ემსახურეთ ღმერთს მზადყოფნის სულისკვეთებით
„მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (2 კორინთელთა 12:15). რა არის ნათქვამი ამ სიტყვებით იმის თაობაზე, თუ როგორი თვალსაზრისი და აზროვნება უნდა განავითარონ იეჰოვას მსახურებმა? როგორც ერთი ბიბლეისტი შენიშნავს, როცა პავლე ამ სიტყვებით კორინთელ ქრისტიანებს მიმართავდა, ამბობდა: „მე მზად ვარ, გავიღო ჩემი ძალა, დრო, სიცოცხლე და ყველაფერი, რაც გამაჩნია თქვენი კეთილდღეობისთვის, ისევე როგორც მამა იქნებოდა მზად ამის გასაკეთებლად თავისი შვილებისთვის“. პავლე მზად იყო ‘გამოფიტულიყო’ ანუ არაქათის გამოცლამდე ეღვაწა და დაქანცულიყო იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო იქნებოდა ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად.
გარდა ამისა, პავლე ყოველივე ამას „ხალისით“ აკეთებდა. როგორც „იერუსალიმის ბიბლიაშია“ ნათქვამი, ის „სრული მზადყოფნით“ ირჯებოდა. რის თქმა შეიძლება ამ მხრივ თქვენზე? მზად ხართ, გაიღოთ თქვენი დრო, ენერგია, უნარი და სახსრები იეჰოვა ღმერთისათვის მსახურებისა და სხვების ინტერესებისთვის მაშინაც კი, თუ ამგვარი მოქმედებისთვის დროდადრო საჭიროა არაქათის გამოცლამდე იღვაწოთ და დაიქანცოთ? გააკეთებდით ამას „ხალისით“?
ისინი სრულიად უარყოფენ მსახურებას
ადამიანთა უმრავლესობა არამარტო თავს იკავებს ღვთისათვის მსახურებისგან, არამედ კატეგორიულ უარსაც კი აცხადებს ამაზე. ისინი უმადურები არიან, ეგოისტური სურვილების გამო დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან და მეამბოხე სულსაც კი ავლენენ. სატანამ ასეთი აზროვნებით შეაცდინა ადამი და ევა. მან შეცდომაში შეიყვანა ისინი, როცა უთხრა, რომ ‘შეიქნებოდნენ ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი’ ანუ თავად შეძლებდნენ გადაეწყვიტათ, რა იქნებოდა მათთვის კარგი და რა — ცუდი (დაბადება 3:1—5). ისინი, რომლებიც დღესდღეობით იგივე სულს ავლენენ, თვლიან, რომ სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რათა თავიანთი სურვილისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება ღვთის წინაშე ყოველგვარი ვალდებულებისა და მისი ჩარევის გარეშე (ფსალმუნი 80:12, 13). მათ სურთ, ყველაფერი, რასაც ფლობენ, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ (იგავნი 18:1).
თქვენ, ალბათ, არ იზიარებთ ასეთ უკიდურეს თვალსაზრისს. შესაძლებელია, მთელი გულით აფასებთ სიცოცხლის ძღვენს, რომელსაც ამჟამად ფლობთ და უფრო მეტად — დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შენასიშნავ პერსპექტივას (ფსალმუნი 36:10, 11; გამოცხადება 21:1—4). თქვენ, შესაძლოა, უზომოდ მადლიერი ხართ იეჰოვასი იმის გამო, რომ მან თქვენ მიმართ სიკეთე გამოავლინა. მაგრამ აუცილებელია, ყველა ჩვენგანი ფხიზლობდეს და აცნობიერებდეს იმის საშიშროებას, რომ სატანას შეუძლია ისე დაგვიმახინჯოს აზროვნება, რომ ჩვენი მსახურება მიუღებელი გახდეს ღვთისთვის (2 კორინთელთა 11:3). როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
საჭიროა მზადყოფნით მსახურება
იეჰოვას სურს, რომ მზადყოფნითა და მთელი გულით ვიმსახუროთ. ის არასდროს გვაიძულებს თავისი ნების შესრულებას. სატანა კი, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე ან შეაცდინოს ისინი, რათა მისი ნება-სურვილისამებრ მოიქცნენ. რაც შეეხება ღვთისმსახურებას, ბიბლიაში საუბარია დაკისრებულ ვალდებულებებზე, მცნებებზე, წესებსა და ასე შემდეგ (ეკლესიასტე 12:13; ლუკა 1:6). მაგრამ ჩვენ ღვთისათვის მსახურებისკენ უპირველესად მისადმი სიყვარული აღგვძრავს (გამოსვლა 35:21; მეორე რჯული 11:1).
