ვიაროთ ღმერთთან ერთად და გვახსოვდეს მარადიულობა
«ჩვენც ვივლით უფლის [„იეჰოვას“, აქ], ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე» (მიქა 4:5).
1. რატომ ჰქვია იეჰოვას „მარადისობის მეფე“?
იეჰოვა ღმერთს დასაწყისი არა აქვს. მას მართებულად ჰქვია „ძველი დღეთა“, რადგან ის ყოველთვის არსებობდა (დანიელი 7:9, 13). იეჰოვა მარადიულადაც იქნება. მხოლოდ ის არის „მარადისობის მეფე“ (გამოცხადება 10:6; 15:3, აქ). მის თვალში ათასი წელი არის „ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა“ (ფსალმუნი 89:4).
2. ა) რა არის ღვთის განზრახვა მორჩილი კაცობრიობისათვის? ბ) რისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი გეგმები და იმედები?
2 რადგან სიცოცხლის მომცემი მარადიულია, მას შეეძლო პირველი წყვილისთვის, ადამისა და ევასთვის, სამოთხეში მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა შეეთავაზებინა. მაგრამ დაუმორჩილებლობის გამო ადამმა დაკარგა მარადიული სიცოცხლის უფლება და შთამომავლობას ცოდვა და სიკვდილი გადასცა (რომაელთა 5:12). თუმცა ადამის ამბოხებას ღვთის თავდაპირველი განზრახვისთვის ხელი არ შეუშლია. იეჰოვას სურვილია, რომ მორჩილმა კაცობრიობამ მარადიულად იცხოვროს, და ის უსათუოდ შეასრულებს თავის განზრახვას (ესაია 55:11). ამიტომ რამდენად მართებულია, ჩვენი გეგმები და იმედები მივაპყროთ იმისკენ, რომ მარადიულად ვემსახუროთ იეჰოვას. რადგან ველით და ვესწრაფვით ‘იეჰოვას დღეს’ (აქ), მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია, მარადიულად ვიაროთ ღმერთთან ერთად (2 პეტრე 3:12).
იეჰოვა თავის მიერ დანიშნულ დროს მოქმედებს
3. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ‘დანიშნული აქვს დრო’ თავისი განზრახვების შესასრულებლად?
3 როგორც ღმერთთან ერთად მოსიარულეები, ჩვენ დიდად დაინტერესებული ვართ მისი ნების შესრულებით. ვიცით, რომ იეჰოვა დროის ზუსტი დამცველია, და დარწმუნებული ვართ, რომ ის ყოველთვის დანიშნულ დროს ასრულებს თავის განზრახვებს. მაგალითად, „როცა მოვიდა აღვსება დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე“ (გალატელთა 4:4). ანგელოზმა მოციქულ იოანეს უთხრა, რომ ‘დანიშნული იყო დრო’, როცა ყოველივე შესრულდებოდა, რაც ხილვაში ნახა (გამოცხადება 1:1–3, აქ). ‘დანიშნულია დრო, როცა მკვდრები განიკითხებიან’ (გამოცხადება 11:18, აქ). 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ მოციქული პავლე შთაგონებული იყო ეთქვა, რომ ღმერთმა „დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს სამართლით“ (საქმეები 17:31).
4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს ამ ბოროტი სისტემის მოსპობა?
4 იეჰოვა გაანადგურებს დღევანდელ ბოროტ წუთისოფელს, რადგან მისი სახელი ამ წუთისოფელში შელახულია. ბოროტები ყვავიან (ფსალმუნი 91:8). ისინი შეურაცხყოფენ ღმერთს თავიანთი სიტყვებითა და მოქმედებებით. იეჰოვას გული შესტკივა თავის მსახურებზე, როცა ხედავს, თუ როგორ ლანძღავენ და დევნიან მათ (ზაქარია 2:8). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას გადაწყვეტილი აქვს, მალე გაანადგუროს სატანის მთელი ორგანიზაცია! მას ზუსტად აქვს განსაზღვრული, თუ როდის მოხდება ეს; ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება კი ნათლად ამტკიცებს, რომ ‘უკანასკნელ ჟამში’ ვცხოვრობთ (დანიელი 12:4). მალე ღმერთი აკურთხებს ყველას, ვისაც უყვარს ის.
5. როგორ უყურებდნენ ლოტი და აბაკუმი მათ გარშემო არსებულ მდგომარეობას?
5 იეჰოვას ძველი დროის მსახურები ესწრაფოდნენ, ენახათ ბოროტების აღსასრული. მართალი ლოტი ‘დაჩაგრული იყო უსჯულოთა თავაშვებული ქცევით’ (2 პეტრე 2:7, აფ). წინასწარმეტყველი აბაკუმი, რომელიც წუხდა მის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო, ევედრებოდა ღმერთს: „როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი“ (აბაკუმი 1:2, 3).
