმა ავგუსტუსმა, გამოსცა ბრძანება, რომ ყოველი ადამიანის აღწერა მომხდარიყო იმ ქალაქში, სადაც დაიბადაa. ამიტომ, იოსებმა ორსული ცოლი ბეთლემში წაიყვანა, სადაც დაიბადა იესო (ლუკა 2:1–7).
8. ა) როდის და რა მოვლენით დაიწყო 69 „კვირა“? ბ) რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო 69 „კვირა“ და რა მოხდა, როდესაც ეს პერიოდი დასრულდა?
8 ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში წინასწარმეტყველმა დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ‘ცხებული მეფე’ გამოჩნდებოდა 69 ‘კვირაში’ (აქ), იმის შემდეგ, როცა გამოვიდოდა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად (დანიელი 9:24, 25). ყოველი ასეთი „კვირა“ შვიდწლიანი ხანგრძლივობის იყოb. ბიბლიური და ქვეყნიური ისტორიების თანახმად, ბრძანება იერუსალიმის აღდგენის შესახებ გამოვიდა ძველი წელთაღრიცხვით 455 წელს (ნეემია 2:1–8). ამიტომ, მესია გამოჩნდა ძველი წელთაღრიცხვით 455 წლიდან 483 (69-ჯერ 7) წლის შემდეგ. ამას მივყავართ ახალი წელთაღრიცხვით 29 წელთან, ზუსტად იმ წელთან, როდესაც იეჰოვამ სულიწმიდით სცხო იესო. ამგვარად, იესო გახდა „ქრისტე“ (ნიშნავს „ცხებულს“), ანუ მესია (ლუკა 3:15, 16, 21, 22).
9. ა) როგორ შესრულდა ფსალმუნის 2:2? ბ) რომელია ზოგიერთი სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც იესოზე შესრულდა? (იხილე ცხრილი).
9 რა თქმა უნდა, ყველამ არ მიიღო იესო, როგორც აღთქმული მესია და საღვთო წერილმა ამაზეც იწინასწარმეტყველა. როგორც ჩაწერილია ფსალმუნის 2:2-ში, ღმერთის მიერ ინსპირირებულმა მეფე დავითმა დაწერა: „ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან“. ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა, რომ მრავალი ქვეყნის ხელმძღვანელი გაერთიანდებოდა, რათა იერიში მიეტანათ ღმერთის ცხებულზე, ანუ მესიაზე. და ეს ასეც მოხდა. იუდეველთა რელიგიურმა ლიდერებმა, მეფე ჰეროდემ, რომის განმგებელმა პონტოელმა პილატემ — ყველამ თავისი წვლილი შეიტანა იესო ქრისტეს სიკვდილში. იმ დროს ყოფილი მტრები, ჰეროდე და პილატე, მეგობრები გახდნენ (მათე 27:1, 2; ლუკა 23:10–12; საქმეები 4:25–28). იმის შემდგომი მტკიცება, რომ იესო მესია იყო, იხილე, გეთაყვა, თანმხლებ ცხრილში, სათაურით: „მესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება“.
10. როგორ დაამტკიცა იეჰოვამ, რომ იესო აღთქმული მესია იყო?
10 იეჰოვა ღმერთის დამოწმება არის მტკიცების მესამე ფაქტორი, რომელიც მხარს უჭერს იესოს, როგორც მესიას. იეჰოვამ ანგელოზები გამოგზავნა, რათა ადამიანებს გაეგოთ, რომ იესო აღთქმული მესია იყო (ლუკა 2:10 –14). სინამდვილეში, იესოს დედამიწაზე ცხოვრებისას, იეჰოვამ თვითონ ილაპარაკა ზეციდან და გამოხატა იესოსადმი მოწონება (მათე 3:16, 17; 17:1–5). იეჰოვა ღმერთმა ძალით აღჭურვა იესო, რომ სასწაულები მოეხდინა. თითოეული სასწაული წარმოადგენდა შემდგომ ღვთაებრივ დადასტურებას, რომ იესო მესია იყო, რადგან ღმერთი არასოდეს მისცემდა თაღლითს ასეთ ძალას სასწაულების მოსახდენად. იეჰოვამ თავისი სულიწმიდა აგრეთვე იმისთვის გამოიყენა, რომ შთაეგონებინა სახარებების ცნობები, ამგვარად, მტკიცება რომ იესო მესია იყო იქცა ბიბლიის ნაწილად, წიგნის, რომელიც ისტორიაში ყველაზე მეტად გავრცელებული და თარგმნილია. (იოანე 4:25, 26).
