მღვდელმთავარი, რომელმაც მსჯავრი დასდო იესოს
ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წლის ნოემბერში ერთი მამაკაცი, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქის ძველი ნაწილიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარე პარკში და გზაზე მუშაობდა, საოცარ რამეს წააწყდა. მოულოდნელად ტრაქტორმა ძველი სამარხის სარქველი ჩაანგრია. ძვ. წ. პირველი საუკუნიდან ახ. წ. პირველი საუკუნის ჩათვლით ეს ტერიტორია უზარმაზარ ნეკროპოლად გამოიყენებოდა. მართლაც ძალიან საინტერესოა, თუ რა აღმოაჩინეს ამ სამარხში არქეოლოგებმა.
სამარხში 12 ოსუარიუმი ანუ მიცვალებულის ძვლების დასამარხავი სათავსი იყო; ამ ოსუარიუმებში გარდაცვლილთა ძვლები მას შემდეგ იყო ჩალაგებული, რაც სამარხში დაახლოებით წელიწადის განმავლობაში დასვენების შედეგად ხორცი უკვე გაიხრწნა. ერთ-ერთი შესანიშნავად მოჩუქურთმებული ოსუარიუმის (ოდესმე ნაპოვნ ოსუარიუმთაგან ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო) გვერდზე გაკეთებული იყო წარწერა: „იეჰოსეფ ბარ კაიაფა“ (იოსებ კაიაფას ძე).
ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ეს სამარხი მიეკუთვნება მღვდელმთავარს, რომელიც თავმჯდომარეობდა ყველაზე მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს — იესო ქრისტეს გასამართლებას. იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამ მღვდელმთავარს „კაიაფად წოდებულ იოსებად“ მოიხსენიებს. წმინდა წერილებში კი ის, უბრალოდ, კაიაფად არის წოდებული. რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ კაცის პიროვნებით? რამ აღძრა ის, რომ მსჯავრი დაედო იესოსთვის?
ოჯახი და წარმომავლობა
კაიაფას ცოლად ჰყავდა ანას, ასევე მღვდელმთავრის, ასული (იოანე 18:13). მათი დაქორწინების საკითხი, ალბათ, წლების განმავლობაში წყდებოდა, რადგან ორივე ოჯახს სურდა, რომ ეს კავშირი ხელსაყრელი ყოფილიყო. ისინი ძირფესვიანად იკვლევდნენ ერთმანეთის წარმომავლობას, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ მეორე მხარის სამღვდელო ხაზის სიწმინდეში. როგორც ჩანს, ორივე ოჯახი მდიდარი და არისტოკრატული იყო; მათი შემოსავლის წყარო, ალბათ, იერუსალიმის მიდამოებში არსებული დიდი მამულები გახლდათ. ანას, ეჭვგარეშეა, სურდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მომავალი სიძე სანდო პოლიტიკური მოკავშირე იქნებოდა. ანა და კაიაფა, როგორც ჩანს, სადუკეველთა გავლენიანი სექტის წევრები იყვნენ (საქმეები 5:17).
როგორც გამოჩენილი სამღვდელო ოჯახის წევრი, კაიაფა მიიღებდა ბიბლიურ განათლებას და მას ასწავლიდნენ ებრაული წერილების ახსნა-განმარტებებს. ტაძარში მსახურებას იგი 20 წლის ასაკში დაიწყებდა, მაგრამ ის, თუ როდის გახდა მღვდელმთავარი — უცნობია.
მღვდელმთავრები და უფროსი მღვდლები
თავიდან მღვდელმთავრობა მემკვიდრეობით გადადიოდა და მღვდელმთავარი მთელი ცხოვრება მსახურობდა ამ თანამდებობაზე. მაგრამ ძვ. წ. მეორე საუკუნეში მღვდელმთავრობა ხასმონელებმა ჩაიგდეს ხელშიa. ჰეროდე დიდი ნიშნავდა და ათავისუფლებდა მღვდელმთავრებს, რითაც ცხადყოფდა, რომ ფაქტობრივად თავად მართავდა მათ. ამავეს აკეთებდნენ რომის მიერ დანიშნული მმართველებიც.
