მკითხველთა შეკითხვები
იმოქმედა თუ არა უარყოფითად ქალწულ მარიამის არასრულყოფილებამ იესოს ჩასახვაზე?
„იესო ქრისტეს შობის“ შესახებ ღვთის სიტყვა გვამცნობს: „მისი დედის, მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, იგი აღმოჩნდა სულიწმიდისაგან დაორსულებული“ (მათე 1:18). მართლაცდა, ღვთის სულიწმიდამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მარიამის დაორსულებაში.
რა შეიძლება ითქვას მარიამის შესახებ? ჰქონდა თუ არა რაიმე მნიშვნელობა დაორსულებაში მის კვერცხუჯრედებს? თუ გავითვალისწინებთ მარიამის წინაპრებისადმი — აბრაამის, ისააკის, იაკობის, იუდასა და მეფე დავითისადმი — ღვთის მიერ მიცემულ დანაპირებს, ჩვილი მათ შთამომავლობით ხაზში უნდა დაბადებულიყო (დაბადება 22:18; 26:24; 28:10—14; 49:10; მეორე მეფეთა 7:16). განა იქნებოდა სხვანაირად შესაძლებელი, რომ მარიამის მიერ შობილი ჩვილი ღვთის აღთქმების კანონიერ მემკვიდრედ დაბადებულიყო? იესო მარიამის ნამდვილი შვილი უნდა ყოფილიყო (ლუკა 3:23—34).
ქალწულ მარიამს იეჰოვას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ“ (ლუკა 1:30, 31). იმისათვის, რომ ჩასახვა განხორციელდეს აუცილებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება. როგორც ჩანს, იეჰოვა ღმერთმა გამოიწვია, რომ მარიამის საშვილოსნოში კვერცხუჯრედი განაყოფიერებულიყო და ასეთი სახით თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე სულიერი სფეროდან დედამიწაზე გადმოიტანა (გალატელთა 4:4).
შეიძლებოდა თუ არა, რომ ასეთი სახით არასრულყოფილ ქალში ჩასახული ჩვილი სრულყოფილი ყოფილიყო და მისი ორგანიზმი კი უცოდველი? როგორ იმოქმედებდა გენეტიკური კანონები, როდესაც სრულყოფილსა და არასრულყოფილს შორის მოხდებოდა კავშირი? გახსოვდეთ, რომ ღვთის სრულყოფილი ძის სასიცოცხლო ძალის გადატანასა და ჩასახვაში სულიწმიდამ მიიღო მონაწილეობა. ამან განაქარვა მარიამის კვერცხუჯრედის ყველანაირი არასრულყოფილება და წარმოიშვა გენეტიკურად სრულყოფილი ჩანასახი.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ განაყოფიერდა მარიამის კვერცხუჯრედი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სულიწმიდამ იმ დროს სრულად უზრუნველყო ღვთის განზრახვის წარმატებით შესრულება. ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მარიამს: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“ (ლუკა 1:35). დიახ, ღვთის სულიწმიდამ წარმოქმნა ჩანასახის არასრულყოფილებისგან ან მავნე ზეგავლენისგან დამცველი ერთგვარი კედელი.
ცხადია, იესო აღიარებდა, რომ მისი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე ზეციერი მამის დამსახურება იყო და არა რომელიმე ადამიანისა. იეჰოვამ ‘განუმზადა სხეული’ მას და იესოც ჩასახვისთანავე ნამდვილად „უმანკო და ცოდვილთაგან განრიდებული“ იყო (ებრაელთა 7:26; 10:5).
[სურათი 19 გვერდზე]
„დაორსულდები და შობ ძეს“.