11. რამდენი ფაქტი არსებობს, რომ იესო მესია იყო?
11 მთლიანობაში, მტკიცებების ეს ჯგუფი შეიცავს ასობით ფაქტს, რომლებიც იესოს წარმოგვიდგენს, როგორც აღთქმულ მესიას. გარდა ამისა, ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანები სწორი თვალსაზრისით უყურებდნენ ქრისტეს, როგორც ‘მას, ვის შესახებაც ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებდა’ და ისინი თვლიდნენ, რომ ის იყო ღვთის შემეცნების გასაღები (საქმეები 10:43). მაგრამ იმ ფაქტის გარდა, რომ იესო მესია იყო, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავიგოთ მის შესახებ. სად დაიბადა იესო? როგორი იყო ის?
იესოს არსებობა განკაცებამდე
12, 13. ა) საიდან ვიცით, რომ დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში არსებობდა? ბ) ვინ არის „სიტყვა“ და რას აკეთებდა ის განკაცებამდე?
12 იესოს ცხოვრების გზა შეიძლება დავყოთ სამ პერიოდად. პირველი პერიოდი დაიწყო დიდი ხნით ადრე, სანამ ის მოევლინებოდა დედამიწაზე. მიქას 5:1-ში ნათქვამი იყო, რომ მესიის წარმოშობა ‘ძველითგან იყო, საუკუნო დღეებიდან’. იესომ გასაგებად თქვა, რომ „ზემოთიდან“, ესე იგი ზეციდან იყო მოსული (იოანე 8:23; 16:28). რამდენ ხანს იმყოფებოდა ის ზეცაში, სანამ დედამიწაზე მოვიდოდა?
13 იესოს ეწოდა ღმერთის „მხოლოდშობილი ძე“, ვინაიდან უშუალოდ იეჰოვამ შექმნა ის (იოანე 3:16). როგორც ‘ყოველი ქმნილების პირმშო’, შემდეგ ღმერთმა სხვა ყველაფრის შესაქმნელად გამოიყენა იესო (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14). იოანეს 1:1 გვამცნობს, რომ „სიტყვა“ (იესო, განკაცებამდე თავისი არსებობის დროს) იყო „თავდაპირველად“ ღმერთთან. ამიტომ, „სიტყვა“ იყო იეჰოვასთან, როდესაც შეიქმნა „ცა და მიწა“. ღმერთმა „სიტყვას“ მიმართა, როდესაც თქვა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად“ (დაბადება 1:1, 26). ამგვარად, „სიტყვა“ უნდა იყოს იგავნის 8:22–31-ში გაპიროვნებულ სიბრძნედ აღწერილი, ღმერთის საყვარელი „ოსტატი“, რომელიც შრომობდა იეჰოვასთან ერთად ყველაფრის შესაქმნელად. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ არსებობაში მოიყვანა, „სიტყვამ“ საუკუნეები გაატარა ზეცაში ღმერთთან ერთად, სანამ დედამიწაზე ადამიანად მოევლინებოდა.
14. რატომ ეწოდება იესოს „უხილავი ღვთის ხატება“?
