ღვთის ხალხს სიკეთე უნდა უყვარდეს
«ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის [„სიკეთის“, აქ] სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე» (მიქა 6:8).
1, 2. ა) რატომ არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვა თავისი ხალხისგან სიკეთის გამოვლენას მოელის? ბ) სიკეთესთან დაკავშირებით, რომელ საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
იეჰოვა სიკეთის ღმერთია (რომაელთა 2:4, სსგ; 11:22, სსგ). რამდენად მადლიერი უნდა ყოფილიყო ამისთვის ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა! ედემის ბაღში ისინი გარემოცული იყვნენ ღვთის ხილული ქმნილებებით, რაც იმაზე მოწმობდა, რომ ღმერთი სიკეთეს ავლენდა ამ ქმნილებებით ტკბობის უნარის მქონე ადამიანებისადმი. ღმერთს არ შეუწყვეტია სიკეთის გამოვლენა. ის დღესაც ყველას მიმართ — უმადური და ბოროტი ადამიანების მიმართაც კი — კეთილია.
2 ადამიანები ღვთის ხატად ვართ შექმნილი; ამიტომაც მისი თვისებების არეკვლის უნარი გვაქვს (დაბადება 1:26). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ჩვენგან სიკეთის გამოვლენას მოელის. როგორც მიქას 6:8-შია აღნიშნული, ღვთის ხალხს ‘წყალობა [„სიკეთე“, აქ] უნდა უყვარდეს’. მაგრამ რა არის სიკეთე? როგორ უკავშირდება ის ღვთისთვის მოსაწონ სხვა თვისებებს? თუ ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის გამოვლენა, რატომღა არის ქვეყნიერება ასეთი ულმობელი და სასტიკი? რატომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენ, ქრისტიანები, სხვებთან ურთიერთობისას სიკეთის გამოვლენას?
რა არის სიკეთე?
3. როგორ განმარტავთ სიკეთეს?
3 სიკეთე სხვების კეთილდღეობით გულწრფელ დაინტერესებაში გამოიხატება. სიკეთის გამოვლენა როგორც სარგებლობის მომტანი საქმით, ისე კეთილი სიტყვით არის შესაძლებელი. სიკეთეში კარგის კეთება იგულისხმება და არა — ცუდის. კეთილი ადამიანი მეგობრული, მოსიყვარულე, თანამგრძნობი და თავაზიანია. ურთიერთობაში ის სულგრძელი და ყურადღებიანია. პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლასელთა 3:12, აქ). როგორც ვხედავთ, სიკეთე თითოეული ქრისტიანის სიმბოლური სამოსლის შემადგენელი ნაწილია.
4. როგორ ავლენს იეჰოვა კაცობრიობისადმი სიკეთის გამოვლენაში ინიციატივას?
4 იეჰოვა ღმერთი ინიციატივას ავლენს სიკეთის გამოვლენაში. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, „ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ღვთის, სიკეთე და კაცთმოყვარეობა“, როცა მან „გვიხსნა . . . სიცოცხლის მომცემი განბანითა და წმინდა სულის მიერ განახლებით“ (ტიტე 3:4, 5, აქ). ღმერთი იესოს სისხლში ‘ბანს’ — ასუფთავებს ცხებულ ქრისტიანებს, ანუ მათ საკეთილდღეოდ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის ფასს იყენებს. ამასთან, სულიწმიდის მეშვეობით ანახლებს ცხებულებს და, როგორც ღვთის სულიწმიდით შობილ ძეებს, „ახალ ქმნილებად“ აქცევს (2 კორინთელთა 5:17, აქ). ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ღვთის სიკეთე და სიყვარული ვრცელდება „უამრავ ხალხზეც“, რომლებმაც „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14; 1 იოანე 2:1, 2).
5. რატომ უნდა გამოავლინონ სიკეთე იმ ადამიანებმა, რომელთაც ღვთის სული ხელმძღვანელობს?
5 ისიც აღსანიშნავია, რომ სიკეთე ღვთის სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, ნაყოფის შემადგენელი ნაწილია. პავლე მოციქულმა თქვა: „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება. არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“ (გალატელთა 5:22, 23, აქ). მაშ, განა არ უნდა გამოავლინოს სიკეთე იმ ხალხმა, რომელსაც ღვთის სული ხელმძღვანელობს?
ჭეშმარიტი სიკეთე სისუსტე როდია
6. როდის არის სიკეთე სისუსტე და რატომ?