6. როგორ უპასუხა იეჰოვამ აბაკუმს ლოცვაზე და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
6 იეჰოვამ გარკვეულწილად უპასუხა აბაკუმს შემდეგი სიტყვებით: „უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3). ამგვარად, ღმერთმა ცნობილი გახადა, რომ ‘დათქმულ ჟამს’ იმოქმედებდა. თუმცა შეიძლება დაგვიანებულად გვეჩვენება, იეჰოვა უსათუოდ შეასრულებს თავის განზრახვას! (2 პეტრე 3:9).
მსახურება დაუცხრომელი გულმოდგინებით
7. როგორ ეკიდებოდა იესო თავის მსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა, როდის მოვიდოდა იეჰოვას დღე?
7 აუცილებელია იეჰოვას მიერ მოვლენებისთვის დანიშნული დროის ცოდნა, რომ გულმოდგინედ ვემსახუროთ მას? არა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. იესო ესწრაფოდა დროს, როცა დედამიწაზე, ისე როგორც ზეცაში, ღვთის ნება შესრულდებოდა. მან ასწავლა თავის მიმდევრებს, თუ როგორ უნდა ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). თუმცა იესომ იცოდა, რომ ეს თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნებოდა, მან არ იცოდა ზუსტი დრო. თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში ამ სისტემის აღსასრულთან დაკავშირებით, მან თქვა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მათე 24:36). რადგან იესო ქრისტეს მთავარი როლი უკავია ღვთის განზრახვების შესრულებაში, ის უშუალო მონაწილეობას მიიღებს თავისი ზეციერი მამის მტრების განადგურებაში. მაგრამ დედამიწაზე ყოფნისას იესომაც კი არ იცოდა, თუ როდის მოხდებოდა ეს. ნაკლები გულმოდგინებით ემსახურებოდა ის ამის გამო იეჰოვას? რასაკვირველია, არა! როდესაც დაინახეს, რა გულმოდგინედ გაწმინდა იესომ ტაძარი, «მის მოწაფეებს გაახსენდათ, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე“ » (იოანე 2:17; ფსალმუნი 68:10). იესო მთლიანად იყო დაკავებული იმ საქმით, რომლისთვისაც იეჰოვამ გამოაგზავნა, და დაუცხრომელი გულმოდგინებით ასრულებდა თავის დავალებას. ისიც მარადიულობის გათვალისწინებით ემსახურებოდა ღმერთს.
8, 9. რა პასუხი მიიღეს მოწაფეებმა სამეფოს აღდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე და როგორ გამოეხმაურნენ მას?
8 ასევე იყვნენ ქრისტეს მოწაფეებიც. იესო ზეცად ამაღლებამდე შეხვდა მათ. ცნობა გვატყობინებს: «შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“ ». თავიანთი მოძღვრის მსგავსად, მათაც სურდათ სამეფოს მოსვლა. მაგრამ იესომ უპასუხა: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ, დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:6–8).
9 არსად ჩანს, რომ ასეთი პასუხის გამო მოწაფეებს გული გაუტყდათ. პირიქით, ისინი გულმოდგინედ იყვნენ დაკავებული სამქადაგებლო საქმით. რამდენიმე კვირაში იერუსალიმი მათ თავიანთი სწავლებით აავსეს (საქმეები 5:28). ოცდაათი წლის განმავლობაში კი ისე გააფართოვეს სამქადაგებლო საქმიანობა, რომ, პავლეს თქმით, კეთილი ცნობა ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). მიუხედავად იმისა, რომ სამეფო არ იყო ‘ისრაელებისთვის აღდგენილი’, როგორც ამას არასწორად ელოდნენ მოწაფეები, და ის მათი სიცოცხლის დროს ზეცაშიც არ იყო დამყარებული, ისინი გულმოდგინედ ემსახურებოდნენ იეჰოვას და ახსოვდათ მარადიულობა.
შევიმოწმოთ გულის ზრახვები
10. რის დამტკიცების შესაძლებლობას გვაძლევს იმის არცოდნა, თუ როდის გაანადგურებს ღმერთი სატანის სისტემას?
10 იეჰოვას დღევანდელი მსახურებიც ესწრაფვიან ამ ბოროტი სისტემის აღსასრულს. მაგრამ ჩვენი ძირითადი საზრუნავი ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება როდია. ჩვენი სურვილია იეჰოვას სახელის განწმენდისა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლების ხილვა. სწორედ ამიტომ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთმა არ გვამცნო სატანის სისტემის განადგურების ‘დღე და ჟამი’. ეს საშუალებას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, მარადიულად ვიაროთ ღმერთთან ერთად სიყვარულის გამო და არა ხანმოკლე ეგოისტური მიზნებისთვის.
11, 12. რა მხრივ იყო იობის უმწიკვლოება კითხვის ქვეშ დაყენებული და რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან?
