თქვენც უჭერთ მხარს იეჰოვას უზენაეს მმართველობას?
«უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა“» (ფსალმუნი 96:10).
1, 2. ა) რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ახ. წ. 29 წლის ოქტომბერში? ბ) რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა იესოსთვის?
უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს, დაახლოებით ახ. წ. 29 წლის ოქტომბერში მოხდა. მათემ დაწერა: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“». ეს შემთხვევა ოთხივე სახარების დამწერმა აღწერა (მათე 3:16, 17; მარკოზი 1:9—11; ლუკა 3:21, 22; იოანე 1:32—34).
2 მას შემდეგ, რაც წმინდა სული ხილულად გადავიდა იესოზე, ის გახდა ცხებული ანუ მესია, ქრისტე (იოანე 1:33). როგორც იქნა, გამოჩნდა ნაწინასწარმეტყველები „შთამომავლობის“ მთავარი წევრი. იოანე ნათლისმცემლის წინაშე იდგა ის, ვისაც სატანა ქუსლს დაუგესლავდა და ვინც იეჰოვას, უზენაესი მმართველის დაუძინებელ მტერს თავს გაუჭეჭყავდა (დაბადება 3:15). იმ დროიდან მოყოლებული იესომ იცოდა, რომ უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვა, რომელიც ღვთის უზენაეს მმართველობასა და სამეფოს ეხებოდა.
3. როგორ მოემზადა იესო, რომ მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის?
3 ახალი დავალების შესასრულებლად „წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში“ (ლუკა 4:1; მარკოზი 1:12). უდაბნოში იესო 40 დღის განმავლობაში ფიქრობდა უზენაესობის საკითხზე, რომელიც სატანამ წამოჭრა, და იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის. ეს საკითხი ყველა ადამიანსა და ანგელოზს ეხება. ამიტომ ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნა იესომ ერთგულება, და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაეს მმართველობას (იობი 1:6—12; 2:2—6).
კიდევ ერთი გალაშქრება იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ
4. როგორ გაილაშქრა სატანამ იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ?
4 ფაქტია, რომ სატანას მომხდარი მოვლენები არ გამოეპარებოდა. მას დრო არ დაუკარგავს და დაუყოვნებლივ მიიტანა იერიში ქალის „შთამომავლობის“ მთავარ წევრზე (დაბადება 3:15). სატანამ იესო სამგზის გამოსცადა იმ მიზნით, რომ მას მხოლოდ საკუთარ თავზე ეფიქრა და მამის ნება არ შეესრულებინა. მესამედ რომ სცდიდა, სატანამ იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ გაილაშქრა. აჩვენა იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“, და უსირცხვილოდ უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სატანა მართლაც ფლობდა „მსოფლიოს ყველა სამეფოს“, მაგრამ თავისი პასუხით იეჰოვას უზენაესობის მხარე დაიჭირა: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:8—10).
5. რა მისია უნდა შეესრულებინა იესოს?
5 იესომ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ მისი უმთავრესი მიზანი იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა იყო. იესომ იცოდა, რომ სიკვდილამდე ერთგულების შენარჩუნებით უნდა დაემტკიცებინა იეჰოვას უზენაესობა, თუმცა როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, სატანა ქალის „შთამომავლობის“ მთავარ წევრს ქუსლში დაგესლავდა, რაც იესოს სიკვდილზე მიანიშნებდა (მათე 16:21; 17:12). მას აგრეთვე უნდა ექადაგა, რომ იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებდა მეამბოხე სატანას და აღადგენდა მშვიდობასა და წესრიგს (მათე 6:9, 10). რა გააკეთა იესომ იმისთვის, რომ ეს რთული მისია შეესრულებინა?
„მოახლოვდა ღვთის სამეფო“
6. როგორ აჩვენა იესომ, რომ სამეფოს მეშვეობით ღმერთი ‘დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს’?
6 თავდაპირველად «იესო გალილეაში წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა. ასე ამბობდა: „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო“» (მარკოზი 1:14, 15). იესო აგრეთვე ამბობდა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:18—21, 43). იესო ყველგან „ქადაგებდა და სასიხარულო ცნობას ამცნობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 8:1). მას არაერთი სასწაული მოუხდენია — აპურებდა ხალხს, მართავდა ბუნების ძალებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აღადგენდა. ამ სასწაულებით იესომ დაამტკიცა, რომ ღმერთს შეუძლია ბოლო მოუღოს ედემის ბაღში ურჩობით გამოწვეულ ტანჯვა-წამებას და ‘დაამსხვრიოს ეშმაკის საქმეები’ (1 იოანე 3:8).
