მკვდრეთით აღდგომის იმედი სარწმუნოა!
„მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).
1. რატომ შეიძლება მკვდრეთით აღდგომის იმედი გვქონდეს?
იეჰოვა მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის მყარ საფუძველს გვაძლევს. მან გვითხრა, რომ მკვდრებს აღადგენს ანუ გააცოცხლებს, და ღვთის განზრახვა სიკვდილის ძილით მიძინებულებთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება (ესაია 55:11; ლუკა 18:27). ფაქტობრივად, ღმერთმა უკვე გამოავლინა თავისი ძალა, როდესაც რამდენიმე გარდაცვლილი მკვდრეთით აღადგინა.
2. რა მხრივ შეიძლება მკვდრეთით აღდგომის იმედი სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის?
2 იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთის მიერ მკვდრეთით აღდგენის ღონისძიებისადმი რწმენის გამოვლენა გაჭირვების ჟამს აგვატანინებს. მკვდრეთით აღდგომის შესახებ იმედის სარწმუნოობაში დაჯერებულობა ჩვენი ზეციერი მამის წინაშე თვით სიკვდილამდე უმწიკვლობის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. მკვდრეთით აღდგომის ჩვენი იმედი, ალბათ, უფრო განმტკიცდება, თუ განვიხილავთ ამის მაგალითებს, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული. ყველა ეს სასწაული უზენაესი უფლის, იეჰოვა ღმერთის, ძალით მოხდა.
ისინი გაცოცხლებულებს იღებდნენ თავიანთ მკვდრებს
3. რის გაკეთების ძალა მიეცა ელიას, როდესაც ცარფათელი ქვრივის ვაჟი გარდაიცვალა?
3 მოციქული პავლე იეჰოვას წინაქრისტიანული პერიოდის მოწმეების მიერ გამოვლენილი რწმენის აღფრთოვანებით აღწერისას წერდა: „ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები“ (ებრაელთა 11:35, სსგ; 12:1). ამ ქალთაგან ერთ-ერთი ციდონის ცარფათში მცხოვრები ღარიბი ქვრივი იყო. ღვთის წინასწარმეტყველ ელიასადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შედეგად, შიმშილობის დროს სასწაულებრივად არ ილეოდა მისი ფქვილი და ზეთი, რაც აუცილებელი იყო როგორც პირადად მისი, ისე მისი ვაჟის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. მოგვიანებით, როდესაც ბავშვი მოკვდა, ელიამ ცხედარი ტახტზე დაასვენა, დაიწყო ლოცვა, სამგზის გადაემხო მას და ღმერთს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში“. ღმერთმა დააბრუნა ბიჭის სხეულში მისი სული, ანუ სიცოცხლე (მესამე მეფეთა 17:8—24). წარმოიდგინეთ იმ ქვრივის სიხარული, როდესაც მისი რწმენა ასე დაჯილდოვდა და საყვარელი ვაჟი გაუცოცხლდა! ეს იყო პირველი მკვდრეთით აღდგენა, რომელმაც ჩანაწერის სახით ჩვენამდე მოაღწია.
4. რა სასწაული მოახდინა ელისემ შუნემში?
4 სხვა ქალი, ვისაც მკვდრეთით აღმდგარი დაუბრუნდა თავისი გარდაცვლილი, შუნემში ცხოვრობდა. ამ ქალმა, რომელსაც მოხუცი ქმარი ჰყავდა, წინასწარმეტყველ ელისესა და მისი მსახურის მიმართ გულმოწყალება გამოავლინა, რის გამოც ღმერთმა აკურთხა და ძე შეეძინა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ქალმა თავისთან მიიწვია წინასწარმეტყველი, რომელსაც სახლში ეს ბიჭი მკვდარი დახვდა. მას შემდეგ, რაც ელისემ ილოცა და გარკვეულ ზომებს მიმართა, „გათბა ბავშვის სხეული“. „შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი“. ამ აღდგომამ დიდად გაახარა როგორც დედა, ისე შვილი (მეოთხე მეფეთა 4:8—37; 8:1—6). მაგრამ რამდენად უფრო ბედნიერები იქნებიან ისინი, როდესაც დედამიწაზე საცხოვრებლად „უკეთესი აღდგომისას“ გაცოცხლდებიან — აღდგომისას, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, აღარასოდეს მოკვდნენ! რამხელა მიზეზია ჩვენი მოსიყვარულე, მკვდრების აღმდგენ ღმერთ იეჰოვასადმი მადლიერების გამოსავლენად! (ებრაელთა 11:35).