პავლემ იცოდა, რომ რამდენიც უნდა გაეღო იეჰოვასთვის მსახურებაში, უსიყვარულოდ, ამას არაფრის ფასი ექნებოდა (1 კორინთელთა 13:1—3). როდესაც ბიბლიის მწერლები მოიხსენიებენ ქრისტიანებს, როგორც ღვთის მონებს, ისინი ამით არ გულისხმობენ იძულებით დამამცირებელ მონობაში მყოფთ (რომაელთა 12:11, სსგ; კოლასელთა 3:24). აქ იგულისხმება მზადყოფნით მორჩილება, რაც ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მიმართ ძლიერი და გულწრფელი სიყვარულიდან გამომდინარეობს (მათე 22:37; 2 კორინთელთა 5:14; 1 იოანე 4:10, 11).
ღვთისათვის მსახურებისკენ ადამიანების მიმართ ძლიერი სიყვარულიც უნდა აღგვძრავდეს. „მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს“, — მისწერა პავლემ თესალონიკელთა კრებას (1 თესალონიკელთა 2:7). დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში დედებს თავიანთ შვილებზე ზრუნვის კანონიერი ვალდებულება აკისრიათ. მაგრამ, სინამდვილეში, დედების უმრავლესობა მხოლოდ იმის გამო აკეთებს ამას, რომ კანონს დაემორჩილონ? — რასაკვირველია არა. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უზომოდ უყვართ თავიანთი შვილები. მეძუძური დედა ხალისით იღებს დიდ მსხვერპლს თავისი შვილისთვის. რადგან პავლესაც იგივე თბილი გრძნობები ამოძრავებდა მათ მიმართ, ვისაც ემსახურებოდა, ‘გულმხურვალედ’ სურდა დახმარებოდა (1 თესალონიკელთა 2:8). სიყვარული აღგვძრავს, მივბაძოთ პავლეს (მათე 22:39).
რა შეიძლება ითქვას უხალისოდ მსახურებაზე?
რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საკუთარი თავის სიყვარულმა გადაწონოს ღვთისა და ადამიანების სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ უხალისოდ და უგულოდ შევასრულოთ მსახურება. შეიძლება უკმაყოფილებაც კი გამოვხატოთ და გულისწყრომაც ვიგრძნოთ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია მთლიანად ჩვენი სურვილების თანახმად ვიცხოვროთ. ეს დაემართა ზოგ ისრაელს, რომლებსაც გაუნელდათ სიყვარული ღვთის მიმართ, მაგრამ ჯერ კიდევ ემსახურებოდნენ მას მოვალეობის მოხდის მიზნით. რა იყო ამის შედეგი? — ღვთისათვის მსახურება მათთვის „დამქანცველი“ გახდა (მალაქია 1:13).
ღვთისათვის გაღებული ნებისმიერი შესაწირავი ყოველთვის „უნაკლო“ და „საუკეთესო“ (აქ) უნდა იყოს (ლევიანნი 22:17—20; გამოსვლა 23:19). იმის მაგივრდ, რომ იეჰოვასთვის საუკეთესო ცხოველები შეეწირათ, მალაქიას დღეებში მცხოვრებ ხალხს ისეთი ცხოველები მიჰყავდათ შესაწირავად, რომლებიც, სინამდვილეში, მათ არ სჭირდებოდათ. როგორ რეაგირებდა ამაზე იეჰოვა? მან უთხრა მღვდლებს: „ბრმას რომ სწირავთ მსხვერპლად, ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონოს ანთუ კეთილად შემოგხედოს?.. და მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული; ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ — როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან?“ (მალაქია 1:8, 13).