14 გასაკვირი არ არის, რომ კოლასელთა 1:15-ში იესოს ეწოდება „უხილავი ღვთის ხატება“ ! აურაცხელი წლის მანძილზე ღმერთთან ახლო ურთიერთობით, მორჩილი ძე გახდა თავისი მამის, იეჰოვას, ზუსტი მსგავსება. ეს არის შემდგომი მიზეზი, თუ რატომ არის იესო სიცოცხლის მომცემი ღვთის შემეცნების გასაღები. ყველაფერი, რაც იესომ მოიმოქმედა დედამიწაზე ყოფნისას, ზუსტად ის არის, რასაც მოიმოქმედებდა იეჰოვა. მაგრამ იესოს კარგად შეცნობა, აგრეთვე ნიშნავს გავაფართოვოთ ჩვენი შემეცნება იეჰოვას შესახებ (იოანე 8:28; 14:8–10). ცხადია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი შევისწავლოთ იესო ქრისტეს შესახებ.
იესოს ცხოვრება დედამიწაზე
15. როგორ დაიბადა იესო სრულყოფილ ბავშვად?
15 იესოს ცხოვრების მეორე პერიოდი იყო მისი ცხოვრება დედამიწაზე. ის ნებაყოფლობით დაემორჩილა იეჰოვას, როდესაც ღმერთმა მისი სიცოცხლე გადმოიტანა ზეციდან მარიამის, ერთგული იუდეველი ქალიშვილის, საშვილოსნოში. იეჰოვას ძლიერმა სულიწმიდამ, ანუ მოქმედმა ძალამ ‘მოჩრდილა’ მარიამი, გამოიწვია, რომ ის დაორსულებულიყო და ბოლოს, ეშვა სრულყოფილი ბავშვი (ლუკა 1:34, 35). იესოს მემკვიდრეობით არ მიუღია არასრულყოფილება, რადგან მისი სიცოცხლე წარმოიშვა სრულყოფილი წყაროდან. ის იზრდებოდა თავმდაბალ ოჯახში, როგორც დურგალი იოსების შვილობილი და იყო ამ ოჯახის პირმშო (ესაია 7:14; მათე 1:22, 23; მარკოზი 6:3).
16, 17. ა) საიდან მიიღო იესომ ძალა სასწაულების მოსახდენად და რომელია ზოგიერთი მათგანი? ბ) რომელია ზოგიერთი თვისება, რომელიც იესომ გამოავლინა?
16 იესოს დიდი ერთგულება იეჰოვა ღმერთისადმი უკვე დამტკიცდა, როდესაც ის 12 წლის იყო (ლუკა 2:41–49). როდესაც წამოიზარდა და შეუდგა თავის მსახურებას 30 წლის ასაკში, იესომ აგრეთვე, ღრმა სიყვარული გამოამჟღავნა ადამიანების მიმართ. როდესაც ღმერთის სულიწმიდამ სასწაულების მოხდენის ძალით აღჭურვა, ის თანაგრძნობით კურნავდა ავადმყოფებს, კოჭლებს, დასახიჩრებულებს, ბრმებს, ყრუებსა და კეთროვნებს (მათე 8:2–4; 15:30). იესომ დააპურა ათასობით ადამიანი. (მათე 15:35–38). მან ჩააცხრო ქარიშხალი, რომელიც მისი მეგობრების უსაფრთხოებას ემუქრებოდა (მარკოზი 4:37–39). სინამდვილეში, მან მკვდრებიც კი აღადგინა (იოანე 11:43, 44). ეს სასწაულები კარგად ცნობილი ისტორიული ფაქტებია. იესოს მტრებიც კი აღიარებდნენ, რომ მან ‘ბევრი სასწაული მოახდინა’ (იოანე 11:47, 48).
