ხართ ყველაფერში ერთგულნი?
„მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“ (ლუკა 16:10).
1. რა არის იმის ერთ-ერთი მტკიცება, რომ იეჰოვა ერთგულია?
შეგინიშნავთ, რა ემართება ხის ჩრდილს დღის განმავლობაში? ის ზომას და მიმართულებას იცვლის. ადამიანთა მისწრაფებები და დაპირებები ხშირად ჩრდილის მსგავსად იცვლება. მაგრამ დროის გასვლის მიუხედავად, იეჰოვა არ იცვლება. მოწაფე იაკობი, რომელიც ღმერთს „ციურ მნათობთა მამას“ უწოდებს, ამბობს: ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკობი 1:17). იეჰოვა უმნიშვნელო საკითხებშიც კი უცვლელი და საიმედოა. ის „ერთგული ღმერთია“ (რჯული 32:4, აქ).
2. ა) რატომ უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, ვართ თუ არა ერთგულნი? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ერთგულებასთან დაკავშირებით?
2 როგორ უყურებს ღმერთი იმას, რომ მისი თაყვანისმცემლები მასზე არიან მინდობილნი? ისევე როგორც დავითი. მან ღვთის თაყვანისმცემლების შესახებ თქვა: „თვალები მიპყრობილი მაქვს დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულთაკენ, რათა ჩემთან ერთად იცხოვრონ. უბიწო გზით მავალი მე მომემსახურება“ (ფსალმუნები 101:6, აქ [100:6]). დიახ, იეჰოვას უხარია, როდესაც თავისი თაყვანისმცემლები მას ერთგულად ემსახურებიან. მოციქულ პავლეს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, დაეწერა: „მმართველებისგან კი ერთგულება მოითხოვება“ (1 კორინთელები 4:2). რას ნიშნავს, იყო ერთგული? ცხოვრების რომელ სფეროში უნდა გამოვავლინოთ ერთგულება? რა კურთხევებს მიიღებს „უბიწო გზით მავალი“?
რას ნიშნავს, იყო ერთგული?
3. რით განისაზღვრება ღვთისადმი ჩვენი ერთგულება?
3 „მოსე ერთგული იყო“, — ნათქვამია ებრაელების 3:5-ში. რაში გამოჩნდა მისი ერთგულება? კარვის გაკეთებისას და მოწყობისას „გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას“ (გამოსვლა 40:16). ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლები, ერთგულები ვიქნებით, თუ მისადმი მსახურებაში მორჩილებას გამოვავლენთ. ამაში მძიმე განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებაც იგულისხმება. თუმცა ღვთისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ რთული გამოცდების დაძლევით არ განისაზღვრება. „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლუკა 16:10). ერთგულება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საკითხებშიც უნდა შევინარჩუნოთ.
4, 5. რას ვაჩვენებთ „მცირედში“ ერთგულების შენარჩუნებით?
4 ყოველდღიურად „მცირედში“ ერთგულება ორი მიზეზის გამო უნდა გამოვავლინოთ. პირველი, ამით ვაჩვენებთ, მხარს ვუჭერთ თუ არა იეჰოვას უზენაესობას. დაფიქრდით ადამიანთა პირველ წყვილზე, ადამსა და ევაზე, რომლებიც ერთგულების გამოცდის წინაშე დადგნენ. ეს არ იყო რთული გამოცდა. მათ შეეძლოთ ეჭამათ ყველა ხის ნაყოფი, რაც კი ედემის ბაღში იდგა. მაგრამ მხოლოდ ერთი ხიდან — „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან“ — ეკრძალებოდათ ჭამა (დაბადება 2:16, 17). ამ ბრძანებისადმი მორჩილებით, რომელიც ადვილი შესასრულებელი იყო, ადამიანთა პირველ წყვილს შეეძლო დაემტკიცებინა, რომ იეჰოვას მმართველობას უჭერდა მხარს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იეჰოვას მითითებების შესრულებით ვაჩვენებთ, რომ მის უზენაესობას ვუჭერთ მხარს.
5 მეორე, „მცირედში“ ერთგულება მოგვამზადებს იმისათვის, რომ „ბევრშიც“ — უფრო სერიოზული განსაცდელების დროსაც — შევინარჩუნოთ ერთგულება. გავიხსენოთ, რა შეემთხვათ დანიელსა და მის სამ ებრაელ მეგობარს — ხანანიას, მისაელსა და ყაზარიას. ძვ. წ. 617 წელს ისინი ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში. ჯერ კიდევ ყმაწვილები იყვნენ, როცა მეფე ნაბუქოდონოსორის სასახლეში აღმოჩნდნენ. იქ „განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვრთნილიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ“ (დანიელი 1:3—5).
