ხართ თუ არა ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ღმერთმა შეიყვარა?
„ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს“ (იოანე 14:21).
1, 2. ა) როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული კაცობრიობისადმი? ბ) რა დააწესა იესომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს?
იეჰოვას უყვარს თავისი შექმნილი ადამიანები. სინამდვილეში, მას ისე ძლიერ უყვარს კაცობრიობა, „რომ მისცა თავისი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). რადგან ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ახლოვდება, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უწინდელზე უფრო მეტად უნდა გააცნობიერონ, რომ იეჰოვამ „შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მისატევებლად“ (1 იოანე 4:10).
2 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს იესო და მისი 12 მოციქული იერუსალიმში, ზემოთა ოთახში, შეიკრიბნენ პასექის აღსანიშნავად, რომელსაც ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლების გასახსენებლად ზეიმობდნენ (მათე 26:17—21). ამ ებრაული დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, იესომ დაითხოვა იუდა ისკარიოტელი და თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, რომელიც ქრისტიანებს უნდა აღენიშნათa. იესომ უფუარი პური და წითელი ღვინო გამოიყენა თავისი სხეულისა და სისხლის სიმბოლოებად და დარჩენილ 11 მოციქულთან ერთად მიიღო ისინი ამ სერობისას. თუ კიდევ რა მოიმოქმედა იესომ, ამის თაობაზე დაწვრილებით მოგვითხრობს მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები და პავლე მოციქული, რომელმაც ამ მოვლენას „უფლის სერობა“ (სსგ) უწოდა (1 კორინთელთა 11:20; მათე 26:26—28; მარკოზი 14:22—25; ლუკა 22:19, 20).
3. რა მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა იოანეს მონათხრობი იესოს მიერ თავის მოწაფეებთან ერთად ზემოთა ოთახში გატარებული უკანასკნელი წუთების შესახებ სხვა მონათხრობებისგან?
3 საინტერესოა, რომ იოანე მოციქულმა არ მოიხსენია პურისა და ღვინის სიმბოლოების გადაწოდების შემთხვევა. ალბათ იმიტომ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მან სახარება დაწერა (ახ. წ. დაახლოებით 98 წელს), ეს წესი უკვე კარგად იყო დამკვიდრებული პირველ ქრისტიანებს შორის (1 კორინთელთა 11:23—26). მაგრამ ღვთის შთაგონებით მხოლოდ იოანემ მოგვაწოდა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რაზე ისაუბრა და რა მოიმოქმედა იესომ უშუალოდ თავისი სიკვდილის გახსენების დაწესებამდე და მას შემდეგ. დაწვრილებით გადმოცემული ეს საინტერესო ინფორმაცია იოანეს სახარების არანაკლებ ხუთ თავს მოიცავს. ბიბლიის ეს მონაკვეთი ნათლად გვანახვებს, თუ როგორი ადამიანები უყვარს ღმერთს. მოდი უფრო ახლოს გავეცნოთ იოანეს სახარების მე-13-დან მე-17-ს ჩათვლით თავებს.
მიბაძეთ იესოს უბადლო სიყვარულში
4. ა) როგორ გაამახვილა ყურადღება იოანემ იმაზე, თუ რა იყო მსჯელობის ძირითადი საგანი, როდესაც იესო თავის მოწაფეებს შეხვდა და გახსენების საღამო დააწესა? ბ) რომელია ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რისთვისაც იეჰოვას იესო უყვარს?
4 ეს თავები ძირითადად სიყვარულზე ამახვილებს ყურადღებას და მოგვითხრობს, რა რჩევა მისცა განშორებისას იესომ თავის მიმდევრებს. სინამდვილეში, სიტყვა „სიყვარული“ სხვადასხვა ფორმით 31-ჯერ მოიხსენიება ბიბლიის ამ მონაკვეთში. თავისი მამის, იეჰოვასა და მოწაფეებისადმი იესოს ღრმა სიყვარული სხვაგან არსადაა ისე მკაფიოდ ნაჩვენები, როგორც ამ თავებში. იეჰოვასადმი იესოს სიყვარული მისი ცხოვრების შესახებ ოთხივე სახარების მონათხრობიდანაც ჩანს, მაგრამ მხოლოდ იოანე წერს, რომ იესომ დაუფარავად განაცხადა: „მამა მიყვარს“ (იოანე 14:31). იესომ ისიც თქვა, რომ იეჰოვას უყვარდა იგი და განმარტა კიდეც, თუ რატომ. მან თქვა: „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში“ (იოანე 15:9, 10). დიახ, იეჰოვას უყვარს თავისი ძე, რადგან ის უსიტყვოდ ემორჩილება მას. რა შესანიშნავი მაგალითია ეს იესო ქრისტეს ყველა მიმდევრისთვის!
