ანუგეშეთ მგლოვიარენი ისე, როგორც იესო ანუგეშებდა
ლაზარე, რომელიც ბეთანიაში ცხოვრობდა, მძიმედ დაავადდა. მისმა დებმა, მართამ და მარიამმა თავიანთ ახლო მეგობართან, იესოსთან მაცნეები გაგზავნეს. მაგრამ იესოს მისვლამდე ლაზარე მოკვდა და სამარხში დაასვენეს. ლაზარეს მეგობრები და მეზობლები „მართასა და მარიამის სანუგეშებლად“ მიდიოდნენ (იოანე 11:19). თავისი ძვირფასი მეგობრების სანახავად ბოლოს იესოც ჩავიდა ბეთანიაში. იესოს სიტყვებსა და საქციელზე დაკვირვებით შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ ვანუგეშოთ მგლოვიარენი.
მგლოვიარესთან ყოფნა თანადგომის მაჩვენებელია
ბეთანიაში ჩასასვლელად იესოს დაახლოებით ორი დღე დასჭირდებოდა. მას უნდა გადაეკვეთა მდინარე იორდანე და იერიხონიდან ბეთანიამდე მიხვეულ-მოხვეულ ციცაბო გზებზე ევლო. როგორც კი იესომ ბეთანიაში ჩააღწია, მართა მასთან შესახვედრად სოფლის შესასვლელისკენ გაეშურა. მოგვიანებით, როცა მარიამმა იესოს მოსვლის ამბავი გაიგო, ისიც მივიდა მის სანახავად (იოანე 10:40—42; 11:6, 17—20, 28, 29). უდავოა, იესოს იქ ყოფნა ძალიან ანუგეშებდა უზომოდ დამწუხრებულ დებს.
მგლოვიარისთვის ძალიან მანუგეშებელია, როცა მის გვერდით ვართ. სკოტი და ლიდია, რომლებსაც ექვსი წლის ვაჟი, ტეო, უბედური შემთხვევის დროს დაეღუპათ, იხსენებენ: „ჩვენ ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა გვჭირდებოდა. ისინი შუაღამისას პირდაპირ საავადმყოფოში მოვიდნენ“. რით ანუგეშეს მეგობრებმა? „იმ წუთებში არავის მოსმენა არ გვინდოდა. მათი გვერდით ყოფნა უკვე ყველაფრის მთქმელი იყო“.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც იესომ დაინახა, როგორ დასტიროდა ხალხი ლაზარეს, თვითონაც ‘აფორიაქდა და აცრემლდა’ (იოანე 11:33—35, 38). იესო არ ფიქრობდა, რომ მამაკაცისთვის სხვების თანდასწრებით ტირილი სირცხვილი იყო. მას ესმოდა ლაზარეს დების სატკივარი და მათ დარდს იზიარებდა. რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? როცა მგლოვიარეებთან მივდივართ, მათთან ერთად ტირილი არ უნდა მოგვერიდოს (რომაელები 12:15). მეორე მხრივ, თავი ვალდებულად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მგლოვიარეს ტირილისკენ მოვუწოდოთ. ზოგს განმარტოებით ტირილი ურჩევნია.
თანაგრძნობით მოუსმინეთ
მართასა და მარიამისთვის იესოს შესაძლოა მანუგეშებელი სიტყვების თქმა სურდა, მაგრამ იესომ მათ აცადა ლაპარაკი (იოანე 11:20, 21, 32). მართასთან საუბრის დროს იესომ ჯერ კითხვა დაუსვა მას და შემდეგ მოუსმინა (იოანე 11:25—27).
თუ კარგი მსმენელები ვიქნებით, მგლოვიარე იგრძნობს, რომ გულწრფელად ვიზიარებთ მის ტკივილს. მგლოვიარე რომ ვანუგეშოთ, უპირველესად ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. კარგი მსმენელები ვიქნებით, თუ მათ შეკითხვებს დავუსვამთ და გრძნობების გამოხატვის საშუალებას მივცემთ. მაგრამ თუ საუბარი არ სურთ, ნუ დააძალებთ. ისინი შესაძლოა ძალაგამოცლილები არიან და დასვენება სჭირდებათ.
ზოგი მგლოვიარე მწუხარებისგან ხევდება და ზოგჯერ ერთი და იმავეს მონოტონურად იმეორებს. ზოგი პირიქით, ემოციებს გამოხატავს. მარიამმა და მართამ იესოს უთხრეს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“ (იოანე 11:21, 32). რა გააკეთა იესომ? მან მოთმინებით მოუსმინა და უთანაგრძნო. იესოს არ უთქვამს მათთვის, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ უბედურებაზე. მას უეჭველად ესმოდა, რა მტკივნეული იყო მათთვის ძმის სიკვდილი.
თუ არ იცით, რა უთხრათ მგლოვიარეს, საუბარი შეგიძლიათ ასეთი შეკითხვით წამოიწყოთ: „გსურს ამაზე ლაპარაკი?“. შემდეგ კარგად მოუსმინეთ, სახეში უყურეთ და ეცადეთ, გაუგოთ მას.
ძნელია, გაუგო დამწუხრებულ ადამიანს. ლიდია გვიზიარებს: „რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩვენ სხვა რამის მოთხოვნილება გაგვიჩნდა. ზოგჯერ სხვების თანდასწრებით გაუთავებლად ვტიროდით. გვინდოდა, ჩვენთვის მოესმინათ და სანუგეშო სიტყვები ეთქვათ. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებდნენ, ჩვენს მდგომარეობაში რომ შესულიყვნენ“.
