თავი 127
ჯერ სინედრიონის, შემდეგ კი პილატეს წინაშე
მათე 27:1—11; მარკოზი 15:1; ლუკა 22:66—23:3; იოანე 18:28—35
კვლავ სინედრიონის წინაშე პარასკევ დილით
იუდა ისკარიოტელი თავის ჩამოხრჩობას ცდილობს
იესოს აგზავნიან პილატესთან, მსჯავრი რომ დასდოს
მალე ირიჟრაჟებს; პეტრემ უკვე მესამედ უარყო იესო. სინედრიონის მიერ „დადგმული სასამართლო პროცესი“ დასრულდა და ყველა დაიშალა. მაგრამ ამავე დღეს, პარასკევს, გამთენიისას ისინი ისევ იკრიბებიან, რათა ღამით გამართულ უკანონო სასამართლოს კანონიერი სახე მისცენ. იესოს კვლავ სინედრიონის წინაშე აყენებენ.
მოსამართლეები ამჯერადაც კატეგორიული ტონით მოითხოვენ მისგან: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი“. იესო პასუხობს: „რომც გითხრათ, არ ირწმუნებთ, და რომ შეგეკითხოთ, არ მიპასუხებთ“. მაგრამ, ამავდროულად, იესო გაბედულად აცხადებს თავისი ვინაობის შესახებ და დანიელის 7:13-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებს იშველიებს. იესო ამბობს: „ამიერიდან კი კაცის ძე ღვთის ძლიერ მარჯვენასთან იჯდება“ (ლუკა 22:67—69; მათე 26:63).
ისინი კვლავ დაჟინებით ეკითხებიან: „ესე იგი, ღვთის ძე ხარ?“. იესო პასუხობს: „თქვენ თვითონ ამბობთ“. როგორც ჩანს, მათ სურთ, იესოს სიკვდილით დასჯა იმით გაამართლონ, რომ ის ღვთის მგმობელია. „მეტი რა მოწმობა გვჭირდება?“ — ამბობენ ისინი (ლუკა 22:70, 71; მარკოზი 14:64). ამიტომ ბოჭავენ მას და რომაელ მმართველთან, პონტიუს პილატესთან მიჰყავთ.
იუდა ისკარიოტელი, ალბათ, ხედავს, როგორ ვითარდება მოვლენები. ის ხვდება, რომ იესო დამნაშავედ შერაცხეს, რის გამოც სინდისი ქენჯნის და სასოწარკვეთილებაში ვარდება. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ღვთის წინაშე გულწრფელად მოინანიოს, უფროს მღვდლებთან მიდის და უკან უბრუნებს 30 ვერცხლს. იგი ეუბნება მათ: „შევცოდე, უდანაშაულო სისხლი გავეცი“. ისინი უგულოდ პასუხობენ: „მერე ჩვენ რა? რაც გინდა, ის გიქნია!“ (მათე 27:4).
იუდა ტაძარში ყრის 30 ვერცხლს; და თითქოს ის არ კმაროდეს, რაც გააკეთა, ახლა თავის მოკვლასაც კი ცდილობს. იგი ხის ტოტზე თოკს აბამს, რომ ზედ დაეკიდოს; როგორც ჩანს, ამ დროს, ტოტი ტყდება, ის თავით ენარცხება კლდეზე და შუაზე სკდება (საქმეები 1:17, 18).
ჯერ კიდევ უთენიაა, იუდეველები შებოჭილ იესოსთან ერთად პონტიუს პილატეს სასახლეს რომ უახლოვდებიან. მაგრამ მათ არ სურთ შიგნით შესვლა. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოტომელებთან ამგვარი ურთიერთობა გააუწმინდურებთ, რის გამოც ვერ შეძლებენ „პასექის ჭამას“ 15 ნისანს, უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს, რომელიც პასექის დღესასწაულის ნაწილად ითვლება.
პილატე გარეთ გამოდის და ეკითხება მათ: „რაში სდებთ ბრალს ამ კაცს?“. ისინი პასუხობენ: „დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, არ გადმოგცემდით“. პილატე, როგორც ჩანს, ხვდება, რომ ისინი ცდილობენ, მასზე ზეწოლა მოახდინონ, ამიტომ ეუბნება: „წაიყვანეთ და თქვენი კანონის მიხედვით გაასამართლეთ“. იუდეველების პასუხიდან ჩანს, რომ მათ იესოს სისხლი სწყურიათ: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს“ (იოანე 18:29—31).
მათ კარგად უწყიან, რომ თუ იესოს პასექის დღესასწაულის დროს მოკლავენ, ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს. ამიტომ სურთ, ისე მოაწყონ ყველაფერი, თითქოს იესომ რომის იმპერიის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული, რათა თავად რომაელებმა დასაჯონ იგი, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ ამის უფლება; ეს კი, თავის მხრივ, იუდეველთა წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ ხალხი მომხდარის გამო აღარ მოსთხოვს პასუხს.
უფროსი მღვდლები და უხუცესები არ უმხელენ პილატეს, რომ იესოს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და უკვე გამოუტანეს ამის გამო განაჩენი. ახლა ისინი სულ სხვა ბრალდებებს უყენებენ მას და სამ რამეში ადანაშაულებენ: „ეს კაცი ერს გვირყვნის, კეისრისთვის გადასახადის გადახდას კრძალავს და საკუთარ თავს ქრისტე მეფეს უწოდებს“ (ლუკა 23:2).
პილატე რომის წარმომადგენელია და ამიტომ ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი, რადგან იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ თავს მეფედ აცხადებს. ამიტომ იგი სასახლეში შედის, იესოს უხმობს და ეკითხება: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პილატეს აინტერესებს, ხომ არ არღვევს იესო რომის იმპერიის კანონს — თავს მეფედ ხომ არ აცხადებს და ამგვარად კეისრის წინააღმდეგ ხომ არ გამოდის. იესოს, როგორც ჩანს, იმის გაგება სურს, რამდენად ბევრი აქვს პილატეს გაგებული მასზე, და ეკითხება: „ამას შენით ამბობ თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“ (იოანე 18:33, 34).
პილატეს პასუხიდან ჩანს, რომ ბევრი არაფერი იცის მასზე, თუმცა მეტის გაგება სურს: „განა მე იუდეველი ვარ?“. შემდეგ დასძენს: „შენმა ერმა და უფროსმა მღვდლებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?“ (იოანე 18:35).
იესო არ გაურბის თავის მეფობაზე, ამ უმთავრეს საკითხზე საუბარს. მისი პასუხი, უეჭველად, განაცვიფრებს ამ რომაელ მმართველს.