6. რა გამოცდის წინაშე დადგნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი ბაბილონის სამეფო კარზე?
6 ოთხი ებრაელი ახალგაზრდისთვის გამოცდა იყო მეფის სუფრიდან შეთავაზებული საკვები. „მეფის სუფრაში“ შესაძლოა ისეთი საკვებიც შედიოდა, რომლის ჭამაც მოსეს რჯულით იკრძალებოდა (მეორე რჯული 14:3—20). დაკლული ცხოველებიდან სისხლი შეიძლება ბოლომდე არ იყო გამოშვებული. ასეთი ხორცის ჭამა კი ღვთის კანონის დარღვევა იქნებოდა (მეორე რჯული 12:23—25). ამასთანავე, ბაბილონის ღმერთების თაყვანისმცემლები საჭმელს, ჩვეულებრივ, ჯერ კერპებს სწირავდნენ, შემდეგ კი თავად ჭამდნენ.
7. მორჩილების გამოვლენით რა აჩვენეს დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა?
7 ბაბილონის სამეფო კარი ვერც კი შეამჩნევდა ოთხი ახალგაზრდის მიერ ერთგულებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. მაგრამ დანიელსა და მის მეგობრებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, არ გაუწმინდურებულიყვნენ იმ საკვების ჭამით, რომელიც რჯულის თანახმად იკრძალებოდა. ამ გამოცდით მათ ღვთისადმი ერთგულება უნდა დაემტკიცებინათ. ამიტომ, მათ მოითხოვეს მცენარეული საზრდო და წყალი (დანიელი 1:9—14). დღეს ზოგისთვის შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდეს ის, რაც ამ ოთხმა ახალგაზრდამ გააკეთა. მაგრამ მორჩილებით მათ აჩვენეს, თუ ვის მხარეს იკავებდნენ იეჰოვას უზენაესობის საკითხში.
8. ა) რა უმძიმესი განსაცდელის წინაშე დადგა სამი ებრაელი? ბ) რით დამთავრდა მათი განსაცდელი და რას გვასწავლის ეს ჩვენ?
8 გამოცდამ, რომელსაც ზოგი შეიძლება უმნიშვნელოდ მიიჩნევს, დანიელის სამი მეგობარი უფრო დიდი განსაცდელის გადასატანად მოამზადა. გადაშალეთ ბიბლია დანიელის მე-3 თავზე და წაიკითხეთ, როგორ აღმოჩნდნენ ისინი სიკვდილის პირისპირ, როდესაც უარი თქვეს, თაყვანი ეცათ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული კერპისთვის. როცა მეფის წინაშე წარადგინეს, მათ მტკიცედ განაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ: „თუ ასე იქნება, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე“ (დანიელი 3:17, 18). იხსნა იეჰოვამ ისინი? მეფის მსახურები, რომლებმაც ახალგაზრდები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს, ცეცხლის ალმა დახოცა; მაგრამ სამი ერთგული ებრაელი უვნებელი დარჩა. ცეცხლის ალმა მათ ოდნავადაც არ მიაყენა ზიანი! მტკიცე გადაწყვეტილებამ, ყოველთვის ერთგულები ყოფილიყვნენ, ისინი ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად მოამზადა. განა ეს შემთხვევა იმას არ გვიჩვენებს, რომ უმნიშვნელო საკითხებშიც კი ერთგულების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია?
ერთგულება „უმართლო სიმდიდრესთან“ დაკავშირებით
9. რას გვეუბნება ლუკას 16:10-ის კონტექსტი ამ მუხლში ჩაწერილ იესოს სიტყვებთან დაკავშირებით?
9 სანამ იესო თავის მსმენელებს იმ პრინციპს ეტყოდა, რომ შედარებით უმნიშვნელო საკითხებში ერთგული მნიშვნელოვან საკითხებშიც ერთგული იქნებოდა, მათ ურჩია: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“. ამის შემდეგ მცირედში ერთგულების შესახებ პრინციპი განუცხადა. მერე კი უთხრა: „ამიტომ, თუ უმართლო სიმდიდრეში არ აღმოჩნდით ერთგული, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ? . . . ვერც ერთი მოსამსახურე ვერ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს თან გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ შეძლებთ ღვთის მონებიც იყოთ და სიმდიდრისაც“ (ლუკა 16:9—13).
10. როგორ შეგვიძლია ერთგულების გამოვლენა „უმართლო სიმდიდრის“ გამოყენებით?
