ვინ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი
კაცობრიობის თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ. მთელ მსოფლიოში იმდენ ღმერთსა და ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომ შეუძლებელია მათი ზუსტი რიცხვის დადგენა — მაგრამ ცნობილი ერთია: ეს რიცხვი მილიონებს აღწევს.
რადგანაც უკვე დავამტკიცეთ, რომ ღმერთი არსებობს, იბადება კითხვა: რომელია ჭეშმარიტი იმ ღმერთებიდან, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ და ეთაყვანებიან მთელი დედამიწის ზურგზე? ფაქტი, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ნათლად არის ნაჩვენები ბიბლიაში, კერძოდ კი, იოანეს 17:3-ში: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“.
პირადი სახელი
გონივრულია, რომ ნებისმიერ ღმერთს უნდა ჰქონდეს პირადი სახელი, რომელიც მას სხვა ღმერთებისგან განასხვავებს და ის თვითონ ღმერთის მიერ არჩეული უნდა იყოს, და არა მისი თაყვანისმცემლების მიერ მოგონილი.
მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით დამაფიქრებელ ფაქტს ვაწყდებით. იმ დროს, როდესაც ცნობილი რელიგიების უმრავლესობა თავიანთ ღმერთებს სახელებს არქმევს, იუდეველები და ქრისტიანული სამყაროს მთავარი ეკლესიები არ იყენებენ თაყვანისცემაში თავიანთი ღმერთის სახელს. ნაცვლად ამისა, ისინი მიმართავენ ღმერთს, როგორც უფალი, ღმერთი, ყოვლისშემძლე და მამა.
პუბლიკაციაში „ღვთისმეტყველება“ (Theology) ავტორმა დეივიდ კლაინსმა თქვა: „ძვ. წ. დაახლოებით V—II საუკუნეებში ღმერთს უბედურება შეემთხვა: სახელი დაკარგა. უფრო სწორად, იუდეველებმა შეწყვიტეს ღვთის პირადი სახელის, იაჰვეს, გამოყენება და ღმერთს სხვადასხვა პერიფრაზებით მიმართავდნენ, მაგალითად: ღმერთი, უფალი, სახელი, წმინდა, თანდასწრება და ადგილიც კი. თვით ბიბლიაშიც, სადაც იაჰვე ეწერა, მკითხველები ადონაის წარმოთქვამდნენ. ტაძრის საბოლოო დაცემასთან ერთად შეწყდა იშვიათი ლიტურგიებიც, რომლის დროსაც ღვთის სახელს იყენებდნენ. დავიწყებას მიეცა სახელის წარმოთქმა“. მაგრამ ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, როდის შეწყვიტეს ორთოდოქსულმა იუდეველებმა ღვთის სახელის წარმოთქმა და როდის შეცვალებს ის სიტყვებით: „ღმერთი“ და „უზენაესი უფალი“.
ასე რომ, როგორც ჩანს, ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის’ ამოსაცნობად უპირველესი ნაბიჯი იქნებოდა, გაგვეგო მისი სახელი. ამის დადგენა ძნელი როდია, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთის, შემოქმედის, სახელი გასაგებად წერია როგორც ბიბლიის დედანში, ისე დედნიდან გაკეთებულ მრავალ თარგმანში, მაგალითად დეკანოზ გერასიმ პავსკის რუსულ თარგმანში ფსალმუნის 82:19-ში ვკითხულობთ: „და იცოდნენ, რომ შენ, რომლის სახელიც იეჰოვაა, ერთი ხარ უზენაესი დედამიწასა ზედა“.
იეჰოვა თუ იაჰვე?
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა თარგმანებში გვხვდება სახელი იეჰოვა, ზოგი მის ნაცვლად იაჰვეს გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას. რომელია სწორი?
ბიბლიის უძველესი ხელნაწერების უმეტესი ნაწილი ებრაულ ენაზე დაიწერა. ებრაულ წერილებში ღვთის სახელი თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება და ოთხი თანხმოვნით (ჲჰვჰ) გადმოიცემა. ეს ოთხთანხმოვნიანი სიტყვა, ჩვეულებრივ, ტეტრაგრამატონად ან ტეტრაგრამად არის ცნობილი, რაც ორი ბერძნული სიტყვის „ოთხი ასოს“ მნიშვნელობიდან მომდინარეობს. ახლა ღვთის სახელის ზუსტი წარმოთქმაა გასარკვევი, რადგან ძველი ებრაული მხოლოდ თანხმოვნებით იწერებოდა, ხმოვნების გარეშე. ასე რომ, ტეტრაგრამატონის იაჰვედ ან იეჰოვად წარმოთქმა იმაზეა დამოკიდებული, რომელ ხმოვნებს გამოიყენებს მკითხველი ოთხ თანხმოვანთან. დღეისათვის ძველი ებრაულის მრავალი სპეციალისტი უპირატესობას იაჰვეს ანიჭებს და მას სწორ გამოთქმად მიიჩნევს.
