მას უყვარდა ადამიანები
„მიყვარდა ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:31).
1, 2. რა არის იმის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომ იესოს ძლიერ უყვარს ადამიანები?
იეჰოვას განუზომელი სიბრძნე უპირველესად და სრულფასოვნად მის პირმშოში გამოვლინდა. ის იყო გაპიროვნებული სიბრძნე, „ოსტატი“, რომელიც მამის მხარდამხარ შრომობდა. წარმოიდგინეთ, როგორ ხარობდა ძე და რაოდენ კმაყოფილი იყო იგი, როცა მამა „ცას ქმნიდა“ და „დედამიწას საფუძველს უყრიდა“. თუმცა ღვთის უსულო ქმნილებებზე მეტად იესოს „ადამიანის მოდგმა“ უყვარდა (იგავ. 8:22—31). დიახ, კაცთა მოდგმის მიმართ იესოს ჯერ კიდევ განკაცებამდე ჰქონდა თბილი გრძნობები.
2 მოგვიანებით, იესომ ზეციერი მამისადმი ერთგულებისა და ღვთისა და „ადამიანის მოდგმის“ სიყვარულის გამო ნებაყოფლობით „ყველაფერზე უარი თქვა“ და განკაცდა „მრავალთა გამოსასყიდად“ (ფილ. 2:5—8; მათ. 20:28). მართლაც, ღვთის ძეს ძალიან უყვარს კაცთა მოდგმა! დედამიწაზე ყოფნისას იესოს ღმერთმა სასწაულების მოსახდენად ძალა მისცა, საიდანაც გამოჩნდა, რომ მას ძალიან უყვარდა ადამიანები. ქრისტემ თავისი სასწაულებით გვაჩვენა, თუ რას მოიმოქმედებს მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
3. რაზე შევაჩერებთ ყურადღებას ამ სტატიაში?
3 იესოს დედამიწაზე მოსვლის მიზანი ისიც იყო, რომ ეუწყებინა „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43). მან იცოდა, რომ სამეფო მამის სახელს განწმენდდა და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა ადამიანთა პრობლემებს. სწორედ ამიტომ, იესოს მსახურებიდან ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიგებთ: მას გული შესტკიოდა კაცთა მოდგმაზე. რატომ გვამხნევებს ეს ჩვენ? მისი საქმეები რწმენას გვიმტკიცებს და მომავლის იმედს გვინერგავს. მოდი, შევიხსენოთ ქრისტეს სასწაულებიდან ოთხი მათგანი.
„ძალა იყო მასთან, რათა განეკურნა ავადმყოფები“
4. აღწერეთ იესოსა და კეთროვნის შეხვედრა.
4 იესო გალილეაში მსახურობს. ერთ-ერთ ქალაქში ის ერთ საბრალო კაცს ხვდება (მარ. 1:39, 40). ამ კაცს მეტად საშიში დაავადება, კეთრი აქვს. დაავადება რომ საკმაოდ შორსწასულია, ამაზე ექიმი ლუკას სიტყვებიც მოწმობს: „[მას] მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა“ (ლუკ. 5:12). «იესოს დანახვაზე [კეთროვანი] მის წინაშე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“». როგორც ამ სიტყვებიდან ვიგებთ, კეთროვანს ეჭვი არ ეპარება, რომ იესო განკურნების ძალას ფლობს, მაგრამ მას ერთი რამ აინტერესებს: სურს ქრისტეს მისი განკურნება? ყურად იღებს იესო ამ გულდათუთქული კაცის სათხოვარს? საინტერესოა, რაზე ფიქრობს იესო, როდესაც ხედავს მამაკაცს, რომელიც, როგორც ჩანს, კეთრს შეუჭამია? იმ ფარისევლებივით ხომ არ მოიქცევა, რომელთაც ასეთი დატანჯული ადამიანების მიმართ გული გაქვავებული აქვთ? იესოს ადგილზე რომ ყოფილიყავით, თქვენ როგორ მოიქცეოდით?
5. რამ აღძრა იესო, კეთროვნისთვის ეთქვა: „მსურს“?
5 როგორ ჩანს, ამ კეთროვანმა არ დაიძახა, „უწმინდური, უწმინდური!“, როგორც ამას მისგან მოსეს კანონი მოითხოვდა. თუმცა იესოს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია; იგი დაავადებული მამაკაცის ხილვამ შეძრა (ლევ. 13:43—46). ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა ფიქრები უტრიალებდა იესოს გონებაში, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, თუ რა ხდებოდა მის გულში. თანაგრძნობით განმსჭვალულმა იესომ დაუჯერებელი რამ მოიმოქმედა — ხელი გაიწოდა, შეეხო კეთროვანს და თბილად, თუმცა მტკიცედ უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“. შედეგად, „მას მაშინვე გაუქრა კეთრი“ (ლუკ. 5:13). მართლაც, „იეჰოვას ძალა იყო [იესოსთან]“, რომლის მეშვეობითაც იგი სასწაულებსაც ახდენდა და სიყვარულსაც გამოხატავდა ადამიანებისადმი (ლუკ. 5:17).