7. როგორ მოამზადა იესომ თავისი მიმდევრები, და რა შედეგი გამოიღო ამან?
7 სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ ყველგან რომ გაცხადებულიყო, იესომ შეკრიბა თავისი ერთგული მიმდევრები და ქადაგებისთვის მოამზადა. პირველად მან 12 მოციქული გაგზავნა, რომ „ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკა 9:1, 2). შემდეგ 70 მოწაფე გაგზავნა, რომ ხალხისთვის ეთქვათ, „ღვთის სამეფო მოგიახლოვდათო“ (ლუკა 10:1, 8, 9). როდესაც მოციქულებმა იესოს აცნობეს, რომ სამეფოს შესახებ ქადაგება წარმატებით მიმდინარეობდა, იესომ მიუგო: „დავინახე, სატანა ელვასავით ჩამოვარდა ციდან“ (ლუკა 10:17, 18).
8. რა აჩვენა იესომ თავისი ცხოვრებით?
8 იესო თავს არ ზოგავდა, რომ სამეფოს შესახებ ექადაგა. ის უარს ამბობდა მყუდრო ცხოვრებაზე და დღედაღამ მსახურობდა. იესომ თქვა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (ლუკა 9:58; მარკოზი 6:31; იოანე 4:31—34). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ გაბედულად განუცხადა პონტიუს პილატეს: „იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37). იესო იმისთვის არ მოსულა, რომ დიდებული მასწავლებლის, სასწაულთმოქმედის ან თავგანწირული მხსნელის სახელი მოეპოვებინა. ის იმიტომ მოვიდა, რომ უზენაესი ღვთის, იეჰოვას ნება შეესრულებინა და დაემტკიცებინა, რომ ღმერთს შესწევს ძალა, სამეფოს მეშვეობით თავისი განზრახვა შეასრულოს. ეს ყოველივე კარგად გამოჩნდა იესოს ცხოვრებიდან (იოანე 14:6).
„შესრულდა!“
9. როგორ დაგესლა სატანამ ქუსლში ქალის „შთამომავლობის“ მთავარი წევრი?
9 სატანას, ღვთის დაუძინებელ მტერს, ხელს არ აძლევდა ის, რასაც იესო სამეფოსთვის აკეთებდა. სატანის „შთამომავლობის“ მიწიერი ნაწილის — პოლიტიკისა და რელიგიის — საშუალებით სატანა შეეცადა ქალის „შთამომავლობის“ მთავარი წევრის მოშორებას. დაბადებიდან სიკვდილამდე იესო სატანისა და მისი დამქაშების მთავარი სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ბოლოს, ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, დადგა დრო, როდესაც სატანა ქუსლში დაგესლავდა კაცის ძეს (მათე 20:18, 19; ლუკა 18:31—33). სახარებებში მოთხრობილია, თუ როგორ მართავდა სატანა ხალხს, მათ შორის იუდა ისკარიოტელს, უფროს მღვდლებს, მწიგნობრებს, ფარისევლებსა და რომაელებს, რათა ბრალი დაედოთ იესოსთვის და წამების ძელზე სიკვდილით დაესაჯათ (საქმეები 2:22, 23).
10. ძირითადად რა შესრულდა წამების ბოძზე იესოს სიკვდილით?
10 რა გახსენდებათ, როდესაც ფიქრობთ, როგორ აუტანელ ტკივილს იგრძნობდა ძელზე დაკიდებული იესო და ნელ-ნელა როგორ დალევდა სულს? შესაძლოა ცოდვილი კაცობრიობისთვის უანგაროდ გაღებული გამოსასყიდი (მათე 20:28; იოანე 15:13). შეიძლება იეჰოვას მიერ გამოვლენილი სიყვარული (იოანე 3:16). შესაძლოა გახსენდებათ რომაელი ასისთავის სიტყვები: „ეს ნამდვილად ღვთის ძე იყო“ (მათე 27:54). თუ ასეა, ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ გავიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა ძელზე გაკრულმა იესომ სიკვდილის წინ: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). რა შესრულდა? იესოს არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია, მაგრამ ძირითადად იმიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ იეჰოვას უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „შთამომავლობის“ მთავარი წევრი, იესო, უკიდურესად გამოიცდებოდა სატანის მიერ და ყოველმხრივ განწმენდდა იეჰოვას სახელს (ესაია 53:3—7). როგორც ვხედავთ, იესოს მეტად სერიოზული ვალდებულება ეკისრა, რაც წარმატებით შეასრულა.
