ღვთის სამეფო მალე გვიხსნის!
„მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:10).
1. რა იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა?
მთაზე ქადაგებისას იესომ ლოცვის ნიმუში დატოვა, საიდანაც გამოჩნდა, თუ რა იყო მისი ქადაგების მთავარი თემა. ის ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9—13). იესო „დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 8:1). ქრისტემ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33). ამ სტატიის შესწავლისას დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მოცემული ინფორმაციის გამოყენება მსახურებაში. როგორ უპასუხებდით შემდეგ კითხვებს: რამდენად მნიშვნელოვანია ცნობა სამეფოს შესახებ? რისგან საჭიროებს კაცობრიობა ხსნას? და როგორ იხსნის ღვთის სამეფო ადამიანებს?
2. რამდენად მნიშვნელოვანია ცნობა სამეფოს შესახებ?
2 იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის უმნიშვნელოვანესი ცნობაა. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი იეჰოვას მოწმე, რომლებიც 100 000-ზე მეტ კრებაში მსახურობენ, მონაწილეობას იღებს უპრეცედენტო მასშტაბის სამქადაგებლო საქმიანობაში. ისინი ხალხს იმ სამეფოს შესახებ ამცნობენ, რომელიც უკვე მმართველობს. ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რადგან ღმერთმა დაამყარა ხელისუფლება ზეცაში, რომელიც სრულად განახორციელებს თავის მმართველობას დედამიწაზე. ამ სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ნება დედამიწაზეც შესრულდება, როგორც ზეცაში სრულდება.
3, 4. რა მოჰყვება შედეგად ღვთის ნების შესრულებას დედამიწაზე?
3 როგორი იქნება ცხოვრება, როდესაც დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება? იეჰოვა „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:4). აღარავინ იავადმყოფებს და აღარც არავინ მოკვდება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და არასრულყოფილების გამო. ღვთის მეხსიერებაში მყოფ გარდაცვლილებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ, რადგან ბიბლიაში წერია: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15). აღარ იქნება ომები, ავადმყოფობა და შიმშილი; მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა. აღარც მხეცები იქნებიან აგრესიულები (ფსალმ. 46:9; 72:16; ეს. 11:6—9; 33:24; ლუკ. 23:43).
4 ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ასეთი გამამხნევებელი სიტყვებით აღწერს მომავალს: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. მაგრამ რა ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც არეულობა შემოაქვთ საზოგადოებაში? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“, „იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:9—11).
5. რა მოელის დღევანდელ ქვეყნიერებას?
5 ღმერთმა თავისი ნება რომ შეასრულოს დედამიწაზე, ჯერ უნდა განადგურდეს დღევანდელი ქვეყნიერება — მოქიშპე სახელმწიფოები, რელიგიები და კომერციული სამყარო. სწორედ ამას გააკეთებს ზეციერი ხელისუფლება. წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „იმ მეფეების დროს [თანამედროვე დროს] ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს [ამჟამად არსებულს], თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44). ღვთის სამეფო ანუ ახალი ზეციერი ხელისუფლება მთელ დედამიწაზე განავრცობს თავის მმართველობას. მაშინ დამყარდება „ახალი ცა და ახალი დედამიწა, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13).
დღეს ხსნა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს
6. რა არის ბიბლიაში ნათქვამი ბოროტი ქვეყნიერების შესახებ?
6 კაცობრიობის პრობლემებს დასაბამი მაშინ მიეცა, როცა სატანა, ადამი და ევა ღმერთს ეურჩნენ და თავად დაადგინეს, რა იყო სწორი და რა — არასწორი. 1 600 წლის შემდეგ, ვიდრე წარღვნა მოხდებოდა, „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (დაბ. 6:5). წარღვნიდან დაახლოებით 1 300 წლის შემდეგ კი დედამიწაზე ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო, რომ სოლომონმა დაწერა: „ცოცხლებზე ბედნიერად მკვდრები ჩავთვალე. ამ ორივეზე უკეთეს მდგომარეობაში კი ის არის, ვინც ჯერ არ დაბადებულა და არ უნახავს დამამწუხრებელი საქმე, მზის ქვეშ რომ კეთდება“ (ეკლ. 4:2, 3). მას შემდეგ 3 000 წელზე მეტი გავიდა და ბოროტება კიდევ უფრო ღრმად იდგამს ფესვებს.
7. რატომ გვჭირდება დღეს ხსნა ისე, როგორც არასდროს?
7 დედამიწაზე ბოროტება ყოველთვის მძლავრობდა, თუმცა ხსნა ღვთის სამეფოს მეშვეობით დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ბოლო 100 წლის განმავლობაში მდგომარეობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს, და უფრო და უფრო უარესდება. ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია: „[XX] საუკუნეში მომხდარ ომებში დაღუპულთა რაოდენობა სამჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე I საუკუნიდან 1899 წლის ჩათვლით მომხდარ ყველა ომში“ (Worldwatch Institute). 1914 წლიდან მოყოლებული ომებმა 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ დღეს ზოგ ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება შეიძლება. გარდა ამისა, მეცნიერებისა და მედიცინის წინსვლის მიუხედავად, ყოველ წელს შიმშილით დაახლოებით 5 მილიონი ბავშვი კვდება (იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9).