10 კონტექსტის თანახმად, ლუკას 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები იესომ „უმართლო სიმდიდრესთან“ — მატერიალურ სახსრებთან ან ქონებასთან — დაკავშირებით მოიყვანა. სიმდიდრე უმართლო იმ გაგებით არის, რომ მატერიალური ქონება — განსაკუთრებით ფული — ცოდვილი ადამიანების ხელშია. უფრო მეტიც, გამდიდრების სურვილმა ადამიანს შეიძლება არასწორი საქციელი ჩაადენინოს. თუ მატერიალურ სახსრებს გონივრულად ვიყენებთ, ღვთისადმი ერთგულებას ვავლენთ. ნაცვლად იმისა, რომ ეგოისტური მიზნებისთვის გამოვიყენოთ, მას სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად და გაჭირვებულთა დასახმარებლად ვიყენებთ. ერთგულების ამგვარი გამოვლენით, მეგობრებს ვიძენთ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს სახით, რომლებიც „სამუდამო სამკვიდროს“ მფლობელები არიან. ისინი მიგვიღებენ ამ სამკვიდროში, ანუ მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებენ ზეცაში ან დედამიწაზე.
11. ქადაგებისას რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იმის თქმისგან, რომ სიამოვნებით ავიღებთ შესაწირავს იმ საქმიანობის მხარდასაჭერად, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ეწევიან?
11 სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებისას, რისკენ აღვძრავთ მათ, ვისაც ბიბლიას ან ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას ვუტოვებთ და ვუხსნით, რომ სიამოვნებით ავიღებთ სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად გაღებულ შესაწირავს? განა იმისკენ არ აღვძრავთ მათ, რომ გონივრულად გამოიყენონ მატერიალური სახსრები? თუმცა იესომ ლუკას 16:10 მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით მოიყვანა, აქ მოცემული პრინციპი ცხოვრების სხვა სფეროებშიც არის სასარგებლო.
პატიოსნება ნამდვილად მნიშვნელოვანია
12, 13. რა მხრივ შეგვიძლია პატიოსნების გამოვლენა?
12 მოციქულმა პავლემ დაწერა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). „ყველაფერში“, რა თქმა უნდა, ფინანსების სწორად გამოყენებაც იგულისხმება. ჩვენ გადასახადებსა თუ ვალებს თავის დროზე და პატიოსნად ვიხდით. რატომ? ამისკენ, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და მისი მითითებებისადმი მორჩილება აღგვძრავს, შემდეგ კი სინდისი (რომაელები 13:5, 6). როგორ ვიქცევით, როდესაც ვპოულობთ ნივთს, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის? ვცდილობთ, პატრონი ვიპოვოთ და ნივთი დავუბრუნოთ. რა შესანიშნავი დამოწმებაა, როდესაც პატრონს დაკარგულ ნივთს ვუბრუნებთ და ვუხსნით, რატომ ვიქცევით ასე!
13 ყველაფერში ერთგულად და პატიოსნად მოქცევა იმასაც ნიშნავს, რომ პატიოსნება სამსახურშიც გამოვავლინოთ. ასე მოქცევით, სხვებიც დაინტერესდებიან ღმერთით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ჩვენ არ ვზარმაცობთ, რომ დრო ‘არ მოვიპაროთ’. პირიქით, გულმოდგინედ ვმუშაობთ, თითქოს ამას იეჰოვასთვის ვაკეთებდეთ (ეფესოელები 4:28; კოლოსელები 3:23). ერთი გამოთვლის თანახმად, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მუშამოსამსახურეთა მესამედი, რომელიც ექიმისგან ბიულეტენს ითხოვს, იტყუება. ღვთის ჭეშმარიტი მსახური მიზეზს არ ეძებს სამუშაოს გასაცდენად. ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს იმის გამო სთავაზობენ დაწინაურებას, რომ ისინი პატიოსნად და მუყაითად შრომობენ (იგავები 10:4).
ერთგულება ქრისტიანულ მსახურებაში
14, 15. რა საკითხებში გვმართებს ერთგულების გამოვლენა ქრისტიანულ მსახურებაში?
14 როგორ ვავლენთ ერთგულებას მსახურებისადმი, რომელიც ღმერთმა მოგვანდო? ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15). მსახურებაში ერთგულებას, ძირითადად, იმით ვავლენთ, თუ რეგულარულად ვქადაგებთ. არ დავუშვათ, რომ თვე ისე გავიდეს, იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ არ ვისაუბროთ! მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა იმაშიც გვეხმარება, რომ დახელოვნებული და ეფექტური მქადაგებლები გავხდეთ.