6. რით იყო გამორჩეული იესოს სასწაულები და რაზე მეტყველებს ისინი?
6 ღვთის ძალის წყალობით ქრისტემ ბევრი სასწაული მოახდინა. ის არა მარტო კეთრს კურნავდა, არამედ ნებისმიერი სახის დაავადებასა თუ უძლურებას. წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ხალხი გაოცებული იყო და განადიდებდა ისრაელის ღმერთს, რადგან ხედავდნენ, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, კოჭლები დადიოდნენ და უსინათლოებს თვალები ეხილებოდათ“ (მათ. 15:31). იესოს ხალხის განსაკურნავად ორგანოთა დონორები არ სჭირდებოდა; ის უშუალოდ სხეულის დაზიანებულ ნაწილებსა თუ დაავადებულ ორგანოებს კურნავდა. იმავდროულად, ეს ხდებოდა მყისიერად, ხანდახან მაშინაც კი, თუ ავადმყოფი მის სიახლოვეს არ იმყოფებოდა (იოან. 4:46—54). იესოს სასწაულები ერთ რამეზე მეტყველებს: მას, რომელიც ახლა უკვე ზეციერი მეფეა, ძალაც შესწევს და სურვილიც აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ განკურნოს ყველა სნეული. ადამიანებისადმი იესოს დამოკიდებულება იმაში გვარწმუნებს, რომ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს“ (ფსალმ. 72:13). დიახ, იესო თავის სურვილს ხორცს შეასხამს და ყველა დაავადებულს განკურნავს!
„ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე“
7, 8. აღწერეთ, რა ხდებოდა მანამ, სანამ იესო ბეთზათას აუზთან დავრდომილ მამაკაცს შენიშნავდა.
7 გალილეაში კეთროვანი კაცის განკურნების შემდეგ რამდენიმე თვემ განვლო. იესო ახლა სასიხარულო ცნობას იუდეაში ქადაგებს. შესაძლოა უკვე ათასებს ითვლის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც ცხოვრების წესი იმის გამო შეიცვალეს, რომ მათ იესომ უქადაგა და მათდამი სათუთი გრძნობები გამოავლინა. ღვთის ძეს გულით ეწადა, რომ ღარიბთათვის სასიხარულო ცნობა ეუწყებინა, ტყვეთათვის თავისუფლება გამოეცხადებინა და გულგატეხილთათვის ჭრილობები შეეხვია (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:18—21).
8 დადგა ნისანის თვე. ქრისტე მიჰყვა იეჰოვას კანონში ჩაწერილ მითითებას და იერუსალიმში პასექის საზეიმოდ გაემგზავრა. ქალაქში წმინდა დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ხალხი ირეოდა. იესომ, ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ბეთზათას სახელით ცნობილ აუზთან, ერთი ავადმყოფი მამაკაცი შენიშნა.
9, 10. ა) რატომ შეკრებილიყო ბეთზათას აუზთან უამრავი ხალხი? ბ) რა სასწაული მოახდინა იესომ აუზთან და რას ვსწავლობთ ჩვენ აქედან? (იხილეთ სურათი მე-8 გვერდზე)
9 ბეთზათას აუზთან უამრავ ავადმყოფსა თუ დაუძლურებულს მოეყარა თავი. რატომ შეკრებილიყო იქ ეს ხალხი? ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, მათ სჯეროდათ, რომ თუ ავადმყოფი აუზში იმ დროს ჩავიდოდა, როცა წყალი იძვროდა, ის სასწაულებრივად განიკურნებოდა. გონებაში გააცოცხლეთ სურათი ბეთზათას აუზთან. იქ მყოფნი სასოწარკვეთას, მწუხარებასა და უიმედობას მოეცვა. მაგრამ საინტერესოა, რამ მიიყვანა იესო, სრულყოფილი და საღ-სალამათი მამაკაცი, აუზთან? ადამიანების სიყვარულმა და თანაგრძნობამ. იესო სიბრალულით განიმსჭვალა ერთი მამაკაცის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იტანჯებოდა თავისი დაავადებით (წაიკითხეთ იოანეს 5:5—9).