5. როგორ დაგვანახვა იესომ თვალსაჩინოდ მოწაფეებისადმი თავისი სიყვარული?
5 თავისი მიმდევრებისადმი იესოს ღრმა სიყვარულზე იოანეს სახარების იმ მონაკვეთის დასაწყისშივე მახვილდება ყურადღება, რომელიც მოწაფეებთან იესოს უკანასკნელ შეხვედრაზე მოგვითხრობს. იოანე გვიყვება: „პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი: როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთისოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1). იმ ღირსსახსოვარ საღამოს იესომ თავის მოწაფეებს სხვებისთვის სიყვარულით მომსახურების დაუვიწყარი მისაბაძი მაგალითი მისცა. მან ფეხები დაბანა მათ. წესით, თითოეული მათგანი უნდა ყოფილიყო მზად, რომ ასეთი სახით მომსახურებოდა იესოსა და თავის ძმებს, მაგრამ თავი შეიკავეს ამისგან. როდესაც იესომ მოათავა ეს საქმე, რომელიც თავმდაბლობას მოითხოვდა, თავის მოწაფეებს მიმართა: „თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოანე 13:14, 15). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად უნდა იყვნენ და სიხარულითაც უნდა ემსახურონ თავიანთ ძმებს (მათე 20:26, 27; იოანე 13:17).
დაიცავით ახალი მცნება
6, 7. ა) გახსენების საღამოს დაწესებასთან დაკავშირებულ რა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იოანე დაწვრილებით? ბ) რა ახალი მცნება მისცა იესომ თავის მოწაფეებს და რა იყო ახალი ამ მცნებაში?
6 ზემოთა ოთახში 14 ნისანის ღამეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ იოანეს მონათხრობი მოიხსენიებს ხაზგასმით იუდა ისკარიოტელის წასვლას (იოანე 13:21—30). ამ შემთხვევის თაობაზე სხვადასხვა სახარებების მონათხრობთა შეჯამება ცხადყოფს, რომ იესომ მხოლოდ მას შემდეგ დააწესა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, რაც გამცემი იუდა წავიდა. შემდეგ ის ყველაფერზე დაწვრილებით ესაუბრა თავის ერთგულ მოციქულებს, განშორებისას კი რჩევები და მითითებები მისცა. რადგან გახსენების საღამოზე დასასწრებად ვემზადებით, უფრო მეტად გვმართებს 14 ნისანის საღამოს იესოს მიერ ნათქვამ სიტყვებზე დაფიქრება, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ჩვენ მთელი გულით გვინდა ერთ-ერთი იმათთაგანი ვიყოთ, ვინც ღმერთს უყვარს.
7 პირველი მითითება, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს გახსენების საღამოს დაწესების შემდეგ მისცა, სიახლე იყო მათთვის. მან აღნიშნა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). რა იყო ახალი ამ მცნებაში? იმავე საღამოს, ოდნავ მოგვიანებით, იესომ ნათელი მოჰფინა ამ საკითხს, როდესაც თქვა: „ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:12, 13). მოსეს რჯულის თანახმად ისრაელებს საკუთარი თავივით უნდა ‘ჰყვარებოდათ ახლობელი’ (ლევიანნი 19:18). მაგრამ იესოს მცნება უფრო მეტს მოიცავდა. ქრისტიანებს ისევე უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ისინი და მზად უნდა ყოფილიყვნენ, რომ საკუთარი სიცოცხლეც კი გაეღოთ თავიანთი ძმების გულისთვის.
8. ა) რა იგულისხმება თავგანწირულ სიყვარულში? ბ) როგორ ავლენენ იეჰოვას მოწმეები დღეს თავგანწირულ სიყვარულს?
