„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ“
„თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:14).
1, 2. ა) ვინ იყვნენ იესოს მეგობრები? ბ) რატომ უნდა დავუმეგობრდეთ იესოს?
ზემოთა ოთახში იესოსთან შეკრებილი მამაკაცები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ძმები, პეტრე და ანდრია, მეთევზეები იყვნენ. მათე ერთ დროს მებაჟე იყო. მებაჟეები კი სძულდათ იუდეველებს. იაკობი და იოანე, როგორც ჩანს, იესოს ბავშვობიდან იცნობდნენ. ნათანაელი კი მხოლოდ რამდენიმე წელი იცნობდა იესოს (იოან. 1:43—50). მიუხედავად ამისა, პასექის იმ ღირსსახსოვარ საღამოს იერუსალიმში შეკრებილებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იესო აღთქმული მესია და ცოცხალი ღვთის ძე იყო (იოან. 6:68, 69). მათ გულგრილს არ დატოვებდა იესოს სიტყვები: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:15).
2 შეიძლება ითქვას, რომ იესოს ეს სიტყვები ეხება დღეს მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს და გარკვეულწილად „სხვა ცხვარსაც“ (იოან. 10:16). წარსული ცხოვრების მიუხედავად ყველას შეგვიძლია იესოს მეგობრები გავხდეთ. იესოსთან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იეჰოვასთანაც დაგვამეგობრებს. ფაქტია, რომ იეჰოვას ვერ დავუახლოვდებით, თუ ქრისტეს არ დავუახლოვდით (წაიკითხეთ იოანეს 14:6, 21 ). რა უნდა გავაკეთოთ, რომ იესოს დავუმეგობრდეთ? ვიდრე ამ საკითხზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ, როგორი მეგობრობა ჰქონდათ იესოსა და მის მოწაფეებს და რისი სწავლა შეიძლება აქედან.
იესო კარგი მეგობარი იყო
3. ვის მეგობრად იცნობდნენ იესოს?
3 „მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს“, — წერდა მეფე სოლომონი (იგავ. 14:20). ამ სიტყვებში კარგად ჩანს არასრულყოფილი ადამიანის ბუნება. ხშირად ადამიანები მეგობრების არჩევისას იმაზე ფიქრობენ, რა მიიღონ მისგან და არა იმაზე, თავად რა გასცენ. მაგრამ იესო ასე არ ირჩევდა მეგობრებს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის ფინანსურ ან სოციალურ მდგომარეობას. მართალია იესო „სიყვარულით აღიძრა“ მდიდარი მმართველისადმი და შესთავაზა, მისი მიმდევარი გამხდარიყო, მაგრამ მას ისიც უთხრა, რომ გაეყიდა თავისი ქონება და ღარიბებისთვის დაერიგებინა (მარ. 10:17—22; ლუკ. 18:18, 23). იესოს მდიდრებისა და ცნობილი ხალხის მეგობრად კი არ იცნობდნენ, არამედ უბრალო და მოძულებული ხალხის მეგობრად (მათ. 11:19).
4. საიდან ჩანს, რომ იესოს მეგობრები უნაკლოები არ იყვნენ?
4 ცხადია, რომ იესოს მეგობრები უნაკლოები არ იყვნენ. მაგალითად, ერთხელ პეტრემ ვერ შეძლო სიტუაციის სულიერი თვალით შეფასება (მათ. 16:21—23). იოანე და იაკობი ამბიციებს აჰყვნენ და იესოს ზეციერ სამეფოში საპატიო ადგილები მოსთხოვეს. მათმა საქციელმა აღაშფოთა სხვა მოციქულები. ამის შემდეგ პირველობის საკითხზე დავა მათ შორის არაერთხელ წამოიჭრა. მაგრამ იესო არ ღიზიანდებოდა და მოთმინებით ცდილობდა, თავისი მეგობრებისთვის სწორი კუთხით დაენახვებინა ყველაფერი (მათ. 20:20—28).
5, 6. ა) მოციქულების სისუსტეების მიუხედავად, რატომ არ გაწყვიტა იესომ ურთიერთობა მათთან? ბ) რატომ თქვა იესომ უარი იუდასთან მეგობრობაზე?
