თავი 10
მშობლებს იესო იერუსალიმში მიჰყავთ
თორმეტი წლის იესო ტაძარში მასწავლებლებს შორის ზის და მათთან მსჯელობს
იესო იეჰოვას მამას უწოდებს
უკვე გაზაფხულია. იოსები, ჩვეულებისამებრ, ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება. ისინი კანონში მოცემული მითითების თანახმად, ყოველწლიურად პასექის დღესასწაულს აღნიშნავენ (კანონი 16:16). მათ ნაზარეთიდან იერუსალიმში ჩასასვლელად დაახლოებით 120 კილომეტრის გავლა უწევთ. ყველა სამზადისშია; ეს ხომ განსაკუთრებული მოვლენაა ისრაელში! 12 წლის იესო სულმოუთმენლად ელის დღესასწაულის დადგომას და უხარია, რომ კვლავაც ტაძრის სიახლოვეს იქნება.
იესოს ოჯახისთვის პასექის დღესასწაულის აღნიშვნა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება — პასექის მეორე დღეს უფუარობის დღესასწაული იწყება, რომელიც შვიდ დღეს გრძელდება (მარკოზი 14:1). ისრაელებისთვის პასექის და უფუარობის დღესასწაული ერთ დღესასწაულად ითვლებოდა. ნაზარეთიდან იერუსალიმში ჩასასვლელად, იქ გასაჩერებლად და უკან დასაბრუნებლად იოსებსა და მის ოჯახს დაახლოებით ორი კვირა სჭირდებათ. მაგრამ ამჯერად, როცა უკან ბრუნდებიან, ხდება ისეთი რამ, რაც აყოვნებთ.
დღესასწაულის დღეებმა ჩაიარა. იოსები და მარიამი ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ნაზარეთისკენ მიმავალ გზას ადგებიან. მთელი დღის მანძილზე იესო მათ გვერდით არ არის, მაგრამ გული მშვიდად აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის ხალხს შეერია. დღე იწურება და ისინი ღამის გასათევად ერთ ადგილას ჩერდებიან, თუმცა იესო კვლავ არსად ჩანს. ანერვიულებული იოსები და მარიამი ბავშვს ძებნას უწყებენ; სად აღარ ეძებენ ისინი თავიანთ ბიჭს, თუმცა მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის. აფორიაქებული მშობლები გადაწყვეტენ, მის მოსაძებნად უკან, იერუსალიმში დაბრუნდნენ.
მთელი დღის მანძილზე ისინი ამაოდ ეძებენ იესოს. მის კვალს ვერც მეორე დღეს აგნებენ. დგება მესამე დღე და, ბოლოს, როგორც იქნა, იერუსალიმის ტაძრის ერთ-ერთ დარბაზში პოულობენ თავიანთ ვაჟს. იესო იქ იუდეველ მოძღვრებს შორის ზის და მათთან მსჯელობს. ის ყურადღებით უსმენს მათ და კითხვებს უსვამს; „მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებს“.
გაოგნებული მარიამი იესოს ეკითხება: „შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ“ (ლუკა 2:48).
იესოს უკვირს, რომ მშობლებმა არ იცოდნენ, სად იქნებოდა იგი. იესო ეკითხება: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი?“ (ლუკა 2:49).
ახლა ისინი უკვე ერთად ადგებიან შინისკენ მიმავალ გზას და, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იესო „კვლავაც ემორჩილება“ მშობლებს. წლები წლებს მისდევს, იესო იზრდება, სიბრძნე ემატება და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭს ღვთისა და ადამიანთა თვალში. როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ ბავშვობაში იესო ყოველმხრივ სანიმუშო იყო — მის ცხოვრებაში სულიერი ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა და იმითაც გამოირჩეოდა, რომ პატივისცემას ავლენდა მშობლების მიმართ.