10 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სასოწარკვეთილი თვალებით შეხედავდა ეს კაცი იესოს, რომელმაც ჰკითხა მას, სურდა თუ არა, განკურნებულიყო. კაცმა პასუხი არ დაახანა და მიუგო, რომ განკურნება კი სურდა, მაგრამ არავინ ეგულებოდა ისეთი, ვინც აუზში ჩაიყვანდა. შემდეგ იესომ მას დაუჯერებელი რამ უთხრა — აეღო თავისი საწოლი და გაევლო. დავრდომილმა დაუჯერა იესოს, აიღო საკაცე და გაიარა. ეს გულში ჩამწვდომი სასწაული იმის მომასწავებელია, თუ რას მოიმოქმედებს იესო ახალ ქვეყნიერებაში. ამ სასწაულიდან იმასაც ვხედავთ, თუ რამდენად თანამგრძნობია იესო. ღვთის ძე თავად ეძებდა მათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. იესოს მაგალითმა ჩვენც უნდა აღგვძრას, სამქადაგებლო უბნებზე მოვძებნოთ ადამიანები, რომლებსაც ტანჯავთ ის შემზარავი მოვლენები, რაც დღეს ქვეყნიერებაში ხდება.
„ვინ შემეხო ტანსაცმელზე?“
11. როგორ აღგვიწერს მარკოზის 5:25—34 ავადმყოფობით დატანჯული ადამიანების მიმართ იესოს თანაგრძნობას?
11 წაიკითხეთ მარკოზის 5:25—34. ეს ქალი 12 წლის განმავლობაში სირცხვილში ცხოვრობდა. ქრონიკულმა ავადმყოფობამ მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა, მათ შორის ღვთისადმი თაყვანისმცემლობას. მას „ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი“ და მთელი სახსრები დაეხარჯა, მაგრამ უარეს დღეში ჩავარდნილიყო. ერთ დღესაც მან გამოსაჯანმრთელებლად სხვა გზას მიმართა. გადაწყვიტა, რომ იმ კაცის სიახლოვეს აღმოჩენილიყო, რომელსაც იესო ერქვა. მან ბრბო გაარღვია და მის ტანსაცმელს შეეხო (ლევ. 15:19, 25). იესომ იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა და იკითხა, თუ ვინ შეეხო. ქალი „შიშითა და კანკალით . . . მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოუყვა“. იესო მიხვდა, რომ ქალის განკურნებაში თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას, ხელი ერია და მას თბილად უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“.
12. ა) როგორ აღწერდით იესოს განხილული მაგალითების საფუძველზე? ბ) რის მაგალითს გვაძლევს იესო?
12 მართლაც, როგორი კეთილია იესო! მას ებრალება ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებიან. სატანას სურს, დაგვაჯეროს, რომ ჩვენ არავის ვუყვარვართ და არაფერს წარმოვადგენთ. იესომ თავისი სასწაულებით ცხადყო, რომ ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე და მისთვის სულერთი არაა ჩვენი საწუხარი. რა თანამგრძნობი მეფე და მღვდელმთავარი გვყავს! (ებრ. 4:15). ჩვენ შესაძლოა ბოლომდე ვერ ჩავწვდეთ ქრონიკული დაავადებით გაწამებულ ადამიანთა გრძნობებს, მით უმეტეს მაშინ, თუ ამ მდგომარეობაში თავად არასდროს ვყოფილვართ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ: იესო ყოველთვის თანაუგრძნობდა სნეულთ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასდროს ყოფილა ავად! დაე, იესოს მაგალითმა ჩვენც იმავეს კეთებისკენ აღგვძრას და ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად თანავუგრძნოთ ადამიანებს (1 პეტ. 3:8).
„იესო აცრემლდა“
13. რას გვიმჟღავნებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა იესოს შესახებ?
13 იესოს სხვების უბედურების დანახვაზე გული ეწვოდა. როდესაც მან დაინახა, როგორ დასტიროდა ლაზარეს ხალხი, თავადაც „ამოიოხრა და აფორიაქდა“, მიუხედავად იმისა, რომ ის მალე აღადგენდა ლაზარეს (წაიკითხეთ იოანეს 11:33—36). იესოს არ მორიდებია თავისი გრძნობების გამოხატვა, რამაც გარშემომყოფთ დაანახვა, თუ რაოდენ ძვირფასი იყო მისთვის ლაზარე და მისი ოჯახი. მართლაც, რამხელა თანაგრძნობა გამოავლინა იესომ, როდესაც მამისგან ბოძებული ძალით სიცოცხლე დაუბრუნა თავის მეგობარს! (იოან. 11:43, 44).
14, 15. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვას კაცობრიობის ტანჯვიდან დახსნის დიდი სურვილი აქვს? ბ) რაზე მიუთითებს გამოთქმა „სამახსოვრო სამარხები“?