ამ მოვლენათა განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც საღვთო წერილი „უფროს მღვდლებად“ მოიხსენიებს (მათე 26:3, 4). კაიაფას გარდა, ამ ჯგუფში შედიოდნენ ყოფილი მღვდელმთავრები, მაგალითად ანა, რომელიც გადამდგარი იყო, მაგრამ მღვდელმთავრის ტიტული შენარჩუნებული ჰქონდა. ამ ჯგუფში აგრეთვე შედიოდნენ თანამდებობაზე მყოფი მღვდელმთავრისა და ყოფილი მღვდელმთავრების ახლო ნათესავები.
რომაელები იუდეველთა არისტოკრატიას, რომელშიც უფროსი მღვდლებიც შედიოდნენ, ნებას რთავდნენ, ეზრუნათ ყოფითი საკითხების მოგვარებაზე. ეს რომს საშუალებას აძლევდა, ეკონტროლებინა იუდეის პროვინცია და იქიდან გადასახადები ისე აეღო, რომ ამ რეგიონში მრავალი ჯარისკაცის გაგზავნა არ დასჭირვებოდა. რომი იუდეველთა მმართველი წრისგან მოელოდა, რომ შეენარჩუნებინა წესრიგი და დაეცვა რომის ინტერესები. რომის მთავრობას სულაც არ მოსწონდა იუდეველი წინამძღოლები, რომლებიც რომის მმართველობის წინააღმდეგ იყვნენ, მაგრამ ორივეს ინტერესებში შედიოდა, ეთანამშრომლათ და სტაბილური მთავრობა ჰყოლოდათ.
კაიაფას დროისთვის მღვდელმთავარი იუდეის პოლიტიკური წინამძღოლი იყო. ანა ამ თანამდებობაზე ახ. წ. 6 ან 7 წელს კვირინიუსმა, სირიის რომაელმა მმართველმა, დანიშნა. რაბინული ტრადიციები იმაზე მიუთითებს, რომ მმართველობის სათავეებში მყოფ იუდეველ არისტოკრატთა ოჯახებს სიხარბე, ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძალადობა ახასიათებდათ. ერთ–ერთი მწერალი ვარაუდობს, რომ მღვდელმთავარი ანა ყველაფერს გააკეთებდა, რათა მისი სიძე „მალე წაწეულიყო წინ იერარქიულ საფეხურებზე; რაც უფრო მაღალი მდგომარეობა ექნებოდა კაიაფას, მით უფრო სასარგებლო იქნებოდა ეს თავად ანასთვისაც“.
დაახლოებით ახ. წ. 15 წელს ვალერიუს გრეტუსმა, იუდეის მმართველმა, ანა თანამდებობიდან გადააყენა. შემდეგ კი მღვდელმთავრის ადგილი ერთმანეთის მიყოლებით დროის მოკლე პერიოდით დაიკავა სამმა პიროვნებამ, მათ შორის ანას ერთ–ერთმა ვაჟმა. კაიაფა დაახლოებით ახ. წ. 18 წელს გახდა მღვდელმთავარი. პონტიუს პილატეს, რომელიც იუდეის მმართველად ახ. წ. 26 წელს დაინიშნა, ის ამ თანამდებობაზე მთელი თავისი ათწლიანი მმართველობის განმავლობაში ჰყავდა. კაიაფას მღვდელმთავრობის პერიოდი მოიცავდა იესოსა და მისი პირველი მოწაფეების მსახურების პერიოდს. კაიაფა მტრულად იყო განწყობილი ქრისტიანული ცნობის მიმართ.
მას იესოსიც ეშინოდა და რომისაც
კაიაფა იესოს საშიშ შფოთისთავად მიიჩნევდა. იესო საკამათოს ხდიდა შაბათის შესახებ სამღვდელო იერარქიის ახნა–განმარტებებს; მან აგრეთვე ვაჭრები და ფულის გადამცვლელები ტაძრიდან განდევნა და მათ უთხრა, რომ ღვთის ტაძარი „ყაჩაღების ბუნაგად“ აქციეს (ლუკა 19:45, 46). ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ტაძრის ბაზრები ანას ოჯახის მფლობელობაში შედიოდა და, შესაძლოა, ეს იყო იმის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კაიაფა იესოს დადუმებას ცდილობდა. როდესაც უფროსმა მღვდლებმა იესოს დასაპატიმრებლად მცველები გაგზავნეს, ეს უკანასკნელნი იესოს სიტყვებით ისე გაოცებულნი დარჩნენ, რომ უკან ხელცარიელნი დაბრუნდნენ (იოანე 2:13—17; 5:1—16; 7:14—49).