მაგრამ ლოგიკა „იეჰოვას“ ემხრობა. რატომ? ჯერ ერთი, ღვთის სახელის ეს ფორმა „იეჰოვა“ დიდი ხანია, რაც გამოიყენება. და მეორეც, ისინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელის ასეთ წარმოთქმას, უნდა შეეწინააღმდეგონ ისეთი ცნობილი სახელების წარმოთქმასაც, როგორიცაა: იერემია და თვით იესოც. მაშინ იერემია უნდა შეცვლილიყო „ჲირმეჲათი“ ან „ჲირმეჲაჰუთი“, როგორც ამას თავდაპირველად ებრაელები წარმოთქვამდნენ, ხოლო იესო — „ჲეშუათი“ (ებრაულად) ან „ჲესუსით“ (ბერძნულად). აქედან გამომდინარე, ბიბლიის მრავალ მკვლევარს, იეჰოვას მოწმეების ჩათვლით, მიაჩნია, რომ ლოგიკა მხარს უჭერს უკვე საკმაოდ გავრცელებულ ფორმას — „იეჰოვა“ — და მის ეკვივალენტურ ფორმებს სხვა ენებში.
აქვს რაიმე მნიშვნელობა?
ზოგი შეიძლება ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა არა აქვს სახელით მიმართავ ყოვლისშემძლე ღმერთს, თუ არა. ისინი იმითაც კმაყოფილდებიან, რომ მოიხსენიონ მამად ან, უბრალოდ, ღმერთად. მაგრამ არც ერთი მათგანი სახელი არ არის. ეს სიტყვები არც თვისებებს ცხადყოფს და არც სხვა ღმერთებისგან განასხვავებს. ბიბლიურ დროში სიტყვა ღმერთი (ებრაულად „ელოჰიმ“) გამოიყენებოდა ნებისმიერი ღმერთის მიმართ, თვით წარმართი ფილისტიმელების ღმერთ დაგონის მიმართაც (მსაჯულნი 16:23, 24). ამგვარად, თუ ებრაელი ფილისტიმელს ეტყოდა, რომ „ღმერთს“ ეთაყვანებოდა, ვერ მიახვედრებდა, რომ ჭეშმარიტ ღმერთზე იყო საუბარი.
1874 წელს გამოცემულ ბიბლიურ ლექსიკონში საინტერესო შენიშვნაა მოცემული: «[იეჰოვა] ყველგან საკუთარი სახელია, რომელიც მხოლოდ ცოცხალ ღმერთზე მიუთითებს; მაშინ როცა ელოჰიმ უფრო მეტად საზოგადო სახელია და, ჩვეულებრივ, თუმცა არა აუცილებლად და არც ყოველთვის, უზენაესს აღნიშნავს. . . ებრაელმა შეიძლება თქვას „ელოჰიმ“ განსაზღვრული არტიკლით, ჭეშმარიტი ღვთის მნიშვნელობით, რათა ის ყველა ცრუ ღმერთისგან განასხვაოს; მაგრამ ის არასოდეს გამოიყენებს განსაზღვრულ არტიკლს იეჰოვასთან, რადგან იეჰოვა მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის სახელია. მან შეიძლება თქვას „ჩემი ღმერთი“. . . მაგრამ არასოდეს იტყვის „ჩემი იეჰოვა“, რადგან როდესაც ამბობს „ჩემი ღმერთი“, იეჰოვას გულისხმობს. ებრაელმა შეიძლება თქვას „ისრაელის ღმერთი“, მაგრამ არასოდეს იტყვის „ისრაელის იეჰოვას“, რადგან სხვა იეჰოვა არ არსებობს. მან შეიძლება თქვას „ცოცხალი ღმერთი“, მაგრამ არასოდეს იტყვის „ცოცხალ იეჰოვას“, რადგან იეჰოვა სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია» (The Imperial Bible–Dictionary).
ჭეშმარიტი ღმერთის თვისებები
რასაკვირველია, მხოლოდ სახელის ცოდნა არ ნიშნავს, რომ პიროვნებას ვიცნობთ კარგად. მრავალმა ჩვენგანმა ვიცით გამოჩენილი პოლიტიკოსების სახელები. შეიძლება ვიცით სხვა ქვეყნებში მცხოვრები ცნობილი ადამიანების სახელებიც. მაგრამ მათი სახელების მხოლოდ ცოდნა და სწორად წარმოთქმა არ ნიშნავს, რომ ვიცნობთ მათ და ვიცით, როგორი პიროვნებები არიან. მსგავსად ამისა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი რომ გავიცნოთ, უნდა გავიგოთ, როგორი თვისებები აქვს მას.