14 ბიბლიაში იესოზე ნათქვამია, რომ ის „ზუსტად წარმოგვიდგენს მას [შემოქმედს]“ (ებრ. 1:3). ღვთის ძემ თავისი სასწაულებით ცხადყო, რომ მას და მამას სურთ, კაცობრიობა ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაიხსნან. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები ზღვაში წვეთია იმ მასშტაბურ მკვდრეთით აღდგომასთან შედარებით, რაც მათი ნებით მომავალში მოხდება. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც [სამახსოვრო] სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29, სქოლიო).
15 იესოს მიერ გამოყენებული ფრაზა „სამახსოვრო სამარხები“, მართლაც საუკეთესოდ აღწერს იეჰოვას მეხსიერებას. ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც უზარმაზარი სამყარო შექმნა, შეუძლია დაიმახსოვროს ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ყველა წვრილმანი, აგრეთვე მათი თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებები, ნიჭი და უნარი (ეს. 40:26). რაც მთავარია, იეჰოვას და მის ძეს არა მარტო შეუძლიათ ამ ყოველივეს დამახსოვრება, არამედ მათ ამის სურვილიც აქვთ. ბიბლიაში ჩაწერილი ლაზარესა და სხვების მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები იმაზე მოწმობს, რომ ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგომა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.
რა გავლენას ახდენს ჩვენზე იესოს სასწაულები
16. რა პატივი ხვდებათ წილად ღვთის ერთგულ და მორჩილ ადამიანებს?
16 თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ, საკუთარი თვალით ვიხილავთ ყველა დროის უდიდეს სასწაულს — ღვთის მორჩილთა მიერ დიდი გასაჭირის გადატანას. არმაგედონის შემდეგ ძალიან მალე ღვთის ერთგულნი მრავალი სასწაულის მოწმენი გახდებიან, მაგალითად, იხილავენ, თუ როგორ გამოჯანმრთელდება ხალხი (ეს. 33:24; 35:5, 6; გამოცხ. 21:4). წარმოგიდგენიათ, რა საოცარი იქნება, როცა აღარავის დასჭირდება სათვალე, ყავარჯენი, ეტლი, სასმენი აპარატი თუ მსგავსი ნივთები! იეჰოვა არმაგედონგადატანილებს კარგ ჯანმრთელობას უბოძებს. გადარჩენილებს ახალ ქვეყნიერებაში ბევრი რამის გაკეთება მოუწევთ. ისინი ღვთისგან ნაბოძებ პლანეტას სამოთხედ გადააქცევენ და ამას დიდი სიხარულით გააკეთებენ (ფსალმ. 115:16).
17, 18. ა) რა უმთავრეს მიზანს მოემსახურა იესოს სასწაულები? ბ) რატომ უნდა გავაკეთოთ დღესვე ყველაფერი?
17 იესოს მიერ წარსულში მოხდენილი სასწაულები „უამრავ ხალხს“ უმტკიცებს რწმენას, რომ მომავალში ყოველგვარი უძლურება და ავადმყოფობა წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხ. 7:9). ის ფაქტი, რომ ღვთის ძე ავადმყოფებს კურნავდა, იმ სათუთ გრძნობებსა და დიდ სიყვარულზე მიუთითებს, რომელიც მას კაცობრიობის მიმართ აქვს (იოან. 10:11; 15:12, 13). იესოს თანაგრძნობა საუკეთესოდ გვიხატავს იეჰოვას პიროვნებას, რომელიც თითოეულ მსახურზე ზრუნავს (იოან. 5:19).
18 დღეს ადამიანები ოხრავენ, იტანჯებიან და კვდებიან (რომ. 8:22). ამიტომ ღვთის ახალი ქვეყნიერება ჰაერივით გვჭირდება, სადაც მისი დაპირებისამებრ ფიზიკური უძლურება აღარ იარსებებს. მალაქიას 4:2 გვარწმუნებს, რომ განკურნებულები, რომლებიც გათავისუფლდებიან არასრულყოფილების ტყვეობიდან, „ნასუქი ხბოებივით აკუნტრუშდებიან“. დაე, იეჰოვასადმი მადლიერებამ და მისი დაპირებებისადმი რწმენამ აღგვძრას, რომ დღესვე გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევძლოთ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება. გულს სითბოთი გვივსებს იმის ცოდნა, რომ იესოს წარსულში მოხდენილი სასწაულები პირველსახე იყო იმისა, რასაც იგი მომავალში თავისი მმართველობის დროს მთელი კაცობრიობისთვის განახორციელებს.