8 გახსენების საღამოს აღნიშვნის პერიოდი სათანადო დროა იმისთვის, რომ პირადად თითოეულმა ჩვენგანმა, და მთლიანად კრებამ, შევამოწმოთ საკუთარი თავი და გამოვარკვიოთ, მართლაც გვაქვს თუ არა ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი — ისეთი სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ასეთ თავგანწირულ სიყვარულში შეიძლება ისიც იგულისხმებოდეს, რომ ქრისტიანმა საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდოს საფრთხეში, რათა თავისი ძმები არ გასცეს. ყოფილა შემთხვევები, რომ მართლაც საჭირო ყოფილა ასეთი თავგანწირულობის გამოვლენა. მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ასეთ სიყვარულში უმეტესწილად იგულისხმება ჩვენი მზადყოფნა, მსხვერპლად გავიღოთ პირადი მისწრაფებები, რათა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ძმებსა და სხვა ადამიანებს. მოციქულმა პავლემ ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა (2 კორინთელთა 12:15; ფილიპელთა 2:17). იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი თავგანწირვის სულისკვეთებით — ისინი ეხმარებიან თავიანთ ძმებსა და მოყვასს და ძალ-ღონეს არ იშურებენ მოძმეთათვის ბიბლიური ჭეშმარიტების სასწავლებლადb (გალატელთა 6:10).
მოუფრთხილდით ძვირფას ურთიერთობებს
9. რას ვაკეთებთ სიხარულით იმისთვის, რომ ღმერთთან და მის ძესთან ჩვენი ძვირფასი ურთიერთობა შევინარჩუნოთ?
9 იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, ჩვენდამი სიყვარულს არაფერი შეედრება. მაგრამ მათი სიყვარული რომ დავიმსახუროთ და ვიგრძნოთ, ჩვენც რაღაცის გაკეთება მოგვეთხოვება. თავის მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს, იესომ თქვა: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები“ (იოანე 14:21). რადგან დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან და მის ძესთან, სიხარულით ვასრულებთ მათ მცნებებს. ამაში შედის ის ახალი მცნებაც, რომელიც თავგანწირული სიყვარულის გამოვლენისკენ აღგვძრავს, და ის მითითება, ქრისტემ რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მისცა თავის მიმდევრებს — ‘ხალხისთვის ექადაგათ და დაემოწმებინათ’; ამასთანავე, ძალ-ღონე არ დაეშურებინათ იმ ადამიანების ‘მოსამოწაფებლად’, რომლებიც სასიხარულო ცნობას კეთილგანწყობით გამოეხმაურებოდნენ (საქმეები 10:42; მათე 28:19, 20).
10. რა ძვირფასი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ სულითცხებულებსა და „სხვა ცხვრებს“?
10 იმავე საღამოს, მოგვიანებით, ერთგულ მოციქულ იუდას (თადეოზის) მიერ დასმულ კითხვაზე იესომ ასე უპასუხა: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“ (იოანე 14:22, 23). თუმცა ზოგი ცხებული ქრისტიანი, რომლებიც ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფობისთვის არიან მოწოდებული, ჯერ კიდევ დედამიწაზე იმყოფება, მათ განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ იეჰოვასა და მის ძესთან (იოანე 15:15; 16:27; 17:22; ებრაელთა 3:1; 1 იოანე 3:2, 24). მაგრამ მათ თანამსახურ „სხვა ცხვრებსაც“ — რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ — ძვირფასი ურთიერთობა აქვთ თავიანთ ‘ერთ მწყემსთან’, იესო ქრისტესთან, და თავიანთ ღმერთთან, იეჰოვასთან. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მორჩილნი იქნებიან (იოანე 10:16; ფსალმუნი 14:1—5; 24:14).
თქვენ არ ხართ წუთისოფლისანი
11. რა გამომაფხიზლებელი გაფრთხილება მისცა იესომ თავის მოწაფეებს?
11 სიკვდილის წინ ერთგულ მოწაფეებთან საბოლოო შეხვედრისას იესომ გამომაფხიზლებელი გაფრთხილება მისცა მათ: თუ რომელიმე ადამიანი ღმერთს უყვარს, მას წუთისოფელი შეიძულებს. მან თქვა: „თუ თქვენ წუთისოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ“ (იოანე 15:18—20).
12. ა) რატომ გააფრთხილა იესომ მოწაფეები, რომ წუთისოფელი შეიძულებდა მათ? ბ) რაზე დაფიქრება იქნებოდა ყველასთვის სასარგებლო ახლა, როცა გახსენების საღამო ახლოვდება?
