ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას?
არც ისრაელებსა და არც ეგვიპტელებს ადრე მსგავსი რამ არასდროს ენახათ. ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსულ ისრაელებს დღისით ღრუბლის სვეტი მიუძღოდათ, რომელიც ღამით ცეცხლის სვეტად იქცეოდა. ეს მართლაც შიშის მომგვრელი სანახაობა იყო! საიდან წარმოიქმნა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტი, და რა მიზნით? რა დამოკიდებულება ჰქონდათ ისრაელებს „ცეცხლისა და ღრუბლის სვეტის“ მიმართ, და რისი სწავლა შეგვიძლია ჩვენ ამ მოვლენიდან 3 500 წლის გასვლის შემდეგ? (გამ. 14:24).
ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, საიდან წარმოიქმნა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტი, და რა მიზნით: „დღისით გზაზე ღრუბლის სვეტში მიუძღოდა მათ იეჰოვა, ღამით კი — ცეცხლის სვეტში, რომ გაენათებინა მათთვის სავალი დღისითაც და ღამითაც“ (გამ. 13:21, 22). იეჰოვა ღმერთი ცეცხლისა და ღრუბლის სვეტით მიუძღოდა თავის ხალხს უდაბნოში, როცა ისინი ეგვიპტის ტყვეობიდან გამოიყვანა. ისრაელები არ უნდა ჩამორჩენოდნენ სვეტს. როცა ეგვიპტელთა ჯარმა დააპირა, თავს დასხმოდა ღვთის ხალხს, სვეტი ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის და დაიცვა ისრაელები (გამ. 14:19, 20). თუმცა სვეტს ისინი უმოკლესი გზით არ წაუყვანია, მაგრამ მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი აღთქმულ მიწამდე მისვლა.
ღვთის ხალხს რომ სვეტი მიუძღოდა, იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვა იყო ისრაელთან. იეჰოვა ზოგჯერ ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკებოდა თავის ხალხს (რიცხ. 14:14; ფსალმ. 99:7). მოგვიანებით, ღრუბლის სვეტი იმაზე მოწმობდა, რომ იეჰოვამ მოსე აირჩია ისრაელის წინამძღოლად (გამ. 33:9). მსგავსად ამისა, ღრუბლის სვეტის გამოჩენით დადასტურდა, რომ მოსეს შემდეგ იეჰოვამ იესო ნავეს ძე დანიშნა ერის წინამძღოლად (კან. 31:14, 15). ისრაელების ეგვიპტიდან მშვიდობით გამოსვლა დამოკიდებული იყო იმაზე, დაინახავდნენ თუ არა, როგორ ხელმძღვანელობდა მათ ღმერთი და მიჰყვებოდნენ თუ არა მის ხელმძღვანელობას.
მათ სულიერი ხედვა დაკარგეს
ისრაელებს, ალბათ, მოწიწებისა და შიშის გრძნობა დაეუფლებოდათ, როცა პირველად დაინახავდნენ სვეტს. სამწუხაროდ, ეს სასწაული, რომელსაც ისინი გამუდმებით ხედავდნენ, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ იეჰოვას ბოლომდე მინდობოდნენ. ისრაელები რამდენჯერმე არ მიჰყვნენ ღვთის ხელმძღვანელობას. ისინი არ მიენდნენ იეჰოვას მხსნელ ძალას, როცა ეგვიპტელთა ჯარი დაედევნათ. ნაცვლად ამისა, ღვთის მსახური მოსე დაადანაშაულეს იმაში, რომ მან დასახოცად წამოიყვანა ისინი უდაბნოში (გამ. 14:10—12). მას შემდეგ, რაც წითელი ზღვა გადაკვეთეს, ისრაელებმა დრტვინვა დაიწყეს მოსეს, აარონისა და იეჰოვას წინააღმდეგ იმის გამო, რომ, როგორც ისინი აცხადებდნენ, არც საჭმელი ჰქონდათ და არც წყალი (გამ. 15:22—24; 16:1—3; 17:1—3, 7). რამდენიმე კვირაში მათი დაჟინებული თხოვნის შემდეგ აარონი იძულებული გახდა, რომ მათთვის ოქროს ხბო ჩამოესხა. წარმოიდგინეთ, ბანაკის ერთ მხარეს ისრაელები ცეცხლისა და ღრუბლის სვეტს ხედავდნენ, რომელიც იმ დიდებული პიროვნების ხელმძღვანელობაზე მოწმობდა, ვინც ეგვიპტიდან გამოიყვანა, მაშინ როცა იქვე ახლოს უსიცოცხლო გამოსახულებას ეთაყვანებოდნენ. ისინი ამბობდნენ: „ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანა“. ისრაელები მართლაც „დიდად შეურაცხმყოფელ საქმეებს სჩადიოდნენ“! (გამ. 32:4; ნეემ. 9:18).