6 ზოგი სიკეთეს სისუსტედ მიიჩნევს. მათი აზრით, ადამიანი მკაცრი და ზოგჯერ უხეშიც უნდა იყოს, რათა სხვებმა მისი ხასიათის სიმტკიცე დაინახონ. სინამდვილეში კი დიდი ძალაა საჭირო იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სიკეთე გამოავლინო და უადგილო სიკეთის გამოვლენას მოერიდო. რადგანაც სიკეთე ღვთის სულის ნაყოფის ნაწილია, შეუძლებელია ის სისუსტის მაჩვენებელი თვისება იყოს, რომელიც თვალს ხუჭავს არასწორ მოქმედებაზე. მეორე მხრივ, უადგილოდ გამოვლენილი სიკეთე სისუსტეა და ის არასწორი მოქმედების ხელშემწყობი ხდება.
7. ა) როგორ გამოავლინა ელიმ სისუსტე? ბ) რატომ უნდა მოერიდონ უხუცესები უადგილო სიკეთის გამოვლენას?
7 განვიხილოთ ისრაელის მღვდელმთავრის, ელის (ყელი) მაგალითი. ელიმ სისუსტე გამოავლინა და სათანადოდ არ შეაგონა თავისი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი, რომლებიც მღვდელმსახურებას ასრულებდნენ კარავში. ისინი არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც რჯულის მიხედვით ეკუთვნოდათ შესაწირავებიდან და ხალხისგან მოითხოვდნენ, უმი ხორცი მიეცათ მანამდე, სანამ სამსხვერპლოზე ქონს დაწვავდნენ. აგრეთვე მათ უზნეო ურთიერთობა ჰქონდათ კარვის კართან მომსახურე ქალებთან. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ვაჟებისთვის მსახურების უფლება ჩამოერთმია, ელი მხოლოდ მსუბუქად საყვედურობდა მათ (1 მეფეთა 2:12—29). გასაკვირი არ არის, რომ „უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში“ (1 მეფეთა 3:1, სსგ). ქრისტიანი უხუცესები ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა უადგილო სიკეთე არ გამოავლინონ იმ შემცოდველების მიმართ, რომლებმაც შეიძლება სულიერი საფრთხე შეუქმნან კრებას. ჭეშმარიტი სიკეთე იმას არ ნიშნავს, რომ თვალი დახუჭო ისეთ სიტყვებსა და მოქმედებებზე, რომლებიც ღვთის ნორმებს ეწინააღმდეგება.
8. როგორ ავლენდა იესო ჭეშმარიტ სიკეთეს?
8 იესო ქრისტეს, რომელიც საუკეთესო მაგალითს გვაძლევს, შეცდომა არასდროს დაუშვია და არასდროს გამოუვლენია უადგილო სიკეთე. ის ჭეშმარიტი სიკეთის განსახიერება იყო. მაგალითად, მას ‘ებრალებოდა ხალხი, რადგან ისინი უმწყემსო ცხვარივით დაუძლურებულები და დაფანტულები იყვნენ’. გულწრფელ ადამიანებს უადვილდებოდათ იესოსთან ურთიერთობა და მასთან პატარა ბავშვებიც კი მიჰყავდათ. დაფიქრდით, როგორი სიკეთე და თანაგრძნობა გამოავლინა იესომ, როცა ‘ხელები მოხვია ბავშვებს და აკურთხა ისინი’! (მათე 9:36; მარკოზი 10:13—16). იესო კეთილი იყო, მაგრამ მტკიცედ იცავდა იმას, რაც ღვთის თვალში სწორი იყო. მას არასდროს შეუწყნარებია ბოროტება. მას ღვთისგან ძალა ჰქონდა მიცემული ცრუ რელიგიური წინამძღოლების სამხილებლად. როგორც მათეს 23:13—26-შია აღნიშნული, მან რამდენჯერმე უთხრა მათ: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო“.
სიკეთე და ღვთისთვის მოსაწონი სხვა თვისებები
9. როგორ უკავშირდება სიკეთე სულგრძელობასა და სიკარგეს?