5. როგორი სასწაული მოხდა ელისეს მიერ მისი სიკვდილის შემდეგაც კი?
5 ელისეს სიკვდილისა და დამარხვის შემდეგაც კი ღმერთმა სულიწმიდის მეშვეობით მის ძვლებს დიდი ძალა მისცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს [მოაბელი] მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო [გარდაცვლილი] კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა“ (მეოთხე მეფეთა 13:20, 21). როგორ გაოცდებოდა და რა ბედნიერი იქნებოდა ის კაცი! წარმოიდგინეთ სიხარული, რომელსაც, იეჰოვა ღმერთის უცვლელი განზრახვის თანახმად, ჩვენი საყვარელი გარდაცვლილების აღდგენისას განვიცდით!
ღვთის ძე მკვდრებს აღადგენდა
6. რა სასწაული მოიმოქმედა იესომ ქალაქ ნაინის მახლობლად და როგორ მოქმედებს ეს შემთხვევა ჩვენზე?
6 ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, მტკიცე საფუძველი მოგვცა იმისათვის, რომ გვქონდეს მარადიული ცხოვრების პერსპექტივით მკვდრების აღდგომის იმედი. ძველ დროს ქალაქ ნაინის მახლობლად მომხდარი შემთხვევა გვაგებინებს, რომ ასეთი სასწაულის მოხდენა ღვთის ძალით არის შესაძლებელი. ერთხელ იესო შეხვდა პროცესიას, რომელიც ქალაქიდან ახალგაზრდა ჭაბუკის ცხედარს მიჰყვებოდა. ეს ბიჭი ქვრივი ქალის ერთადერთი ვაჟი იყო. იესომ დედამისს უთხრა: „ნუ სტირი“. შემდეგ კი შეეხო ცხედარს და თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო (ლუკა 7:11—15). ეს სასწაული მართლაც განამტკიცებს ჩვენს რწმენას იმისადმი, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი ნამდვილად სარწმუნოა.
7. რას მოგვითხრობს ბიბლია იაიროსის გოგონაზე?
7 ახლა განვიხილოთ იაიროსის, კაპერნაუმის სინაგოგის უფროსის, შემთხვევაც. მან იესოს სთხოვა, წაჰყოლოდა და დახმარებოდა მის 12 წლის გოგონას, რომელიც სიკვდილის პირას იყო. მათ მალე შეატყობინეს, რომ გოგონა მოკვდა. იესომ მწუხარებით გულდათუთქულ მამას რწმენის გამოვლენისკენ მოუწოდა და შინ გაჰყვა, სადაც შეკრებილი ხალხი მოთქმით ტიროდა. იქ მყოფთ გაეცინათ იესოს სიტყვებზე: „არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ“. გოგონა მართლაც მკვდარი იყო, მაგრამ იესო ხალხისთვის იმის დანახვებას აპირებდა, რომ მკვდრეთით აღდგომა ისევე იყო შესაძლებელი, როგორც ღრმა ძილიდან გამოღვიძება. მან ბავშვს ხელზე ხელი მოჰკიდა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“ ის მაშინვე წამოდგა, რაც „დიდად გაუკვირდათ“ მის მშობლებს (მარკოზი 5:35—43; ლუკა 8:49—56). რა თქმა უნდა, ადამიანებს ‘დიდად გაუკვირდებათ’ თავიანთი საყვარელი გარდაცვლილების დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგომაც.