8. რა დაამტკიცა საუკუნეების განმავლობაში ადამიანების მმართველობამ?
8 დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს საკაცობრიო პრობლემების აღმოფხვრა. მსოფლიოს პოლიტიკურმა, კომერციულმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა ვერ უზრუნველყვეს ადამიანები იმით, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ — მშვიდობა, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. გლობალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ეს ორგანიზაციები თავად ქმნიან დამატებით პრობლემებს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანების მმართველობამ უდავოდ დაამტკიცა შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23); „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9); „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომ. 8:22).
9. ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი რომელი მოვლენები არ აკვირვებთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
9 დღევანდელი ვითარების შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“. ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი ნიშნების აღწერის შემდეგ ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5, 13). ქრისტიანებს ეს არ უკვირთ, რადგან იციან, რომ „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის [სატანის] ხელშია“ (1 იოან. 5:19). მაგრამ სასიხარულოა, რომ ღმერთი მალე იხსნის თავის მოყვარულებს. იგი დაიხსნის მათ ამ ქვეყნიერებიდან, სადაც მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
მხოლოდ იეჰოვას ძალუძს ჩვენი ხსნა
10. რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას ჩვენი ხსნა?
10 სასიხარულო ცნობის ქადაგებისას აუხსენით ადამიანებს, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ჩვენი ხსნა. მხოლოდ მას აქვს ძალაც და სურვილიც, რომ იხსნას თავისი მსახურები ნებისმიერი გასაჭირიდან (საქ. 4:24, 31; გამოცხ. 4:11). ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყოველთვის იხსნის თავის ხალხს და შეასრულებს თავის განზრახვებს. მან დაიფიცა: „როგორც განვიზრახე, ისე მოხდება“. მისი სიტყვა ‘უშედეგოდ არ დაუბრუნდება მას’ (წაიკითხეთ ესაიას 14:24, 25; 55:10, 11).
11, 12. რაში არწმუნებს ღმერთი თავის მსახურებს?
11 იეჰოვა გვარწმუნებს, რომ აღასრულებს თავის განაჩენს ბოროტ ადამიანებზე, ხოლო თავის მსახურებს იხსნის. როდესაც ღმერთმა წინასწარმეტყველი იერემია ცოდვილების სამხილებლად გაგზავნა, უთხრა: „ნუ შეგაშინებს მათი სახეები, რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა“ (იერ. 1:8). მსგავსად ამისა, როდესაც იეჰოვამ სოდომისა და გომორას განადგურება დააპირა, ორი ანგელოზი გაგზავნა, რათა ლოტი და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გაეყვანათ. ამის შემდეგ „აწვიმა იეჰოვამ ციდან სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი“ (დაბ. 19:15, 24, 25).
12 იეჰოვა იხსნის ყველას, ვინც მის ნებას ასრულებს. როდესაც ღმერთმა ძველი მსოფლიო წარღვნით გაანადგურა, „სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა“ (2 პეტ. 2:5). მსგავსად ამისა, როცა ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს, იეჰოვა იხსნის მართლებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფ. 2:3). ბოროტი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას . . . ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან“ (იგავ. 2:21, 22).
13. როგორ იხსნის იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც დღეს გარდაცვლილები არიან?
13 მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის იმ მსახურებზე, რომლებიც ავადმყოფობის, დევნისა თუ სხვა მიზეზების გამო დაიღუპნენ? (მათ. 24:9). მათ როგორღა იხსნის ღმერთი? როგორც უკვე მოვიხსენიეთ, ‘იქნება მართლების მკვდრეთით აღდგომა’ (საქ. 24:15). იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ იხსნას თავისი მსახურები!
სამართლიანი ხელისუფლება
14. რა გვარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო სამართლიანი ხელისუფლებაა?
14 მსახურების დროს შეგიძლიათ ადამიანებს აუხსნათ, რომ იეჰოვას ზეციერი სამეფო სამართლიანი ხელისუფლებაა. სამართლიანი იმიტომ არის, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთივე თვისებებს ავლენენ, როგორსაც ღმერთი, მაგალითად, სამართლიანობას, სიმართლესა და სიყვარულს (კან. 32:4; 1 იოან. 4:8). ღმერთმა თავისი სამეფო იესო ქრისტეს გადასცა, ვისაც საუკეთესოდ შეუძლია დედამიწის მართვა. იეჰოვას განზრახვაში ისიც შედიოდა, რომ 144 000 ცხებული ქრისტიანი სულიერი სხეულით აღმდგარიყო და როგორც ქრისტეს თანამემკვიდრეებს, ზეციდან მასთან ერთად ემეფათ დედამიწაზე (გამოცხ. 14:1—5).
15. რა განსხვავებაა ღვთის სამეფოსა და ადამიანთა ხელისუფლებებს შორის?