9 სიკეთე დაკავშირებულია სხვა თვისებებთან, რომლებსაც ღვთის სული წარმოშობს. ბიბლიაში ის „სულგრძელობასა“ და „სიკარგეს“ შორის არის მოხსენიებული. მართლაც, ადამიანის სიკეთეზე მისი სულგრძელობაც მეტყველებს. ასეთი ადამიანი იმ პიროვნების მიმართაც კი მომთმენია, რომელიც კეთილი არ არის. სიკეთეს სიკარგესთანაც აქვს საერთო, რადგანაც ეს თვისება სხვებისთვის სასარგებლო ქმედებებში გამოიხატება. ზოგჯერ ბიბლიაში გამოყენებულ ბერძნულ სიტყვა „სიკეთეს“ „სიკარგედაც“ თარგმნიან. პირველი ქრისტიანების მიერ ამ თვისების გამოვლენით იმდენად გაოგნებულები იყვნენ წარმართები, რომ, ტერტულიანეს თანახმად, მათ „სიკეთის ხალხს“ უწოდებდნენ.
10. რა კავშირია სიკეთესა და სიყვარულს შორის?
10 კავშირი სიკეთესა და სიყვარულს შორისაც არსებობს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ასეთი სიყვარულის შესახებ თქვა პავლემ, რომ „სულგრძელია და კეთილი“ (1 კორინთელთა 13:4, აქ). სიკეთესა და სიყვარულს შორის კავშირი კარგად ჩანს ბიბლიურ სიტყვაში, რომელიც „სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთედ“ ითარგმნება. ეს არის სიკეთე, რომელიც ურყევი სიყვარულიდან გამომდინარეობს. ებრაულ სიტყვაში, რომელიც „სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთედ“ არის ნათარგმნი, ნაზ გრძნობაზე მეტი იგულისხმება. ეს არის სიკეთე, რომელიც სიყვარულით ვლინდება ვინმეს ან რამის მიმართ მანამ, სანამ მასთან დაკავშირებული მიზანი არ იქნება მიღწეული. სიყვარულით ნაკარნახევ სიკეთეს იეჰოვა სხვადასხვაგვარად ავლენს. მაგალითად, მისი ეს თვისება კარგად ჩანს, როცა ის ვინმეს სახსნელად და დასაცავად მოქმედებს (ფსალმუნები 6:5; 39:12; 142:12).
11. რაში გვარწმუნებს სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, რომელსაც ღმერთი ავლენს?
11 სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, რომელსაც იეჰოვა ავლენს, ადამიანებს მისკენ იზიდავს (იერემია 31:3). როცა ღვთის ერთგულ მსახურებს ხსნა და დახმარება სჭირდებათ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ღმერთი სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთის გამოვლენით მართლაც რომ ურყევ სიყვარულს გამოავლენს. ის მათ არ უმტყუნებს. ამიტომაც მათ შეუძლიათ, ფსალმუნმომღერალივით რწმენით ილოცონ: „მე შენი წყალობის [სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთის] იმედი მაქვს, შენი ხელით იხარებს ჩემი გული“ (ფსალმუნები 12:6). როგორც ვხედავთ, ღმერთი ურყევ სიყვარულს ავლენს, რაც ღვთის მსახურებს მასზე სრულად მინდობის საფუძველს აძლევს. მათ აქვთ გულდაჯერებისთვის საფუძველი, რადგან ბიბლია ამბობს, რომ „არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს, და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს“ (ფსალმუნები 93:14).
რატომ არის ქვეყნიერება ასეთი ულმობელი?
12. როდის და როგორ ჩაეყარა საფუძველი დესპოტურ მმართველობას?
12 ამ კითხვის პასუხი დაკავშირებულია იმასთან, რაც ედემის ბაღში მოხდა. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში სულიერმა ქმნილებამ, რომელიც ეგოისტურმა მიზნებმა შეიპყრო და გაამაყდა, მოისურვა, მსოფლიო მმართველი გამხდარიყო. ამისთვის მან სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელების შედეგადაც მართლაც გახდა „ამ წუთისოფლის მთავარი“, დესპოტური მმართველი (იოანე 12:31). მას შემდეგ ის ცნობილია, როგორც სატანა ეშმაკი, ღვთისა და ადამიანების მთავარი მოწინააღმდეგე (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). მან განიზრახა, დაემყარებინა მმართველობა, რომელიც იეჰოვას მიერ სიკეთით განხორციელებულ მმართველობას გაუწევდა მეტოქეობას და მისი ეს განზრახვა ევას შექმნიდან მცირე ხნის შემდეგ გამოვლინდა. ამგვარად, ცუდ მმართველობას საფუძველი ჩაეყარა, როდესაც ადამმა ღვთის მმართველობისგან დამოუკიდებლობის გზა აირჩია და მისი სიკეთე სრულიად უგულებელყო (დაბადება 3:1—6). ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილად დამოუკიდებლები გამხდარიყვნენ, ადამი და ევა ეშმაკის ეგოიზმისა და სიამაყის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მისი ქვეშევრდომები გახდნენ.