იესოს ბოლომდე ესმოდა ადამიანის გრძნობები. მან იცოდა, რომ ‘თითოეულს თავისი უბედურება და ტკივილი’ ჰქონდა (2 მატიანე 6:29). იესო მართასა და მარიამს სხვადასხვანაირად მიუდგა. მართა ლაპარაკობდა, ამიტომ საუბარში მას იესოც აჰყვა. მაგრამ მარიამთან იესოს დიდხანს არ ულაპარაკია, რადგან ის ტიროდა (იოანე 11:20—28, 32—35). რისი სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? შეიძლება უკეთესი იყოს, მგლოვიარეს მივცეთ ლაპარაკის საშუალება. მათთვის დიდად მანუგეშებელი იქნება, თუ მზად ვიქნებით მათ მოსასმენად.
სიტყვები, რომლებიც კურნავს
მარიამისა და მართას სიტყვები, „აქ რომ ყოფილიყავი“, იესოს საწყენად არ მიუღია, და არც ვინმესთვის დაუბრალებია დაგვიანება. მან დაამშვიდა მართა: „აღდგება შენი ძმა“ (იოანე 11:23). ამ რამდენიმე სიტყვამ მართა აღძრა, მომავლის იმედს ჩასჭიდებოდა და მკვდრეთით აღდგომის იმედი გაეხსენებინა.
მგლოვიარეებთან საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე გულწრფელ და გამამხნევებელ სიტყვასაც კი ბევრი რამ შეუძლია. სანუგეშო სიტყვების გადაცემა შეიძლება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. წერილებისა და ბარათების გადაკითხვა მრავალჯერ შეიძლება, ამიტომ მათი მეშვეობით მგლოვიარე არაერთხელ პოულობს ნუგეშს. ქმრის სიკვდილიდან ცხრა თვის შემდეგ ქეთიმ ხელმეორედ გადაიკითხა ყველა ბარათი. ის ამბობს: „ბარათები მაშინ უფრო მეტად დამეხმარა. ნამდვილი ნუგეში ვიგრძენი“.
რა შეგიძლიათ დაწეროთ სამგლოვიარო ბარათში? შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე შემთხვევა, რაც აწ გარდაცვლილთან გადაგხდათ, ან მოიხსენიოთ ის თვისება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდით მასში. ქეთი ამბობს: „როცა ბობზე თბილ სიტყვებსა და მისი ხასიათის ზოგიერთ თავისებურებაზე ვკითხულობდი, ხან სიცილი მინდებოდა, ხან ტირილი. მის კურიოზულ შემთხვევებზე ჩემთვის ვიცინოდი და მასთან გატარებულ ბედნიერ წუთებს ვიხსენებდი. ბარათებში ბიბლიური მუხლებიც იყო მითითებული, რომლებიც ძალიან შემიყვარდა“.
პრაქტიკული დახმარება
ლაზარეს ოჯახის დასახმარებლად იესომ ის გააკეთა, რასაც ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ. მან ლაზარეს სიცოცხლე დაუბრუნა (იოანე 11:43, 44). მაგრამ ჭირისუფალს რაღაცით მაინც შეგვიძლია დავეხმაროთ, მაგალითად, კერძი მოვუმზადოთ, სტუმრები დავაბინავოთ, სარეცხი გავურეცხოთ, ბავშვებს მივხედოთ, სადმე გავეგზავნოთ ან ტრანსპორტით მომსახურება შევთავაზოთ. ჭირისუფალი უეჭველად დააფასებს იმ ნამდვილ სიყვარულს, რომელიც უბრალო საქმეებში ვლინდება.
მგლოვიარეს ზოგჯერ შეიძლება მარტო დარჩენა სურდეს. და მაინც, შეგიძლიათ ინიციატივა გამოიჩინოთ მასთან დასაკავშირებლად. „მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება. ზოგი მალე გამოდის მდგომარეობიდან, ზოგი — გვიან“, — ამბობს შვილმკვდარი დედა. ზოგი იმახსოვრებს იმ მნიშვნელოვან თარიღებს, რომლებიც ჭირისუფლისა და გარდაცვლილის ცხოვრებას უკავშირდება, მაგალითად, ქორწინების წლისთავს ან სიკვდილის თარიღს. თუ ასეთ დროს მგლოვიარის გვერდით იქნებით, მძიმე წუთებში მას ნამდვილ მეგობრობას გაუწევთ (იგავები 17:17).
იესო მკვდრეთით აღდგომის იმედითაც ანუგეშებდა ხალხს. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოანე 11:11). იესო არწმუნებდა თავის მიმდევრებს, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა. როცა იესომ ჰკითხა მართას, სწამდა თუ არა ამის, მართამ მიუგო: „დიახ, უფალო“ (იოანე 11:24—27).
გწამთ, რომ იესო მკვდრებს აღადგენს? თუ გწამთ, აუცილებლად გაუზიარეთ ეს ძვირფასი იმედი მგლოვიარეებს. აღმოუჩინეთ მათ კონკრეტული დახმარება; თქვენი სიტყვები თუ საქმეები მათ დარდს შეუმსუბუქებს (1 იოანე 3:18).
[რუკა 9 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პერეა
მდინარე იორდანე
იერიხონი
ბეთანია
მარილოვანი ზღვა
იერუსალიმი
სამარია