15 რაოდენ დიდი სხვაობაა იესოსა და 144 000 თანამმართველისა და არასრულყოფილი ადამიანების ხელისუფლებებს შორის! ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ბევრ მმართველს არაერთხელ გამოუვლენია სისასტიკე და საომრად გაუგზავნია თავისი ქვეშევრდომები, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ გვირჩევს წმინდა წერილები, იმედი არ დავამყაროთ ადამიანზე, „რომელთაგანაც არ არის ხსნა“ (ფსალმ. 146:3). მაგრამ რა კარგი მმართველი იქნება ქრისტე, რომელიც თავის მსმენელებს ეუბნებოდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30).
ბოლო დღეები მალე დასრულდება!
16. რით დასრულდება ბოლო დღეები?
16 1914 წლიდან ბოლო დღეებში ანუ „ქვეყნიერების აღსასრულის“ პერიოდში ვცხოვრობთ (მათ. 24:3). იესოს მიერ მოხსენიებული „დიდი გასაჭირი“ მალე დაიწყება (წაიკითხეთ მათეს 24:21). ამ არნახულ გასაჭირს სატანის ქვეყნიერების განადგურება მოჰყვება. მაგრამ, როგორ დაიწყება დიდი გასაჭირი და როგორ დასრულდება?
17. რას ამბობს ბიბლია დიდი გასაჭირის დაწყების შესახებ?
17 დიდი გასაჭირი მოულოდნელად დაიწყება. „იეჰოვას დღე“ უცაბედად მოვა, კერძოდ მაშინ, „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:2, 3). ნაწინასწარმეტყველები გასაჭირი მაშინ დაატყდება კაცობრიობას თავს, როცა ერები ჩათვლიან, რომ გლობალური პრობლემები თითქმის მოგვარებული აქვთ. „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიური სამყაროს მოულოდნელი განადგურება თავზარს დასცემს მსოფლიოს (გამოცხ. 17:1—6, 18; 18:9, 10, 15, 16, 19).
18. რა ზომებს მიიღებს იეჰოვა, როცა სატანა თავს დაესხმება მის ხალხს?
18 ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში, იქნება „ნიშნები მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე“ და „ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი“. მაშინ ‘ავწევთ თავებს, რადგან ჩვენი ხსნა მოახლოებული იქნება’ (ლუკ. 21:25—28; მათ. 24:29, 30). სატანა, ანუ გოგი ღვთის ხალხზე იერიშს მიიტანს. იეჰოვა მათ შესახებ, ვინც მის ერთგულ მსახურებს თავს დაესხმება, ამბობს: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქ. 2:8). აქედან გამომდინარე, სატანის მცდელობა უშედეგო იქნება. სამყაროს უზენაესი ხელისუფალი, იეჰოვა, დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს თავის მსახურთა სახსნელად (ეზეკ. 38:9, 18).
19. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი თავისი ანგელოზების მეშვეობით გაანადგურებს სატანის ქვეყნიერებას?
19 როცა ღმერთი თავისი მტრების წინააღმდეგ მოქმედებას დაიწყებს, ‘გაიგებენ ხალხები, რომ ის არის იეჰოვა’ (ეზეკ. 36:23). ღმერთი უთვალავ სულიერ ქმნილებას გამოგზავნის, რომელთაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს, და მთლიანად გაანადგურებს სატანის ქვეყნიერებას დედამიწაზე (გამოცხ. 19:11—19). თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ერთმა ანგელოზმა ერთ ღამეში ღვთის მოწინააღმდეგე „ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა“, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ დიდი გასაჭირის შემდეგ, არმაგედონში, ღვთის ზეციერი ჯარი სატანის ყოველგვარ კვალს წაშლის დედამიწაზე (2 მეფ. 19:35; გამოცხ. 16:14, 16). სატანა და მისი დემონები ათასი წლით უფსკრულში ჩაიყრებიან; ბოლოს კი განადგურდებიან (გამოცხ. 20:1—3).
20. რას გააკეთებს იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით?
20 ზეცაც და მიწაც ბოროტებისგან გაიწმინდება და მართალი ადამიანები დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. იეჰოვა ყველას დაანახვებს, რომ დიდებული მხსნელია (ფსალმ. 145:20). თავისი სამეფოს მეშვეობით ის დაამტკიცებს, რომ უზენაესია, განწმენდს თავის წმინდა სახელს და შეასრულებს თავის დიდებულ განზრახვას დედამიწაზე. მოდი, სიხარულით ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და დავეხმაროთ მათ, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’. დაე, გაიგონ, რომ ღვთის სამეფო მალე გვიხსნის (საქ. 13:48).
გახსოვთ?
• როგორ გაუსვა იესომ ხაზი სამეფოს მნიშვნელობას?
• რატომ გვჭირდება დღეს ხსნა ისე, როგორც არასდროს?
• რა მოვლენები უნდა მოხდეს დიდი გასაჭირის დროს?
• რა ადასტურებს იმას, რომ იეჰოვა დიდებული მხსნელია?
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები იყო უპრეცენდენტო მასშტაბის სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ, რომელიც დღეს მიმდინარეობს
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვა ჩვენც გვიხსნის, როგორც ერთ დროს ნოე და მისი ოჯახი იხსნა
[სურათი 16 გვერდზე]
იეჰოვა „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს . . . და აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხ. 21:4)