13—15. ა) რა მოჰყვა იეჰოვას სამართლიანი მმართველობის უარყოფას? ბ) რატომ არის ქვეყნიერება ასეთი სასტიკი?
13 ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვა ამას. ადამი და ევა განდევნილ იქნენ დედამიწის იმ ნაწილიდან, სადაც სამოთხე იყო გაშენებული. სასარგებლო მცენარეებითა და ხეხილით სავსე ედემის ბაღის ნაცვლად, მათ მის მიღმა მძიმე პირობებში მოუწევდათ ცხოვრება. ღმერთმა ადამს უთხრა: „რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ნაყოფი ხისა, რომელზეც გითხარი, რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო, ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე. და ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ“. მიწის დაწყევლა იმას ნიშნავდა, რომ მისი დამუშავება ძალიან გაძნელდებოდა. მიწის დაწყევლის შედეგად ეკლისა და ძეძვის აღმოცენებით ადამის შთამომავლებს მძიმე მდგომარეობა შეექმნათ. მაგალითად, ნოეს მამამ, ლამექმა, მოიხსენია ‘მძიმე ჯაფა მიწაზე, რომელიც დაწყევლა უფალმა’ (დაბადება 3:17—19; 5:29).
14 ადამმა და ევამ სიმშვიდეც მწუხარებაზე გაცვალეს. ღმერთმა ევას უთხრა: „გავამრავლებ შენს ტანჯვას ფეხმძიმობის ჟამს და ტკივილში შობ შვილებს. შენი ქმრისაკენ იქნება შენი სწრაფვა და ის კი იბატონებს შენზე“. მოგვიანებით ადამისა და ევას პირველმა ვაჟმა ულმობლობა გამოავლინა — მან საკუთარი ძმა, აბელი, სიცოცხლეს გამოასალმა (დაბადება 3:16; 4:8).
15 „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“, — თქვა პავლე მოციქულმა (1 იოანე 5:19, აქ). ქვეყნიერება თავისი ბოროტი მმართველისთვის დამახასიათებელ თვისებებს — მათ შორის ეგოიზმსა და სიამაყეს — ავლენს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის სისასტიკითა და ულმობლობით არის სავსე. მაგრამ ყოველთვის არ იქნება ასე. იეჰოვა იზრუნებს იმაზე, რომ სისასტიკისა და ულმობლობის ნაცვლად დედამიწაზე სიკეთე და თანაგრძნობა იყოს გაბატონებული, როცა ადამიანები მისი სამეფოს ქვეშევრდომობით იცხოვრებენ.
ღვთის სამეფოს ქვეშევრდომთა შორის სიკეთე იქნება გაბატონებული
16. რატომ გამოირჩევა სიკეთით მმართველობა, რომელსაც ღმერთი იესოს მეშვეობით ახორციელებს და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ეს ჩვენ?
16 იეჰოვა და მის მიერ გამეფებული იესო ქრისტე მოითხოვენ, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები სიკეთით გამოირჩეოდნენ (მიქა 6:8). იესო ქრისტემ დაგვანახვა, რომ მმართველობა, რომელსაც მას მამა მიანდობდა, სიკეთით იქნებოდა გამორჩეული (ებრაელთა 1:3). ეს კარგად გამოჩნდა იესოს სიტყვებში, როცა მან ამხილა ცრუ რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ხალხს მძიმე ტვირთს ჰკიდებდნენ. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30). დღევანდელ ქვეყნიერებაში მმართველები — როგორც რელიგიური წინამძღოლები, ისე სხვები — ხალხს ძალ-ღონეს აცლიან და ამძიმებენ აურაცხელი წესების შემოღებითა და ვალდებულებების დაკისრებით, რომელთა შესრულებისთვის მადლობლებიც არ რჩებიან. იესო კი მხოლოდ იმას ითხოვს და მოელის თავისი მიმდევრებისგან, რაც მათივე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება და რისი შესრულების ძალაც შესწევთ. მისი უღელი მართლაც რომ საამური და მსუბუქია! განა ეს არ აღგვძრავს, მივბაძოთ მას სიკეთის გამოვლენაში? (იოანე 13:15).
