იეჰოვა — ჭეშმარიტების ღმერთი
«შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო [„ჭეშმარიტების ღმერთო“, აქ]» (ფსალმუნები 30:6).
1. რა მდგომარეობა იყო ზეცაში და დედამიწაზე, როდესაც სიცრუე არ არსებობდა?
იყო დრო, როდესაც სიცრუე არ არსებობდა. ზეცაში სრულყოფილი სულიერი ქმნილებები თავიანთ შემოქმედს, „ჭეშმარიტების ღმერთს“ ემსახურებოდნენ (ფსალმუნები 31:5, აქ [30:6]). მათ შორის არავითარი სიყალბე არ იყო. იეჰოვა ჭეშმარიტებას ელაპარაკებოდა თავის სულიერ ძეებს, რადგანაც უყვარდა ისინი და ზრუნავდა მათზე. ასეთივე მდგომარეობა იყო დედამიწაზეც. ადამიანთა პირველ წყვილს ღმერთი თავისი დადგენილი არხის მეშვეობით ყოველთვის ნათლად და არაორაზროვნად გადასცემდა ჭეშმარიტებას. მართლაც რომ დიდებული იქნებოდა ასეთი გარემო!
2. ვინ მიმართა პირველად სიცრუეს და რატომ?
2 დროთა განმავლობაში ღვთის ერთ-ერთი სულიერი ძე იეჰოვას თავხედურად დაუპირისპირდა. ამ სულიერ ქმნილებას, რომელიც სატანა ეშმაკად გახდა ცნობილი, სურდა, ღვთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი. მან სიცრუეს მიმართა, რათა მიზნისთვის მიეღწია და სხვები საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია. ამით ის „ცრუც“ გახდა და „სიცრუის მამაც“ (იოანე 8:44).
3. რა რეაგირება მოახდინეს სატანის სიცრუეზე ადამმა და ევამ და რა მოჰყვა ამას შედეგად?
3 გველის მეშვეობით სატანამ პირველ ქალს, ევას, უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, თუნდაც დაერღვია ღვთის კანონი და აკრძალული ნაყოფი ეჭამა. ეს სიცრუე იყო. აგრეთვე უთხრა, რომ ნაყოფის ჭამის შემდეგ ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების შეცნობას შეძლებდა. არც ეს იყო სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ევას არასდროს მოესმინა სიცრუე, ის ალბათ მიხვდა, რომ გველის სიტყვები არ ეთანხმებოდა იმას, რაც ღმერთს ადამისთვის ჰქონდა ნათქვამი. და მაინც, მან გადაწყვიტა, სატანისთვის დაეჯერებინა და არა იეჰოვასთვის. ევა შეცდა — ნაყოფი მოწყვიტა და შეჭამა. მოგვიანებით ადამმაც ჭამა აკრძალული ნაყოფი (დაბადება 3:1—6). ევას მსგავსად, ადამსაც არასდროს მოესმინა სიცრუე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის შეცდა (1 ტიმოთე 2:14). თავისი მოქმედებით ადამმა უარყო შემოქმედი. ამას კაცობრიობისთვის სავალალო შედეგები მოჰყვა. ადამის დაუმორჩილებლობამ მის შთამომავლობას მოუტანა ცოდვა, სიკვდილი, ზნეობრივი გადაგვარება და არნახული უბედურებები (რომაელთა 5:12).
4. ა) ფაქტობრივად, რას ნიშნავდა სატანის სიცრუე ედემის ბაღში? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ სატანამ ვერ შეგვაცდინოს?
4 იმ დროიდან გავრცელდა სიცრუეც. ედემის ბაღში სიცრუით სატანამ იერიში მიიტანა იეჰოვაზე — ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ის ჭეშმარიტების მოყვარე ღმერთია. ფაქტობრივად, სატანამ თქვა, რომ ღმერთი ადამსა და ევას ატყუებდა — მათ რაღაც კარგს უმალავდა. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა. ადამსა და ევას დაუმორჩილებლობამ კარგი არაფერი მოუტანა. როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, ისინი დაიხოცნენ. მაგრამ სატანას იეჰოვას ცილისწამება არ მიუტოვებია. საუკუნეების შემდეგ იოანე მოციქულმა ღვთის შთაგონებით მას უკვე „მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი“ უწოდა (გამოცხადება 12:9). სატანა ეშმაკმა რომ ვერ შეგვაცდინოს, ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იეჰოვას სიმართლესა და მისი სიტყვის ჭეშმარიტებაში. როგორ უნდა განვივითაროთ და შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ნდობა, აგრეთვე განვმტკიცდეთ, რათა მისმა მოწინააღმდეგემ არ შეგვაცდინოს?