11. რას გააკეთებს იესო იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე შესრულდეს ედემის ბაღში წარმოთქმული წინასწარმეტყველება?
11 იესო, როგორც ერთგული მსახური, ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა, ოღონდ არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც „მაცოცხლებელი სული“ (1 კორინთელები 15:45; 1 პეტრე 3:18). თავის ძეს იეჰოვამ ასეთი დაპირება მისცა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“ (ფსალმუნი 110:1). „მტერში“ იგულისხმება მთავარი მოწინააღმდეგე სატანა და ყველა, ვინც მის „შთამომავლობაში“ შედის. იეჰოვას სამეფოს მეფე იესო, მესია, ბოლოს მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს ზეცაშიც და დედამიწაზეც (გამოცხადება 12:7—9; 19:11—16; 20:1—3, 10). თავიდან ბოლომდე მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდება დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. შესრულდება აგრეთვე იესოს ლოცვა, რომელიც თავის მიმდევრებს ასწავლა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10; ფილიპელები 2:8—11).
მისაბაძი მაგალითი
12, 13. ა) ეხმაურებიან თუ არა დღეს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? ბ) რაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ქრისტეს ნაკვალევს მივყვეთ?
12 სამეფოს შესახებ ქადაგება დღეს მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, როგორც ეს იესომ იწინასწარმეტყველა (მათე 24:14). ღმერთს მილიონობით ადამიანი უძღვნის თავს. მათ ახარებთ ის, რომ ღვთის სამეფო კურთხევებს მოუტანთ. მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება, და ამის შესახებ სხვებსაც ესაუბრებიან (ფსალმუნი 37:11; 2 პეტრე 3:13). თუ ღვთის სამეფოს შესახებ თქვენც ქადაგებთ, შექებას იმსახურებთ. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გვმართებს დაფიქრება.
13 მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პეტრემ იმაზე კი არ გაამახვილა ყურადღება, რომ იესო ენთუზიაზმით ქადაგებდა და დახელოვნებული მასწავლებელი იყო, არამედ იმაზე, რომ იესო ეტანჯა. პეტრე თვითმხილველი იყო იმისა, რომ იესო საკუთარი სურვილით ეტანჯა, რათა იეჰოვას უზენაესობისთვის დაეჭირა მხარი და სატანა სიცრუეში ემხილებინა. ჩვენ როგორ მივყვეთ იესოს ნაკვალევს? ვკითხოთ საკუთარ თავს: „რამდენად მზად ვარ იმისათვის, რომ თუ საჭიროა, ვიტანჯო კიდეც იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად? რამდენად აჩვენებს ჩემი ცხოვრება და მსახურება, რომ იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა ჩემი უმთავრესი მიზანია?“ (კოლოსელები 3:17).
14, 15. ა) როგორ მოიქცა იესო, როდესაც პეტრე უბიძგებდა, თავი შეეწყალებინა, და როდესაც გამეფება დაუპირეს, და რატომ? ბ) რომელი საკითხი უნდა გვახსოვდეს ყოველთვის? (იხილეთ ჩარჩო „დაიკავეთ იეჰოვას მხარე“).
14 ჩვენ ყოველდღე ვხვდებით სხვადასხვა განსაცდელს და გადაწყვეტილებების მიღებაც ყოველდღე გვიწევს. რა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, როგორც მოვიქცევით ამა თუ იმ შემთხვევაში? მაგალითად, რა გავაკეთოთ, თუ ისეთი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდით, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერობას? როდესაც პეტრე იესოს ეუბნებოდა, თავი შეიწყალეო, როგორ მოიქცა იესო? მან უთხრა: „მომცილდი, სატანა!.. ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:21—23). თუ სულიერობის ხარჯზე გამდიდრების ან კარიერის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცა, მივბაძავთ იესოს? როდესაც გაიგო იესომ, რომ მისი სასწაულების თვითმხილველნი „მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად“, დაუყოვნებლივ გაერიდა (იოანე 6:15).
15 ასე მტკიცედ რატომ იქცეოდა იესო? ხედავდა, რომ საქმე მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას არ ეხებოდა. მას უნდოდა, რომ, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავისი მამის ნება შეესრულებინა და იეჰოვას უზენაესი მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (მათე 26:50—54). თუ იესოს მსგავსად მუდამ არ გვემახსოვრება ეს საკითხი, ყოველთვის იქნება კომპრომისზე წასვლის საშიშროება. რატომ? შეიძლება ადვილად გავხდეთ სატანის მსხვერპლი, რომელსაც შეუძლია არასწორი სწორად მოგვაჩვენოს, როგორც ევას მოაჩვენა (2 კორინთელები 11:14; 1 ტიმოთე 2:14).
16. რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი?
16 როდესაც ვქადაგებთ, ხალხს მათთვის საინტერესო საკითხებზე ვესაუბრებით და წამოჭრილ კითხვებზე პასუხებს ბიბლიიდან ვაჩვენებთ. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მათ ბიბლიის შესწავლის ინტერესი გავუღვივოთ. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ხალხს დავანახოთ ბიბლიის თვალსაზრისი და ის, თუ რა კურთხევებს მოიტანს ღვთის სამეფო. მათ კარგად უნდა ესმოდეთ ღვთის უზენაესობის საკითხი. გახდებიან ისინი ჭეშმარიტი ქრისტიანები, აიღებენ „წამების ბოძს“ და მზად იქნებიან, რომ ღვთის სამეფოს გულისთვის ეტანჯონ კიდეც? (მარკოზი 8:34). მზად იქნებიან იმისათვის, რომ შეუერთდნენ იეჰოვას უზენაესობის მხარდამჭერთა რიგებს და დაამტკიცონ, რომ სატანა მატყუარაა და ცილისმწამებელი? (იგავები 27:11). დიდი ბედნიერებაა ის, რომ ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას და სხვებსაც დავეხმაროთ იმავეს გაკეთებაში (1 ტიმოთე 4:16).
როდესაც ღმერთი გახდება „ყველაფერი ყველასათვის“
17, 18. რა დიდებული დროის მომსწრენი გავხდებით, თუ იეჰოვას უზენაეს მმართველობას დავუჭერთ მხარს?
17 ჩვენ ჩვენი ცხოვრებითა და მსახურებით ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაეს მმართველობას. ამიტომ მოუთმენლად დაველოდებით იმ დროს, როდესაც იესო ქრისტე „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს“. რა მოხდება შემდეგ? მოციქული პავლე ამბობს: „როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს . . . მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:24, 25, 28).
18 დიდებული დრო დადგება მაშინ, როდესაც ღმერთი გახდება „ყველაფერი ყველასთვის“. იმ დროისათვის სამეფოს მიზანი მიღწეული იქნება. უზენაესი ღმერთის, იეჰოვას ყველა მოწინააღმდეგე განადგურდება. მთელ სამყაროში მშვიდობა და წესრიგი აღდგება. ყოველი ქმნილება ფსალმუნმომღერლის მსგავსად იმღერებს: «მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება . . . უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა“» (ფსალმუნი 96:8, 10).
როგორ უპასუხებთ?
• რით აჩვენებდა იესო, რომ მისთვის ღვთის უზენაესობის საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა?
• რა შესრულდა იესოს მსახურებითა და სიკვდილით?
• როგორ მივბაძოთ იესოს და როგორ ვაჩვენოთ, რომ იეჰოვას უზენაესობის მხარეს ვიკავებთ?
[ჩარჩო/სურათი 29 გვერდზე]
დაიკავეთ იეჰოვას მხარე
კორეელმა ძმებმა, და არა მხოლოდ მათ, კარგად იციან, რომ როდესაც ქრისტიანები მძიმე განსაცდელების პირისპირ დგებიან, იმაზე ფიქრი ეხმარებათ, თუ რა არის განსაცდელების მიზეზი.
ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დროს იყო დაპატიმრებული, იხსენებს: „განსაცდელების გადატანაში გვეხმარებოდა ედემის ბაღში წამოჭრილი საკითხის გაანალიზება, ანუ ჰქონდა თუ არა ღმერთს მმართველობის უფლება . . . ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, მხარი დაგვეჭირა იეჰოვას მმართველობისთვის . . . ამის შედეგად უფრო ვძლიერდებოდით და ერთგულებას ვინარჩუნებდით“.
მეორე მოწმე იხსენებს, თუ რა აძლევდათ ძალებს მას და მის თანამორწმუნეებს შრომა-გასწორების კოლონიაში: „ვგრძნობდით იეჰოვას მხარდაჭერას. აუტანელი მდგომარეობის მიუხედავად, სულიერად ფხიზლად ვიყავით. ერთმანეთს ვახსენებდით, რომ უზენაესობის საკითხში იეჰოვას მხარე გვეკავა, და ეს გვამხნევებდა“.
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ დაუჭირა მხარი იესომ იეჰოვას უზენაესობას, როდესაც სატანამ გამოსცადა?
[სურათი 28 გვერდზე]
რა შესრულდა იესოს სიკვდილით?