12 იესომ იმიტომ მოგვცა ეს გაფრთხილება, რომ არც ამ თერთმეტ მოციქულსა და არც იმ ადამიანებს, ვინც მოგვიანებით გახდებოდნენ ქრისტიანები, გული არ გასტეხოდათ და ხელები არ ჩამოეყარათ წუთისოფლის მხრიდან სიძულვილის გამო. მან დასძინა: „ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ (რწმენაში). სინაგოგიდან მოგკვეთენ, მაგრამ მოდის ჟამიც, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება. ასე მოგექცევიან, რადგან არ იცნეს არც მამა, არც მე“ (იოანე 16:1—3). ბიბლიის ერთი ლექსიკონის თანახმად ამ მუხლში „დაბრკოლებად“ გადმოთარგმნილი ზმნის ერთ-ერთი ფორმა ნიშნავს „ვინმეში უნდობლობის ჩათესვას, მის ჩამოშორებას იმ პიროვნებისგან, ვისადმიც ნდობა და მორჩილება უნდა გამოევლინა; ამ პიროვნებისთვის ზურგის შექცევას“. რადგან გახსენების საღამო ახლოვდება, კარგი იქნებოდა, რომ ყველანი დავფიქრებულიყავით ძველად და ამჟამად მცხოვრები ერთგული მამაკაცებისა და ქალების ცხოვრებაზე, და განსაცდელების დროს მათსავით გამოგვევლინა სიმტკიცე. ნუ მისცემთ წინააღმდეგობას ან დევნას იმის საშუალებას, რომ იეჰოვასა და იესოს ჩამოგაშოროთ; პირიქით — მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ მიენდოთ და დაემორჩილოთ მათ.
13. რა შესთხოვა იესომ ლოცვაში თავის მამას თავისი მიმდევრებისთვის?
13 ვიდრე იერუსალიმში მდებარე ამ ზემოთა ოთახს დატოვებდა, იესომ ლოცვით მიმართა თავის მამას: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან. ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14—16). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა სათუთად ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვინც უყვარს, რათა ძალები შემატოს მათ — ისინი ხომ ყოველმხრივ ცდილობენ, წუთისოფლისგან გამოცალკევებული დარჩნენ (ესაია 40:29—31).
დარჩით მამისა და ძის სიყვარულში
14, 15. ა) რას შეადარა იესომ საკუთარი თავი, რაც ‘გადაჯიშებული ვაზისგან’ სრულიად განსხვავდებოდა; ვინ იგულისხმება ამ ‘გადაჯიშებულ ვაზში’? ბ) ვინ არიან ‘ჭეშმარიტი ვაზის ლერწები’?
14 ერთგულ მოწაფეებთან მეგობრული საუბრისას 14 ნისანის ღამეს იესომ საკუთარი თავი ‘ჭეშმარიტ ვაზს’ შეადარა, რაც სრულიად განსხვავდებოდა ორგულ ისრაელებთან გაიგივებული ‘გადაჯიშებული ვაზისგან’. მან თქვა: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია“ (იოანე 15:1). საუკუნეებით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იეჰოვას მიერ თავისი ორგული ხალხისადმი ნათქვამი სიტყვები ჩაწერა: „მე დავრგე რჩეულ ვენახად... როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!“ (იერემია 2:21). ხოლო ოსია წინასწარმეტყველმა დაწერა: „დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა... ორგულნი არიან“ (ოსია 10:1, 2).
15 ნაცვლად იმისა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისცემის ღირსი ნაყოფი მოეცა, ისრაელი განდგომილი გახდა და ნაყოფიც შესაბამისი გამოიღო. ერთგულ მოწაფეებთან საბოლოოდ შეხვედრამდე სამი დღით ადრე იესომ თვალთმაქც ებრაელ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ (მათე 21:43). ეს ახალი ერი 144000 ცხებული ქრისტიანისგან შემდგარი „ღვთის ისრაელია“, ისინი ‘ჭეშმარიტი ვაზის’ — ქრისტე იესოს — ‘ლერწებს’ არიან შედარებული (გალატელთა 6:16; იოანე 15:5; გამოცხადება 14:1, 3).
16. რისკენ მოუწოდა იესომ ერთგულ 11 მოციქულს, და რა შეგვიძლია ვთქვათ ამ უკანასკნელ ჟამს მცხოვრები ერთგული დარჩენილი ნაწილის შესახებ?