იეჰოვამ იცის ჭეშმარიტება
5, 6. ა) რა ცოდნას ფლობს იეჰოვა? ბ) რამდენად დიდი განსხვავებაა ადამიანის ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის?
5 ბიბლიაში ხშირად არის ნახსენები, რომ იეჰოვა „ყოვლის შემქმნელია“ (ეფესელთა 3:9). ის არის „ღმერთი, შემოქმედი ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია“ (საქმეები 4:24). რადგანაც იეჰოვა შემოქმედია, მან ყველაფრის შესახებ იცის ჭეშმარიტება. შეგვიძლია ასეთი მაგალითის მოყვანა: წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც თავის სახლს აპროექტებს და შემდეგ თავადვე აშენებს. თითოეულ ფიცარს თვითონ აწყობს და საკუთარი ხელით აჭედებს ყოველ ლურსმანს. ცხადია, მას სხვა ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად ეცოდინება სახლის თითოეული კუთხე-კუნჭული. ადამიანისთვის კარგად არის ნაცნობი ის, რასაც თვითონ აკეთებს. ჩვენმა შემოქმედმაც ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც თვითონ შექმნა.
6 ესაია წინასწარმეტყველი ხატოვანი ენით აღწერს, რამდენად უსაზღვრო ცოდნა აქვს იეჰოვას: „ვინ არწყა წყალი მუჭით და გადაზომა ცა მტკაველით, და დაატია საწყაოში ქვეყნის მტვერი და სასწორით აწონა მთები, ბორცვები — პინებით? ვინ შეიცნო უფლის სული? და ვინ დამოძღვრა იგი თავისი რჩევით? ვისთან ბჭობდა ის და ვინ განაბრძნო იგი? და ასწავლა მას სამართლის გზა, ასწავლა მას ცოდნა, და გონიერების გზა აცოდინა?“ (ესაია 40:12—14). დიახ, იეჰოვა „ყოვლისმცოდნე ღმერთია“ და „ცოდნაში სრულია“ (1 მეფეთა 2:3; იობი 36:4; 37:16). რა ცოტა ვიცით მასთან შედარებით! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა ბევრი რამ შეისწავლა, მატერიალური სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნით ღვთის „გზების კიდეებსაც“ კი ვერ მივწვდებით. ჩვენს ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც „ჩურჩულსა“ და „გრგვინვას“ შორის (იობი 26:14).
7. რა ესმოდა დავითს იეჰოვას ცოდნასთან დაკავშირებით და რა უნდა გვესმოდეს ჩვენ?
7 რადგანაც ადამიანები იეჰოვას შექმნილები ვართ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის ჩვენც კარგად გვიცნობს. მეფე დავითს ეს შესანიშნავად ესმოდა. მან დაწერა: „უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად“ (ფსალმუნები 138:1—4). ცხადია, დავითს ისიც ესმოდა, რომ ადამიანებს ნების თავისუფლება აქვთ — ღმერთმა შესაძლებლობა მოგვცა, თავად გადავწყვიტოთ, დავემორჩილოთ თუ არა მას (მეორე რჯული 30:19, 20; იესო ნავეს ძე 24:15). მაგრამ, იეჰოვა უკეთესად გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. მას ჩვენთვის საუკეთესო სურს და შეუძლია, წარმართოს ჩვენი ნაბიჯები (იერემია 10:23). იეჰოვაზე უკეთესად ვერც ერთი მასწავლებელი, სპეციალისტი თუ მრჩეველი ვერ გვასწავლის ჭეშმარიტებას. მის მსგავსად ვერავინ შეძლებს, მოგვცეს სიბრძნე და გაგვხადოს ბედნიერი.
იეჰოვას უყვარს ჭეშმარიტება
8. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას უყვარს ჭეშმარიტება?