17, 18. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სიკეთეს გამოავლენენ ქრისტეს მომავალი თანამეფეები და მისი მიწიერი წარმომადგენლები?
17 იესოს მიერ თავისი მოციქულებისთვის ნათქვამი გასაოცარი სიტყვებიდან კარგად ჩანს, რამდენად განსხვავდება ღვთის სამეფოს მმართველობა ადამიანთა მმართველობისგან. ბიბლიაში მოთხრობილია: «იყო დავა მათ [მოწაფეებს] შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური“» (ლუკა 22:24—27).
18 ქვეყნიური მმართველები თავის განდიდებას ცდილობენ ხალხზე ‘ბატონობითა’ და საპატიო წოდებების მოპოვებით, თითქოს ეს წოდებები მათ საკუთარ ქვეშევრდომებზე რაღაცით უმჯობესს ხდიდეს. იესოს სიტყვების თანახმად კი ადამიანისთვის ჭეშმარიტი სიდიადე მხოლოდ სხვებისთვის მსახურების გულწრფელ სურვილსა და მცდელობას მოაქვს. ყველა, ვინც მომავალში იმეფებს ქრისტესთან ერთად ზეცაში თუ ამჟამად მსახურობს მის წარმომადგენლად დედამიწაზე, უნდა შეეცადოს, რომ მიბაძოს მას თავმდაბლობისა და სიკეთის გამოვლენაში.
19, 20. ა) როგორ გვიჩვენა იესომ, თუ რამდენად კეთილია იეჰოვა? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიკეთის გამოვლენაში?
19 განვიხილოთ იესოს მიერ სიყვარულით მოცემული სხვა რჩევაც. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად კეთილი ღმერთია იეჰოვა, როდესაც თქვა: „თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ თქვენთვის, რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ხომ ასე აკეთებენ. თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ვინაიდან ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: იქნებით უზენაესის ძენი, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:32—36).
20 ღმერთი უანგაროდ ავლენს სიკეთეს. სანაცვლოდ ის არც არაფერს ითხოვს და არც არაფერს მოელის. იეჰოვა სიკეთეს ავლენს და „მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:43—45; საქმეები 14:16, 17). ჩვენც ზეციერ მამას ვბაძავთ და არა მარტო თავს ვიკავებთ უმადურთათვის ცუდის გაკეთებისგან, არამედ კარგს ვუკეთებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ჩვენდამი მტრულად არიან განწყობილნი. სიკეთის გამოვლენით იეჰოვასა და იესო ქრისტეს ვაჩვენებთ, რომ სურვილი გვაქვს ვიცხოვროთ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით, როცა მხოლოდ სიკეთე და ღვთისთვის მოსაწონი სხვა თვისებები იქნება გაბატონებული ადამიანთა ურთიერთობებში.
რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?
21, 22. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე?
21 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკეთის გამოვლენა. სიკეთის კეთება იმაზე მოწმობს, რომ ჩვენში სულიწმიდა მოქმედებს. გარდა ამისა, ჭეშმარიტი სიკეთის გამოვლენით იეჰოვასა და იესოს ქრისტეს ვბაძავთ. აგრეთვე სიკეთის კეთება აუცილებელი მოთხოვნაა ღვთის სამეფოს მომავალ ქვეშევრდომთათვის. ამიტომაც უნდა გვიყვარდეს სიკეთე და უნდა ვისწავლოთ მისი გამოვლენა.
22 როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
როგორ უპასუხებთ?
• რა არის სიკეთე?
• რატომ არის ქვეყნიერება სასტიკი და ულმობელი?
• საიდან ვიცით, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით მცხოვრებთა შორის სიკეთე იქნება გამეფებული?
• რატომ არის სიკეთის გამოვლენა მნიშვნელოვანი მათთვის, ვისაც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით ცხოვრება სურს?
[სურათი 13 გვერდზე]
უხუცესები ცდილობენ, სიკეთე გამოავლინონ სამწყსოს წევრებისადმი.
[სურათი 15 გვერდზე]
სიყვარულით ნაკარნახევი სიკეთე, რომელსაც იეჰოვა ავლენს, გასაჭირში არ უმტყუნებს ღვთის მსახურებს.
[სურათები 16 გვერდზე]
იეჰოვა სიკეთეს ავლენს; მას ყველა ადამიანისთვის ამოჰყავს მზე და მოჰყავს წვიმა.