თავი მეთერთმეტე
უწინარეს ეძიეთ სამეფო
1. ა) რატომ მოუწოდა იესომ თავის მსმენელებს, რომ უწინარეს ეძიათ სამეფო? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
ათას ცხრაასზე მეტი წლის წინათ იესომ გალილეაში ქადაგებისას თავის მსმენელებს მოუწოდა: «თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი [ღვთის] სიმართლე». მაგრამ, რა იყო ასეთი მოწოდების მიზეზი? განა ქრისტეს საუკუნეების შემდეგ არ უნდა გადასცემოდა სამეფო ძალაუფლება? დიახ, მაგრამ სწორედ მესიანური სამეფოს საშუალებით უნდა გაემართლებინა იეჰოვას თავისი უზენაესობა და შეესრულებინა დედამიწასთან დაკავშირებული თავისი გრანდიოზული განზრახვა. ყველას, ვისაც ნამდვილად ესმოდა ამის მნიშვნელობა, ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა დაეყენებინა სამეფო. თუ ეს საჭირო იყო პირველ საუკუნეში, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია ამის გაკეთება დღეს, როცა ქრისტე უკვე მეფობს! ამიტომ საკუთარ თავს უნდა შევეკითხოთ: აჩვენებს ჩემი ცხოვრების წესი, რომ უწინარეს სამეფოს ვეძიებ? (მათე 6:33).
2. ძირითადად რისკენ ისწრაფვიან ადამიანები?
2 დღეს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით ადამიანი პირველ ადგილზე აყენებს ღვთის სამეფოს. ისინი იმით უჭერენ მხარს ამ სამეფოს მმართველობას, რომ იეჰოვას უძღვნიან საკუთარ სიცოცხლეს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მისი ნების შესრულებას. მეორე მხრივ, ადამიანების უმრავლესობა, ძირითადად, ამ წუთისოფლის საქმეებშია ჩაფლული. ხალხი ფულსა და ქონებას არის დახარბებული და განცხრომისკენ ისწრაფვის, რომლის მიღებაც ფულით არის შესაძლებელი; ანდა მთელ ძალ-ღონეს კარიერის შექმნას ახმარენ. ამ ადამიანების ცხოვრების წესი ცხადყოფს, რომ მათთვის უმთავრესია საკუთარ თავზე ზრუნვა, ქონების დაგროვება და განცხრომისკენ სწრაფვა. მათ ღმერთი მეორე ადგილზე ჰყავთ დაყენებული ან საერთოდ არ სწამთ ის (მათე 6:31, 32).
3. ა) როგორი ქონების დაგროვებისკენ მოუწოდებდა იესო თავის მოწაფეებს და რატომ? ბ) რატომ არ არის საჭირო ქონების დაგროვებაზე გადაჭარბებულად ზრუნვა?
3 მაგრამ იესომ თავის მოწაფეებს ურჩია: „ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე“, რადგან ამგვარი ქონებიდან არაფერია მუდმივი. ნაცვლად ამისა, მან თქვა, რომ იეჰოვასთვის მსახურებით ‘ცაში დაეუნჯებინათ’. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, თვალი „სუფთად“ შეენარჩუნებინათ იმით, რომ მთავარი ყურადღება ღვთის ნებაზე შეეჩერებინათ და ძალ-ღონე არ დაეშურებინათ მისი ნების შესასრულებლად. „ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“, — უთხრა მათ იესომ. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას აუცილებელ მოთხოვნილებებზე — საკვებზე, ჩასაცმელსა და თავშესაფარზე? „ნუ ზრუნავთ“, — ურჩია მათ იესომ. მან ყურადღება გაამახვილა ფრინველებზე, რომლებსაც ღმერთი კვებავს. იესომ მიუთითა თავის მიმდევრებს, რომ ყვავილებისგან აეღოთ მაგალითი, რომელთაც ღმერთი მოსავს. განა უფრო ღირებულნი არ არიან იეჰოვას მიერ შექმნილი ადამიანები, მისი მსახურები, ნებისმიერ მათგანზე? «თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი სიმართლე, — თქვა იესომ, — და ეს ყოველივე [აუცილებელი] შეგემატებათ» (მათე 6:19—34). აჩვენებ შენი მოქმედებით, რომ გჯერა ამის?