5 ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო ზედმეტად შემწყნარებელი იყო და თვალს ხუჭავდა მეგობრების შეცდომებზე. ის უბრალოდ მათ დადებით თვისებებსა და სწორ მოტივებზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, პეტრეს, იაკობსა და იოანეს ჩაეძინათ იმ დროს, როცა იესოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა. იესოს ჰქონდა განაწყენების მიზეზი, მაგრამ დაინახა, რომ მათ ეს ცუდი მოტივით არ გაუკეთებიათ და თქვა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათ. 26:41).
6 იუდას შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარად იყო. იესომ უარი თქვა მასთან მეგობრობაზე. თუმცა იუდას მის მეგობრად მოჰქონდა თავი, იესოს შეუმჩნეველი არ დარჩენია, როგორ გაირყვნა მისი ყოფილი მეგობრის გული. ქვეყნიერებასთან მეგობრობამ იუდა ღვთის მტრად აქცია (იაკ. 4:4). ამიტომ იესომ მხოლოდ იუდას გაშვების შემდეგ უწოდა დარჩენილ 11 მოციქულს მეგობრები (იოან. 13:21—35).
7, 8. როგორ გამოხატა იესომ მეგობრებისადმი სიყვარული?
7 იესო ყურადღებას არ ამახვილებდა თავისი ერთგული მეგობრების შეცდომებზე და ყველაფერს მათ სასიკეთოდ აკეთებდა. მაგალითად, ის მამას ლოცვაში სთხოვდა, დაეცვა ისინი განსაცდელებისას (წაიკითხეთ იოანეს 17:11 ). იესო მათ შეზღუდულ შესაძლებლობებსაც ითვალისწინებდა (მარ. 6:30—32). ის მარტო თვითონ კი არ ლაპარაკობდა, არამედ ისიც აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ ისინი (მათ. 16:13—16; 17:24—26).
8 იესო თავისი მეგობრებისთვის ცხოვრობდა და მოკვდა კიდეც მათთვის. მან იცოდა, რომ ღვთის სამართლიანი მოთხოვნით მას სიცოცხლე უნდა გაეღო მსხვერპლად (მათ. 26:27, 28; ებრ. 9:22, 28). მაგრამ იესომ ეს სიყვარულით გააკეთა. „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“, — თქვა მან (იოან. 15:13).
როგორი მეგობრები იყვნენ მოწაფეები?
9, 10. როგორ რეაგირებდა ხალხი იესოს გულუხვობაზე?
9 იესო უშურველად გასცემდა სიყვარულს და არ ზოგავდა დროსა და სახსრებს. ამიტომ ხალხს გული მიუწევდა მისკენ. ბევრს სურვილი უჩნდებოდა, რომ რაღაცით გამოეხატა მისადმი მადლიერება (ლუკ. 8:1—3). იესოს საკუთარი გამოცდილებიდან შეეძლო ეთქვა: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკ. 6:38).
10 სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იესოს მხოლოდ იმიტომ დაჰყვებოდნენ, რომ მისგან რაღაცას ელოდნენ. მათ მაშინვე მიატოვეს იესო, როცა მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს. ნაცვლად იმისა, რომ იესოს სიტყვები დაეჯერებინათ, მათ არასწორი დასკვნა გამოიტანეს და მას ზურგი აქციეს. მათგან განსხვავებით მოციქულები იესოსთან დარჩნენ. მათი მეგობრობა არაერთხელ გამოიცადა, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჭირსა და ლხინში იესოს გვერდით ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ იოანეს 6:26, 56, 60, 66—68). მიწიერი სიცოცხლის დასრულების წინა ღამეს იესომ თავისი მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში“ (ლუკ. 22:28).
11, 12. როგორ დაარწმუნა იესომ თავის სიყვარულში მოწაფეები აღდგომის შემდეგ და როგორ მოიქცნენ ისინი?
11 მოწაფეებმა, რომლებიც იესომ ერთგულებისთვის შეაქო, მალე მიატოვეს ის. რაღაც მომენტში კაცთმოშიშებამ ქრისტეს სიყვარულს სძლია. იესომ ამჯერადაც აპატია მათ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის გამოეცხადა თავის მიმდევრებს და არა მარტო თავის სიყვარულში დაარწმუნა, არამედ წმინდა საქმეც მიანდო. მათ მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ „ხალხი ყველა ერიდან“ და მის შესახებ დაემოწმებინათ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (მათ. 28:19; საქ. 1:8). როგორ მოიქცნენ ისინი?