ისრაელები ეურჩებოდნენ იეჰოვას, რაც იმით გამოვლინდა, რომ ისინი უგულებელყოფდნენ მის ხელმძღვანელობას. მათ ფიზიკური მხედველობა კი არ დაკარგეს, არამედ — სულიერი ხედვა. ისინი ხედავდნენ სვეტს, მაგრამ დაავიწყდათ, რომ ეს სვეტი იეჰოვას ხელმძღვანელობაზე მოწმობდა. მართალია, თავიანთი საქციელით „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“, მაგრამ იეჰოვა გულმოწყალებას ავლენდა მათ მიმართ და მოთმინებით მიუძღოდა სვეტის მეშვეობით აღთქმული მიწისკენ (ფსალმ. 78:40—42, 52—54; ნეემ. 9:19).
მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, როგორ გვხელმძღვანელობს დღეს ღმერთი
იეჰოვა არც დღეს ტოვებს თავის ხალხს ხელმძღვანელობის გარეშე. როგორც ისრაელებს არ სთხოვდა ღმერთი, თავად გაეკვლიათ გზა აღთქმულ მიწამდე, არც ჩვენგან მოითხოვს, ახალი ქვეყნიერებისკენ თავად გავიკვლიოთ გზა. იესო ქრისტე არის კრების წინამძღოლი (მათ. 23:10; ეფეს. 5:23). მან ერთგული მონა, ანუ ერთგული ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფი, გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვა. თავის მხრივ, მონის კლასი იმაზეა პასუხისმგებელი, რომ ზედამხედველები დანიშნოს ქრისტიანულ კრებაში (მათ. 24:45—47; ტიტ. 1:5—9).
როგორ შეგვიძლია გავიგოთ, ვინ არის ერთგული მონა, ანუ მმართველი? ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს თავად იესო მათ შესახებ: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა? ბედნიერია ის მონა, თუ ასე მოქმედს ნახავს დაბრუნებული ბატონი!“ (ლუკ. 12:42, 43).
მმართველი ერთგულია. მას არასოდეს მიუტოვებია იეჰოვა, იესო, ბიბლიური ჭეშმარიტება და ღვთის ხალხი და არც არასდროს უღალატია მათთვის. მმართველი აგრეთვე გონიერია. ის ავლენს განსჯის უნარს და ამგვარად უძღვება ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ყველა ერიდან ხალხის მოწაფეებად მომზადებას (მათ. 24:14; 28:19, 20). მმართველი მორჩილად აწვდის ხალხს დროულ სულიერ საზრდოს, რომელიც სასარგებლო და ნოყიერია. იეჰოვა რომ იწონებს თავის მსახურებს, იქიდან ჩანს, რომ ღვთის ხალხის რიცხვი დღითი დღე იზრდება. ის ხელმძღვანელობას უწევს მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და ეხმარება ბიბლიური ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში. იეჰოვა იცავს თავის მსახურებს მტრების ხელიდან, რომლებიც მათ განადგურებას ლამობენ, და შინაგან სიმშვიდეს აძლევს (ეს. 54:17; ფილ. 4:7).
მიჰყევით ღვთის ხელმძღვანელობას
როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ღვთის ხელმძღვანელობას მივყვებით? პავლე მოციქულმა თქვა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრ. 13:17). მორჩილება შეიძლება ყოველთვის არ იყოს ადვილი. მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ხარ ებრაელი და ცხოვრობ მოსეს დროს. საკმაო მანძილის გავლის შემდეგ ხედავ, რომ სვეტი ჩერდება. რამდენი ხანი იქნება გაჩერებული სვეტი — ერთი დღე, ერთი კვირა თუ რამდენიმე თვე? შენ ფიქრობ: ღირს კი ბარგის ამოლაგება? პირველად შეიძლება მხოლოდ აუცილებელი ნივთები ამოიღო. რამდენიმე დღეში კი საჭირო ნივთების ძებნისგან გადაღლილი, ალბათ, ყველაფრის ამოლაგებას დაიწყებ. მაგრამ, ეს-ესაა ყველაფერი ამოალაგე და ხედავ, რომ სვეტმა მაღლა აიწია, ამიტომ იძულებული ხარ, ნივთები უკან ჩაალაგო. ისრაელები ადგილიდან მაშინვე უნდა დაძრულიყვნენ, თუმცა ეს ადვილი არ იქნებოდა (რიცხ. 9:17—22).