8 ერთია, იცოდე ჭეშმარიტება და მეორე — ყოველთვის ლაპარაკობდე ჭეშმარიტებას, გიყვარდეს ის. ეშმაკმა, მაგალითად, არ ისურვა ‘ჭეშმარიტებაში დადგომა’ (იოანე 8:44). მისგან განსხვავებით, იეჰოვა „ჭეშმარიტია“ (გამოსვლა 34:6). საღვთო წერილში არაერთხელ მახვილდება ყურადღება იეჰოვას სიმართლეზე. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“, რადგან ღმერთი „უტყუარია“ (ებრაელთა 6:18; ტიტე 1:2). ჭეშმარიტების სიყვარული ღვთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ შეგვიძლია მივენდოთ იეჰოვას, რადგან მას უყვარს ჭეშმარიტება და თავის ერთგულებს არასდროს ეუბნება სიცრუეს.
9. რა კავშირია იეჰოვას სახელსა და ჭეშმარიტებას შორის?
9 თვითონ იეჰოვას სახელიც მოწმობს იმაზე, რომ მას უყვარს ჭეშმარიტება. იეჰოვას სახელის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობაა „აქცევინებს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თანდათანობით თავის ყველა განზრახვას რეალობად აქცევს. სხვას არავის შესწევს ამის ძალა. იეჰოვა უზენაესი ხელისუფალია, ამიტომაც ხელს ვერაფერი შეუშლის მისი განზრახვების განხორციელებას. გარდა იმისა, რომ იეჰოვას ჭეშმარიტება უყვარს, მხოლოდ მას აქვს საიმისო ძალა და სიბრძნე, რომ თავისი ნებისმიერი სიტყვა შეასრულოს.
10. ა) როგორ გახდა იესო ნავეს ძე იმის მოწმე, რომ იეჰოვა ჭეშმარიტებას ლაპარაკობს? ბ) იეჰოვას რომელი აღთქმების შესრულების მოწმე გამხდარხართ?
10 იესო ნავეს ძე ერთ-ერთი თვითმხილველი იყო იმ უჩვეულო მოვლენებისა, რომლებიც იმაზე მოწმობდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობს. ის ეგვიპტეში იყო, როდესაც იეჰოვამ ამ ქვეყანას თავს დაატეხა ათი სასჯელი. თითოეულ სასჯელს წინ უძღოდა ღვთის წინასწარმეტყველება. სხვა მრავალ შესრულებულ წინასწარმეტყველებასთან ერთად, იესო ნავეს ძემ ისიც იხილა, თუ როგორ შესრულდა იეჰოვას აღთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელებს ეგვიპტის მონობიდან დაიხსნიდა, აღთქმულ მიწაზე შეიყვანდა და ქანაანელთა ძლიერ ჯარებს დაამარცხებინებდა. სიცოცხლის ბოლოს იესო ნავეს ძემ ისრაელის უხუცესებს უთხრა: „შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა“ (იესო ნავეს ძე 23:14). მართალია, არ ყოფილხართ იმ სასწაულების თვითმხილველი, რომლებიც იესო ნავეს ძემ იხილა, მაგრამ დაურწმუნებიხართ საკუთარ გამოცდილებას, რომ ჭეშმარიტია ღვთის აღთქმები?
იეჰოვა გვიმჟღავნებს ჭეშმარიტებას
11. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს კაცობრიობას ჭეშმარიტება გაუმჟღავნოს?
11 წარმოიდგინეთ მშობელი, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს, მაგრამ შვილებს იშვიათად ელაპარაკება. განა მადლობელი არა ხართ, რომ იეჰოვა არ ჰგავს ასეთ მშობელს? ის სიყვარულით ყოველთვის გველაპარაკება. საღვთო წერილში იეჰოვა „მოძღვრად“ არის მოხსენიებული (ესაია 30:20). მას სიყვარული და სიკეთე აღძრავს, თავისი ხმა მათაც კი მიაწვდინოს, ვინც არ ესწრაფვის მისი სიტყვის მოსმენას. მაგალითად, იეჰოვამ ეზეკიელს დაავალა, ექადაგა იმ ხალხში, რომელთა შესახებაც იცოდა, რომ არ მოისმენდნენ. მან ეზეკიელს უთხრა: „ძეო კაცისავ! წადი, მიდი ისრაელის სახლში და ელაპარაკე მათ ჩემი სიტყვებით“. შემდეგ კი გააფრთხილა: „ისრაელის სახლი არ ისურვებს მოგისმინოს, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა, რადგან მთელი ისრაელის სახლი შუბლსასტიკი და გულჯიუტია“. ეს საკმაოდ რთული დავალება იყო, მაგრამ ეზეკიელმა პირნათლად შეასრულა, რითაც იეჰოვას მიჰბაძა თანაგრძნობის გამოვლენაში. თუ ქადაგების დროს სირთულეებს ხვდებით, მაგრამ იეჰოვაზე ხართ მინდობილი, დარწმუნებული იყავით, რომ ის ისევე განგამტკიცებთ, როგორც თავისი წინასწარმეტყველი ეზეკიელი განამტკიცა (ეზეკიელი 3:4, 7—9).