8. რა გააკეთა იესომ ლაზარეს სამარხთან?
8 ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო, როდესაც იესო მის სამარხთან მივიდა და იქიდან ქვა მოაშორებინა. ყველას თანდასწრებით ლოცვის შემდეგ, რაც მსმენელებს შესაძლებლობას აძლევდა, სცოდნოდათ, რომ იესო ღვთის მიერ ბოძებულ ძალაზე იყო დამოკიდებული, ხმამაღლა შესძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და ისიც გამოვიდა! მას ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახე სუდარით დაფარული. „გახსენით, გაუშვით, იაროს“, — თქვა იესომ. ამ სასწაულის შემხედვარე მრავალმა იქ დამსწრემ, რომლებიც ლაზარეს დების, მარიამისა და მართას, სანუგეშებლად იყვნენ მისული, იწამა იესო (იოანე 11:1—45). განა ეს ცნობა იმის იმედით არ გავსებთ, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში თქვენი ახლობლები მკვდრეთით აღდგებიან?
9. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს ახლაც შეუძლია მკვდრეთით აღდგენა?
9 ციხეში მყოფ იოანე ნათლისმცემელს იესომ შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები შეუთვალა: „ბრმები ხედავენ. . . მკვდრები დგებიან“ (მათე 11:4—6). დედამიწაზე ყოფნისას იესო მკვდრებს აღადგენდა, ამიტომ ახლა მას, როგორც ღვთის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილ ძლიერ სულიერ ქმნილებას, ნამდვილად შეეძლება იმავეს გაკეთება. იესო არის „აღდგომა და სიცოცხლე“ და რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ახლო მომავალში „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29; 11:25).
ჩვენს იმედს მკვდრეთით აღდგომის სხვა შემთხვევებიც განამტკიცებს
10. როგორ აღწერდით მოციქულის მიერ მკვდრის აღდგენის პირველ შემთხვევას?
10 იესომ მოწაფეებს სამეფოს შესახებ მქადაგებლებად წარგზავნისას უთხრა: „მკვდრები აღადგინეთ“ (მათე 10:5—8). ამის გასაკეთებლად მათ, რა თქმა უნდა, ღვთის ძალის იმედი უნდა ჰქონოდათ. ახ. წ. 36 წელს იაფოში ერთმა ღვთისმოშიშმა ქალმა, ქურციკმა (ტაბითა), სიკვდილის ძილით მიიძინა. მის კეთილ საქმეებში გაჭირვებულ ქვრივთათვის სამოსლის შეკერვაც შედიოდა, ამიტომაც მისმა სიკვდილმა ამ ქვრივთა შორის დიდი მოთქმა გამოიწვია. მოწაფეებმა ცხედარი დასაკრძალავად გაამზადეს, მოციქულ პეტრესთან კი კაცები გაგზავნეს, რათა მისულიყო; შეიძლება მათ მოციქულს იმისათვის უხმეს, რომ ენუგეშებინა მგლოვიარენი (საქმეები 9:32—38). პეტრემ ზედათვალიდან ყველა დაითხოვა, ილოცა და თქვა: „ტაბითა, აღდექ!“ ქურციკმა თვალი გაახილა, წამოჯდა, პეტრეს ხელს დაეყრდნო და წამოდგა. მოციქულის მიერ მოხდენილმა მკვდრეთით აღდგომის ამ პირველმა სასწაულმა მრავალი აქცია მორწმუნედ (საქმეები 9:39—42). ის ჩვენც გვაძლევს კიდევ ერთ მიზეზს იმისათვის, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი გვქონდეს.
11. რომელია ბიბლიაში მოხსენიებული ბოლო მკვდრეთით აღდგომა?