ჩვენ როგორ ვიქცევით, როცა ღვთის მითითებებს ვიღებთ? ვცდილობთ, მაშინვე მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას თუ განვაგრძობთ ნებისმიერი საქმის ძველებურად კეთებას? მივყვებით დღეს ღვთის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს, ვქადაგებთ უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, ვატარებთ რეგულარულად ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს, ვთანამშრომლობთ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებთან და გამოვირჩევით ჩვენი კარგი საქციელით კონგრესებზე? ღვთის ხელმძღვანელობას რომ მივყვებით, იმითაც ცხადვყოფთ, რომ რჩევებს ვითვალისწინებთ. როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, საკუთარ სიბრძნეს არ ვეყრდნობით, არამედ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მივყვებით. როგორც ქარიშხლის დროს უმწეო ბავშვი მშობლებზე ამყარებს იმედს, მსგავსად ამისა, ჩვენც იეჰოვას ორგანიზაციაში ვეძებთ თავშესაფარს, როცა ქვეყნიერებაში პრობლემები ქარიშხალივით გვატყდება თავს.
რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ღვთის მიწიერ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობას სწევენ, არ არიან სრულყოფილები, ისევე როგორც მოსე არ იყო სრულყოფილი. ღვთის ხალხს რომ სვეტი მიუძღოდა, იმაზე მოწმობდა, რომ ღმერთი თავად ირჩევდა ისრაელის წინამძღოლებს და იწონებდა მათ. ისიც აღსანიშნავია, რომ არც ერთი ებრაელი თავად არ წყვეტდა, როდის უნდა დაძრულიყვნენ ადგილიდან. ამის ნაცვლად, ხალხი „იეჰოვას ბრძანებას“ ემორჩილებოდა და „მოსეს მეშვეობით“ მიჰყვებოდა მის მითითებებს (რიცხ. 9:23). როგორც ჩანს, მოსე, ღვთის ხელმძღვანელობით დანიშნული წინამძღოლი, აძლევდა ნიშანს ხალხს, რომ დაძრულიყვნენ.
დღესაც იეჰოვას მიერ დაყენებული მმართველი გვაძლევს ნიშანს იმ დროს, როცა საჭიროა მოქმედება. როგორ აკეთებს მმართველი ამას? „საგუშაგო კოშკსა“ თუ „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემული სტატიების, ახალი პუბლიკაციებისა და კონგრესებზე წარმოთქმული მოხსენებების მეშვეობით. მითითებები აგრეთვე გვეძლევა კრებებზე წერილების, მიმომსვლელი ზედამხედველებისა თუ იმ ძმების მეშვეობით, რომლებიც მომზადების სპეციალურ კურსს გადიან თავიანთი პასუხისმგებლობების შესასრულებლად.
ნამდვილად ხედავთ, როგორ გვიწევს ღმერთი ხელმძღვანელობას? იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს და სატანის ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში უდაბნოს მსგავს გზაზე მიგვიძღვის. შედეგად, ჩვენ ვხარობთ ერთიანობით, გვიყვარს ერთმანეთი და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ.
როცა ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევიდა, იესო ნავეს ძემ უთხრა მათ: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14). დღეს ღვთის ხალხიც უცილობლად დაიმკვიდრებს ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას. მაგრამ პირადად ჩვენ, ვიცხოვრებთ თუ არა ახალ ქვეყნიერებაში, ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, ყოველთვის თავმდაბლად მივყვებით თუ არა ღვთის ხელმძღვანელობას. ამიტომ, მოდი არასდროს გამოგვრჩეს მხედველობიდან, როგორ გვიწევს იეჰოვა ხელმძღვანელობას!
[სურათები 5 გვერდზე]
დღეს იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს
ახალი პუბლიკაციის გამოცხადება კონგრესზე
მოსამზადებელი კურსის გავლა
სამქადაგებლო შეხვედრა