12, 13. რა საშუალებებს იყენებს იეჰოვა ადამიანებისთვის ჭეშმარიტების გადასაცემად?
12 იეჰოვას სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4). ის თავისი წინასწარმეტყველების, ანგელოზებისა და თვით საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობითაც კი ელაპარაკებოდა ადამიანებს (ებრაელთა 1:1, 2; 2:2). იესომ პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას“. პილატეს ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, ღვთის ძისგან მოესმინა ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ როგორ დაიხსნიდა იეჰოვა კაცობრიობას. მაგრამ პილატე ჭეშმარიტების მხარეს არ იყო და არ ისურვა იესოს მოსმენა. მან ცინიკურად იკითხა: „რა არის ჭეშმარიტება?“ (იოანე 18:37, 38). თავისდა სამწუხაროდ, პილატემ ხელიდან გაუშვა ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობა. მისგან განსხვავებით, ბევრმა მოისმინა ჭეშმარიტება, რომელსაც იესო ქადაგებდა. თავის მოწაფეებს იესომ უთხრა: „ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ“ (მათე 13:16).
13 იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ ჭეშმარიტებას ჩვენამდე ბიბლიის ფურცლების მეშვეობით მოეღწია და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ბიბლიაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა ნათქვამი. მასში მოცემულია ღვთის თვისებები, განზრახვები, კანონები და რეალურად არის აღწერილი, თუ რა მდგომარეობაშია კაცობრიობა. იესომ ლოცვაში იეჰოვას უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). სწორედ ამის გამოა ბიბლია უნიკალური წიგნი. მხოლოდ ის დაიწერა ყოვლისმცოდნე ღმერთის შთაგონებით (2 ტიმოთე 3:16). ის კაცობრიობისთვის განკუთვნილი ძვირფასი ძღვენია, რომელსაც აფასებენ ღვთის მსახურები. ნამდვილად ბრძნულია მისი ყოველდღიური კითხვა.
ჩაეჭიდეთ ჭეშმარიტებას
14. რას გვპირდება იეჰოვა და რატომ უნდა ვენდოთ მის სიტყვებს?
14 უმნიშვნელოდ არ უნდა ჩავთვალოთ ის, რასაც იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გვეუბნება. იეჰოვა ნამდვილად ისეთია, როგორადაც წარმოგვიდგება და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ამბობს, რომ გააკეთებს. ჩვენ მისი ნდობის ყოველგვარი საფუძველი გვაქვს. შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას სიტყვებს, რომ ის „იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:8). იეჰოვას სიტყვები მაშინაც შეგვიძლია დავიჯეროთ, როდესაც ამბობს, რომ უყვარს სიმართლის მოქმედი ადამიანები; როდესაც გვეუბნება, რომ მარადიული სიცოცხლით აკურთხებს მათ, ვინც რწმენას ავლენს და როდესაც გვპირდება, რომ ტკივილს, გოდებასა და სიკვდილსაც კი მოსპობს. იმაზე ყურადღების გასამახვილებლად, რომ ნამდვილად სანდოა ეს უკანასკნელი დანაპირები, იეჰოვამ იოანე მოციქულს შემდეგი მითითება მისცა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“ (გამოცხადება 21:4, 5; იგავები 15:9; იოანე 3:36).
15. რა სიცრუის გავრცელება სურს სატანას?