11 ბიბლიაში მოხსენიებული ბოლო მკვდრეთით აღდგომა ტროადაში მოხდა. მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს იქ ყოფნისას პავლეს შუაღამემდე გაუგრძელდა საუბარი. ახალგაზრდა მამაკაცს, ევტიხს, ბევრი ლამპრისა და მრავალი ადამიანის თავმოყრის გამო შექმნილ სიცხეში დაღლილობამ სძლია, ჩათვლიმა და მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. ის გრძნობადაკარგული კი არა, „მკვდარი აიყვანეს“. პავლე გადაემხო ევტიხს, მოეხვია და იქ მყოფთ უთხრა: „ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვეა“. პავლე იმას გულისხმობდა, რომ ჭაბუკს სიცოცხლე დაუბრუნდა. ამან „დიდად ანუგეშა“ იქ დამსწრენი (საქმეები 20:7—12). დღეს ღვთის მსახურებს დიდად ანუგეშებთ იმის ცოდნა, რომ მათ ყოფილ თანამსახურთაც შეეხება მკვდრეთით აღდგომის იმედის განხორციელება.
მკვდრეთით აღდგომა — დიდი ხნის იმედი
12. რა რწმენა გამოხატა პავლემ რომაელი განმგებლის, ფელიქსის, წინაშე?
12 რომაელი განმგებლის, ფელიქსის, წინაშე წარდგომისას პავლემ საჯაროდ გამოაცხადა: „მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებაშია დაწერილი. მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:14, 15). როგორ მიუთითებს საღვთო წერილის ნაწილები, მაგალითად, „რჯული“, მკვდრეთით აღდგომაზე?
13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღდგომაზე პირველივე წინასწარმეტყველებაში მიგვანიშნა?
13 ღმერთმა მკვდრეთით აღდგომაზე ედემში პირველი წინასწარმეტყველების წარმოთქმისას მიგვანიშნა. როდესაც „ძველ გველს“, სატანა ეშმაკს, განაჩენი გამოუტანა, ღმერთმა თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:14, 15). დედაკაცის თესლისთვის ქუსლის დაგესვლა იესო ქრისტეს მოკვლას ნიშნავდა. ამ თესლს შემდეგ გველისთვის თავი რომ გაეჭეჭყა, ქრისტე მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
14. როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ „ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა“?
14 იესომ განაცხადა: „მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც მიუთითა მაყვლის ბუჩქზე, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:27, 37, 38; გამოსვლა 3:6). აბრაამი, ისაკი და იაკობი მკვდრები იყვნენ, მაგრამ მათ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის შესრულება იმდენად უეჭველი იყო, რომ მისთვის ისინი, ფაქტობრივად, ცოცხლები იყვნენ.
15. რატომ ჰქონდა აბრაამს საფუძველი მკვდრეთით აღდგომის რწმენისთვის?
15 აბრაამს ჰქონდა საფუძველი, მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონოდა, რადგან ის და მისი ცოლი, სარა, ხანდაზმულები იყვნენ და შვილის გაჩენის უნარი ჩამკვდარი ჰქონდათ, ღმერთმა კი სასწაულებრივად აღუდგინა დაკარგული უნარი. ეს მკვდრეთით აღდგომის მსგავსი იყო (დაბადება 18:9—11; 21:1—3; ებრაელთა 11:11, 12). როდესაც მათი შვილი, ისაკი, დაახლოებით 25 წლის გახდა, ღმერთმა აბრაამს მისი მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. მაგრამ, როდესაც აბრაამმა ისაკის მოსაკლავად ხელი აღმართა, იეჰოვას ანგელოზმა შეაჩერა. აბრაამმა „მიიჩნია, რომ ღმერთს [ისაკის] მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომ მიიღო იგი მაგალითის სახით“ (ებრაელთა 11:17—19; დაბადება 22:1—18).