განვიხილოთ, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც იუდეველთა წინამძღოლებმა იესოს მიერ ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ გაიგეს. იოანეს სახარებაში ნათქვამია: «უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს და ამბობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“» (იოანე 11:47, 48). სინედრიონი იესოში რელიგიური მმართველობისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საშიშროების შემქმნელს ხედავდა; ამაზე პასუხისმგებლობა კი პილატეს მათთვის ჰქნოდა დაკისრებული. ნებისმიერი სახალხო მოძრაობის გამო, რომელსაც შფოთის გამომწვევად ჩათვლიდნენ, რომაელებს შეეძლოთ ჩარეულიყვნენ იუდეველთა საქმეებში, ხოლო სინედრიონს, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, სურდა, თავიდან აერიდებინა ეს.
კაიაფას არ შეეძლო უარეყო ის, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, მაგრამ არ სურდა მისადმი რწმენის გამოვლენა. ის საკუთარი მდგომარეობისა და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. როგორ შეეძლო მას ეღიარებინა, რომ ლაზარე მკვდრეთით იქნა აღდგენილი? მას, სადუკეველს, ხომ არ სწამდა მკვდრეთით აღდგომა?! (საქმეები 23:8).
კაიაფას ბოროტება გამოაშკარავდა, როდესაც მან თავის თანამმართველებს უთხრა: „არც არაფერი გაგეგებათ და ვერც მიმხვდარხართ, რომ თქვენთვის უკეთესია, ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“. შემდეგ ვკითხულობთ: „ეს თავისით არ უთქვამს, არამედ, რადგან მღვდელმთავარი იყო იმ წელს, იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის უნდა მომკვდარიყო, და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღვთის გაფანტული შვილები ერთად შეეკრიბა. იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი [იესო]“ (იოანე 11:49—53).
კაიაფას ბოლომდე არ ესმოდა თავისი სიტყვების მნიშვნელობა. იმის გამო, რომ ის მღვდელმთავარი იყო, მან წინასწარმეტყველება წარმოთქვაb. იესოს სიკვდილი მართლაც სარგებლობის მომტანი იქნებოდა, მაგრამ არა მარტო იუდეველებისთვის. მისი გამომსყიდველური მსხვერპლი ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან მთელ კაცობრიობას გაათავისუფლებდა.
შეთქმულება იესოს მოსაკლავად
კაიაფას სახლში შეიკრიბნენ იუდეველი უფროსი მღვდლები და უხუცესები, რათა მოეთათბირათ, თუ როგორ შეეპყროთ და მოეკლათ იესო. კაიაფამ, ალბათ, მონაწილეობა მიიღო იუდა ისკარიოტელისთვის იესოს გასაცემად საფასურის შეთავაზებაში (მათე 26:3, 4, 14, 15). მაგრამ კაიაფას ბოროტი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ერთი ადამიანის სიკვდილი საკმარისი არ იყო. „უფროსმა მღვდლებმა მოითათბირეს, რომ ლაზარეც მოეკლათ, რადგან მის გამო [მრავალ იუდეველს] . . . იესოსადმი რწმენა უჩნდებოდა“ (იოანე 12:10, 11).
იესოს დასაპატიმრებლად მისულ ბრბოში ერია მალქე, კაიაფას მონა. პატიმარი ჯერ დაკითხვაზე ანასთან მიიყვანეს, შემდეგ კი კაიაფასთან, რომელსაც ღამით არაკანონიერი სასამართლოს ჩასატარებლად უკვე შეკრებილი ჰყავდა იუდეველი უხუცესები (მათე 26:57; იოანე 18:10, 13, 19—24).
კაიაფა ვერ შეაჩერა იმანაც, რომ იესოს წინააღმდეგ ცრუმოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მღვდელმთავარმა იცოდა, თუ რა თვალსაზრისი ჰქონდათ მის თანამოაზრეებს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარ თავს მესიად აცხადებდა. ამიტომ ის იესოსგან მოითხოვდა ეთქვა, იყო თუ არა მესია. იესომ უპასუხა, რომ მისი ბრალმდებლები იხილავდნენ „კაცის ძეს . . . ძლიერების მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“. ღვთისმოსაობის როლის გასათამაშებლად «მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „მკრეხელობს! რაღად გვინდა მოწმეები?“». სინედრიონმა კი ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იესო სიკვდილს იმსახურებდა (მათე 26:64—66).
