თავი 16
რა არის მნიშვნელოვანი?
ერთხელ იესოსთან ერთი კაცი მივიდა. მან იცოდა, რომ იესო ბრძენი იყო და უთხრა: ‘მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, ქონება გამიყოს’. ეს კაცი ფიქრობდა, რომ თავისი ძმის კუთვნილი ნივთებიდან ზოგი მას უნდა ჰქონოდა.
შენ რას უპასუხებდი, იესოს ადგილას რომ ყოფილიყავი? ~ იესომ დაინახა, რომ ამ კაცს პრობლემა ჰქონდა. მისი პრობლემა ის კი არ იყო, რომ თავისი ძმის ნივთები უნდოდა, არამედ ის, რომ არ იცოდა, ცხოვრებაში რა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
აბა დავფიქრდეთ, რა უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ლამაზი სათამაშოები, ახალი ტანსაცმელი ან რამე ამის მსგავსი? ~ ცხადია, არა. არსებობს რაღაცა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. იესოს უნდოდა, ის ესწავლებინა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. ამისათვის იესომ იმ კაცის ამბავი მოყვა, რომელმაც ღმერთი დაივიწყა. გინდა გაიგო, როგორ მოხდა ეს? ~
ის კაცი ძალიან მდიდარი იყო. მას მიწის ნაკვეთი და ბეღლები ჰქონდა. ერთხელ კაცს კარგი მოსავალი მოუვიდა, მაგრამ მის დასაბინავებლად საკმარისი სათავსო არ ჰქონდა. რა უნდა ექნა? მან თქვა: „ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს“.
მდიდარ კაცს ეგონა, ამის გაკეთება გონივრული იყო. ის ფიქრობდა, რომ ძალიან ჭკვიანურად მოიქცეოდა, თუ ბევრ რამეს შეინახავდა. ის საკუთარ თავს ეუბნებოდა: ‘ბევრი დოვლათი მაქვს დაგროვებული, რაც მრავალ წელს მეყოფა; ახლა დავისვენებ, აღარაფერზე ვიზრუნებ; შევჭამ, დავლევ და ვიმხიარულებ’. მაგრამ, მდიდარი ძალიან ცდებოდა, ასე რომ ფიქრობდა. იცი, რატომ? ~ იმიტომ, რომ ის მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა და ღმერთი დაივიწყა.
ამიტომაც, ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო, ამაღამ მოკვდები და ვის დარჩება შენი სიმდიდრე?’ განა მოიხმარდა სიკვდილის შემდეგ მდიდარი თავის დოვლათს? ~ არა, მის სიმდიდრეს სხვა დაეპატრონებოდა. იესომ თქვა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღმერთში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:13—21).
შენ ხომ არ გინდა, იმ მდიდარს ჰგავდე? ~ ცხოვრებაში მისი ძირითადი მიზანი სიმდიდრის დაგროვება გახდა, რაც შეცდომა იყო. მას უნდოდა, უფრო და უფრო მეტი ჰქონოდა. სამწუხაროდ, ის ‘ღმერთში არ იყო მდიდარი’.
დღეს ბევრი ჰგავს იმ მდიდარს. მათ ყოველთვის უნდათ, რომ მეტი ჰქონდეთ. ამას კი შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. მაგალითად, შენ ხომ გაქვს სათამაშოები? ~ რომელი სათამაშოები გაქვს? აბა, ჩამოთვალე. ~ რას იზამ, შენს რომელიმე მეგობარს ისეთი სათამაშო რომ ჰქონდეს, რომელიც შენ არა გაქვს? იქნება სწორი, აიძულო მშობლები, რომ ისეთივე სათამაშო გიყიდონ? ~
ზოგჯერ სათამაშო შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გვეგონოს. მაგრამ რა ემართება მას დროთა განმავლობაში? ~ ის ძველდება და ფუჭდება. ასე რომ, შეიძლება აღარც კი მოგინდეს მისით თამაში. სინამდვილეში, შენ გაქვს რაღაცა, რაც სათამაშოებზე ბევრად ძვირფასია. იცი, რა არის ეს? ~ სიცოცხლე.
სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. ჩვენი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, ვაკეთებთ თუ არა ღვთის მოსაწონ საქმეებს. შენც ასე ფიქრობ? ~ ამიტომ, ნუ დავემსგავსებით იმ უგუნურ მდიდარს, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.
იმ მდიდარი კაცივით მხოლოდ ბავშვები არ იქცევიან. ხშირად დიდებიც იქცევიან უგუნურად. ზოგს ყოველთვის იმაზე მეტი უნდა, ვიდრე აქვს. მათ შეიძლება აქვთ საჭმელი, ჩასაცმელი და სახლი, მაგრამ უნდათ, რომ უფრო ბევრი ჩასაცმელი და უფრო დიდი სახლები ჰქონდეთ. ამ ყველაფრის შესაძენად კი ფულია საჭირო. ამიტომ, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ ბევრი ფული იშოვონ. და რაც უფრო მეტ ფულს შოულობენ, მით უფრო მეტი უნდათ.
ზოგიერთი იმდენად დაკავებულია ფულის შოვნით, რომ ოჯახისთვის დრო აღარ რჩება. ისინი ვეღარც ღვთისთვის იცლიან. როგორ ფიქრობ, შეუძლიათ მათ ფულით სიცოცხლის ყიდვა? ~ ცხადია, არა. მოიხმარენ თავიანთ ფულს სიკვდილის შემდეგ? ~ მართალი ხარ, ვერ მოიხმარენ, რადგან მკვდრებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ (ეკლესიასტე 9:5, 10).
ნიშნავს ეს იმას, რომ ცუდია, ფული გვქონდეს? ~ არა, რადგან ფულით საჭმელსა და ტანსაცმელს ვყიდულობთ. ბიბლია ამბობს, რომ ფულს ჩვენი დაცვა შეუძლია (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ფული თუ გვიყვარს, საკუთარ თავს ბევრ პრობლემას გავუჩენთ. დავემსგავსებით იმ უგუნურ მდიდარს, რომელმაც თავისთვის დაიგროვა განძი და ღმერთში არ იყო მდიდარი.
რას ნიშნავს, იყო ღმერთში მდიდარი? ~ იმას, რომ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღმერთს ვაყენებდეთ. ზოგიერთი ამბობს, რომ სწამს ღმერთი. ისინი ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია. მაგრამ ნამდვილად არიან ისინი ღმერთში მდიდრები? ~ არა, ისინი იმ მდიდარ კაცს ჰგვანან, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.
იესოს არასდროს ავიწყდებოდა თავისი ზეციერი მამა. ის არ ცდილობდა ბევრი ფულის დაგროვებას. მას არც დიდი ქონება ჰქონია. იესომ იცოდა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. შენ თუ იცი, რა? ~ ღმერთში გამდიდრება.
აბა მითხარი, როგორ შეგვიძლია მდიდრები ვიყოთ ღმერთში? ~ თუ იმას გავაკეთებთ, რაც ღმერთს სიამოვნებს. იესომ თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“ (იოანე 8:29). ღმერთს მოსწონს, როდესაც მის მოსაწონად ვიქცევით. ახლა მითხარი, იცი, რა უნდა გააკეთო, რომ ღმერთს ასიამოვნო? ~ დიახ, ბიბლია უნდა იკითხო, ქრისტიანულ შეხვედრებზე იარო, ილოცო და დაეხმარო სხვებს, ღმერთის შესახებ გაიგონ. ამის გაკეთება ყველაზე მნიშვნელოვანია.
იმის გამო, რომ იესო ღმერთში იყო მდიდარი, იეჰოვა ზრუნავდა მასზე. მან იესო მარადიული სიცოცხლით დააჯილდოვა. თუ იესოს მივბაძავთ, იეჰოვას ჩვენც ვეყვარებით და ჩვენზეც იზრუნებს. ამიტომ, მოდი იესოს მივბაძოთ და არა იმ მდიდარს, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.
მოცემული ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, რომ მატერიალური ნივთებისადმი გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა გვქონდეს. წავიკითხოთ იგავების 23:4; 28:20; 1 ტიმოთეს 6:6—10 და ებრაელების 13:5.