11 ღვთისადმი უმწიკვლოების შენარჩუნება აგრეთვე გვეხმარება დავამტკიცოთ, რომ სატანა ცრუობდა, როცა აცხადებდა, თითქოს წრფელი იობი და მისი მსგავსი ადამიანები ღმერთს ანგარების გამო ემსახურებოდნენ. როდესაც იეჰოვამ თქვა, რომ თავისი მსახური იობი უმწიკვლო, წრფელი და ღვთისმოშიში იყო, სატანამ მზაკვრულად უთხრა: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:8–11). განსაცდელისას უმწიკვლოების შენარჩუნებით იობმა დაამტკიცა, რომ სატანის ღვარძლიანი განაცხადი არასწორი იყო.
12 უმწიკვლოების ამგვარი შენარჩუნებით დავამტკიცებთ, რომ ცრუა სატანის ნებისმიერი ბრალდება, თითქოს ღმერთს მხოლოდ ჯილდოს მისაღებად ვემსახურებით. ზუსტი დროის არცოდნა, თუ როდის იძიებს ღმერთი შურს ამ სისტემაზე, შესაძლებლობას გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა და გვსურს, მარადიულად ვიაროთ მასთან ერთად. ამით ვაჩვენებთ, რომ ღვთის ერთგულები ვართ და პრობლემების გადაწყვეტას მას ვანდობთ. უფრო მეტიც, დღისა და ჟამის არცოდნა გვეხმარება, სიფხიზლე შევინარჩუნოთ და სულიერად არ დავსუსტდეთ, რადგან გვესმის, რომ აღსასრული შეიძლება ღამის ქურდივით ნებისმიერ დროს მოვიდეს (მათე 24:42–44). ყოველდღიურად იეჰოვასთან ერთად სიარულით მის გულს ვახარებთ და საშუალებას ვაძლევთ მას, პასუხი გასცეს სატანას, რომელიც დასცინის ღმერთს (იგავნი 27:11).
დაგეგმეთ მარადიულობისთვის!
13. რას გვიჩვენებს ბიბლია მომავლისთვის დაგეგმვაზე?
13 მათ, ვინც ღმერთთან ერთად დადის, იციან, რომ გონივრულია მომავალზე სათანადოდ ზრუნვა. ბევრს ესმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები და შეზღუდვები და ცდილობს, თავისი ახალგაზრდობის წლები და ჯანმრთელობა მაქსიმალურად გამოიყენოს, რათა სიბერეში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას უფრო მეტად მნიშვნელოვანი სულიერი მომავლის შესახებ? იგავნის 21:5 ამბობს: „მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა — სიდუხჭირეს“. წინასწარ დაგეგმვა მარადიულობისთვის ნამდვილად სასარგებლოა. რადგან ზუსტად არ ვიცით, თუ როდის დადგება ამ სისტემის აღსასრული, გვესაჭიროება, რამდენადმე მომავლის მოთხოვნილებებზეც დავფიქრდეთ. მაგრამ მოდით გაწონასწორებულები ვიყოთ და ღვთის ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენოთ. მათ, ვისაც არასაკმარისი რწმენა აქვს, შეიძლება დაასკვნან, რომ ღვთის ნების შესრულებაზე ყურადღების მიპყრობა წინდახედულობას მოკლებულია. მაგრამ ასეა ეს?
14, 15. ა) რა იგავი მოიყვანა იესომ მომავლისთვის დაგეგმვასთან დაკავშირებით? ბ) რატომ იყო მდიდარი კაცი წინდაუხედავი?
14 ამ საკითხის გაგებაში იესოს იგავი დაგვეხმარება. მან თქვა: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’ თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევკრიბავ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს. ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის: მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“ (ლუკა 12:16–21).
15 ხომ არ გულისხმობდა იესო იმას, რომ მდიდარ კაცს არ უნდა ემუშავა, რათა მომავლისთვის მატერიალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო? არა, რადგან საღვთო წერილი იწონებს მუყაით შრომას (2 თესალონიკელთა 3:10). მდიდარი კაცის შეცდომა ის იყო, რომ არ აკეთებდა იმას, რაც აუცილებელი იყო ‘ღმერთში გამდიდრებისთვის’. მატერიალური სიმდიდრე წლების მანძილზე რომც მოეხმარა, ბოლოს მაინც მოკვდებოდა. ის წინდაუხედავი იყო და მარადიულობაზე არ ფიქრობდა.
16. რატომ შეგვიძლია სავსებით მივენდოთ იეჰოვას უზრუნველი მომავლისთვის?