სასიკვდილო განაჩენისთვის რომაელებსაც უნდა დაეჭირათ მხარი. როგორც იუდეველებსა და რომალებს შორის შუამავალს, ალბათ, კაიაფას უნდა წარედგინა პილატესთვის ეს საქმე. პილატე იესოს გათავისუფლებას ცდილობდა, კაიაფა კი, როგორც ჩანს, იმ უფროს მღვდლებს შორის იყო, რომლებიც ყვიროდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“ (იოანე 19:4—6). სავარაუდოა, რომ ბრბოს კაიაფამ მოუწოდა, იესოს ნაცვლად მკვლელის გათავისუფლება მოეთხოვათ; ალბათ, ის იმ უფროს მღვდლებს შორის იყო, რომლებიც თვალთმაქცურად აცხადებდნენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა“ (იოანე 19:15; მარკოზი 15:7—11).
კაიაფა უარყოფდა იესოს მკვდრეთით აღდგომის ფაქტს. ის ჯერ პეტრესა და იოანეს, შემდეგ კი სტეფანეს წინააღმდეგ იყო. კაიაფამ სავლეს ნება დართო, დაეპატიმრებინა დამასკოში მყოფი ყველა ქრისტიანი (მათე 28:11—13; საქმეები 4:1—17; 6:8—7:60; 9:1, 2). მაგრამ დაახლოებით ახ. წ. 36 წელს კაიაფა შეცვალა რომის მიერ დანიშნულმა სირიის ლეგატმა ვიტელიუსმა.
იუდეველთა ნაშრომები კაიაფას ოჯახს ცუდ შუქში წარმოადგენს. მაგალითად, ბაბილონის თალმუდში ნათქვამია: „ვაი, მე, ჰანინის [ანას] სახლის გამო; ვაი, მე, მათი ცილისმწამებლობისთვის“. როგორც ჩანს, გოდების ეს სიტყვები მიუთითებს, რომ იუდეაში „უმოწყალო ზომების მისაღებად საიდუმლო შეთქმულებები“ იმართებოდა.
რის სწავლა შეიძლება კაიაფას ცხოვრებიდან
ერთმა მეცნიერმა მღვდელმთავრები დაახასიათა როგორც მამაკაცები, რომლებიც იყვნენ „ძლიერნი, გამჭრიახნი და საქმეში ჩახედულნი; აქედან გამომდინარე კი სრულიად დასაშვებია, რომ — ქედმაღლებიც“. ქედმაღლობამ შეუშალა ხელი კაიაფას იმაში, რომ მესია მიეღო. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ხალხი დღეს ბიბლიურ ცნობას არ იღებს. ზოგს არა აქვს ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი საკმარისი ინტერესი, რომ უარყოს მისთვის სასურველი მრწამსი. სხვები შეიძლება თავიანთი ღირსებისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ სასიხარულო ცნობის თავმდაბლად ქადაგებას. უპატიოსნო ან ხარბ ადამიანებს კი ქრისტიანული ნორმები არ უყვართ.
როგორც მღვდელმთავარს, კაიაფას შეეძლო, იუდეველებს მესიის მიღებაში დახმარებოდა, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების სიყვარულმა მას იესოსადმი სასიკვდილო განაჩენი გამოატანინა. ის, ალბათ, ქრისტიანებს წინააღმდეგობას სიკვდილამდე უწევდა. მისი საქციელის შესახებ ცნობები იმაზე მოწმობს, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენგან მხოლოდ ძვლები როდი რჩება. ჩვენი საქციელით ღვთის წინაშე რეპუტაციას ვიქმნით — ცუდს ან კარგს.
[სქოლიოები]
a ხასმონელების შესახებ ისტორიის წაკითხვა შეგიძლიათ 2001 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 27—30.
b იეჰოვამ ადრე ბოროტი ბალაამიც გამოიყენა ისრაელი ერის შესახებ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებების წარმოსათქმელად (რიცხვნი 23:1—24:24).
[სურათი 10 გვერდზე]
იოსებ კაიაფას ძე
[სურათი 10 გვერდზე]
არც ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ოსუარიუმი.
[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]
Ossuary, inscription, and cave in background: Courtesy of Israel Antiquities Authority.