16. რა ელის აბრაამს ახლა, როდესაც სიკვდილის ძილით სძინავს?
16 აბრაამი იმედოვნებდა, რომ მკვდრეთით აღდგომა მესიის, აღთქმული თესლის, მმართველობისას იქნებოდა. თავისი განკაცებამდელი გადასახედიდან ღვთის ძემ შენიშნა აბრაამის რწმენა. შემდეგ კი განკაცებულმა იესო ქრისტემ იუდეველებს უთხრა: „აბრაამს, მამათქვენს, უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს“ (იოანე 8:56—58; იგავნი 8:30, 31). აბრაამს ახლა სიკვდილის ძილით სძინავს და მას ღვთის მესიანური სამეფოს დედამიწაზე მმართველობის დროს მკვდრეთით აღდგომა ელის (ებრაელთა 11:8—10, 13).
მტკიცებები რჯულიდან და ფსალმუნებიდან
17. როგორ მიუთითებდა ‘ყოველივე, რაც რჯულშია’, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე?
17 პავლეს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა, რაც ეთანხმებოდა ‘ყოველივეს, რაც რჯულშია’. ღმერთმა ისრაელებს უთხრა: „პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ. შეარხევს მას მღვდელი [16 ნისანს] უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად“ (ლევიანნი 23:9—14). შესაძლებელია, ეს ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როდესაც წერდა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთა პირველი“. როგორც „პირველი“, ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს იესო მკვდრეთით აღდგა. მოგვიანებით, თავისი თანდასწრების დროს, იქნებოდა ‘შემდგომთა’ — ქრისტეს სულითცხებულ მიმდევართა — მკვდრეთით აღდგომა (1 კორინთელთა 15:20—23; 2 კორინთელთა 1:21; 1 იოანე 2:20, 27).
18. როგორ ცხადყო პეტრემ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომა ფსალმუნებში იყო ნაწინასწარმეტყველები?
18 ფსალმუნებშიც არის მკვდრეთით აღდგომის იმედის განმამტკიცებელი მუხლები. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე ფსლამუნის 15:8—11-ს ციტირებდა, როდესაც თქვა: „დავითი ამბობს მასზე [ქრისტეზე]: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და აღფრთოვანდა ჩემი ენა, ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას იხილოს ხრწნილება“. შემდეგ პეტრემ დასძინა: „[დავითმა] წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ მიტოვებული არ არის ჯოჯოხეთში და მის ხორცს არ უხილავს ხრწნილება. ეს იესო აღადგინა ღმერთმა“ (საქმეები 2:25—32).
19, 20. როდის ციტირებდა პეტრე ფსალმუნის 117:22-დან და როგორ იყო ეს იესოს სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული?
19 რამდენიმე დღის შემდეგ პეტრე სინედრიონის წინაშე იდგა და კვლავ ფსალმუნებიდან ციტირებდა. როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ განკურნა კოჭლი მათხოვარი, მოციქულმა მიუგო: „ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისათვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ეს [იესო] არის ლოდი, რომელიც უკუაგდეთ თქვენ, მაშენებლებმა, და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:10—12).
20 პეტრე ამ შემთხვევაში ფსალმუნის 117:22-დან ციტირებდა და ამ სიტყვებს იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგენასთან დაკავშირებით იყენებდა. თავიანთი რელიგიური წინამძღოლების ჩაგონებით იუდეველემა იესო უარყვეს (იოანე 19:14—18; საქმეები 3:14, 15). „მაშენებლებმა“ უკუაგდეს ლოდი, რასაც ქრისტეს სიკვდილი მოჰყვა, მაგრამ ლოდის ‘ქვაკუთხედად ქცევა’ ზეცაში სულიერი დიდებისთვის მის აღდგომაზე მიუთითებდა. როგორც ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „უფლისაგან მოხდა ეს“ (ფსალმუნი 117:23). „ლოდის“ ქვაკუთხედად ქცევაში მისი გამეფებაც შედიოდა (ეფესელთა 1:19, 20).