12 მოწაფეები მთელი გულმოდგინებით შეუდგნენ სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას. იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით მათ მალე იერუსალიმი თავიანთი სწავლებით აავსეს (საქ. 5:27—29). მათ სიკვდილითაც ემუქრებოდნენ, მაგრამ მაინც ასრულებდნენ იესოს დავალებას. იესოსგან დავალების მიღებიდან რამდენიმე ათწლეული იყო გასული, როცა მოციქულმა პავლემ თამამად თქვა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23). იესოს მოწაფეებმა დაამტკიცეს, რომ აფასებდნენ იესოსთან მეგობრობას.
13. როგორ იმოქმედა იესოს სწავლებამ მის მოწაფეებზე?
13 იესოს სწავლებამ მათზეც იმოქმედა, ვინც მოგვიანებით გახდა მისი მოწაფე. ბევრ მათგანს უნდა შეეცვალა ცხოვრების წესი. ზოგი ერთ დროს ჰომოსექსუალისტი, მრუში, ლოთი და ქურდი იყო (1 კორ. 6:9—11). ზოგს დამოკიდებულება უნდა შეეცვალა სხვა ერის ადამიანების მიმართ (საქ. 10:25—28). ისინი დაემორჩილნენ იესოს, მოიშორეს „ძველი პიროვნება“ და „ახალი პიროვნებით“ შეიმოსნენ (ეფეს. 4:20—24). მათ შეიცნეს „ქრისტეს გონება“ ანუ ჩასწვდნენ მის აზროვნებას და თავადაც ცდილობდნენ, მიებაძათ მისთვის (1 კორ. 2:16).
დღეს როგორ ვიმეგობროთ ქრისტესთან?
14. რა უნდა გაეკეთებინა ქრისტეს ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას?
14 პირველ საუკუნეში მცხოვრები ბევრი ქრისტიანი პირადად იცნობდა იესოს, ბევრმა ის აღდგომის შემდეგ ნახა. ჩვენ კი არ გვქონია ამის უპირატესობა. მაშ, როგორ დავუმეგობრდეთ ქრისტეს? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ მივყვეთ იესოს სულითცხებული ძმებისგან შემდგარი ჯგუფის, „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას. იესომ თქვა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას „მთელ თავის ქონებას“ ამ მონას ჩააბარებდა (მათ. 24:3, 45—47). დღეს მათი უმეტესობა, ვისაც ქრისტესთან მეგობრობა სურს, მონის ჯგუფს არ მიეკუთვნება. ისინი მიჰყვებიან ერთგული მონის მითითებებს, რაც მათ ქრისტესთან დამეგობრებაში ეხმარება. როგორ ხდება ეს?
15. რაზეა დამოკიდებული ადამიანი „ცხვრად“ ჩაითვლება თუ „თხად“?
15 წაიკითხეთ მათეს 25:31—40. ერთგული მონის წარმომადგენლებს იესომ ძმები უწოდა. მაგალითში, რომელიც იესომ ცხვრებისა და თხების გამოცალკევებაზე მოიყვანა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ვინც მის ძმებს კარგად მოექცეოდა, მას მოექცეოდა კარგად. იესო ცხვრებს თხებისგან იმის მიხედვით გამოარჩევდა, თუ ვინ რას გაუკეთებდა თუნდაც მის „უმცირეს ძმას“. ამიტომ, დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეები მხარს უჭერენ ერთგულ მონას, რითაც ამტკიცებენ, რომ იესოსთან მეგობრობა სურთ.
16, 17. როგორ შეგვიძლია მეგობრობა დავუმტკიცოთ ქრისტეს ძმებს?
16 როგორ უნდა დავუმტკიცოთ მეგობრობა ქრისტეს ძმებს, თუ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ცხოვრებას ველით? განვიხილოთ სამი საშუალება. პირველი: მთელი გულით უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. ქრისტემ თავის ძმებს დაავალა სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში (მათ. 24:14). მაგრამ დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ძმებს სხვა ცხვრის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ ამ დავალების შესრულება. როცა სხვა ცხვრის წარმომადგენლები ქადაგებენ, ისინი ქრისტეს ძმებს ეხმარებიან წმინდა საქმის შესრულებაში. ქრისტეს მსგავსად, ერთგული და გონიერი მონა ძალიან აფასებს მათ მხარდაჭერას.