ნუ მოაშთობ შენში სამეფოს ჭეშმარიტებას!
4. თუ ადამიანი გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებს სიმდიდრეს, რას მოიმკის?
4 სავსებით გამართლებულია, რომ ვინმემ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იზრუნოს. მაგრამ, თუ ადამიანი მეტისმეტად ზრუნავს ქონების დაგროვებაზე, შედეგი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ის შესაძლოა ამბობდეს, რომ სწამს სამეფოსი, მაგრამ, თუ გულში სხვა რამეს ანიჭებს უპირატესობას, სამეფოს ჭეშმარიტება მოიშთობა მასში (მათე 13:18—22). მაგალითად, ერთხელ ერთმა მდიდარმა ახალგაზრდა მმართველმა ჰკითხა იესოს: „რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. ის პატიოსნად ცხოვრობდა და სხვებსაც კარგად ეპყრობოდა, მაგრამ სიმდიდრეს ანიჭებდა უპირატესობას. მან ვერ შეძლო საკუთარი ქონების დათმობა იმისათვის, რომ იესოს მიმდევარი გამხდარიყო და ხელიდან გაუშვა ზეციერ სამეფოში ქრისტესთან ერთად მართვის შესაძლებლობა. იესომ ამ შემთხვევის დროს თქვა: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი 10:17—23).
5. ა) პავლეს მოწოდების თანახმად, რით უნდა დაკმაყოფილებულიყო ტიმოთე და რატომ? ბ) როგორ სარგებლობს სატანა „ვერცხლისმოყვარეობით“ ადამიანთა დასაღუპავად?
5 ამ შემთხვევიდან წლების გასვლის შემდეგ პავლე მოციქულმა წერილი მისწერა ტიმოთეს, რომელიც იმ დროს ქალაქ ეფესოში, მდიდარ სავაჭრო ცენტრში, იმყოფებოდა. პავლემ შეახსენა მას: „არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“. სავსებით ნორმალურია, თუ ვინმე იმ მიზნით მუშაობს, რომ „საზრდოთი და ტანსაცმლით“ უზრუნველყოს საკუთარი თავი და ოჯახის წევრები. მაგრამ პავლემ გაგვაფრთხილა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“. სატანა დახელოვნებულია ამ საქმეში. თავდაპირველად მან შეიძლება უმნიშვნელო რამით აცდუნოს ადამიანი. შემდეგ უფრო გააძლიეროს თავისი ზეგავლენა — შესაძლებელია, ვინმეს უფრო პრესტიჟული ან მაღალანაზღაურებადი სამუშაო გამოუჩინოს, რომელიც ადამიანს უწინ სულიერი საკითხებისათვის დათმობილ დროს წაართმევდა. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, „ვერცხლისმოყვარეობამ“ შეიძლება ჩაგვიკლას სურვილი, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი — სამეფოს ინტერესები — პირველ ადგილზე დავაყენოთ. პავლემ ეს შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: „ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:7—10).
6. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ გამდიდრების სურვილმა არ შეგვიპყროს? ბ) დღესდღეობით მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
6 პავლემ მისთვის ნამდვილად საყვარელ ძმას, ტიმოთეს, მოუწოდა: „გაერიდე ამას“ და „იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით“ (1 ტიმოთე 6:11, 12). დიდი მცდელობაა საჭირო, რომ ამ წუთისოფლის ხალხისთვის დამახასიათებელმა გამდიდრების სურვილმა არ შეგვიპყროს. მაგრამ, თუ მთელ ძალ-ღონეს ვახმართ ჩვენი მრწამსის თანახმად ცხოვრებას, იეჰოვა არასდროს მიგვატოვებს. ინფლაციისა და ფართოდ გავრცელებული უმუშევრობის მიუხედავად, იეჰოვა იზრუნებს, რომ ყველაფერი გვქონდეს, რაც ნამდვილად გვჭირდება. პავლემ დაწერა: «თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან [ღმერთმა] თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი“?» (ებრაელთა 13:5, 6). დავით მეფემ კი დაწერა: „ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“ (ფსალმუნი 36:25, კს).