17 იესო ბევრს მოგზაურობდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა ხალხს ღმერთის სამეფოს შესახებ (მათე 4:17). მან აგრეთვე მოთმინებისა და კეთილგონივრულობის სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. როდესაც მისმა მოციქულებმა არ გაამართლეს მისი მოლოდინი, მან თანაგრძნობით აღნიშნა: „სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური“ (მარკოზი 14:37, 38). იესო გაბედული და პირდაპირი იყო მათ მიმართ, ვინც აბუჩად იგდებდა ჭეშმარიტებას და ჩაგრავდა უმწეოებს (მათე 23:27–33). განსაკუთრებით კი, ის სრულყოფილად ბაძავდა თავისი მამის სიყვარულის მაგალითს. იესო ნებაყოფლობითაც კი მოკვდა, რათა არასრულყოფილ ადამიანებს ჰქონოდათ მომავლის იმედი. გასაკვირი არ არის, რომ იესოს უნდა მივმართოთ, როგორც ღვთის შემეცნების გასაღებს! ის არის ცოცხალი გასაღები! მაგრამ რატომ ვამბობთ ცოცხალ გასაღებს? ამას მივყავართ მისი ცხოვრების მესამე პერიოდამდე.
იესო დღეს
18. როგორ უნდა წარმოვიდგინოთ დღეს იესო ქრისტე?
18 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია აღწერს იესოს სიკვდილს, ის ამჟამად ცოცხალია! სინამდვილეში, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მცხოვრები ასობით ადამიანი იყო იესოს აღდგომის თვითმხილველი (1 კორინთელთა 15:3–8). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იმ დროიდან ის დაჯდა მამის მარჯვნივ და ელოდებოდა ზეცაში სამეფო ძალაუფლების მიღებას (ფსალმუნი 109:1; ებრაელთა 10:12, 13). როგორ უნდა წარმოვიდგინოთ იესო დღეს? უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ბაგაში მწოლიარე უმწეო ბავშვი? ან როგორც სიკვდილის დროს ტანჯვაში მყოფი პიროვნება? არა. ის არის ძლევამოსილი მმართველი მეფე! და სულ მალე, ის ცნობილს გახდის თავის მმართველობას მთელ მშფოთვარე დედამიწაზე.
19. რას მოიმოქმედებს იესო ახლო მომავალში?
19 გამოცხადების 19:11–15-ში მეფე იესო ქრისტე ნათლად არის წარმოდგენილი, როგორც დიდებული ძალით მომავალი, ბოროტთა გასანადგურებლად. როგორ ძლიერ უნდა იყოს მოწყურებული ეს მოსიყვარულე ზეციერი მმართველი, ბოლო მოუღოს ტანჯვა-წამებას, რომელსაც განიცდის მილიონობით ადამიანი დღეს! და როგორ ჩქარობს, დაეხმაროს მათ, ვინც ცდილობს მიბაძოს მის სრულყოფილ მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დატოვა (1 პეტრე 2:21). ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღის დროს, ომში’ — რომელიც სწრაფად ახლოვდება და რომელსაც ხშირად არმაგედონს უწოდებენ — მას სურს დაიცვას ისინი, რომ შეძლონ მარადიული ცხოვრება ღმერთის ზეციერი სამეფოს მიწიერ ქვეშევრდომებად (გამოცხადება 7:9, 14; 16:14, 16).
20. რას გააკეთებს იესო ადამიანებისთვის ათასწლიანი მეფობის განმავლობაში?
20 იესო ნაწინასწარმეტყველები ათასწლიანი მშვიდობიანი მმართველობის განმავლობაში კაცობრიობისთვის სასწაულებს მოახდენს (ესაია 9:5, 6; 11:1–10; გამოცხადება 20:6). ის განკურნავს ყველა ავადმყოფს და მოსპობს სიკვდილს. აღადგენს მილიარდობით მკვდარს, ისე რომ მათაც ექნებათ შესაძლებლობა, მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე (იოანე 5:28, 29). შენ, ალბათ, მოუთმენლად მოელი რომ ერთ-ერთ მომდევნო თავში შეისწავლო უფრო მეტი მისი მესიანური სამეფოს შესახებ. დარწმუნებული იყავი: ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი შესანიშნავი იქნება ცხოვრება მისი მმართველობის დროს. როგორი მნიშვნელოვანია, უკეთესად გაეცნო იესო ქრისტეს! დიახ, აუცილებელია არასოდეს გამოგვრჩეს მხედველობიდან იესო — ღვთის შემეცნების ცოცხალი გასაღები — რომელსაც მივყავართ მარადიულ სიცოცხლემდე.