თუმცა ადამიანი ვერასოდეს იხილავს ჭეშმარიტ ღმერთს, მან ბიბლიაში მრავალი რამ ჩაწერა თავისი თვისებების შესახებ (გამოსვლა 33:20; იოანე 1:18). ღვთის შთაგონებით ზოგმა ებრაელმა წინასწარმეტყველმა ყოვლისშემძლე ღმერთის ზეციერი ეზოები იხილა. ის, რაც მათ აღწერეს ასახავს არა მარტო მის ღირსებას, მოწიწების მომგვრელ სიდიადესა და სიძლიერეს, არამედ მის სიმშვიდეს, უშფოთველობას, ბრწყინვალებასა და მშვენიერებას (გამოსვლა 24:9–11; ესაია 6:1; ეზეკიელი 1:26–28; დანიელი 7:9; გამოცხადება 4:1–3).
მოსესთვის ცნობილი იყო იეჰოვა ღმერთის ზოგიერთი მიმზიდველი და სასიამოვნო თვისება, როგორც ეს ჩაწერილია გამოსვლის 34:6, 7-ში: ‘უფალი, უფალი! ღმერთი მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი. შემნახავი სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელი’. არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ღვთის ამ თვისებების ცოდნა დაგვაახლოვებს მასთან და მისი პიროვნების შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილს აღგვიძრავს?
მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ შეძლებს იეჰოვა ღმერთის ხილვას მისი ბრწყინვალე დიდებით, ბიბლიაში წერია, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ ნამდვილად აირეკლა თავისი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, თვისებები. ერთხელ იესომ თქვა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს“ (იოანე 5:19).
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესოს მიერ გამოვლენილი სიკეთე, თანაგრძნობა, ლმობიერება, სითბო, სამართლიანობის ძლიერი სიყვარული და ბოროტების სიძულვილი ის თვისებებია, რომლებიც იესომ მამამისში, იეჰოვა ღმერთში იხილა, როდესაც დედამიწაზე მოსვლამდე მასთან — მის ზეციერ ეზოებში — იმყოფებოდა. ამიტომ, როდესაც ვეცნობით იეჰოვას სახელის სრულ მნიშვნელობას, უეჭველად, მყარი საფუძველი გვაქვს, გვიყვარდეს და განვადიდოთ ეს წმინდა სახელი, ხოტბა შევასხათ და მივენდოთ მას.
ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ამგვარად გაცნობა ნამდვილად უსასრულო პროცესია, როგორც ეს გარკვევით ჩანს იოანეს 17:3-დან, „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) თანახმად. ამ თარგმანში დამხმარეა ის, რომ სახელზმნა „გაცნობა“ მარტივი განუსაზღვრელი დროის ნაცვლად გამოყენებულია აწმყო განგრძობით დროში. აქედან გამომდინარე, ვკითხულობთ: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“. დიახ, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, და მისი ძის, იესო ქრისტეს, გაცნობა მარადიული პროცესია, რომელიც არასოდეს უნდა დამთავრდეს.
რა ვიცით ჭეშმარიტ ღმერთზე
ამგვარად, ჭეშმარიტ ღმერთს ადვილად განვასხვავებთ მრავალი ცრუ ღმერთისგან. ის სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედია, რომელმაც შექმნა დედამიწა და მასზე ადამიანი დაასახლა. მას აქვს შეუდარებელი პირადი სახელი, იეჰოვა ან იაჰვე. ის არ წარმოადგენს საიდუმლო სამერთიანი ღვთის, ანუ სამების, ნაწილს. ის სიყვარულის ღმერთია და ადამიანისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. ამავე დროს, ის სამართლიანიცაა და უსასრულოდ არ მოუთმენს მათ, რომლებიც უმოწყალოდ სპობენ დედამიწას, აჩაღებენ ომებს და აღვივებენ ძალადობას.
იეჰოვა გვამცნობს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ არა მარტო აღგვის ბოროტებასა და ტანჯვა-წამებას დედამიწიდან, არამედ სამოთხედაც კი გადააქცევს მას, სადაც გულწრფელი ადამიანები მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებენ (ფსალმუნი 36:10, 11, 29, 34). ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი ძე, იესო, ღვთის სამეფოს ზეციერ მეფედ დანიშნა და ის მალე შეგვიყვანს ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში და დედამიწაზე სამოთხის პირობებს აღადგენს (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10).
ვიმედოვნებთ, რომ ახლა უფრო ადვილად უპასუხებთ შეკითხვას: ნამდვილად არსებობს ღმერთი? და ადვილად დაასახელებთ ჭეშმარიტ ღმერთს.
[სურათი 7 გვერდზე]
იესო ქრისტემ იეჰოვას ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უწოდა.