პირველი საუკუნის მოწაფეების მაგალითი
7. რა მითითებები მისცა იესომ თავის მოციქულებს, როდესაც საქადაგებლად აგზავნიდა და რატომ იყო ისინი მართებული?
7 მას შემდეგ, რაც იესომ სათანადოდ მოამზადა თავისი მოციქულები, ისრაელში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად გააგზავნა, რათა გაეცხადებინათ: «მოახლოებულია ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ]». რა სასიხარულო იყო ეს ცნობა! იესო ქრისტე, მესიანური მეფე, მათ შორის იმყოფებოდა. რადგან მოციქულები საკუთარ თავს ღვთისთვის მსახურებას უძღვნიდნენ, იესომ გაამხნევა ისინი, დარწმუნებული ყოფილიყვნენ იმაში, რომ ღმერთი იზრუნებდა მათზე. სწორედ ამიტომ უთხრა: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ“ (მათე 10:5—10; ლუკა 9:1—6). იეჰოვა იზრუნებდა, რომ თანამემამულეების წყალობით, რომელთა შორისაც მიღებული იყო უცხო ადამიანების მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა, მოციქულების აუცილებელი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო.
8. ა) რატომ მისცა იესომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოციქულებს განსხვავებული მითითებები ქადაგებასთან დაკავშირებით? ბ) რას უნდა დაეკავებინა იესოს მიმდევრების ცხოვრებაში კვლავაც უმთავრესი ადგილი?
8 მოგვიანებით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ გააფრთხილა თავისი მოციქულები, რომ მომავალში მათ განსხვავებულ ვითარებაში მოუწევდათ მსახურება. სახელმწიფო მოხელეების მხრიდან მათი საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, შესაძლოა, უწინდელივით აღარ გამოევლინათ მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა ისრაელში. ამავე დროს, მათ მალე სამეფოს შესახებ ცნობა სხვა ქვეყნებშიც უნდა ექადაგათ. ახლა მათ „ქისისა“ და „აბგის“ თან წაღება მოუწევდათ. მიუხედავად ამისა, მათ უნდა გაეგრძელებინათ უპირველესად იეჰოვას სამეფოსა და მისი სიმართლის ძიება და დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ ღმერთი აკურთხებდა მათ მცდელობას და შეძლებდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებისა და ჩასაცმლის შეძენას (ლუკა 22:35—37).
9. როგორ დააყენა პავლემ სამეფო პირველ ადგილზე მაშინ, როდესაც საკუთარ მოთხოვნილებებზე ზრუნავდა და რა ურჩია მან ქრისტიანებს?
9 პავლე მოციქული ერთ-ერთი სამაგალითო ადამიანი იყო, რომელმაც საუკეთესოდ გამოიყენა იესოს რჩევა. პავლეს ცხოვრებაში მსახურებას უმთავრესი ადგილი ეკავა (საქმეები 20:24, 25). როდესაც ის რომელიმე მხარეში ქადაგებდა, თავად ზრუნავდა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და ამისათვის კარვების მკერავადაც კი მუშაობდა. ის არ მოელოდა, რომ სხვები იზრუნებდნენ მასზე (საქმეები 18:1—4; 1 თესალონიკელთა 2:9). მაგრამ მადლიერი იყო, როდესაც სხვები სიყვარულიდან გამომდინარე სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ მის მიმართ და საჩუქრებს ჩუქნიდნენ (საქმეები 16:15, 34; ფილიპელთა 4:15—17). პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს, რომ ქადაგების გამო უარი არ ეთქვათ ოჯახური ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ გაწონასწორებულად შეესრულებინათ სხვადასხვა პასუხისმგებლობები. მან ურჩია, რომ ეშრომათ, ჰყვარებოდათ თავიანთი ოჯახის წევრები და სხვებსაც დახმარებოდნენ (ეფესელთა 4:28; 2 თესალონიკელთა 3:7—12). ის ამხნევებდა მათ, რომ ღმერთზე ყოფილიყვნენ დაიმედებული და არა სიმდიდრეზე; საკუთარი ცხოვრებით ეჩვენებინათ, რომ ესმოდათ, რა იყო უფრო მნიშვნელოვანი. იესოს სწავლებასთან შეთანხმებულად ეს, უპირველესად, ღვთის სამეფოსა და მისი სიმართლის ძებნას ნიშნავდა (ფილიპელთა 1:9—11).