[სქოლიოები]
a ეს აღწერა რომის იმპერიას საუკეთესო შესაძლებლობას აძლევდა, ჩაეტარებინა გადასახადების აკრეფა. მაგრამ ავგუსტუსმა უნებურად შეუწყო ხელი წინასწარმეტყველების შესრულებას მმართველის შესახებ, რომელიც ‘გადასახადების ამკრეფებს დაგზავნის, რომ დიდებული სამეფო მოიარონ’ (აქ). იმავე წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ ‘აღთქმის მეუფე’, ანუ მესია, ‘შეიმუსრებოდა’ ამ მმართველის მემკვიდრის დღეებში. იესო მოკლეს, ავგუსტუსის მემკვიდრის, ტიბერიოსის მეფობის დროს (დანიელი 11:20–22).
b ძველი იუდეველები კვირების შესახებ გამოთქმაში, ჩვეულებრივ, გულისხმობდნენ წლებს. მაგალითად, როგორც ყოველი მეშვიდე დღე შაბათი დღე იყო, ყოველი მეშვიდე წელი იყო შაბათი წელი (გამოსვლა 20:8–11; 23:10, 11).
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორ ადასტურებს იესოს გენეალოგია მის ნათქვამს, რომ ის მესია იყო?
რომელია ზოგიერთი მესიანური წინასწარმეტყველება, რომელიც იესოზე შესრულდა?
როგორ აჩვენა პირდაპირ ღმერთმა, რომ იესო იყო ცხებული?
რატომ არის იესო ღმერთის შემეცნების ცოცხალი გასაღები?
[ცხრილი 37 გვერდზე]
მესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება
წინასწარმეტყველება მოვლენა შესრულება
მისი ცხოვრების დასაწყისი
ესაია 7:14 შობილია ქალწულისგან მათე 1:18–23
იერემია 31:14 მისი დაბადების შემდეგ ხოცავენ ბავშვებს მათე 2:16–18
მისი მსახურება
ესაია 61:1, 2 უფლებამოსილია ღმერთისგან ლუკა 4:18–21
ესაია 8:23; 9:1 მსახურების შედეგად ადამიანები ხედავენ დიდებულ სინათლეს მათე 4:13–16
ფსალმუნი 68:10, აქ მოშურნეობა იეჰოვას სახლის მიმართ იოანე 2:13–17
ესაია 53:1 არ სწამთ მისი იოანე 12:37, 38
ზაქარია 9:9; იერუსალიმში შესვლა ჩოჩრით; მათე 21:1–9
ფსალმუნი 117:26 ესალმებიან, როგორც მეფეს
და როგორც იეჰოვას
სახელით მოსულს
მისი გაცემა და სიკვდილი
ფსალმუნი 40:10; 108:8 ერთ-ერთი მოციქული ორგულია; საქმეები 1:15–20
გასცემს იესოს და მოგვიანებით
მას შეცვლიან
ზაქარია 11:12 გაცემულია 30 ვერცხლად მათე 26:14, 15
ფსალმუნი 26:12 მის წინააღმდეგ იყენებენ ცრუ მოწმეებს მათე 26:59–61
ფსალმუნი 21:19 წილისყრა მისი სამოსელისთვის იოანე 19:23, 24
ესაია 53:12 შერაცხულია ცოდვილად მათე 27:38
ფსალმუნი 21:8, 9 შეურაცხყოფა სიკვდილის წინ მარკოზი 15:29–32
ფსალმუნი 68:22 აწოდებენ ძმარს მარკოზი 15:23, 36
ესაია 53:5; ზაქარია 12:10 განგმირავენ იოანე 19:34, 37
ესაია 53:9 მარხავს მდიდარი მათე 27:57–60
ფსალმუნი 15:8–10 აღდგენილია სანამ გაიხრწნება საქმეები 2:25–32; 13:34–37
[სურათი 35 გვერდზე]
ღმერთმა იესო აღჭურვა ავადმყოფების განკურნების ძალით.