16 ზემოთა ოთახში თავისთან მყოფ 11 მოციქულს იესომ უთხრა: „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი — თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით“ (იოანე 15:2, 4). იეჰოვას ხალხის თანამედროვე ისტორია ცხადყოფს, რომ ცხებულ ქრისტიანთა ერთგული დარჩენილი ნაწილი თავიანთ „თავთან“, ქრისტე იესოსთან, ერთობაში დარჩა (ეფესელთა 5:23). ისინი მორჩილად შეხვდნენ განწმენდისა და გადახალისების პროცესს (მალაქია 3:2, 3). 1919 წლიდან მოყოლებული მათ უხვი ნაყოფი გამოაქვთ სამეფოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში. თავდაპირველად ეს ნაყოფი სხვა დანარჩენი ცხებული ქრისტიანები იყვნენ, ხოლო 1935 წლის შემდეგ კი დღითიდღე მზარდი მათი თანამსახური „უამრავი ხალხი“ (გამოცხადება 7:9; ესაია 60:4, 8—11).
17, 18. ა) იესოს რომელი სიტყვები ეხმარება ცხებულებსა და სხვა ცხვრებს იმაში, რომ დარჩნენ იეჰოვას სიყვარულში? ბ) როგორ დაგვეხმარება გახსენების საღამოზე დასწრება?
17 იესოს შემდეგი სიტყვები ყველა ცხებულ ქრისტიანსა და მათ თანამსახურს ეხება: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში“ (იოანე 15:8—10).
18 ჩვენ ყველას გვსურს ღვთის სიყვარულში დარჩენა და ამიტომაც ძალიან გვინდა, რომ გამრჯე ქრისტიანები ვიყოთ. გამრჯეები კი მაშინ ვიქნებით, თუ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ საქადაგებლად (მათე 24:14, აქ). ასევე ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ ცხოვრებაში „სულის ნაყოფის“ გამოვლენას (გალატელთა 5:22, 23). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დასწრება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ზემოთქმულის თანახმად მოვიქცეთ, რადგან ეს საღამო ღვთისა და ქრისტეს ჩვენდამი გამოვლენილ დიდ სიყვარულს შეგვახსენებს (2 კორინთელთა 5:14, 15).
19. კიდევ როგორი დახმარების შესახებ გვექნება მსჯელობა მომდევნო სტატიაში?
19 გახსენების საღამოს დაწესების შემდეგ, იესო ერთგულ მიმდევრებს შეჰპირდა, რომ თავისი მამა „დამხმარეს, ანუ სულიწმიდას“ (აქ) გაუგზავნიდა მათ (იოანე 14:26). თუ როგორ ეხმარება ეს სული ცხებულებსა და სხვა ცხვრებს იეჰოვას სიყვარულში რომ დარჩნენ, მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a ბიბლიაზე დაფუძნებული გამოთვლის თანახმად, 2002 წელს 14 ნისანი იწყება 28 მარტს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. ამ საღამოს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები შეიკრიბებიან, რათა უფალ იესო ქრისტეს სიკვდილი გაიხსენონ.
b იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, მე-19 და 32-ე თავები (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ ინგლისურ და მრავალ სხვა ენაზე).
გასამეორებელი კითხვები
• რა პრაქტიკული მაგალითი მისცა იესომ თავის მოწაფეებს სხვების სიყვარულით მომსახურებაში?
• რა სახის თვითშემოწმების ჩასატარებლად არის გახსენების საღამოს აღნიშვნის პერიოდი შესაფერისი დრო?
• რატომ არ უნდა დაგვაბრკოლოს წუთისოფლის მხრიდან სიძულვილისა და დევნის თაობაზე იესოს მიერ მოცემულმა გაფრთხილებამ?
• ვინ არის ჭეშმარიტი ვაზი? ვინ არიან ლერწები და რა მოეთხოვებათ მათ?
[სურათი 15 გვერდზე]
იესომ თავის მოციქულებს დაუვიწყარი მისაბაძი მაგალითი მისცა სხვების სიყვარულით მომსახურებაში.
[სურათები 16, 17 გვერდებზე]
ქრისტეს მოწაფეები ასრულებენ მის მცნებას და თავგანწირულ სიყვარულს ავლენენ.