სამეფოს უმთავრესი ადგილი დაუთმე ცხოვრებაში
10. რას ნიშნავს უპირველესად სამეფოს ძებნა?
10 პირადად ჩვენ რამდენ დროს ვუთმობთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის სხვებისთვის გაზიარებას? ნაწილობრივად, ეს ჩვენს პირად მდგომარეობაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად ვავლენთ მადლიერებას. გახსოვდეს, იესოს არ უთქვამს: „მაშინ ეძიეთ ღვთის სამეფო, როცა მეტი არაფერი გექნებათ გასაკეთებელი“. იესომ იცოდა, როგორი მნიშვნელოვანი როლის შესრულება ეკისრა ამ სამეფოს და ამიტომ თავისი მამის ნება-სურვილი შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: «ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ]» (ლუკა 12:31). მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ჩვენგანს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სარჩენად მუშაობა უწევს, თუ რწმენა გვაქვს, ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს ღვთის მიერ დავალებული სამეფოს საქმე დაიკავებს. ამავდროულად, ოჯახური მოვალეობების შესრულებაზეც ვიზრუნებთ (1 ტიმოთე 5:8).
11. ა) როგორ აჩვენა იესომ, რომ ყველა ერთნაირად ვერ მიიღებდა მონაწილეობას სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში? ბ) რაზეა დამოკიდებული ის, თუ ვის რამდენის გაკეთება შეუძლია?
11 ზოგ ჩვენგანს სხვებთან შედარებით უფრო მეტი დროის დათმობა შეუძლია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის. მაგრამ იესომ სხვადასხვა სახის ნიადაგის შესახებ თავის იგავში აჩვენა, რომ ყველა, ვისი გულიც კარგი ნიადაგის მსგავსია, ნაყოფს გამოიღებს. რამდენს? ყველას მდგომარეობა განსხვავებულია. ამ მხრივ გადამწყვეტ როლს ასაკი, ჯანმრთელობა და ოჯახური პასუხისმგებლობები თამაშობს. მაგრამ, როდესაც ადამიანები მთელი გულით აფასებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, ბევრის გაკეთებას შეძლებენ (მათე 13:23).
12. განსაკუთრებით რა სულიერი მიზნის დასახვაა სასურველი ახალგაზრდებისთვის?
12 სასურველია, რომ ისეთი მიზნები დავისახოთ, რომლებიც დაგვეხმარება მსახურების გაფართოებაში. ახალგაზრდები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ გულმოდგინე ახალგაზრდა ქრისტიანის, ტიმოთეს, შესანიშნავ მაგალითზე (ფილიპელთა 2:19—22). შეიძლება მათთვის იმაზე უკეთესი რამე არსებობდეს, ვიდრე სრული დროით მსახურების დაწყება, როცა დაასრულებენ ქვეყნიური განათლების მიღებას? უფროსებისთვისაც სარგებლობის მომტანია გონივრული სულიერი მიზნების დასახვა.
13. ა) ვისი გადასაწყვეტია, პირადად ჩვენ რამდენის გაკეთება შეგვიძლია მსახურებაში? ბ) თუ ნამდვილად პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს, რის დამტკიცებას შევძლებთ?