როგორ შეიძლება იგივე დაემართოს ნებისმიერ ჩვენგანს? შესაძლოა, ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო ‘დავიქანცოთ’, თუ სინამდვილეში მთელი გულით არ გამოვავლენთ მზადყოფნის სულისკვეთებას (გამოსვლა 35:5, 21, 22; ლევიანნი 1:3; ფსალმუნი 53:8; ებრაელთა 13:15, 16). მაგალითად, მოეწონება იეჰოვას, თუ მხოლოდ მორჩენილ მინიმალურ დროს დავუთმობთ მას?
შეუძლია ვინმეს იფიქროს, რომ ღვთისთვის მისაღები იქნებოდა, თუ კეთილი სურვილებით აღძრული ოჯახის წევრი ან თავგამოდებული ლევიანი როგორღაც აიძულებდა ისრაელ ადამიანს, შეერჩია საუკეთესო ცხოველი შესაწირავად, თუ მას, სინამდვილეში, არ ექნებოდა მისი მსხვერპლად შეწირვის არანაირი სურვილი? (ესაია 29:13; მათე 15:7, 8). იეჰოვამ უარყო ასეთი შესაწირავები და ბოლოს — ის ადამიანებიც, რომლებიც სწირავდნენ ასეთ მსხვერპლს (ოსია 4:6; მათე 21:43).
ღვთის ნების სიხარულით შესრულება
ღვთისათვის რომ მოსაწონი იყოს ჩვენი მსახურება, იესო ქრისტეს უნდა მივბაძოთ. „მე ჩემს ნებას არ ვეძებ, — თქვა მან. — არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას“ (იოანე 5:30). იესო უზომოდ ბედნიერი იყო იმით, რომ ღმერთს მზადყოფნით ემსახურებოდა. მასზე შესრულდა დავითის წინასწარმეტყველური სიტყვები: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო“ (ფსალმუნი 39:9).
იესო სიხარულით ასრულებდა იეჰოვას ნებას, მაგრამ ეს ყოველთვის არ იყო ადვილი. გავიხსენოთ, რა მოხდა, სანამ მას დააპატიმრებდნენ, გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ. გეთსიმანიის ბაღში ყოფნის დროს იესო მეტისმეტად „დამწუხრებული“ იყო და ‘იტანჯებოდა’. ის ისეთ ძლიერ ემოციურ ტკივილს განიცდიდა, რომ ლოცვისას „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (მათე 26:38; ლუკა 22:44).
რატომ იტანჯებოდა იესო ასე? რასაკვირველია, ეს არ იყო გამოწვეული იმით, რომ მას საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება სურდა ან იმით, რომ ის უხალისოდ ასრულებდა ღვთის ნებას. ის მზად იყო სიკვდილისთვის. მან მძაფრი რეაგირებაც კი მოახდინა პეტრეს სიტყვებზე, რომელმაც უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო! არ მოგიხდეს ასე!“ (მათე 16:21—23, აფ). იესო იმაზე წუხდა, თუ როგორ იმოქმედებდა იეჰოვასა და მის წმინდა სახელზე თავისი სიკვდილი, რომელიც იმიტომ მიუსაჯეს, რომ საძულველ ბოროტმოქმედად მიიჩნიეს. იესომ იცოდა, რომ თავისი მამისთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა იმის დანახვა, რომ საყვარელ ძეს ასე სასტიკად მოექცნენ.
იესოს აგრეთვე ესმოდა, რომ ის მალე იეჰოვას განზრახვის შესრულებასთან დაკავშირებული გადამწყვეტი მომენტის წინაშე დადგებოდა. მის მიერ ღვთის კანონებისადმი ერთგულებას უნდა ცხადეყო, რომ ადამსაც შეეძლო, ასეთივე არჩევანი გაეკეთებინა. იესოს ერთგულება გამოააშკარავებდა სატანის მტკიცების აბსოლუტურ სიცრუეს — რომ გამოცდის დროს ადამიანები მზადყოფნითა და ერთგულებით აღარ ემსახურებოდნენ ღმერთს. იესოს ხელით იეჰოვა საბოლოოდ გაანადგურებდა სატანას და მისი ამბოხებით გამოწვეულ შედეგებსაც აღმოფხვრიდა (დაბადება 3:15).
რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა იესოს! თავისი მამის სახელის განწმენდა, საყოველთაო მშვიდობის დამყარება და კაცობრიობის ხსნა — ყველაფერი ეს იესოს ერთგულებაზე იყო დამოკიდებული. იესო აანალიზებდა ყოველივე ამას და ლოცულობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39). უდიდესი ტანჯვის დროსაც კი იესო არასდროს დაეჭვებულა, მზადყოფნით დამორჩილებოდა თუ არა თავისი მამის ნება-სურვილს.
„სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“
რადგან იეჰოვასთვის მსახურებისას იესო ძლიერი ემოციური ტკივილით იტანჯებოდა, ჩვენც უნდა მოველოდეთ, რომ სატანა ეცდება, დიდი ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზეც, როგორც ღვთის მსახურებზე (იოანე 15:20; 1 პეტრე 5:8). გარდა ამისა, ჩვენ არასრულყოფილები ვართ; ამიტომ მაშინაც კი, თუ მზადყოფნით ვემსახურებით ღმერთს, ჩვენთვის ადვილი არ იქნება ამის გაკეთება. იესომ დაინახა, რამხელა ძალ-ღონეს ახმარდნენ მოციქულები მისი ყოველი თხოვნის შესრულებას; სწორედ ამიტომ თქვა: „სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“ (მათე 26:41). იესო, რომელსაც სრულყოფილი ადამიანის სხეული ჰქონდა, უნაკლო იყო, მაგრამ ითვალისწინებდა თავისი მოწაფეების ხორციელ სისუსტეებს, რაც მათ მემკვიდრეობით გადაეცათ. იესომ იცოდა, რომ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისა და, აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების გამო მათ დიდი ძალისხმევის ფასად მოუწევდათ ყოველივე იმის შესრულება, რის გაკეთებაც სურდათ იეჰოვასთვის მსახურებაში.
ამიტომ ჩვენც შეიძლება იგივე ვიგრძნოთ, რაც მოციქულმა პავლემ იგრძნო, რომელიც უზომოდ დამწუხრებული იყო, როდესაც საკუთარი არასრულყოფილება ხელს უშლიდა ღვთისმსახურების სრულყოფილად შესრულებაში. „სურვილი არის ჩემში, — წერდა პავლე — მაგრამ კეთილის კეთება — არა“ (რომაელთა 7:18). ჩვენთვისაც ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია ჩვენი სურვილისამებრ სრულყოფილად ვიქმოდეთ კეთილ საქმეებს (რომაელთა 7:19). იმიტომ არა, რომ უხალისოდ ვაკეთებთ რამეს, უბრალოდ, ხორციელი სისუსტეები გვიშლის ხელს მაშინაც კი, როდესაც მთელ ძალ-ღონეს ვახმართ კეთილის კეთებას.
გულს ნუ გავიტეხთ. თუ გულმოდგინედ ვაკეთებთ ყველაფერს, რის ძალაც შეგვწევს, ღვთისთვის ნამდვილად მისაღები იქნება ჩვენი მსახურება (2 კორინთელთა 8:12). მოდი ‘ვეცადოთ’, გამოვავლინოთ იგივე სულისკვეთება, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, და მასავით ჩვენც სრულიად დავემორჩილოთ ღვთის ნება-სურვილს (2 ტიმოთე 2:15; ფილიპელთა 2:5—7; 1 პეტრე 4:1, 2). იეჰოვა დაგვაჯილდოებს და დაგვეხმარება ასეთი მზადყოფნის სულისკვეთების გამოვლენაში. ის ‘აღმატებულ ძლიერებას’ მოგვცემს ჩვენი სისუსტეების დასაძლევად (2 კორინთელთა 4:7—10). იეჰოვას დახმარებით, პავლეს მსგავსად, ჩვენც ‘ხალისით დავიხარჯებით და გამოვიფიტებით’ მის ძვირფას მსახურებაში.
[სურათი 21 გვერდზე]
პავლე მზადყოფნით ემსახურებოდა ღმერთს და საუკეთესოდ იყენებდა თავის შესაძლებლობებს.
[სურათი 23 გვერდზე]
იესომ უდიდესი ტანჯვის დროსაც კი თავისი მამის ნება შეასრულა.