15 სატანა იეჰოვასგან სრულიად განსხვავებულია. ის ხალხს ცოდნას კი არ აძლევს, არამედ ატყუებს. იმ მიზნის მისაღწევად, რომ ადამიანები წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშოროს, სატანა უამრავ სიცრუეს მიმართავს. მაგალითად, სატანა დიდი სიამოვნებით დაგვაჯერებდა, რომ ღმერთს არც ვჭირდებით და არც აღელვებს დედამიწაზე ადამიანების პრობლემები. მაგრამ ბიბლიიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა გულწრფელად ზრუნავს თავის ქმნილებებზე და მას გულს სტკენს არსებული ბოროტება და ტანჯვა (საქმეები 17:24—30). გარდა ამისა, სატანას სურს დაგვარწმუნოს, რომ სულიერ ინტერესებზე ზრუნვა დროის კარგვაა. ბიბლია კი გვარწმუნებს: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“. მასში გასაგებად არის ნათქვამი, რომ ღმერთი „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 6:10; 11:6).
16. რატომ არის ქრისტიანებისთვის აუცილებელი, შეინარჩუნონ სიფხიზლე და ჭეშმარიტებას ჩაეჭიდონ?
16 პავლე მოციქულმა დაწერა, რომ ურწმუნოებს სატანამ, „ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, იმისი ვინც უხილავი ღვთის ხატია“ (2 კორინთელთა 4:4). ევას მსგავსად, ბევრი შეჰყავს შეცდომაში სატანა ეშმაკს. სხვები კი ადამივით იქცევიან, რომელიც კი არ შეცდა, არამედ საკუთარი სურვილით არ დაემორჩილა ღმერთს (იუდა 5, 11). ამგვარად, ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანია, სიფხიზლე შეინარჩუნონ და ჭეშმარიტებას ჩაეჭიდონ.
იეჰოვა „უთვალთმაქცო რწმენას“ მოითხოვს
17. რა არის აუცილებელი ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად?
17 იეჰოვას ყოველი სიტყვა თუ მოქმედება ჭეშმარიტია და თავისი თაყვანისმცემლებისგანაც ამავეს მოელის. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:1, 2). იუდეველებს, რომლებიც ამ სიტყვებით მღეროდნენ, უეჭველია, იეჰოვას წმინდა მთის ხსენებაზე სიონის მთა ახსენდებოდათ, სადაც მეფე დავითმა აღთქმის კიდობანი აიტანა კარავში დასადგმელად (2 მეფეთა 6:12, 17). წმინდა მთა და კარავი მათ იმ ადგილს გაახსენებდა, სადაც სიმბოლურად იეჰოვა იყო დამკვიდრებული. ეს ის ადგილი იყო, სადაც ხალხი ღვთის თაყვანისსაცემად ადიოდა და ღმერთს შესთხოვდა კეთილგანწყობილებას.
18. ა) რა მოითხოვება მათგან, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში
18 ყველამ, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს, მხოლოდ ბაგეებით კი არ უნდა ილაპარაკოს ჭეშმარიტება, არამედ „თავის გულშიც“. ღვთის ჭეშმარიტი მეგობრები პატიოსნები უნდა იყვნენ და «უპირფერო [„უთვალთმაქცო“, აქ] რწმენას» უნდა ავლენდნენ, რადგანაც ადამიანს სწორედ გული აღძრავს ჭეშმარიტების თანახმად მოქმედებისკენ (1 ტიმოთე 1:5; მათე 12:34, 35). ღვთის მეგობარი შეუძლებელია არაგულწრფელი და ცრუ იყოს, რადგან იეჰოვას სძულს „სიცრუის მთქმელი“ (ფსალმუნები 5:7). იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, ღმერთს მიბაძონ ჭეშმარიტების სიყვარულში. მომდევნო სტატიაში სწორედ ეს საკითხი იქნება განხილული.
როგორ უპასუხებდით?
• რატომ იცის იეჰოვამ ჭეშმარიტება ყველაფრის შესახებ?
• საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ჭეშმარიტება უყვარს?
• როგორ გვიმჟღავნებს იეჰოვა ჭეშმარიტებას?
• რა მოგვეთხოვება ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით?
[სურათები 10 გვერდზე]
ჭეშმარიტების ღმერთმა ყველაფერი იცის თავისი ქმნილებების შესახებ.
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
იეჰოვას აღთქმები უეჭველად შესრულდება.