13 ნაცვლად იმისა, რომ ვაკრიტიკოთ ისინი, ვისზეც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, რწმენამ უნდა აღგვძრას, პირადად გავუმჯობესდეთ და იმდენი დრო დავუთმოთ ღვთისთვის მსახურებას, რამდენის საშუალებასაც პირადი მდგომარეობა გვაძლევს (რომაელთა 14:10—12; გალატელთა 6:4, 5). როგორც იობის შემთხვევაში, ისე დღესაც სატანა ამტკიცებს, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავია სიმდიდრის დაგროვება, საკუთარი თავის სიამოვნება და პირადი კეთილდღეობისკენ სწრაფვა; ის ამბობს, რომ ჩვენ ეგოისტური მიზნების გამო ვემსახურებით ღმერთს. მაგრამ, თუ ნამდვილად პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს, ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმის დამტკიცებაში, რომ ეშმაკი ნამდვილად მატყუარაა. ასევე ცხადვყოფთ, რომ ღვთისთვის მსახურებას ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია. ჩვენ სიტყვითა და საქმით ვაჩვენებთ, რომ უსაზღვროდ გვიყვარს იეჰოვა, ერთგულად ვუჭერთ მხარს მის უზენაეს ხელისუფლებას და გვიყვარს მოყვასი (იობი 1:9—11; 2:4, 5; იგავნი 27:11).
14. ა) რატომ არის სასარგებლო სამქადაგებლო მსახურების გრაფიკის შედგენა? ბ) რამდენ დროს უთმობს იეჰოვას ბევრი მოწმე სამქადაგებლო მსახურებას?
14 გრაფიკის შედგენა გვეხმარება, უფრო მეტი ვაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. თავად იეჰოვამაც „დანიშნა დრო“ თავისი განზრახვის შესასრულებლად (გამოსვლა 9:5; მარკოზი 1:15, აქ). თუ შესაძლებელია, კარგი იქნება დანიშნულ დროს ყოველკვირეულად ერთხელ ან უფრო მეტჯერ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. მთელ მსოფლიოში იეჰოვას ასი ათასობით მოწმე მსახურობს დამხმარე პიონერად, რომლებიც სასიხარულო ცნობის ქადაგებას დაახლოებით ორ საათს უთმობენ დღეში. სხვა ასი ათასობით მოწმე პიონერად მსახურობს და დღეში დაახლოებით ორსაათნახევარს უთმობს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას. სპეციალური პიონერები და მისიონერები კი უფრო მეტ დროს უთმობენ მსახურებას. აგრეთვე შეგვიძლია ვეძებოთ შესაძლებლობა, რომ სამეფოს შესახებ იმედი გავუზიაროთ ნებისმიერს, ვინც მოგვისმენს (იოანე 4:7—15). სურვილი უნდა გვქონდეს, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავებული ამ საქმით და იმდენი ვაკეთოთ, რამდენის საშუალებასაც პირადი მდგომარეობა გვაძლევს, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოზე“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14; ეფესელთა 5:15—17).
15. რატომ ფიქრობ, რომ 1 კორინთელთა 15:58-ში მსახურების შესახებ ჩაწერილი რჩევა დროულია?
15 დედამიწის ყველა კუთხეში იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად მონაწილეობენ ამ უმნიშვნელოვანეს მსახურებაში. ისინი ბიბლიაში ჩაწერილ შთაგონებულ რჩევას იყენებენ: „იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58).
გამეორება
• იესოს სიტყვებიდან გამომდინარე — „უწინარეს ეძიეთ ღვთის სამეფო“ — რა უნდა ყოფილიყო ადამიანის ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი?
• როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ჩვენი და ოჯახის წევრების აუცილებელ მოთხოვნილებებზე? როგორ დაგვეხმარება ამაში ღმერთი?
• რა სახის მსახურებაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება?
[სურათი 107 გვერდზე]
ამჟამად იეჰოვას მოწმეები ყველა ქვეყანაში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, სანამ აღსასრული დადგება.