ასწავლეთ შვილებს
რატომ არ ჩქარობდა იესო?
იესომ შეიტყო, რომ მისი ახლო მეგობარი, ლაზარე, ძალიან ცუდად იყო. ეს ამბავი იესოს ლაზარეს დების, მარიამისა და მართას მიერ გამოგზავნილმა მაცნემ შეატყობინა. ის მოვიდა მასთან ბეთანიიდან, სადაც ლაზარე და მისი დები ცხოვრობდნენ. დებს სჯერათ, რომ იესოს მათი ძმის განკურნება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მისგან შორს, მდინარე იორდანის მეორე მხარეს ცხოვრობენ. მათ იციან, რომ იესოს ადრეც განუკურნავს ადამიანები შორი მანძილიდან (მათე 8:5—13; იოანე 11:1—3).
მაცნე მიდის იესოსთან და ცუდ ამბავს ატყობინებს, მაგრამ ის არაფერს აკეთებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იესო „ორი დღე დარჩა იქ, სადაც იმყოფებოდა“ (იოანე 11:6). იცი, რატომ არ ჩქარობს ის, რომ ლაზარეს დაეხმაროს? ~a მოდი, ვისაუბროთ ამაზე.
იესომ იცის, რომ ლაზარე მოკვდა და თავის მოციქულებს ეუბნება: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ“. ისინი ეწინააღმდეგებიან: „იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ და ისევ იქ მიდიხარ?“ იესო უხსნის: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“.
„უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“, — უთხრეს მოციქულებმა. ახლა კი იესო ეუბნება: „ლაზარე მოკვდა“. შემდეგ კი ისეთ რამეს ამბობს, რაც მოციქულებს ძალიან აოცებს: „მიხარია თქვენ გამო, იქ რომ არ ვიყავი . . . წავიდეთ მასთან“.
თომა გაბედულად ამბობს: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“. მან იცის, რომ მტრები კვლავ შეეცდებიან იესოს მოკვლას და შეიძლება მოციქულებსაც იგივე დღე დააყენონ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მიჰყვებიან იესოს. დაახლოებით ორი დღის შემდეგ ჩადიან ლაზარეს მშობლიურ ქალაქში, ბეთანიაში. ეს ქალაქი იერუსალიმიდან დაახლოებით სამი კილომეტრით იყო დაშორებული (იოანე 11:7—18).
იცი, რატომ უხარია იესოს, უფრო ადრე რომ არ მივიდა? ~ იესომ მანამდეც აღადგინა მკვდრეთით სხვა ადამიანები, მაგრამ ისინი მხოლოდ რამდენიმე საათის გარდაცვლილები იყვნენ (ლუკა 7:11—17, 22; 8:49—56). ლაზარეს ცხედარი კი სამარხში უკვე რამდენიმე დღე იყო. აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ნამდვილად მკვდარი იყო!
ლაზარეს და, მართა, იგებს, რომ იესო ბეთანიას უახლოვდება და მის შესაგებებლად გარბის. „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“, — ეუბნება ის იესოს. „აღდგება შენი ძმა“, — არწმუნებს იესო. მართა სასწრაფოდ ბრუნდება უკან და თავის დას, მარიამს, ჩუმად ეუბნება: „მოძღვარია მოსული და გეძახის“.
მარიამი მაშინვე გარბის იესოსთან შესახვედრად. შეკრებილ ხალხს ჰგონია, რომ მარიამი სამარხთან მიდის და ისინიც მიჰყვებიან. იესო ხედავს, როგორ ტირის მარიამი და მასთან მყოფი ხალხი და თვითონაც ცრემლები მოსდის. მალე ყველა სამარხთან მიდის. გამოქვაბულის შესასვლელზე დიდი ლოდია მიგორებული. „მოაშორეთ ლოდი“, — ამბობს იესო. „უფალო, აყროლებული იქნება, უკვე მეოთხე დღეა“, — ეწინააღმდეგება მართა.
ხალხი უჯერებს იესოს და შესასვლელს ლოდს აცლიან. შემდეგ იესო ლოცულობს და მადლობას ეუბნება ღმერთს, რადგან იცის, რომ ღმერთი ლაზარეს გაცოცხლების ძალას მისცემს. ბოლოს ის ხმამაღლა იძახის: „ლაზარე, გამოდი!“. და ლაზარე „სახვევებით ხელფეხშეკრული“ გამოდის. იესო ეუბნება ხალხს: „გახსენით, იაროს“ (იოანე 11:19—44).
ახლა გესმის, რატომ არ ჩქარობდა იესო? ~ მან იცოდა, რომ, თუ არ იჩქარებდა, უკეთესად დაამოწმებდა თავისი მამის, იეჰოვას შესახებ. რადგან მან საუკეთესო დრო შეარჩია, ბევრმა ირწმუნა ღმერთი (იოანე 11:45). რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? ~
ალბათ, შენც შეგიძლია, შეარჩიო ხელსაყრელი სიტუაცია და ესაუბრო სხვებს იმ საოცარი საქმეების შესახებ, რაც ღმერთმა გააკეთა და რის გაკეთებასაც აპირებს. შეგიძლია თანაკლასელებსა და მასწავლებლებს ელაპარაკო ამ საკითხებზე. ზოგიერთ მოსწავლეს გაკვეთილებზეც კი მიეცა შესაძლებლობა, ელაპარაკა იმ კურთხევებზე, რომელსაც ღვთის სამეფო მოუტანს ადამიანებს. რა თქმა უნდა, შენ არ შეგიძლია მკვდრების გაცოცხლება, მაგრამ შეგიძლია, სხვებს გააცნო ღმერთი, რომელსაც შეუძლია მკვდრების აღდგენა და რომელიც დაგვიბრუნებს კიდეც ჩვენს საყვარელ ადამიანებს.
[სქოლიო]
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.
კითხვები:
▪ რატომ არ ჩქარობს იესო ლაზარეს დასახმარებლად წასვლას?
▪ რატომ ამბობს თომა: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან [იესოსთან] ერთად დავიხოცოთ“?
▪ როგორ შეძლო იესომ ლაზარეს გაცოცხლება?
▪ როგორ გამოიყენებ იმას, რაც იესოს მაგალითიდან ისწავლე?