16 მარადიულობის გათვალისწინებით იეჰოვასთან ერთად სიარული სასარგებლოცაა და წინდახედულობის გამოვლენასაც წარმოადგენს. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ დაგეგმო მომავლისთვის. თუმცა გონივრულია პრაქტიკული გეგმის შედგენა განათლების მიღებასთან, სამსახურთან და ოჯახურ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს. დავით მეფე მღეროდა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმუნი 36:25, კს). მსგავსად ამისა, იესომ დაგვარწმუნა, რომ ღმერთი უზრუნველყოფს ყველას, ვინც ეძებს უწინარეს ღვთის სამეფოს და დადის იეჰოვას სამართლიან გზებზე (მათე 6:33).
17. საიდან ვიცით, რომ აღსასრული ახლოსაა?
17 მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მარადიულობის გათვალისწინებით ვემსახურებით, მაინც ველით და ვესწრაფვით იეჰოვას დღეს. ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულება აშკარად ადასტურებს ამ დღის მოახლოებას. ეს საუკუნე გამოირჩევა ომებით, ეპიდემიებით, მიწისძვრებითა და საკვების უკმარისობით; ამას თან სდევს ჭეშმარიტი ქრისტიანების დევნა და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მსოფლიო მასშტაბით ქადაგება. ეს ყველაფერი დამახასიათებელია ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის დროისთვის (მათე 24:7–14; ლუკა 21:11). წუთისოფელი სავსეა ადამიანებით, რომლებიც არიან „თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1–5). ამ უკანასკნელ საზარელ ჟამს ჩვენ, იეჰოვას მსახურებს, გვიჭირს ცხოვრება. როგორ ვესწრაფვით იმ დღეს, როცა იეჰოვას სამეფო აღმოფხვრის ყოველგვარ ბოროტებას! მანამ კი ვიაროთ ღმერთთან ერთად და გვახსოვდეს მარადიულობა.
ვიმსახუროთ მარადიული სიცოცხლის იმედით
18, 19. საიდან ჩანს, რომ ძველი დროის ერთგული მსახურები მარადიულობის გათვალისწინებით ემსახურებოდნენ ღმერთს?
18 იეჰოვასთან ერთად სიარულისას ყოველთვის გვახსოვდეს აბელის, ენოქის, ნოეს, აბრაამისა და სარას რწმენა. მათი მოხსენიების შემდეგ პავლემ თქვა: „რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ მათ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე“ (ებრაელთა 11:13). იმ ერთგულ მსახურებს „სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური“ (ებრაელთა 11:16). ისინი რწმენით ელოდნენ უკეთეს ადგილს ღვთის მესიანური სამეფოს მმართველობისას. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი დააჯილდოვებს მათ მარადიული სიცოცხლით უკეთეს ადგილას — სამოთხეში დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობისას (ებრაელთა 11:39, 40).
19 წინასწარმეტყველმა მიქამ განაცხადა იეჰოვას ხალხის გადაწყვეტილება — მარადიულად ეცათ ღვთისთვის თაყვანი. მან დაწერა: «ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის [„იეჰოვას“, აქ], ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე» (მიქა 4:5). მიქა სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც ცხადია, რომ წინასწარმეტყველი განაგრძობს ღმერთთან ერთად სიარულს მარადიულად. რა შესანიშნავი მაგალითია ეს ჩვენთვის, ამ უკანასკნელი ჟამის დასასრულს მცხოვრებთათვის!
20. რა უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება?
20 იეჰოვა აფასებს იმ სიყვარულს, რომელსაც ვავლენთ მისი სახელისთვის (ებრაელთა 6:10). მან იცის, რომ ამ სატანის წუთისოფელში ჩვენთვის ძნელია ღვთისადმი უმწიკვლოების შენარჩუნება. და, თუმცა „გადადის წუთისოფელი“, „ღვთის ნების აღმსრულებელი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17; 5:19). მაშ, მოდით იეჰოვას დახმარებით გადავიტანოთ მრავალი განსაცდელი, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდებით. დაე მთელი ფიქრები და ცხოვრება მივმართოთ იმ ჩინებული კურთხევებისკენ, რომლებსაც ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა გვპირდება. ამ კურთხევებს მაშინ მივიღებთ, თუ ვივლით იეჰოვასთან ერთად და გვემახსოვრება მარადიულობა (იუდა 20, 21).
როგორ უპასუხებდით?
◻ რა არის ღვთის განზრახვა მორჩილი კაცობრიობისთვის?
◻ აქამდე რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ ეს უღვთო წუთისოფელი?
◻ რატომ არ უნდა დააცხროს ჩვენი გულმოდგინება იმის არცოდნამ, თუ ზუსტად როდის იმოქმედებს ღმერთი?
◻ რა სარგებლობას მოგვიტანს ღმერთთან ერთად სიარული მარადიულობის გათვალისწინებით?
[სურათი 17 გვერდზე]
ღმერთთან ერთად სიარული გულმოდგინედ მსახურებას მოითხოვს.