15 სამქადაგებლო მსახურებაში ერთგულებას იმითაც ვავლენთ, თუ „საგუშაგო კოშკსა“ და „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მოცემულ რჩევებს მივყვებით. განა უფრო ეფექტურად არ ვქადაგებთ, როდესაც წინასწარ ვემზადებით მსახურებისთვის და ორგანიზაციის მოწოდებულ ან ტერიტორიისთვის შესაფერის შეთავაზებებს ვიყენებთ? როდესაც ისეთ ადამიანს ვხვდებით, რომელიც სამეფოს ცნობისადმი ინტერესს ავლენს, ვცდილობთ, ინტერესის გასაღვივებლად მალევე მივაკითხოთ? როგორ ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს დაინტერესებულებთან? ვართ საიმედო და ერთგული ქრისტიანები, რომლებიც რეგულარულად ატარებენ ბიბლიის შესწავლებს? მსახურებაში ერთგულების გამოვლენით საკუთარ თავსაც გადავარჩენთ და ჩვენს მსმენელებსაც (1 ტიმოთე 4:15, 16).
დარჩით ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი
16, 17. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი ვართ?
16 იესომ ღმერთს ლოცვაში თავისი მოწაფეების შესახებ უთხრა: „შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა. ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14—16). შესაძლოა მტკიცე გადაწყვეტილების მიღება დაგვჭირდეს, რომ გამოვეყოთ ქვეყნიერებას ისეთ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ნეიტრალიტეტი, რელიგიური და ტრადიციული დღესასწაულები და ზნეობრივი სიწმინდე. მაგრამ, როგორ ვიქცევით უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით? შესაძლებელია, რომ შეუმჩნევლად ქვეყნიერების ზეგავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ? თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ადვილად შეიძლება ჩვენი ჩაცმულობა ქრისტიანისთვის შეუფერებელი გახდეს! ჩაცმულობასა და გარეგნობასთან დაკავშირებით ერთგულების გამოვლენა „მოკრძალებასა და საღ აზროვნებას“ მოითხოვს (1 ტიმოთე 2:9, 10). დიახ, „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას, არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“ (2 კორინთელები 6:3, 4).
17 ჩვენ გვსურს, განვადიდოთ იეჰოვა, ამიტომ კრების შეხვედრებზე მოკრძალებულად ჩაცმულები დავდივართ. მსგავსადვე ვიქცევით უფრო დიდ ღონისძიებებზე — კონგრესებზე. ჩვენი ტანსაცმელი პრაქტიკული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ასეთი ჩაცმულობით სხვებს კარგ დამოწმებას ვაძლევთ. ჩვენს საქმიანობას ანგელოზებიც კი აქცევენ ყურადღებას, როგორც ამას პავლესა და მისი თანამედროვე ქრისტიანების შემთხვევაში აკეთებდნენ (1 კორინთელები 4:9). სინამდვილეში, ყოველთვის, სადაც უნდა ვიყოთ, ქრისტიანისთვის შესაფერისად უნდა გვეცვას. ზოგისთვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ერთგულების გამოვლენა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ღმერთი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
კურთხევები, რომლებიც ერთგულებას მოჰყვება
18, 19. რა კურთხევები მოჰყვება ერთგულებას?
18 ჭეშმარიტ ქრისტიანებზე ნათქვამია, რომ ისინი „ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები“ არიან. ისინი იმ ძალაზე არიან დანდობილნი, „რომელსაც ღმერთი იძლევა“ (1 პეტრე 4:10, 11). უფრო მეტიც, როგორც მმართველებს, მონდობილი გვაქვს ის, რაც პირადად არ გვეკუთვნის. ეს არის ღვთის გამოვლენილი წყალობა და ქრისტიანული მსახურება. ჩვენ კარგი მმართველები ვართ, რადგან დაიმედებულნი ვართ ღვთის მოცემულ ძალაზე, რომელიც „ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). ეს, მართლაც, შესანიშნავი ძალაა, რომელიც მომავალში ნებისმიერი განსაცდელის დაძლევაში დაგვეხმარება!
19 ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი“ (ფსალმუნები 30:24). მოდი მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა „ყველანაირი ადამიანის, განსაკუთრებით კი ერთგულთა, მხსნელია“ (1 ტიმოთე 4:10).
გახსოვთ თუ არა?
• რატომ უნდა ვიყოთ „მცირედში ერთგულნი“?
• როგორ შეგვიძლია ერთგულების გამოვლენა
პატიოსნად მოქცევით?
მსახურებაში?
ქვეყნიერებისგან გამოყოფით?
[სურათები 26 გვერდზე]
„მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“.
[სურათი 29 გვერდზე]
‘ყველაფერში პატიოსნად მოიქეცით’.
[სურათი 29 გვერდზე]
სამქადაგებლო მსახურებისთვის კარგი მომზადება ერთგულების გამოვლენის შესანიშნავი საშუალებაა.
[სურათი 30 გვერდზე]
გამოავლინეთ მოკრძალება ჩაცმულობასა და გარეგნობაში.