ბიბლიის ინტერპრეტაცია — ვისი გავლენაა?
ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „ინტერპრეტაცია“ ნიშნავს „ჩაწვდე რაიმეს საკუთარი მრწამსის, აზრის ან მდგომარეობის მიხედვით“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary). ასე რომ, ადამიანის მიერ რაიმეს ინტერპრეტაციისას მასზე გავლენას ახდენს მისი წარმოშობა, განათლება და აღზრდა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ბიბლიის ინტერპრეტაციის შესახებ? გვაქვს იმის უფლება, ავხსნათ ბიბლიური მუხლები ჩვენი „მრწამსის, აზრის ან მდგომარეობის“ მიხედვით? საერთოდ, ბიბლიოლოგთა და მთარგმნელთა უმრავლესობა ამბობს, რომ თავად ასე არ იქცევიან და რომ მათ ღმერთი ხელმძღვანელობს.
ამის ერთი მაგალითია ოთხი სახარების ჯონ ლინგარდის (მისი ფსევდონიმია „კათოლიკე“) თარგმანში, რომელიც 1836 წელს გამოქვეყნდა, იოანეს 1:1-ის სქოლიო (A New Version of the Four Gospels). მასში ნათქვამია: „წმინდა წერილებში ნებისმიერი სარწმუნოების კაცი იპოვის თავისი პირადი შეხედულებების დამადასტურებელ ადგილებს, განა იმიტომ რომ ბიბლიური მუხლი აძლევთ ამის საშუალებას, არამედ იმიტომ, რომ თვითონ აწერენ ბიბლიურ ენას საკუთარ გაგებას“.
ეს აზრი საფუძვლიანია, მაგრამ რა იყო ამ მთარგმნელის მიზანი? ზემოხსენებული კომენტარი ეთანხმება ამ მუხლის ინტერპრეტაციას, რომელიც ასე თარგმნა: «თავდაპირველად იყო „სიტყვა“ და „სიტყვა“ იყო ღმერთთან; და „სიტყვა“ იყო ღმერთი“», ეს ჩვეულებრივად სამების დოგმატის მხარდამჭერი თარგმანია.
რამ აღძრა ეს კაცი, ისე გადაეთარგმნა იოანეს 1:1, რომ მხარი დაეჭირა სამების დოგმატისთვის? ბიბლიაში წერია ასეთი რამ? ეს შეუძლებელია, რადგან ბიბლიაში არსად არ არის ნახსენები სწავლება სამების შესახებ. ნახეთ რას ამბობს ამის თაობაზე „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“: «ახალ აღთქმაში არც სიტყვა „სამება“ და არც სამების დოგმატი არის ნახსენები“. გარდა ამისა, იეილის უნივერსიტეტის პროფესორი ი. ვოშბერნ ჰოფკინსი ამბობს: „იესოსთვის და პავლესთვის სამების დოგმატი, როგორც ჩანს, უცნობი იყო. . . მათ არაფერი უთქვამთ ამის თაობაზე».
მაშ, რა შეიძლება დავასკვნათ მათ შესახებ, ვინც მხარს უჭერს იოანეს 1:1-ის ან ნებისმიერი სხვა ბიბლიური მუხლის სამების არსებობის დამადასტურებელ ინტერპრეტაციას? როგორც თვითონ ბატონი ლინგარდი ამბობს, „ბიბლიაში კი არ წერია მსგავსი რამ, უბრალოდ, თვითონ ხსნიან მას ასე“.
საბედნიეროდ, ჩვენ ღვთის სიტყვა გვაქვს ამ საკითხში სახელმძღვანელოდ. „ეს იცოდეთ უპირველესად, — ამბობს მოციქული პეტრე, — რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება [ადამიანისგან არ მომდინარეობს, აქ]. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:20, 21).