ხსნის იმედით განმტკიცებულნი
21, 22. როგორც იობის 14:13—15-ში ვკითხულობთ, რის შესახებ გამოთქვა იმედი იობმა და როგორ ანუგეშებს ეს მათ, ვისაც ახლობელი ჰყავს გარდაცვლილი?
21 თუმცა პირადად ჩვენ გაცოცხლებული არავინ გვინახავს, შევნიშნეთ, რომ გარკვეული ბიბლიური ცნობები გვარწმუნებს მკვდრეთით აღდგომაში. ამიტომ შეგვიძლია ისეთივე იმედი გვქონდეს, როგორიც მართალ კაცს, იობს, ჰქონდა. როცა დიდ გასაჭირში იყო, მან ღმერთს შესთხოვა: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე [იეჰოვა]. . . დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? . . დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:13—15). ღმერთს ‘თავის ხელთა ქმნილება მოენატრება’ ანუ დიდი სურვილი ექნება, მკვდრეთით აღადგინოს იობი. რამდენად დამაიმედებელია ეს ჩვენთვის!
22 ზოგჯერ ადამიანს შეიძლება ოჯახის ღვთისმოშიში წევრი სერიოზულად დაუავადდეს, როგორც იობი დაავადდა, და მტრის, სიკვდილის, ტყვეობაშიც კი მოხვდეს. გარდაცვლილის ახლობლებმა შეიძლება მწუხარების ცრემლები ღვარონ, ისე როგორც ლაზარეს სიკვდილის გამო ტიროდა იესო (იოანე 11:35). მაგრამ რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი მოუხმობს ყველას, ვინც მის მეხსიერებაშია შემონახული და ეს უკანასკნელნიც პასუხს გასცემენ მას! ისინი ავადმყოფები ან დასუსტებულები კი არ იქნებიან, არამედ, თითქოს მოგზაურობიდან დაბრუნდნენო, კარგი ჯანმრთელობა ექნებათ.
23. როგორ გამოხატა ზოგმა მკვდრეთით აღდგომის იმედი?
23 ერთი ხანდაზმული ერთგული ქრისტიანის გარდაცვალებამ თანაქრისტიანებს შემდეგი სიტყვები დააწერინა: „დიდად თანაგიგრძნობთ დედის დაკარგვის გამო. ცოტა ხანში ჩვენ კვლავ შევხვდებით მას — მშვენიერსა და სიცოცხლით სავსეს“. მშობლებმა, რომლებსაც ვაჟი გარდაეცვალათ, თქვეს: „როგორ მოველით იმ დღეს, როდესაც ჯეისონი გამოიღვიძებს! ირგვლივ მიმოიხედავს და დაინახავს სამოთხეს, რომლის ხილვაც ასე სწყუროდა. . . რამხელა სტიმულია ეს ჩვენთვის, ვისაც ასე გვსურდა მისი იქ ყოფნა“. დიახ, რამდენად მადლიერი ვართ იმისათვის, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი სარწმუნოა!
როგორ უპასუხებდით?
• რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ღვთის მიერ მკვდრების აღდგომის რწმენამ?
• საღვთო წერილში მოხსენიებული რომელი ცნობები გვაძლევს საფუძველს მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის?
• რატომ შეიძლება ითქვას, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი დიდი ხანია, რაც არსებობს?
• რა გამამხნევებელი იმედი შეგვიძლია გვქონდეს გარდაცვლილებთან დაკავშირებით?
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვას ძალით ელიამ ქვრივის ვაჟი გააცოცხლა.
[სურათი 12 გვერდზე]
როდესაც იესომ იაიროსის ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა, გოგონას მშობლებს ეს „დიდად გაუკვირდათ“.
[სურათი 15 გვერდზე]
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ გაბედულად დაამოწმა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.