17 ქრისტეს ძმებს მეგობრობას იმითაც ვუმტკიცებთ, თუ სამქადაგებლო საქმიანობას ფინანსურად ვუჭერთ მხარს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მეგობრები „უმართლო სიმდიდრით“ შეეძინათ (ლუკ. 16:9). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესოსთან ან იეჰოვასთან მეგობრობა ფულზე იყიდება. თუ ჩვენს ფინანსებს სამეფოს ინტერესებისთვის ვწირავთ, სიყვარულსა და მეგობრობას მხოლოდ სიტყვით კი არა, „საქმითა და ჭეშმარიტებით“ ვამტკიცებთ (1 იოან. 3:16—18). ჩვენ საქადაგებლად საკუთარი ხარჯებით მივდივართ, გარკვეულ თანხას ვწირავთ კრების შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზების მშენებლობისა და მოვლისთვის, აგრეთვე მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ცოტას ვწირავთ თუ ბევრს, იეჰოვა და იესო გვიფასებენ, რომ სიხარულით გავცემთ (2 კორ. 9:7).
18. რატომ უნდა გავითვალისწინოთ უხუცესების მიერ ბიბლიიდან მოცემული რჩევები?
18 ქრისტესთვის მეგობრობის დამტკიცების მესამე საშუალება კრების უხუცესებთან თანამშრომლობაა. უხუცესები წმინდა სულით არიან დანიშნული კრებაში, რომლის თავიც ქრისტეა (ეფეს. 5:23). მოციქული პავლე წერდა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრ. 13:17). ზოგჯერ შეიძლება გვიჭირს, დავემორჩილოთ უხუცესების მიერ ბიბლიიდან მოცემულ რჩევებს. რჩევის მიღება შესაძლოა იმიტომაც გვიჭირს, რომ ისინი არასრულყოფილები არიან. მაგრამ ქრისტე, კრების თავი, ამ არასრულყოფილ ადამიანებს უცხადებს ნდობას. ამიტომ უხუცესებთან თანამშრომლობა ქრისტესთან ჩვენს მეგობრობაზეც ახდენს გავლენას. თუ ყურადღებას არ ვამახვილებთ უხუცესების შეცდომებზე და სიხარულით ვემორჩილებით მათ, ქრისტეს ჩვენს სიყვარულს ვუმტკიცებთ.
სად შეგვიძლია კარგი მეგობრების პოვნა?
19, 20. რისი საშუალება გვაქვს კრებაში და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 იესო მხოლოდ მოსიყვარულე მწყემსების მეშვეობით არ ზრუნავს ჩვენზე. კრებაში გვყავს სულიერი დედები, ძმები და დები (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). თავიდან როგორ შეხვდნენ შენი ნათესავები იმას, რომ იეჰოვას მოწმეებთან დაიწყე ურთიერთობა? შესაძლოა მათ მხარი დაგიჭირეს იმაში, რომ დაახლოებოდი ღმერთს. მაგრამ იესომ ისიც თქვა, რომ ზოგ შემთხვევაში „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). რამხელა ნუგეშია ჩვენთვის იმის ცოდნა, რომ კრებაში შეგვიძლია ღვიძლ ძმაზე ახლობელი მეგობრების პოვნა (იგავ. 18:24).
20 რომაელებისთვის მიწერილი წერილის ბოლოს პავლე მათ თბილ მოკითხვებს უთვლის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მას ბევრი კარგი მეგობარი ჰყავდა (რომ. 16:8—16). იოანე მოციქულმა მესამე წერილი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „ყველა მეგობარი სათითაოდ მომიკითხე“ (3 იოან. 14). როგორც ჩანს, მასაც მრავალი მეგობარი ჰყავდა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იესოსა და პირველი ქრისტიანების მსგავსად, კარგი მეგობრები შევიძინოთ სულიერ და-ძმებს შორის? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
როგორ უპასუხებთ?
• როგორი მეგობარი იყო იესო?
• როგორი მეგობრები იყვნენ იესოს მოწაფეები?
• როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ იესოს მეგობრები ვართ?
[სურათი 14 გვერდზე]
იესოს აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ და რას გრძნობდნენ მისი მეგობრები
[სურათები 16 გვერდზე]
როგორ დავამტკიცოთ, რომ იესოსთან მეგობრობა გვსურს?